ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

15.06.2020
გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს.

დაგეგმილი ცვლილებით:

გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საპირისპიროდ კი, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს;

ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ამავე მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთშიც საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს;

ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;

გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება. გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი, განთავსდება შუქნიშანი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია. ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვისათვის ჩვენ მიერ მუშავდება ახალი მოდელი… ცვლილებები შემუშავებულია მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქში BUS LANE-ების სისტემის დანერგვის მიზნით. ცვლილებების შემდეგ ქალაქში გაცილებით უკეთესი მოცემულობა გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

BUS LANE-ებსა და ქუჩებზე მოძრაობის დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: