მთავარი,სიახლეები

აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18.06.2020 • 2224
აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია.

ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ ვიზიტორებს, ეს ძალიან რთულად აისახება სასტუმროს შემოსავლებზე.

„ბევრი დეტალია, რაც ახალია სასტუმროებისთვის, მათ შორის სტიკერების განთავსება, დეზობარიერები, დამცავი მინები, ხსნარები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი შესრულებადია. უნდა ვაწარმოოთ სტუმრის ჟურნალები, პერსონალი უნდა დავატრენინგოთ, ამ ყველაფრის აღრიცხვა, რა თქმა უნდა, რუტინას ზრდის, მაგრამ მთავარია ვიზიტორები შემოვიდნენ“, – ამბობს მარიამ შაქარიშვილი.

სასტუმრო საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდა უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან. „თუ ამ ქვეყნებში აღდგენა მიმოსვლა, ძალიან კარგი იქნება და ცოტათი მაინც დაეხმარება ტურიზმს“.

სასტუმრო „კიპარისი“ ქობულეთში მდებარეობს. სასტუმროს წარმომადგენელი თამარ ღვინიაშვილიც მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა, შესრულებადია, თუმცა სასტუმროს ხარჯებს გარკვეულწილად ზრდის.

„ვიზიტორების რიგი არ გვადგას, მაგრამ თუ იქნება სეზონი აქტიური, სტუმრების მიღება საკმაოდ გართულდება, რადგან გაიზარდა სტუმრის ნომრიდან გასვლის და ახალი ვიზიტორის შემოსვლას შორის საათები. თუკი აქამდე ერთი საათი ან საათ-ნახევარი საკმარისი იყო, ახლა ეს დრო 4 საათამდე იზრდება. ამიტომ, დიდი შუალედების გამო, თითქმის მთელი დღე იკარგება“, – ამბობს თამარ ღვინიაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელი მოთხოვნაა დეზობარიერი, დაიცავი დისტანცია და ა.შ. სტიკერების განთავსება. ასევე ის წესები, რომელიც  უნდა დაიცვან ვიზიტორებმა სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში ყოფნისას, იქნება ეს საერთო სარგებლობის სველი წერტილები, აუზები თუ სხვა.

რეკომენდაციის მიხედვით, სასადილო ოთახში, ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული. „მეშვიდე პირის ყოფნა, გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პატარა ბავშვია“, – ამბობს ღვინიაშვილი.

სასტუმროში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ვიზიტორი იმყოფება. როგორც ღვინიაშვილი ამბობს, მათი ძირითადი სტუმრები აქამდე რუსი ტურისტები იყვნენ.

„ამ დროს საკმაოდ აქტიური პერიოდი გვქონდა წინა წლებში, ახლა მხოლოდ ორი ჯავშანი გვაქვს ესტონეთიდან ივლისისთვის“, – ამბობს ღვინიაშვილი.

სასტუმრო „მონტანა“ სარფში მდებარეობს. როგორც სასტუმროს დირექტორი ირაკლი ბასილაძე ამბობს, ძირითადად რუს ტურისტებს მასპინძლობდნენ, პანდემიის გამო კი, ახალ ბაზრებზე მას შემდეგ დაიწყებენ მუშაობას, როცა დაზუსტებით იქნება ცნობილი, რომელ ქვეყნებთან ექნება საქართველოს მიმოსვლა.

„ამჟამად რამდენიმე ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს სასტუმროში, ფასები დაახლოებით 20-30 პროცენტით შევამცირეთ, რადგან ადგილობრივი ვიზიტორი ნაკლებად შემოსავლიანია, თუმცა საბოლოოდ რა ფასი იქნება, ჯერ ვერ ვიტყვით. ვიზიტორმა ალბათ ყოველთვის უნდა გადაამოწმოს ფასი დაჯავშნამდე“, – ამბობს ირაკლი ბასილაძე.

მისი თქმით, რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა ახალი მოთხოვნები მაინც ზრდის სასტუმროს ხარჯებს.

„ვიზიტორს სასტუმროში შემოსვლისას მოეთხოვება პირბადეს ტარება, თუ არ აქვს, ადგილზე ვაწვდით, ცენტრალურ მისაღებში ხელებს დაიმუშავებს ანტიბაქტერიული ხსნარით. პროტოკოლის მიხედვით, ვიზიტორს ეზოშიც უნდა ეკეთოს პირბადე“, – ამბობს ბასილაძე.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები სასტუმროებია და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი ტურისტული ობიექტები ვერ დააკმაყოფილებენ ამ რეკომენდაციებს, მათ ვიზიტორების მიღების უფლება არ ექნებათ.

რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ სასტუმროში შესვლისას ვიზიტორმა აუცილებლად უნდა გაიაროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიმუშაოს ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით.

სასტუმროს პერსონალი კი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ფარით, ხალათით, ხელთათმანით და თმის დამცავი.

განსაკუთრებული მოთხოვნები: ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას  აცილებული  წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.

დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს, მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის  სადეზინფექციო    ხსნარით.

თვალსაჩინო ადგილას  უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო, აუდიო ტექნიკის გამოყენებაც.

საერთო სივრცეში დღეში სამჯერ  უნდა დამუშავდეს ზედაპირები სადეზინფექციო საშუალებებით.

დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება. საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ საჭიროა მისი დეზინფექცია.

კოვიდ 19-ისგან დასაცავი რეკომენდაციები სრული ჩამონათვალი, როგორც ტურისტულ ობიექტებს, ასევე დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ ნახონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, სასტუმროების მონიტორინგი გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუკი ტურისტული ობიექტი ამ რეკომენდაციის დაკმაყოფილების გარეშე მიიღებს ვიზიტორს, დაჯარიმდება.

ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, მონიტორინგში ჩართულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც. მათი ინფორმაციით, 5 ივნისიდან დღემდე ბათუმში 207 ტურისტული ობიექტი შეამოწმეს. „სულ შესამოწმებელია 700-მდე ობიექტი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: