მთავარი,სიახლეები

მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

02.06.2020 • 2181
მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მეხუთე დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

ალექსანდრე მილორავა და მისი თანამოაზრეები ყურადღებას ამახვილებენ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კარვის ტელევიზიის შესასვლელთან ჩადგმით „ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს“. მათ პრეტენზია აქვთ იმაზე თუ როგორ გააშუქა ამ ტელევიზიამ მაუწყებლის შენობასთან მომხდარი დაპირისპირება.

„…თუკი აქ იყო ხელშეშლა და შესასვლელის ბლოკირება, რა რეაგირება ჰქონდათ სამართალდამცველებს? თუკი მოხდა ტელევიზიისა ბლოკირება, რას აკეთებდა მაშინ პოლიცია? პოლიციელები იქვე იყვნენ და ისინი არც კი ჩარეულან კონფლიქტში… ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები არ შეგვეშვა მაუწყებელში, ის ადამიანები არ შეგვეშვა, რომლებმაც არც კი უპასუხეს კითხვებს,“ – ამბობს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, თენგო სურმანიძე.

„…როცა ბორდიდან არავინ გამომეხმაურა და კარავი დავდგით ტელევიზიის შესასვლელთან, გამოვიდა ტელევიზიის თანამშრომელი და ფეხი ჰკრა ჩემს კარავს. მითხრა, თუ არ გაიწევი, თავზე გადაგივლიო. ამას მოჰყვა ჩემი ემოციური რეაქცია… ისე გააშუქა ეს ამბავი აჭარის ტელევიზიამ, თითქოს ჩვენ ვართ დესტრუქციული ძალა და ჟურნალისტებს დავუპირისპირდი. მე ბლოკირება არ მომიხდენია, შესასვლელთან გადმოვიტანე კარავი იმისთვის, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის თვალებში ჩამეხედა,“ – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“ აპირებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს იმის დასადგენად, რამდენად ეთიკურად გაშუქდა გუშინ, პირველ ივნისს დაპირისპირება აჭარის ტელევიზიასთან.

„…თუ კადრებმა დააფიქსირა ჩვენი რეპლიკები, რაც არ უნდა გვეთქვა, აგრესიულად და ცუდად გამოვიდა, ის რატომ არ ჩანს, საიდან დაიწყო კონფლიქტი და ფეხი როგორ მიკრეს კარავს? მე მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც თავის საქმეს არ აკეთებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოძრაობის  „მე მიყვარს ბათუმის“კიდევ ერთმა წევრმა, შოთა ცაავამ.

„არ დავუშვებ მე, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჩემს ჟურნალისტებს ვინმემ მიაყენოს შეურაცხყოფა,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა, იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსია. ვახო ხუზმიაშვილის განმარტებით, ოპერატორს არ გადაუღია კარვისთვის ფეხის მირტყმის კადრი, რაზეც აქციის მონაწილეები საუბრობენ.

„…კადრი არ იყო ამისი. რა კადრებიც იყო გადაღებული, ის ვაჩვენეთ… კარავს თუ ფეხი ჰკრა, ეს არ არის კარგი, არავინ არავის არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ უწმაწური სიტყვებით და გინებით საუბარი მოსაწონია?“ – კითხულობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ვახო ხუზმიაშვილმა ამბის სრულფოსოვნად გაშუქების ნაცვლად, აქცენტი გადააქვს იმაზე, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები და ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს.

ვახო ხუზმიაშვილს ასევე ვკითხეთ ტელევიზიის შესასვლელის ბლოკირების და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კუთხით – ტელევიზიის მენეჯმენტის ეს შეფასება აჭარის ტელევიზიის გუშინდელ ეთერში გაჟღერდა.

„ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან იდგა კარავი. აქცია, რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს, ყველა ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ აქციას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმები, რომ ჟურნალისტების საქმიანობა არ უნდა შეიზღუდოს,“ – აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა.

„რომელ თანამშრომელს შეექმნა ტელევიზიაში შესვლის, ან გამოსვლის პრობლემა და თუ ეს ნამდვილად მოხდა, რატომ არ მოჰყვა ამას სამართლებრივი რეაგირება?“ – ვკითხეთ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული თანამშრომელი, რომელმაც ტელევიზიაში შესვლა ვერ შეძლო.

„მე არა ვარ პოლიციის უფროსი, პოლიციას რატომ არ ჰქონდა რეაგირება, ეს შეკითხვა ჩემთან არ უნდა დასვათ… აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სტრატეგიული ობიექტი  და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება… კადრში ჩანს, რომ გვაყენებენ შეურაცხყოფას,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილს შევახსენეთ, რომ ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ერთია და მეორეა „ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა“, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რაზეც აუწყა გუშინ აჭარის ტელევიზიამ მაყურებელს. საინფორმაციო სამსახურის უფროსი კონკრეტულად არც ალექსანდრე მილორავას პასუხობს, რომლის თქმითაც მან გუშინვე უთხრა ტელევიზიას, ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვის მიზანი რომ არ ჰქონდა და დისკომფორტის შექმნა მხოლოდ მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის სურდა.

„კარავი როცა არის ცენტრალურ შესასვლელში, იქ გადაადგილებაზე, რა თქმა უნდა, შეიქმნება პრობლემა… გთხოვთ, ნუ შემიყვანთ ვინმესთან კონფლიქტში… მე დავუთმე მათ ეთერი, თუ რამე პრეტენზიები ჰქონდათ, შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ეთქვათ,“ – დასძინა ვახო ხუზმიაშვილმა.

ტელევიზიის წინ კარავში მყოფი ალექსანდრე მილორავა პასუხობს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამილა დოლიძეს, რომელმაც გუშინ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ეს არის ერთი ადამიანის პროტესტი… არჩევნების წინ ადამიანებს პიარი სჭირდებათ“. ალექსანდრე მილორავა კავშირს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გამორიცხავს.

„მათ სხვა არგუმენტები არ გააჩნიათ ჩემს წინააღმდეგ და ცდილობენ „გამაშავონ“… არანაირი თანამშრომლობა არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გამაჩნია. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამომიცხადა მხარდაჭერა, მაგრამ ეს ხომ ყველას ბრძოლაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ ყველას გვეკუთვნის?“ – კითხულობს ალექსანდრე მილორავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: