მთავარი,სიახლეები

„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს

17.06.2020 • 10524
„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს

მასტურბაცია ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემად მიიჩნევა, ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ მშობლები, უმეტესად იმიტომ, რომ ეს არაჯანსაღი ქცევა ჰგონიათ, რცხვენიათ და ეშინიათ. ისიც აშკარაა, რომ ბიჭ ბავშვებთან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, გოგოებზე კი კითხვის დასმასაც ერიდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენის ბრალია, რომლის მიხედვითაც ქალები, კაცებისგან განსხვავებით, არ მასტურბირებენ, ან არ უნდა მასტურბირებდნენ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვებს, გოგონებსა და ბიჭებს შორის საკუთარი სხეულის შემეცნების მხრივ სხვაობა არ არის. 

ის, რასაც ბავშვთა მასტურბაციას უწოდებენ, სასქესო ორგანოების სტიმულირებაა. „ეს არ არის მასტურბაცია, რადგან არ ახლავს ფანტაზია და გაცნობიერება,“ – განმარტავს ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია. 

  • რა ასაკიდან იწყებს ბავშვი თავისი სხეულის შეცნობას?

გვანცა ჩვამანია

ეს ძალიან პატარა ასაკიდან იწყება, როგორც კი ბავშვი ფიზიკურად დამოუკიდებლად გადაადგილებას იწყებს. ბავშვი ჯერ შეიმეცნებს სამყაროს, გარემოს, ეხება ყველაფერს, უსინჯავს გემოს და იწყებს საკუთარი სხეულის შემეცნებასაც. შესაძლოა ასეთი პირველი აღმოჩენა ბავშვმა გააკეთოს მაშინ, როდესაც მოხსნიან საფენს, ბამბით სავსე საფენში ბავშვი შებოჭილია, ვერ გრძნობს რა ხდება და იმდენად უცხოა მისთვის თავისუფლების შეგრძნება, რომ კიდევ უფრო ინტერესდება თავისი ორგანოებით, ხელი გაურბის და შეიძლება ასეთ დროსაც დაიწყოს ხელით მოსინჯვა… კონკრეტული ასაკი არ არის განსაზღვრული, ზოგი უფრო ადრე ინტერესდება, ზოგიც – ცოტა გვიან.

შეიძლება ასეთი ინტერესი ბავშვს გაუჩნდეს მას შემდეგ, როცა უკვე შეხება აქვს სხვებთან, მაგალითად, ბაღში, 3-4 წლის ასაკში. შეიძლება მშობელთან ურთიერთობის დროსაც გაჩნდეს ეს ინტერესი, ბავშვს უკვე აინტერესებს, განსხვავდება თუ არა მისი გენიტალიები თავისი დის ან ძმის გენიტალიებისგან და უკვე უჩნდება კითხვები, რატომ, როგორ და ა.შ. შეიძლება დააკვირდეს ცხოველებსაც… ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, მათ შორის, თავისი სხეული.

აღწერილია შემთხვევები, როცა ჩვილ ბავშვებშიც არის რაღაც გარკვეული ხახუნი, ასეთი შემთხვევებიც ფიქსირდება. ეს არ არის მასტურბაცია, ეს არის ჩვეულებრივი სტიმულირება. ის წარმოდგენა, რომ სასქესო ორგანოებში შეგრძნებები მაინცდამაინც პუბერტატულ ანუ გარდატეხის ასაკიდან ჩნდება, არის მცდარი. სასქესო ორგანოებში მანამდეც შესაძლებელია იყოს გარკვეული შეგრძნებები. ზოგჯერ, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ანატომიურ აგებულებას – ზოგიერთ გოგოს მოკლე სასქესო ბაგეები აქვს და შესაძლოა უფრო ადვილად ხდებოდეს სტიმულაცია.

მკვეთრი პრობლემა არის მაშინ, როცა ეს ხდება საჯაროდ და ამის შემსწრე ხდებიან სხვები, რაც შესაძლოა გახდეს მეორადი პრობლემების, მაგალითად, ბულინგის მიზეზი.

  • რა შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი?

სტრესი, გადაღლილობა და მოწყენილობა – ასეთი ქცევა განსაკუთრებით ავლენს თავს მაშინ, როცა ბავშვი არის გადაღლილი, ჰქონდა რთული, ემოციური (თუნდაც სასიხარულო) დღე, ამ გზით  სტრესისგან განიტვირთება, რაღაც სასიამოვნოს აკეთებს. შეიძლება მაშინაც, როცა ბავშვი მოწყენილია, მაგალითად, არ არის მისთვის საინტერესო გაკვეთილი, განსაკუთრებით პირველ კლასში, როცა მომზადებული მიდის ბავშვი სკოლაში – იცის წერა-კითხვა, ანგარიში… მისთვის უინტერესოა ის გარემო… ან არ არის საჭირო რამე განსაკუთრებული შემთხვევა, მის ირგვლივ უბრალოდ უინტერესო გარემოც საკმარისია.

  • სხვა რა მიზეზები შეიძლება იყოს?

შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს რაიმე ინფექცია და ქავილის დროსაც შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ამ ადგილებში ხდება სტიმულაცია და რაღაც  სასიამოვნოა, შესაბამისად, როცა ამას აღმოაჩენს ბავშვი. უნდა ვასწავლით, რომ ეს ის ქცევაა, რომელიც სხვის თვალს უნდა მოვარიდოთ. უმეტესად ხდება ისე, რომ ბავშვები გარკვეულ ზედაპირებს ეხახუნებოდნენ (მაგალითად, ორთოპედიულ ბურთებს), გოგოებთან ხელითაც შეიძლება მოხდეს, ან რაიმე თოჯინა ჩაიწვინოს ფეხებს შორის… მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასიამოვნოა. 

  • მშობლები ასეთ ქცევას შიშით უყურებენ, ფიქრობენ, რომ რაღაც დარღვევას/გადახრას აქვს ადგილი. სინამდვილეში რა ხდება?

ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვეშინდეს, არც ბავშვი შევაშინოთ, არ ვეჩხუბოთ, ჯიუტ საქციელად არ ჩავუთვალოთ. ბავშვი სწავლობს თავის სხეულს და უნდა ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება საჯაროდ, სხვების დასანახად. ასევე ყურადღება გავუმახვილოთ ჰიგიენაზე, ვუთხრათ, რომ ხელები აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბანილი, ავუხსნათ მისთვის გასაგებ ენაზე, რომ სილაში თამაშის შემდეგ ხელს როგორც ვარიდებთ პირთან მიტანას, ისე უნდა მოარიდოს გენიტალიებსაც ბინძური ხელი.

  • არ გაუმახვილოთ ყურადღება, ეცადეთ ყურადღება გადაატანინოთ სხვა აქტივობაზე;
  • არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ და ეჩხუბოთ;
  • აუხსენით, რომ სხვების თანდასწრებით სასქესო ორგანოებზე შეხება არ შეიძლება და ამისთვის გვაქვს პირადი სივრცე, ასევე ესაუბრეთ პირადი ჰიგიენის დაცვაზე;
  • სასურველია ბავშვს არ ეცვას ძალიან მოტკეცილი საცვლები და ტანისამოსი – არც ძალიან ფართო;
  • დარწმუნდით, ხომ არ არის მიზეზი ანთებითი პროცესი ან რაიმე ტიპის დისკომფორტი (ქავილი ან გამონაყარი);
  • გახსოვდეთ, რომ სტიმულირება მატულობს მოწყენილობისას, დაძაბულობისას და გადაღლილობისას;
  • არ ჩათვალოთ, რომ ეს რაიმე კავშირშია „გარყვნილ“ ქცევასთან, ბავშვს უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებები აქვს და ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში. ასაკთან ერთად ბავშვი ისწავლის, როდის შეიძლება და როდის არა.
  • ფსიქოლოგს უნდა მიმართოს დედამ იმ შემთხვევაში, თუ კითხვები აქვს და თავად უნდა მეტი გაიგოს და სწორად მიუდგეს ბავშვს. 

ხშირად იმის გამო, რომ ოჯახებში არ აქვთ საშუალება, ბავშვებს არ აქვთ პირადი სივრცე და საკმაოდ დიდ ასაკამდე სძინავთ მშობლებთან ერთად, როცა ბავშვს აუცილებლად სჭირდება პირადი სივრცე პატარა ასაკიდანვე. რაც უფრო პატარას მიაჩვევს მშობელი ცალკე საწოლში, ცალკე ოთახში ძილს – მით უკეთესია. ზრდასთან ერთად ბავშვის პირადი სივრცეც ფართო და დამოუკიდებელი ხდება; სასკოლო  ასაკში ბავშვი ტუალეტშიც დამოუკიდებლად შედის და რჩება დრო იმისთვის, რომ თავისი სხეული უფრო ინტერესით შეისწავლოს.

  • როდის შეიძლება ასეთი ქცევა  მიგვანიშნებდეს, რომ ბავშვი შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოს?

ცალკე მასტურბაციის მცდელობები და სტიმულაცია არ არის სავალდებულო უკავშირდებოდეს ძალადობრივ გამოცდილებას. სასქესო ორგანოების სტიმულირებას უნდა ახლდეს სხვა ნიშნები, რომ ვიფიქროთ ბავშვზე ძალადობის გამოცდილებაზე. ეს ცალკე ვრცელი თემაა. დაკვირვებული მშობელი ყოველთვის მიხვდება, რომ ბავშვს რაღაც ძალადობრივი გამოცდილება აქვს. ვთქვათ, სვამს უფრო მეტ შეკითხვას ისეთ საკითხებზე, რაზედაც ამდენი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს, შეიძლება ჰქონდეს უხეში მასტურბირების მცდელობები და არა უბრალოდ ხახუნი, ანუ შესაძლოა იმეორებდეს იმ გამოცდილებას, რაც მიიღო, შეიძლება იყოს სხვების გენიტალიებით აქტიურად დაინტერესების და სხვა ბავშვის გენიტალიების წვალების მცდელობა. ასეთ შემთხვევაში გაღიზიანებულია, ყურადღების კონცენტრირება უჭირს, უეცრად იცვლება ბავშვი, სხვანაირი ხდება.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ  როცა სექსუალურ ძალადობას ვახსენებთ, აქ არ იგულისხმება აუცილებლად ფიზიკური ძალადობა, რომ ვიღაც აუცილებლად ხელით შეეხო ან კიდევ უფრო მძიმე გამოცდილება ჰქონდა ბავშვს. ძალადობა შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვს მუდმივად ესმის უხამსი ტექსტები, ხედავს სექსის შემცველ სცენებს, ან უყურებს მშობლების აქტს. ამის გამოც არ არის გამართლებული პატარა ბავშვის წოლა მშობლებთან ერთად ერთ საძინებელში. ბავშვი შეიძლება შეფხიზლდეს მაშინ, როცა უფროსებს ჰგონიათ, რომ მას სძინავს, აქტში არიან ჩართული და შეიძლება ვერც შეამჩნიონ ეს, ბავშვი კი ძალიან შეშინდეს. თუ ბავშვმა პორნოსიუჟეტის შემცველ გადაცემას უყურა ან ვინმე ესაუბრა ასეთ თემაზე, თუ გახდა მისი ასაკისთვის შეუსაბამო სცენების მომსწრე და მის ირგვლივ აქტიურად ხდება ამაზე ხაზგასმა, ესეც გარკვეულწილად ბავშვზე ძალადობაა. არ არის მიზანშეწონილი ბავშვმა გარკვეულ ასაკამდე ასეთი ინფორმაცია გაიგოს და გამოსცადოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: