მთავარი,სიახლეები

3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

18.03.2019
3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25] გაიმართება კომპანია „ალიანს სიტის“ სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთ 50-სართულიან და ორ 40-45-სართულამდე სიმაღლის შენობების აშენებას გეგმავს.

კომპანია ითხოვს, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და კ2 კოეფიციენტი 15,0-მდე გაზარდოს. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია. პროექტის ფუნქციური დატვირთვა საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს განაშენიანების რეგულირების გეგმას და წარმოადგინოს მოსაზრებები. მერიის განმარტებით, საჯარო განხილვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში.

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი – „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

პროექტის რენდერი

 

ამავე თემაზე:

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: