მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის ახალმა მრჩეველთა საბჭომ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა

19.12.2019 • 2150
აჭარის მაუწყებლის ახალმა მრჩეველთა საბჭომ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა. გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. ხუთივე მრჩევლისთვის მომავალი წლიდან 26 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს.

„ჯამში, ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიონ 600 ათასი ლარით, აქედან 26 ათასი ლარი დაემატება მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურებას,“ – ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი. ის ერთადერთი აღმოჩნდა საბჭოს წევრებს შორის, ვინც დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხა. თამარ წილოსანმა ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენი ლარით გაეზრდება ჰონორარი მრჩეველთა საბჭოს თითოეულ წევრს.

თამარ წილოსანი განმარტავს, რომ ბიუჯეტით განსაზღვრულია სახელფასო ფონდი და ეს ფული სხვა მიზნით ვერ დაიხარჯებოდა. „აუდიტმა დაწერა შეფასება, რომ ეს არის კანონით დაცული მუხლი“, – დასძენს მრჩეველთა საბჭოს წევრი „ბათუმელებთან“.

რატომ არ მიმართა ეს ფული მრჩეველთა საბჭომ აჭარის მაუწყებლის სხვა საჭიროებისთვის, მაგალითად, თანამშრომლების ჰონორარების გასაზრდელად?

„ტელევიზიის თანამშრომლებს რამდენჯერმე გაეზარდათ ხელფასი, ახლაც ემატებათ 20 – 25 პროცენტით…“ – გვიპასუხა თამარ წილოსანმა. მას შევახსენეთ, რომ, მაგალითად, ტელევიზიის ჟურნალისტის ხელფასი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ბორდის წევრის ხელფასი იყო აქამდე.

„პასუხისმგებლობაც სხვაა… იმისთვის, რომ ბორდი იყოს დამოუკიდებელი, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ბორდი,“ – აღნიშნავს თამარ წილოსანი.

ჰონორარები მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამაც გაზარდა – 2019 წლის 11 ივლისს. მაშინ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით.

მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, საბჭომ თავიდან იმსჯელა ამ საკითხზე და ხელფასები შეიმცირა. შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს წევრების ჰონორარები იგივე დარჩა: საბჭოს თავმჯდომარე – 2 900 ლარი, მოადგილე – 2 700 ლარი, ხოლო წევრი – 2 625 ლარი.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ „ბათუმელები“ დაუკავშირდა მრჩეველთა საბჭოს იურისტს იმის გასარკვევად, კონკრეტულად ვის რამდენით გაეზარდა ჰონორარი. მან ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრა და დასძინა: „დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ნახეთ“.

ვებგვერდზე დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.

„ბათუმელების“ გამოთვლით, რომელიც ჰონორარებისთვის დამატებულ თანხას ეფუძნება, მომატების შემდეგ თავმჯდომარის ჰონორარი დაახლოებით 3 400 ლარი გახდა, ხოლო მრჩევლების – დაახლოებით 3 150 ლარი.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილია, წევრები არიან: სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი. მეხუთე წევრი ბორდს ჯერჯერობით არ ჰყავს.

შენიშვნა: ამ დროისთვის [20:00] „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 3450 ლარი იქნება, მოადგილის- 3400, ხოლო მრჩევლის – 3350 ლარი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: