მთავარი,სიახლეები

აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

18.06.2020 • 1287
აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა.

დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა ანგარიში ჩააბარა.

გიგა ჩხარტიშვილმა აჭარის ტელევიზიის 2019 წლის მონაცემები მიმოიხილა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის დროს მაყურებლის რაოდენობამ იკლო, ახლა კი,  ეს მაჩვენებელი მზარდია. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საერთოდ არ შეხებია ტელევიზიაში დღეს არსებულ პრობლემებს – სასამართლოში შეტანილ 10-ზე მეტ სარჩელს, ჟურნალისტების დევნას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

„ასეთი სუსტი მოხსენება აქამდე არ მომისმენია, თქვენ ფორმალურ დონეზეც კი არ ახსენეთ პრობლემა… თქვენ გახდით საბჭოს თავმჯდომარე მას შემდეგ, როცა წინა დირექტორი გადააყენეთ და წინა დირექტორთან პრეტენზია გქონდათ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე. ამ ანგარიშში საერთოდ არ ახსენეთ პრიორიტეტი…“ – თქვა ასმათ  დიასამიძემ. ის „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ასმათ დიასამიძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ შეაწყვეტინა გამოსვლა.

“ეს თხრობითი წინადადებაა, ქალბატონო ასმათ, კითხვა უნდა დასვათ,” – გაღიმება სცადა დავით გაბაიძემ.

“არა, ძახილის ნიშანია აქ, კითხვა არ იქნება. თქვენ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობას,” – გაცხარდა ასმათ დიასამიძე, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს გახედა და იქვე კითხვაც დასვა: “რა არ მოგწონთ ბატონი კოხრეიძის მუშაობაში?”

„ნდობა გამოცხადებულია ავანსად,” – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, ჯერ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაფასებლად კონკრეტული პერიოდი არ არის გასული.

ასმათ დიასამიძეს ასევე ჰქონდა კითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თემის გაუშუქებლობაზე.

„ახსნა-განმარტება არის რედაქტორის მიერ დაწერილი, ტექნიკური ხარვეზი იყო,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა.

ტელევიზიისა და რადიოს დირექტორზე, გიორგი კოხრეიძეზე და ტელევიზიაში დღეს არსებული პრობლემების ნაცვლად გიგა ჩხარტიშვილმა არჩია ტელევიზიის წინა დირექტორის – ნათია კაპანაძის კრიტიკა, ასევე – ბრალდებები, მაგალითად, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაც აუდიტის დასკვნით იმპიჩმენტის გამოცხადების დროს არ დასტურდებოდა.

“პრობლემა არ იყო მხოლოდ პრიორიტეტების შეუსრულებლობა, იყო ყურებადობის პრობლემა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა…”- გიგა ჩხარტიშვილმა ვრცელი ჩამონათვალი წარმოადგინა და ამ გზით მან მოახერხა არ ეპასუხა მთავარ კითხვაზე – რატომ ვერ სრულდება პრიორიტეტები დღეს?

კითხვა გაუჩნდა დამოუკიდებელი დეპუტატს, მერაბ ბლადაძესაც. მას გიგა ჩხარტიშვილის გამოსვლამ თავისი ბავშვობის წლები გაახსენა, როცა მოწინავე მცელავი გახდა და ერთხელაც კომკავშირის სხდომას დაასწრეს.

„მსგავსი სიტყვები კომკავშირის სხდომაზე ისმოდა… თქვენ რა გააკეთეთ ასეთი, რომ მოსვლისთანავე ხელფასები გაიზარდეთ? ჩვენს ხელფასებს რომ აშუქებთ, ის გვითხარით, თქვენ რაში ხარჯავთ ამხელა ფულს?” – იკითხა დეპუტატმა.

„კომკავშირის სხდომაც დამაბრალა ბატონმა მერაბმა. ვერ გამოგყვებით მაგაში… მე მგონი, საკმაოდ თვითკრიტიკული ვიყავი,”- აღნიშნა გიგა ჩხარტიშვილმა.

“ირონიული სახით ნუ მესაუბრებით, ხალხის რჩეული ვარ მე,”- რეპლიკა ჰქონდა მერაბ ბლადაძესაც.

გიგა ჩხარტიშვილმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებდა, როცა მრჩეველთა საბჭოს ხელფასები გაიზარდა და „თანხა რჩებოდა აუთვისებელი“.

ტელევიზიის ფულის ხარჯვაზე სიუჟეტები მოითხოვა დავით ბაციკაძემაც. არც მან დამალა უკმაყოფილება, რომ აჭარის ტელევიზია ამდენ დროს უთმობს უმაღლესი საბჭოს ფულის ხარჯვას.

„აი, ხომ ხედავთ, უმრავლესობაც უკმაყოფილოა,” – შეუმჩნეველი არ დარჩა ბაციკაძის პოზიცია ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს.

კითხვები ჰქონდათ უმრავლესობის დეპუტატებს, მაგალითად, ლადო მგალობლიშვილმა იკითხა, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის რეიტინგი გაიზარდოს?

მიმდინარე პრობლემებზე აქცენტი უმრავლესობიდან მხოლოდ დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ჰქონდა. იგი დაინტერესდა, რით ხსნის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, მწვავე და კრიტიკულ შეფასებებს.

„საკითხის შესწავლა მეორე მხარესთან არ მოუხდენიათ… უნდა ეკითხათ ჩემთვისაც,” – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. პრაქტიკულად მან დეპუტატების დარწმუნება სცადა იმაში, რომ საერთაშორისო და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მუშაობა არ იცის და შესწავლის გარეშე აკეთებს განცხადებებს.

დეპუტატებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, დამატებითი კითხვები დაესვათ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისთვის.

„თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია?“ – მხოლოდ ეს იკითხა ცოტნე ანანიძემ.

„შეფასებები უკვე გაკეთებული იყო,“ – მიუგო დეპუტატს ბორდის თავმჯდომარემ.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაისმა ტაშიც. სხდომას ესწრებოდა მოძრაობა -“მე მიყვარს ბათუმის” წევრი, შოთა ცაავა, რომელმაც ირონიის ნიშნად ტაში დავით თედორაძეს დაუკრა. თედორაძე დამოუკიდებელი დეპუტატია და თქვა, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის შემდეგ “ტელევიზია დადებითისკენ წავიდა”. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ შოთა ცაავას დარბაზი დაატოვებინეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: