განათლება,მთავარი,სიახლეები

ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან

02.06.2020 • 3746
ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან

აჭარიდან სამი მოზარდი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფინალისტების ათეულში მოხვდნენ. მოზარდები თავიანთ ესეებში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ირჩევენ თანასწორობას და არა დისკრიმინაციას. რატომ არის მნიშვნელოვანი შენ გვერდით მყოფი მიიღო ისეთი, როგორიც არის და რატომ არის გამოსავალი განათლება ცნობიერების ასამაღლებლად. ორ გამარჯვებულ მოსწავლეს „ბათუმელები“ ესაუბრა.

თინა თურმანიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან თავის ესეში აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებებსა და გარემოზე.

„მე გარემო და ადამიანი დავაკავშირე თანასწორობასთან და ვთქვი, რომ, როგორც ადამიანები არიან თანასწორები, ასევე, ადამიანი და გარემოც უნდა იყოს თანასწორი. როგორც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობა, მოვლა და გაფრთხილება, ასევე სჭირდება გარემოსაც. ბოლო დროს კი ბევრი ზიანი მივაყენეთ ადამიანებმა დედამიწას“, – ამბობს თინა.

მისი აზრით, ზიანი დიდია, თუმცა შეგვიძლია დავიწყოთ ელემენტარულიდან. „მაგალითად, ქუჩაში ნაგვის დაყრა, წყლის უმიზნოდ გამოყენება და ა.შ“.

გარემოს გარდა, თინა საუბრობს გენდერული თანასწორობის პრობლემაზეც.

„ამ პრობლემას ხშირად ვამჩნევ. თუნდაც იმას, რომ ბიჭებს უფრო მეტ შანს აძლევენ ცხოვრებაში, ვიდრე გოგოებს. ბევრს სჯერა იმ იდეის, რომ ბიჭები უფრო ჭკვიანები, უფრო მოხერხებული არიან, ვიდრე გოგოები. რაც ასე არ არის.

მაგალითად, სპორტის გაკვეთილები ავიღოთ, პირველივე კლასიდან გუნდში ყველა ბიჭებს ირჩევდა და არავინ – გოგოებს. თვითონ სპორტის მასწავლებელიც ასე ფიქრობდა და კლასელებიც. შესაბამისად, ბიჭებისა და გოგოების გუნდი ცალ-ცალკე ყალიბდებოდა მაშინ, როცა კლასის შეჯიბრი უნდა ყოფილიყო. როცა პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რომ ეს გენდერული უთანასწორობა იყო, მაგრამ შემდეგ გავიაზრე“, – გვეუბნება თინა.

თინა საუბრობს უთანასწორობის პრობლემაზე, რომელიც შეუმჩნევია რელიგიური აღმსარებლობის მხრივაც. „მაგალითად, მომისმენია, რომ „მუსლიმების მარხვა წამებაა“ ან „როგორი ბრუტალურები არიან“ და ა.შ. ქრისტიანების მიმართაც ყოფილა ნეგატიური დამოკიდებულებები“, – ამბობს ის.

თინა მიიჩნევს, რომ უთანასწორობის დასაძლევად საზოგადოების განათლებაა საჭირო.

„შეიძლება დემოკრატიულ ქვეყნებს კანონში გვიწერია, რომ ყველა თანასწორები ვართ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ასე არ არის. მაგალითად, მე აქ, საქართველოში ან ვიღაცას, ვთქვათ, აფრიკაში, ინდოეთში ან სხვაგან არ გვქონდეს თანასწორი გარემო და შესაძლებლობები განვითარებისთვის, განათლებისა და ცხოვრებისთვის. სანამ საზოგადოების დამოკიდებულება, მათი ცნობიერება არ შეიცვლება ამ საკითხის მიმართ, უთანასწორობის პრობლემა ყოველთვის იდგება“, – ამბობს თინა.

გოგონას აზრით, რთულია ცნობიერების ცვლილება იმ საზოგადოებაში, რომელსაც ბავშვობიდან კვებავენ სტერეოტიპებით, „ისინი ვერ  დაიწყებენ იმის შეცვლას, რისიც არ სჯერათ“, – ფიქრობს თინა. თუმცა, როგორც ამბობს, „შეიძლება ადამიანს ვერ დააჯერო სიტყვით, მაგრამ შეიძლება დაანახო საქმით, თუ რატომ უნდა სჯეროდეს თანასწორობის“.

ელენე დოლიძე ქალაქ ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ელენესაც მიაჩნია, რომ თანასწორობა განსაკუთრებულად აქტუალური პრობლემაა დღეს.

„გელაურში ბოშების დასახლებაა და ხშირად მსმენია: „იქ ბოშები ცხოვრობენ და სირცხვილია იქ გავლა“, „იქ ხომ ბოშები არიან, იქ რა გინდა“ და ა.შ. გაოგნებული ვარ ამით. ჩემთვის პირიქითაა, რაც უფრო განსხვავებულია ადამიანი, მით უფრო საინტერესოა“.

ელენეს აზრით, უთანასწორო გარემოში უწევთ ცხოვრება სექსუალურ უმცირესობებსაც. „ჩემს ესეში ვსაუბრობდი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ამ პრობლემას ასახავს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ ისინი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. თანატოლებიდანაც მსმენია უხამსი სიტყვები სექსუალური უმცირესობების მისამართით და შენიშვნაც მიმიცია მათთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენმა თაობამ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება და პრობლემების მოგვარება ამ თემებზე საუბრით შევძლოთ“, – ამბობს ელენე.

_____

ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც მრავალფეროვნებასა და თანასწორობას ეხებოდა, სულ 400 მოსწავლის ესე იყო წარდგენილი. მათგან 10 საუკეთესო შეარჩიეს, რომლებიც ბუკლეტის სახითაც გამოიცემა.

მთავარი ფოტო: ელენე დოლიძე და თინა თურმანიძე

ამავე თემაზე:

ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: