მთავარი,სიახლეები

დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

01.06.2020 • 2008
დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა და აპროტესტებს რედაქციიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას. ის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. მოშიმშილეს, ჯერჯერობით, არც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იმჩნევს და არც ხელისუფლება.

ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მოტივით, ანუ წარსულის გამოცდილებით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დღეს პროტესტის ჩახშობას?

„საერთოდ არ ვიცი 2011 წელს რა იყო… ცოტნე რომ დააკავეს და უსამართლობა მოხდა, ეს ვიცი, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ჩემი მიზანია, საინფორმაციო სამსახურმა იმუშაოს გამართულად და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს საქმიანობაში. როცა კარი ჩაკეტილია, შეზღუდულია გადაადგილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ალტერნატიული შესასვლელის შესახებაც ვკითხეთ, რომლითაც შეუძლიათ ჟურნალისტებს ისარგებლონ, როცა მოქალაქე შიმშილობს და პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით ეხმიანება ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს.

„არ ვიცი, მეორე კარი ნამდვილად აქვს თუ არა ტელევიზიას, მაგრამ ცენტრალური კარიდან გადაადგილება იყო შეუძლებელი… ასევე ჩვენი მიზანია და ყველას მიზანი ეს უნდა იყოს, რომ აქციები ჩატარდეს და მათი უფლებები იყოს დაცული,“ – დასძინა ვახო ხუზმიაშვილმა.

„ეს პარალელი არასწორია,“ – ფიქრობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც 9 წლის წინ სწორედ ტელევიზიის შესასვლელის ჩაკეტვისთვის გაასამართლეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ცოტნე ანანიძე ჯერ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე გახდა, შემდეგ – უმაღლესი საბჭოს წევრი.

დეპუტატს არ სურს ისაუბროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არც იმ მოქალაქეს გამოხმაურებია, რომელიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

„პარალელის გავლება არასწორია, რადგან მაშინ მოხდა დარბევა, ოფისების დარბევა და შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. ისეთი ადამიანებიც დააკავეს, რომელიც საერთოდ არ იყო ტელევიზიის წინ. ეს იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემა – გვიპასუხა ცოტნე ანანიძემ.

დეპუტატს შევახსენეთ, რომ მისი დაპატიმრებაც შესასვლელის ბლოკირების გამო მოხდა, როცა ცნობილია, რომ ტელევიზიას აქვს სხვა შესასვლელიც.

„ალტერნატიულ შესასვლელზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მენეჯმენტმა უნდა განმარტოს, რადგან ახსენებს საქმიანობის ხელშეშლას. მენეჯმენტმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობენ და რას არ გულისხმობენ…“ – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

რატომ გამორიცხავს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკურ ინტერესს ტელევიზიასთან დაკავშირებულ პროცესში, როცა ამაზე ჟურნალისტების გარდა, საუბრობს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“? – ცოტნე ანანიძემ გვიპასუხა, რომ დღეს ხელისუფლებას აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილიც კი არ აქვს, რადგან საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა შეუძლებელია.

„…ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არის შემდეგი: მრჩეველთა საბჭოს ანგარიში უნდა მოვისმინოთ კანონით განსაზღვრულ ფორმატში. ჩვენ ყველა კითხვას და პრობლემას შევეხებით, რომელიც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოსთან დაკავშირებით.  ჩვენ კითხვების დასმის სხვა ფორმატი გვაქვს და ამ ფორმატს შეგნებულად არ დავარღვევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ცოტნე ანანიძე.

დეპუტატი არ უარყოფს, რომ კანონი არც ახლა ზღუდავს შეფასებებში, თუკი ენდობა ტელევიზიიდან დევნილ ჟურნალისტებს, ან, მაგალითად, ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და თვლის, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი მაუწყებელს აზიანებს.

„კანონის დარღვევა არ იქნება, მაგრამ ჯერ უნდა გავეცნოთ კარგად ანგარიშს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში მიდის მსჯელობა. მე კითხვები უნდა დავსვა და პასუხები უნდა მივიღოთ. შემდეგ იქნება შეფასებები,“ – დასძინა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.

ხომ არ გამოდის, რომ უმაღლეს საბჭოში ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენა ფორმალური იქნება და ამ პროცესში არაფერს შეცვლის, რადგან თუკი, მაგალითად, ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი მაუწყებელს აზიანებს, ის აქამდეც გააპროტესტებდა ამას და ახლა მით უმეტეს, რადგან მოქალაქე შიმშილობს?

„მე გპასუხობთ, რომ ჩვენ გვაქვს ფორმატი და ამ ფორმატში დაისმება ყველა კითხვა,“ – გაგვიმეორა დეპუტატმა.

„ანუ იშიმშილოს, ვიდრე თქვენ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას არ მოისურვებთ?“ – ჩავეკითხეთ ცოტნე ანანიძეს.

„ეგ ვთქვი, რომ უნდა იშიმშილოს მანამდე? მას აქვს ტელევიზიის მენეჯმენტთან შეკითხვები… მენეჯმენტი გასცემს თუ არა პასუხს, ეს მენეჯმენტის უფლება. პოლიტიკოსი პირდაპირი ხაზით რაღაცეებში ჩაერიოს, ეს იქნება, ცხადია, სტანდარტის დარღვევა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

რატომ წაუყრუა ხელისუფლებამ და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ადამიანს, რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს?

„რა უნდა გააკეთოს კომიტეტმა და არ აკეთებს? … რა თქმა უნდა, ცუდია, როცა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ადამიანი… ის გამოხატავს პროტესტს და ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, რაც კანონითაა გარანტირებული და თვითონაც უნდა იყოს იმ სტანდარტში, რომელსაც კანონი ითხოვს,“ – დასძინა ცოტნე ანანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: