მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.

საგანგებოს ცნობით, 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

_____________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 ათასზე მეტ სტუდენტს

სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს.

„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას.

გარდა ამისა, ყველა სტუდენტს, 150 000 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-2021 წლის სწავლის საფასურს – 1225 ლარს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 6 აგვისტოს.

მისი თქმით, ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

უახლოესი დღეები ბათუმში უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი, მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე. თუმცა, ბრიფინგის შემდეგ, ოფიციალურ ტექსტში მთავრობამ ბავშვების ასაკი დააზუსტა და დაწერა, რომ 200 ლარიან დახმარებას 17 წლის მოზარდებიც მიიღებენ.

„ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვისთვის, კრიზისში სოციალური მხარდაჭერისთვის. ბავშვები კომპენსაციას მიიღებენ სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – ამბობს გახარია.

აღნიშნული განცხადება გახარიამ დღეს, 6 აგვისტოს, გააკეთა მთავრობის სხდომაზე.

გახარიას თქმით, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ის სტუდენტებიც, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა. „ასეთი სტუდენტები მიიღებენ ერთი სასწავლო სემესტრის სრულ ანაზღაურებას, და ყველა სტუდენტს, 150 ათას ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ერთი წლის  საფასურს სახელმწიფო დაუფარავს და ეს გახლავთ 1225 ლარი“, – აცხადებს გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 ათასზე მეტი სტუდენტი.

ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 5 ჯგუფი, საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით 3 დაშავებული გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

 

 

300-ლარიანი კომპენსაცია 80 ათას თვითდასაქმებულს დაერიცხება – გახარია

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს 80 ათასი მოქალაქე, რომელთაც ვერ მოასწრეს სრული დოკუმენტაციის შეგროვება თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიიღებს ერთჯერად დახმარებას.

„ვინც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გახარიას თქმით, ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. „თუმცა, ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების დახმარებას, იქნება ეს სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას თქმით, მთლიანობაში 250 ათასმა თვითდასაქმებულმა მიმართა სახელმწიფოს კომპენსაციისთვის.

9 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – კორონავირუსი

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი შემთხვევიდან 7 შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებულები არიან სატვირთო მანქანების მძღოლები, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერ უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში 240 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 987 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე

თუ დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საყვარელი აჭარული ხაჭაპური გენატრება, ან თუ ოფისიდან ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებ, ან თუ მეგობრებთან ერთად გართობისას შიმშილმა შემოგიტია, მაშინ,  შენთვის შესანიშნავი ამბავი გავაქვს: ბათუმში Glovo-ს გამოძახება გამოძახება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი!

თუ ბათუმურ ღამეებში ნაყინით მოგინდა გაგრილება, ან ბორანო და სინორი გესიზმრება, იქნებ ზღვის პროდუქტები მოგენატრა? მაშინ, სადაც არ უნდა იყო, Glovo წუთებში მოგიტანს შენ საყვარელ კერძებს.

გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე

Glovo-ზე აუცილებლად იპოვი ბათუმის საუკეთესო რესტორნებს შენი გემოვნებისთვის, თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მისი მეშვეობით ასევე 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შეგიძლია ისარგებლო როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქტის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით. 

გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე

Glovo ამჟამად საქართველოს 5  ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ბათუმსა და ზუგდიდში ოპერირებს. კომპანიისთვის სისწრაფესა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა უცვლელია, შეკვეთა შენამდე საათზე ნაკლებ დროში მოაღწევს, მეტი კომფორტისთვის კი თანხის გადახდას უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებითაც შეძლებ.

დაისვენე და გაერთე ბათუმში Glovo-სთან ერთად!

გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე
გამოიძახე GLOVO ბათუმში 24 საათის მანძილზე

ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

ბოლო 24 საათში აჭარაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენრია, 20 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

__________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

 

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა.

დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული იყო სეზონურად. კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 31 261 პირზე. მიმდინარეობს განცხადებების დამუშავება და გადარიცხვები გაგრძელდება ეტაპობრივად“.

„ბათუმელებმა“ იმ მოქალაქეების [რომლებმაც კომპენსაცია დღემდე ვერ მიიღეს] შეკითხვებიდან გამომდინარე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კითხვებით მიმართა. გთავაზობთ ამ კითხვებს და სააგენტოს პასუხებს:

  • გვაინტერესებს, ამ მოქალაქეებმა ვის უნდა მიმართონ, რომ კონკრეტულად გაიგონ, ეკუთვნით თუ არა კომპენსაცია? ან რა ეტაპზეა მათ მიერ ატვირთული მონაცემების დამუშავება-შესწავლა?

მოქალაქეებს შეუძლიათ მიაკითხონ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მათი განცხადება.

  • აწვდით თუ არა ინფორმაციას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კომპენსაცია არ ეკუთვნით? რა ფორმით [რომ აღარ ელოდონ]?

ყველა ის განცხადება, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს დადგენილების კრიტერიუმებს, კიდევ ერთხელ გავა კომისიაზე და მასზე იმსჯელებს კომისია. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება ადრესატებს უახლოეს მომავალში.

  • როდემდე გაგრძელდება კომპენსაციის გაცემა?

აგვისტოს შუა რიცხვებამდე დასრულდება კომპენსაციების გადარიცხვა.

  • აქვს თუ არა კომპენსაციის გაუცემლობაზე საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მოქალაქეს, თუ მიიჩნევს, რომ ის პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ეკუთვნის კომპენსაცია? ვის უნდა მიმართოს და რა ფორმით?

კი, გასაჩივრების უფლება აქვთ მოქალაქეებს 286-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ) მეორე მუხლის 15, 16 და 17 ნაწილით.

  • საზღვარგარეთ თვითდასაქმებული რამდენი პირი დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღებად? რამდენზე გაიცა 3 აგვისტოს მონაცემებით კომპენსაცია და ამავე დღის მონაცემებით, რამდენ პირზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომ არ ეკუთვნის კომპენსაცია?

სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული იყო სეზონურად. კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 31 261 პირზე. მიმდინარეობს განცხადებების დამუშავება და გადარიცხვები გაგრძელდება ეტაპობრივად.

შენიშვნა: დასაქმების სააგენტოდან პასუხები „ბათუმელებმა“ 5 აგვისტოს მიიღო. დღეს, 6 აგვისტოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ერთჯერად 300 ლარის დახმარებას მიიღებს ყველა [როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ] თვითდასაქმებული, რომლებიც დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებად, თუმცა მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

„ყველა თვითდასაქმებულს, ვინც მიმართა მთავრობას დახმარებისთვის, დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე მათ ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ.


საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მიწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ. სამუშაოდ წამსვლელმა ელექტრონულად უნდა შეავსოს სპეციალური აპლიკაცია, პასუხს კი, შევსებიდან 7 დღის განმავლობაში მიიღებს.

საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. დოკუმენტში შესაძლებელია იყოს მითითებული როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევა.

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

 

 

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – 6 აგვისტოს მონაცემები

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 240 ინფიცირებული.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 987 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა.

მათგან:

  • 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო;
  • 13 – ნიშანში დგომისთვის;
  • 5 – ტროტუარზე დგომისთვის,
  • 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო;
  • 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის.

 

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საზღვრის გახსნა ან კომპენსაცია ყოველ თვე – რას ითხოვენ რიჟვაძისგან თურქეთში დასაქმებულები

ბათუმში დღეს, 5 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლთან ქალებმა, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, შეხვედრა არ შედგა. პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე აქციის დროს, როცა თურქეთში დასაქმებულები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მთავრობის სახლში არ იმყოფებოდა. აქციის შემდეგი მოთხოვნებით დასრულდა:

გაიხსნას თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფში, რომ პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულებმა იქ მუშაობა შეძლონ.

თუ საზღვრის გახსნა არ მოხერხდება, დაუნიშნოს აჭარის მთავრობამ თურქეთში დასაქმებულებს ყოველთვიური კომპენსაცია არანაკლებ თვეში 300 ლარისა მანამ, სანამ საზღვარი არ გაიხსნება.

ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულომ დროულად შეისწავლოს თურქი დამსაქმებლებისგან საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოგზავნილი სამუშაო ვიზები და გონივრულ ვადაში ცნოს დოკუმენტის ნამდვილობა.

ამ მოთხოვნებზე სასაუბროდ თურქეთში დასაქმებული ქალები თორნიკე რიჟვაძესთან  შეხვედრას ელიან. აქციაზე შეკრებილებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე ესაუბრა. მან აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ შეათანხმებს აქციის მონაწილეებისა და თორნიკე რიჟვაძის შეხვედრის დროს უახლოეს დღეებში.


ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაკვეთს საზღვარს, თუ დამსაქმებლისგან მიიღებს სამთვიან მიწვევას. ეს მიწვევა საქართველოს მოქალაქემ უნდა ატვირთოს სპეციალურ აპლიკაციაში, სადაც უნდა დარეგისტრირდეს.

მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეების თქმით, 300 ლარიანი დახმარება, რომელიც მათ სამუშაოს დაკარგვის შემდეგ კომპენსაციის სახით დაერიცხათ, ამ დოკუმენტების თარგმისთვისაც კი არ იქნება საკმარისი.

ახალი რეგულაციების დაწესებამდე მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმების ალტერნატივად კახეთში, ხილის საკრეფად მუშაობა შესთავაზა, რაც აქციის მოანწილეების თქმით, არარეალურია.

„არავისთვის არ არის ეს წინადადება მისაღები, რადგან იქ რომ წავიდეთ გავძლევენ 25 ლარს დღეში, თანაც გვითხრეს სასტუმროს, კვების და მგზავრობის ხარჯი თქვენ უნდა გაფაროთო. თუ ეს ყველაფერი ჩვენ გადავიხადეთ, სახლში რა მივიტანოთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების თქმით, თურქეთში დასაქმება მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, ისინი სარფის საბაჟოს გახსნა მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

მამა-შვილს „კანონიერ ქურდობაზე“ ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება.

პროკურატურა წერს, რომ შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ – თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს – ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს.

„მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის“ – თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

მეორე დღეს დაზარალებულს „ქურდული სამყაროს“ წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით დაჰპირდა.

აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი“ – თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი – გ.გ. , რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ. დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა.

2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს“, – იუწყება პროკურატურა.

2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა, დღეს, 5 აგვისტოს კი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც.

აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე მის ნაშრომში პლაგიატის არსებობას არ აღიარებს და ამბობს, რომ არ იცის, ანანიძეს რა მოტივი ამოძრავებს. განათლების სამინისტრო კი ამ პროცესებზე დუმს.

ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიის ეთიკის კომისიამ თანამდებობიდან დაითხოვა. კომისიამ ანანიძის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამავე სასწავლებლის ხარისხის სამსახურის უფროსის ნინო ყურშუბაძისა და ლექტორების – მამუკა ბარამიძისა და მიხეილ ბაჯელიძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ვაჟა ანანიძე ამ ადამიანების სამეცნიერო ნაშრომებში გამოვლენილ პლაგიატზეც საუბრობს.

გარდა პლაგიატისა, არსებობს თუ არა სხვა მიზეზები აკადემიის რექტორს, ეთიკის საბჭოსა და ყოფილ ლექტორს შორის დაპირისპირებაში? „ბათუმელები“ ამ ამბის მოკვლევას კიდევ ერთხელ შეეცადა.

ირაკლი შარაბიძე, ასევე ეთიკის საბჭო, ვაჟა ანანიძეს „გუნდურობის“ და „ურთიერთპატივისცემის“ პრინციპების დარღვევაში სდებს ბრალს. აკადემიის ემერიტუსები კი კოლექტიურ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს, აკადემიის „პრესტიჟის“ და „მაღალი რეიტინგის შელახვაში“ ადანაშაულებენ ანანიძეს.

„ეს არის იმ დაწესებულების პრესტიჟისა და მაღალი რეიტინგის შელახვის მცდელობა, (მხედველობაში აქვთ ის, რომ ანანიძემ პლაგიატზე ღიად დაიწყო საუბარი), რომლისთვისაც თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ უკან დაბრუნება კი ძალიან გინდათ“, – წერენ ემერიტუსები წერილში ანანიძის მისამართით. ემერიტუსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორედ „პრესტიჟისა და ღირსების შემლახველი ეპითეტებით აპელირებაა“ მიუტევებელი.

როგორ პასუხობს აკადემიის რექტორი გამოწვევას?

საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეალურად ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ეთიკის კომისიამ ანანიძეს ეთიკის ნორმების დარღვევაზე მიუთითა. „ამის შემდეგ დაიწყო ანანიძემ ჩემს პლაგიატზე საუბარი. ჩემ სადოქტორო ნამუშევარს კი პლაგიატთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – ამბობს ირაკლი შარაბიძე.

ვაჟა ანანიძის მხრიდან პლაგიატზე საუბრის შემდეგ, ირაკლი შარაბიძემ თავისი ნაშრომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადააგზავნა შესამოწმებლად, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დაადგინეს, რომ სადოქტორო ნაშრომში მხოლოდ 0,75 პროცენტი იყო მსგავსება სხვის ნაშრომთან, რაც შარაბიძის აზრით, საერთოდ არ არის პრობლემა. „10-15 პროცენტი მსგავსება ნაშრომში დასაშვებია“, – ამბობს აკადემიის რექტორი. მისი თქმით, პლაგიატის 30 პროცენტი ასევე დასაშვებია საბაკალავრო ნაშრომზეც.

„პლაგიატი არ რეგულირდება მსოფლიოში კანონით, ყველა უნივერსიტეტს აქვს მიღებული შიდა სტანდარტი და საქართველოშიც, ბოლო 2-3 წელია, რაც დაიწყო ამაზე საუბარი“, – გვიყვება ის.

ირაკლი შარაბიძემ თავისი სადოქტორო ნაშრომი 2015 წელს გამოაქვეყნა, იგივე თემაზე ნაშრომი გამოქვეყნებული აქვს მერაბ ჯიბლაძეს 2014 წელს, რომელიც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. ორივე ნაშრომში აღწერილია ერთი კონკრეტული მეთოდი და ორივე ნაშრომში მითითებულია, რომ ამ მეთოდის პატენტი ეკუთვნის სადისერტაციო ნაშრომის ავტორს. „არის ეს პლაგიატი თქვენი აზრით?“ – ვკითხეთ ირაკლი შარაბიძეს, რაზეც ის ამბობს, რომ არ იცის, რაზეა საუბარი.

ის, რომ ირაკლი შარაბიძის ნაშრომში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პლაგიატის მხოლოდ 0,75 პროცენტი დაადგინა, ვაჟა ანანიძეს „ღიმილს გვრის“. მისი აზრით, პლაგიატზე ნაშრომი დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და არა იმ უწყებამ, ვინც დოქტორის ხარისხი მიანიჭა პირს. „სასაცილოა უბრალოდ, აბა რას იტყვის ტექნიკური უნივერსიტეტი, აღიარებს, რომ ჩემთან პლაგიატებს აკეთებენო? დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნაა საჭირო და არა მათი, ვინც ხარისხი მიანიჭა“, – ამბობს ანანიძე.

ირაკლი შარაბიძეს კი მიაჩნია, რომ ეს ვაჟა ანანიძის სუბიექტური აზრია.

რექტორი ამბობს, რომ პლაგიატი არ რეგულირდება მსოფლიოში, თუმცა ყველა წამყვან უნივერსიტეტშია დანერგილი პლაგიატის ამომცნობი პროგრამები. მათ შორის ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტშიც.

აკადემიამ კი, როგორც რექტორი გვეუბნება, პლაგიატის ამომცნობი პროგრამა Turnitin 2019 წლის ბოლოს შეიძინა და დაიტესტა კიდეც. დაახლოებით 20-მდე სტუდენტურ ნაშრომში გამოვლინდა პლაგიატის ნიშნები. თუმცა სულ რამდენი ნაშრომი დაიტესტა, რექტორი ზუსტად ვერ ამბობს. ამ პროგრამაში, როგორც ირაკლი შარაბიძე გვეუბნება, პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ნაშრომები არ მოწმდება. რექტორის თქმით, უნივერსიტეტი საერთოდ არ არის ვალდებული რომელიმე პროფესორის ნაშრომი გადაამოწმოს. „აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ მე საერთოდ არ მევალება ნაშრომების შემოწმება. მით უმეტეს 15-20 წლის წინ დაწერილი დისერტაციების“, – გვეუბნება ის.

აკადემიაში დანერგილი პლაგიატის პროგრამის შესახებ ვაჟა ანანიძესაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა: „რეალურად, ჩემი და რექტორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მან აკადემიაში ყალბი გარემოს შექმნა დაიწყო და ჰქონდა მცდელობა ხელის ამწევ-დამწევთა სადისერტაციო საბჭო შეექმნა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ღიად ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული და რომ რეალურად, კორუფციულ სტრუქტურას ქმნიდა. სწორედ ამიტომ არ უნდა ჩემი გაშვების რეალურ მიზეზებზე  საუბარი“.

მსგავსი სადისერტაციო საბჭოები ბევრ უნივერსიტეტში არსებობს, ამიტომ ვაჟა ანანიძეს ვკითხეთ, რატომ არ ენდობოდა ამ სტრუქტურას და რა კორუფციაზე საუბრობს, რაზეც მან გვიპასუხა:

„შევეცდები ეს Turnitin-ის გამოყენების მაგალითზე ავხსნა. შარშან ზაფხულში საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია გაიმართა ბათუმში, სადაც აკადემიიდან 12 ნაშრომი უნდა წარედგინათ. როცა ეს ნაშრომები ბსუ-ში წაიღეს და პლაგიატზე შეამოწმეს, გამოვლინდა მსგავსება. შემდეგ ამ ლექტორებს მიწერეს, რომ სადაც პლაგიატი დაფიქსირდა, ის ადგილები ჩაესწორებინათ და ამით „გაპრავდა“. მე შევესწარი ამ პროცესს. სადისერტაციო საბჭოში კი ადამიანები არიან და არა მანქანები. ამიტომ, იგივეს გააკეთებს ეს საბჭოც“, – ამბობს ანანიძე.

ამავე წელს საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტებმა საერთო სამეცნიერო კომისიაც დააფუძნეს, სადაც ვაჟა ანანიძე, როგორც სარედაქციო კომიტეტის ხელმძღვანელიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ამბობს, რომ აკადემია ამას ეწინააღმდეგებოდა. „შემდეგ ერთმა ადამიანმა თქვა, სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელია და რატომ არ შეგყავთო. ამის შემდეგ შემიყვანეს რიგით წევრად“.

მკაფიო უთანხმოება კი რექტორსა და ანანიძეს შორის თანამდებობის საკითხმა გამოიწვია.

„მე ვიყავი საზღვაო აკადემიის სამეცნიერო კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი, სხვა არ ჰყავდათ სამეცნიერო სფეროში და იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ როცა ახალი შტატი შეიქმნებოდა, მე ამ თანამდებობით უნდა შევსულიყავი შტატში. მათ გამოიგონეს ახალი თანამდებობა და დამნიშნეს ბიბლიოთეკის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სამმართველოს კორდინატორად. მივხვდი, რომ რეალურად ეს იყო ჩემი სამეცნიერო საქმიანობიდან ჩამოშორების, შემდეგ კი აკადემიიდან გაშვების მცდელობა.

ამას მაშინ მივხვდი, როცა ბიბლიოთეკის დირექტორმა 6 თვის მუშაობის ანგარიში მომთხოვა. ბიბლიოთეკა მეცნიერულ კვლევებს არ აწარმოებს და მათ იცოდნენ, რომ მე ანგარიშს ვერ წარვადგენდი და ასე მშვიდად, იურიდიული საფუძვლით გამიშვებდნენ აკადემიიდან“, – გვეუბნება ვაჟა ანანიძე.

ირაკლი შარაბიძეს ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ის, რაზეც ანანიძე საუბრობდა. კითხვას პირდაპირ ირაკლი შარაბიძემ არ უპასუხა და ისევ გაიმეორა, რომ არ იცის, რა მოტივი ამოძრავებს ვაჟა ანანიძეს. მაშინ მას ისევ ვკითხეთ, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლა მაშინ ვაჟა ანანიძე სამსახურიდან?

„მე არ გადამიწყვეტია. ეთიკის კომისია ერთი თვე მუშაობდა. ივლისში კი გავუშვით“, – გვეუბნება რექტორი.

ირაკლი შარაბიძეს ვკითხეთ, რატომ არ მისცა გაფრთხილება ან საყვედური ეთიკის საბჭომ ანანიძეს და რატომ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება?

ირაკლი შარაბიძის პასუხი ამჯერადაც ბუნდოვანია: „აქ მარტო პლაგიატზე არ იყო საუბარი, არამედ სხვადასხვა ნაწილში“. მაშინ მას ისევ ვკითხეთ, მას როგორც რექტორს, ხომ არ ჰქონია განსხვავებული პოზიცია ანანიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ ის ეთიკის კომისიას სრულად დაეთანხმა.

ყველა ნაწილში? – ისევ ვკითხეთ მას, რაზეც შარაბიძემ გვიპასუხა: „ძალიან გთხოვთ, არ მინდა ამაზე საუბარი. კომისიის წევრებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება… არ შემიძლია საჯაროდ გავახმოვანო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება“.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ვაჟა ანანიძეს, როგორც ლექტორს, ასოცირებულ პროფესორს, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ პოზიტიურად.

„ანანიძეს ყველაფერი ჰქონდა, კარიერული წინსვლა, თავისუფლება, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყველაფერი, რომ ეღვაწა საზღვაო აკადემიისთვის. მაგრამ რატომ მოხდა ასე, გეფიცებით ადამიანობას არ ვიცი. ბედნიერი კაცი ვიქნები ამაზე რომ პასუხი მქონდეს“, – ამბობს ის. თუმცა იქვე აზუსტებს, რომ „აკადემიაში ყველაფერი გუნდურად წყდება“.

კითხვაზე, – „გუნდურობა“ ნიშნავს ხარვეზებზე, თუნდაც პლაგიატზე თვალის დახუჭვას? ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ „საუბარს გააჩნია“.

როგორ უნდა ესაუბრა ვაჟა ანანიძეს პლაგიატზე ისე, რომ ის სამსახურიდან არ დაეთხოვათ? – აკადემიაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ვაჟა ანანიძეს კი ვკითხეთ, რომ არა თანამდებობასთან დაკავშირებული უთანხმოება, ისაუბრებდა თუ არა რექტორის და სხვა პირების სამეცნიერო ნაშრომების პლაგიატზე საჯაროდ? „მაშინაც კი, როდესაც მიწვეული მასწავლებელი ვიყავი და შემდეგაც, როცა ასოცირებული პროფესორი გავხდი, პლაგიატზე და სხვა პრობლემებზეც, ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი“, – გვეუბნება ის.

ვაჟა ანანიძე პირველი ლექტორია, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაუშვეს. ის აკადემიაში 2005 წლიდან მუშაობდა. საკუთარი უფლებების დასაცავად ანანიძე მალე სასამართლოსაც მიმართავს. მე-11 დღეა ვაჟა ანანიძე აკადემიის ჭიშკართან ტრანსპარანტით დგას და განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე საზოგადოებას სთხოვს, დაინტერესდნენ აკადემიაში არსებული ნეპოტიზმით, პლაგიატით და სავარაუდო კორუფციითაც. ამ დრომდე მას არცერთი შესაბამისი უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მოწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ.

საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მოწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს მითითებული, როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევა.

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა

მოწვევის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ დამსაქმებელს, რომელიც ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. დამსაქმებელი, გიგზავნით მოწვევას.  ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწის, გიორგი ყუშიტაშვილის განმარტებით, დამსაქმებელს ან დასაქმებულს მოწვევის გამოგზავნით არ უჩნდება რაიმე სახის დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

შეუძლია თუ არა დამსაქმებელს რამდენიმე ადამიანის (5-10) მიწვევა ერთი დოკუმენტით?

„როგორც ვიცი,  შესაძლებელია ერთ მოწვევაში ათ ადამიანამდე ჩაიწეროს. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, ნოტარიუსს შეუძლია ათი პიროვნების მონაცემი ჩაწეროს მოწვევაში. ოღონდ ეს არის ზეპირი ინფორმაცია,“ – ამბობს ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე გიორგი ყუშიტაშვილი.

რა ღირს თურქეთის მოქალაქის მიერ გამოგზავნილი მოწვევის ნოტარიულად დამოწმება

„თურქეთის მოქალაქის მიერ მომზადებული მოწვევის ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი ხელმოწერით. ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის მაქსიმალური ფასი თურქეთში არის 150 ლირა. 150 ლირა დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 დოლარია.

გთხოვთ, მიუთითეთ, რომ არ ენდონ შუამავალ კომპანიებს. შეიძლება გადაუხადონ 200 დოლარი ამ შუამავალ კომპანიას, მაგრამ მერე ვთქვათ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უარი უთხრან თურქეთში წამოსვლაზე. არაფერს არ ნიშნავს აქ შუამავალმა კომპანიამ იპოვოს ვინმე თურქეთის მოქალაქე და მოწვევა გაუგზავნოს. იმიტომ, რომ მერე გადაწყვეტილებას მაინც იღებს საქართველოს მთავრობა,“ – ამბობს გიორგი ყუშიტაშვილი.

როგორ უნდა გამოუგზავნოს თურქეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეს მოწვევა

თურქეთიდან მოწვევის გამოსაგზავნად არსებობს ორი გზა – დედანის საქართველოში გამოგზავნა შეიძლება ფოსტით ან პირადი კონტაქტების საშუალებით. ფოსტით გამოგზავნის ღირებულება არის 25 ლირა, დაახლოებით 4 დოლარი. პანდემიამდე საფოსტო მომსახურებას 3-5 დღე სჭირდებოდა. ახლა ეს ვადები ორ კვირამდეა გაზრდილი.

ასევე, დამსაქმებელს შეუძლია გამოაგზავნოს მოწვევა ელექტრონული ფოსტით.

„ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილიც საკმარისია, თუკი ნოტარიუსი თარგმანზე და დამოწმებაზე არ იტყვის უარს. შესაბამის ელექტრონულ ფორმაში უნდა ემჩნეოდეს იქ დარტყმული ბეჭედი, იკითხებოდეს ზუსტად, რომ ნოტარიუსმა გადათარგმნოს და დაამოწმოს შემდეგ ქართული თარგმანი. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩვენთან როგორი ფორმით მოიტანს. ქართული თარგმანი ასევე მოწმდება ნოტარიულად და შემდგომ ეს სამივე ერთად – თურქული ვარიანტი, ქართული თარგმანი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი ერთიანად იტვირთება სისტემაში.

მოწვევის ფორმა არის განთავსებული moh.gov.ge-ზე, როგორც თურქული, ასევე ქართული ვარიანტები, მსურველებს შეუძლიათ იქაც ნახონ,“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ აჭარის დასაქმების სააგენტოში.

რა ღირს მოწვევის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება საქართველოში

თურქეთიდან ელექტრონულად გამოგზავნილი მოსაწვევის [2 გვერდის] თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ბათუმში, ჯამში 30-50 ლარი ჯდება. ერთ-ერთმა თარჯიმანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დოკუმენტის თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

რა ხდება მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ნოტარიულად დაამტკიცებთ საქართველოში?

ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტები – მოწვევა თურქულ ენაზე, მისი ქართული თარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად შექმნილ საიტზე.

როგორ უნდა ატვირთოთ დოკუმენტები საიტზე?

პირველ რიგში ეწვიეთ საიტს https://abroadworkers.moh.gov.ge/ და გაიარეთ რეგისტრაცია. შემდეგ ატვირთეთ ნოტარიულად დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკიდან 3 თვიანი „სამუშაო მოწვევის“ დამადასტურებელ დოკუმენტი, ასევე ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის მსურველ პირს მოთხოვნის გაგზავნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

რამდენ ხანში გაიგებთ გაგიშვებენ თუ არა თურქეთში სამუშაოდ?

საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით, აჭარის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს,  ფინანსთა სამინისტროსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ამ უწყებების სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლებისგან. შევსებულ აპლიკაციას შეამოწმებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტს შეატყობინებენ, ექნება თუ არა თურქეთში სამუშაოდ წასვლის უფლება.

შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505 ან უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 70/72

სამუშაო საათებში კი, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0422 24 78 83

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

დღეს, 5 აგვისტოს, ავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ერთი დაშავებული, თავის ზედაპირული ტრავმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ დროებითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თურქეთთან საზღვარი უნდა გახსნას, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა.

საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დააწესა, ვისაც თურქეთში სამუშაო ვიზიტით სურს წასვლა.

„გამოდი, გამოდი!“- აქციის მონაწილეები ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ მათთან შესახვედრად გამოსულიყო შენებიდან და მოესმინა მათი პრობლემები. „გამოვიდეს ხალხთან, თუ აინტერესებს გაიგოს ჩვენი გულისტიკივილი. აბა რისი ხელისუფალია?“ – აცხადებენ მოქალაქეები აქციაზე.

„ჩვენ იმიტომ ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, რომ მან განაცხადა 27 ივლისს, რომ ყველა გადავა თურქეთში მიწვევითო. ჩვენ გვაქვს ვიზები, თუმცა მაინც არ გვიშვებენ საზღვარზე“, – აცხადებენ მოქალაქეები.

იგივე მოქალაქეები ამბობენ, რომ „სამუშაო მოწვევის“ გამოგზავნა თურქ დამსაქმებელს 400 ამერიკული დოლარი უჯდება. „თურქეთის საკონსულოში, დოკუმენტების თარგმნა-დამოწმებისთვის გარკვეული თანხა მოგვთხოვეს – გუშინ 40 ლარი, დღეს უკვე 60 ლარი მოითხოვეს“, – აცხადებდნენ აქციაზე ქალები [ეს ინფორმაცი „ბათუმელებს“ ჯერჯერობით არ გადაუმოწმებია].

ჯერ თორნიკე რიჟვაძე საპროტესტო აქციის მონაწილე ქალებთან არ გამოსულა. ადმინისტრაციის თანამშრომლემა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ პრეტენზიებს საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანენ.

ჯერჯერობით აქცია გრძელდება.

_____

ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაკვეთს საზღვარს, თუ დამსაქმებლისგან მიიღებს სამთვიან მიწვევას. ეს მიწვევა საქართველოს მოქალაქემ უნდა ატვირთოს სპეციალურ აპლიკაციაში, სადაც უნდა დარეგისტრირდეს.

მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეების თქმით, 300 ლარიანი დახმარება, რომელიც მათ სამუშაოს დაკარგვის შემდეგ კომპენსაციის სახით დაერიცხათ, ამ დოკუმენტების თარგმისთვისაც კი არ იქნება საკმარისი.

ახალი რეგულაციების დაწესებამდე მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმების ალტერნატივად კახეთში, ხილის საკრეფად მუშაობა შესთავაზა, რაც აქციის მოანწილეების თქმით, არარეალურია.

„არავისთვის არ არის ეს წინადადება მისაღები, რადგან იქ რომ წავიდეთ გავძლევენ 25 ლარს დღეში, თანაც გვითხრეს სასტუმროს, კვების და მგზავრობის ხარჯი თქვენ უნდა გაფაროთო. თუ ეს ყველაფერი ჩვენ გადავიხადეთ, სახლში რა მივიტანოთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების თქმით, თურქეთში დასაქმება მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, ისინი სარფის საბაჟოს გახსნა მოითხოვენ.

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.

ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს 95 მილიონი ლარით.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის 2020 წლის 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი მთლიანობაში სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47- კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

„ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო  გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი  მიიღო… განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა მათემატიკასა და ქართულში – ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს.

გორგოძის თქმით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი – მათემატიკაში.

„ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას“, – ამბობს გორგოძე.

მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საპრეტენზიო განაცხადების შეტანა შედეგების გამოცხადებიდან ოთხი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

„რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

მაშველები ფოთში, მდინარე რიონში გოგოს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები 24-საათიან რეჟიმში ეძებენ ახალგაზრდა გოგოს ფოთში, მდინარე რიონში.

სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობას ათვალიერებენ დრონის მეშვეობით.

112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

_________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. აქტიურად გრძელდება შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკურ სამუშაოები, ასევე გარე პერიმეტრის მოწყობა.

როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში აღნიშნეს უკვე  დასრულდა დარბაზებში სპორტული იატაკების დაგება, ასევე განათებისა და კონდინცირება-ვინტილაციის მონტაჟი.

სპორტული კომპლექსის დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია. გარდა სპორტული დარბაზებისა შენობაში განთავსდება ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და სამედიცინო პუნქტი.

პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და მისი დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია.

შენ შვილს რომ მიუტან რამეს, ხომ გაუხარდება, ჩემს შვილს რა მივუტანო? – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 5 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები მართავენ აქციას. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებული ადგილები ავტოსადგურის ტერიტორიაზე მათ არ აწყობთ, რადგან ამ ადგილას ვაჭრობა არ არის და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„წლინახევრის შვილიშვილი დამრჩა, ბებია-ბაბუა ვზრდით, არც დედა ჰყავს, არც მამა. ხუთი თვე გავჩერდი ავტოსადგურში, იმდენად არ იყო ვაჭრობა, ფულიც არ გადამახდევინეს, მხოლოდ 20 ლარს ვიხდიდით. 20 დღეში რომ შეხედეს მოვაჭრეებმა, არ იყო ვაჭრობა, დატოვეს ადგილი. ხუთი თვის შემდეგ წამოვედი მეც, აზრი არ ჰქონდა, რადგან ვაჭრობა არ იყო, იძულებული ვიყავი გამოვსულიყავი და მევაჭრა გარეთ, რომ შვილიშვილისთვის რამე მიმეტანა“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი არ ზღუდავენ ქუჩაში გადაადგილებას და აცხადებენ, რომ მზად არიან გადასახადების გადასახდელად, თუ კი მისცემენ მისაღებ ადგილას ვაჭრობის უფლებას.

„შენ შვილს რომ მიუტან რაღაცას, ხომ გაუხარდება, ჩემს შვილს რა მივუტანო? მხოლოდ ეს მითხარით“ – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელს.

გარემოვაჭრეებს მერიის იმ წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ, რომლებიც გარემოვაჭრეებს აჯარიმებენ, თუმცა ამ დრომდე მათ მხოლოდ მერიის მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელები შეხვდნენ, რომლებიც გარემოვაჭრეებს ძველ ადგილზე დაბრუნებას სთავაზობენ.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა:

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებს დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ – ვებგვერდი ჩაირთო

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის შევსება ელექტრონულად უკვე შეუძლიათ. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული პროგრამით, თუმცა წამსვლელს უნდა ჰქონდეს მიწვევა თურქეთიდან, ასევე ამ მწვევის ქართული თარგმანი, დამოწმებული ნოტარიულად.

აპლიკაციის შესავსებად გადადით ამ ბმულზე

თურქეთში სამუშაოდ წასვლა შეუძლია საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქის ან თურქეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან მიწვევას. ეს მიწვევა თურქეთის კანონმდებლობის შესაბამად ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული. დოკუმენტში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

მიწვევის მიზეზად შესაძლებელია იყოს მითითებული, როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევა:

საქართველოს მოქალაქემ აპლიკაციის შევსებისას უნდა მიუთითოს:

  1. საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი]
  2. თურქეთიდან მიღებული მიწვევა, რომელიც თურქეთშივე დამოწმებულია ნოტარიულად
  3. მიწვევის ქართულ ენაზე თარგმნილი ვერსია, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული.
სქრინი ვებგვერდიდან: ასე გამოიყურება აპლიკაციის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ თურქეთში დასაქმების მსურველებმა

ატვირთულ დოკუმენტაციას შეამოწმებს სპეციალური ჯგუფი, ხოლო შემოწმების შედეგები სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს; თუ დოკუმენტაცია დროებით წესთან შესაბამისობაში იქნება, თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქის პერსონალური მონაცემები მიეწოდება ასევე შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.

აჭარის დასაქმების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებმა შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა დარეკონ საქართველოს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე – 1505 ან უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 70/72 [სამუშაო საათებში კი, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0422247883]

ამ თემაზე:

რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება

 

 

მსოფლიოში 700 000 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 5 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 700 741 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 156 830 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 95 819 – ბრაზილიაში, 48 869 კი – მექსიკაში.

5 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 18 544 820 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, კორონავირუსისგან განიკურნა 11 143 771 ადამიანი.

____________

ფოტოზე: ბრაზილიაში, ვილა ფორმოზას დიდ სასაფლაოზე ახალ საფლავებს თხრიან კორონავირუსით გარდაცვლილთათვის. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Sebastiao Moreira

15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაზე. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ამავე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა სწავლის განახლებაზე და თქვა, რომ სკოლებში სწავლის დაწყებას საფრთხე არ ემუქრება.

„3, 5, 10 შემთხვევა რაც გვაქვს კორონავირუსის დღეში, ეს არ არის პრობლემა სწავლის დაწყებისთვის, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლა ტრადიციულ სტილში ვეღარ გაგრძელდება. თუ აქამდე 20 ადამიანი იჯდა საკლასო ოთახში, ახლა ეს რაოდენობა შემცირდება. ამ რეგულაციებზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, თუ როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები საკლასო ოთახში, სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ასე შემდეგ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, სკოლაში ყოფნის პერიოდში ხშირად უნდა დაიმუშაონ ბავშვებმა ხელები ანტიბაქტერიული ხსნარებით, დასვენებაზე კი დერეფანში ყოფნის დროს გამოიყენონ პირბადე. „დარწმუნებული ვარ, დამყოლობა როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და შევძლებთ, რომ ამით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გავაუარესოთ“, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ პანდემიის პერიოდში მიმდინარე ეროვნული გამოცდებიც შეაფასა და თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებმა ამ მხრივ გამოცდა კარგად ჩააბარეს“.

„ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ კორონავირუსის გამოვლენის გამოცდების პერიოდში და ჩვენ დროულად მოვახერხეთ კონტაქტების დადგენა. ამასთან, აბიტურიენტს მიეცა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში“.

15 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანის კლასტერი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთი ახალი პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა კონტაქტები, ხოლო 3 დადასტურებულ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დასადგენად.

დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აგვისტოს მონაცემები

5 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 12 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 ინფიცირებული.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

_______________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შემთხვევებიდან 4 გუშინ დადასტურებული შემთხვევის საკონტაქტო პირია, ორი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავიანთი სურვილით მკურნალობას გააგრძელებენ თურქეთის რესპუბლიკაში.

გუშინ, 4 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კარანტინში იქნა გადაყვანილი 17 ადამიანი, ინფიცირებულის საკონტაქტო პირები, რომელთაც აუღეს PCR ტესტი. სწორედ ამ ჯგუფში გამოვლინდა 4 ახალი შემთხვევა.

ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]

COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პირბადეს, მათგან ბევრი ერთჯერად პირბადესაც, რომელიც გამოყენების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, თავდახურულ ურნაში უნდა მოთავსდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული პირბადის მოშორებისას, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა შეეხოთ მის წინა მხარეს, პირბადე უნდა მოიხსნათ მხოლოდ უკნიდან და დაუყოვნებლივ მოათავსოთ დახურულ ურნაში, რის შემდეგაც ხელები უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით ან დაიმუშაოთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სანიტაიზერით. ასეთი რეკომენდაცია იმისთვის შეიმუშავეს სპეციალისტებმა, რომ უკვე გამოყენებული პირბადე ახალი ინფიცირების წყარო არ გახდეს, რადგან, თუ პირბადე ინფიცირებულ ადამიანს ეკეთა, იგი ვირუსის გადამტანია.

ვირუსი ვრცელდება დაავადებული ადამიანის რესპირაციული წვეთებიდან, რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს, უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით ინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით.

გამოყენებულ პირბადეებს ხშირად შეხვდებით ბათუმის ქუჩებში. არაერთი მოქალაქე პირდაპირ ქუჩაში აგდებს პირბადეს დახურულ ურნაში გადაგდების ნაცვლად.

გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი
გამოყენებული პირბადე ქუჩაში. ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი

ამავე თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

 

პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]

„აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, გათავისუფლებული 3 თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნეს. სამივე მათგანი 30 ივლისს, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მაუწყებლის მენეჯმენტი იუწყება, რომ მათი გათავისუფლება „გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას“.

მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოტივაციასაც: „იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურებრივ კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას…“

საქმე იმაშია, რომ მაუწყებლის დირექტორის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების – ბაჩო გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის გათავისუფლება თავად მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლობის უმრავლესობამ გააპროტესტა. მათი დაბრუნების მოთხოვნით დირექტორს წერილობით მიმართა 230-მა თანამშრომელმა. თუმცა, მაუწყებლის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ამ ხელმოწერებს დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაზე გავლენა არ ჰქონია:

„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა ვერ აიძულებს მენეჯმენტს გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი“.

აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ ათამდე თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან ან შეუცვალეს პოზიცია. მენეჯმენტს არც ერთი მათგანი არ დაუბრუნებია – ისინი საკუთარ პოზიციებზე აღდგენის მიზნით სასამართლოში დავობენ.

ქალი, რომელმაც პარიზში ქართული გამომცემლობა დააარსა

2018 წლის ბოლოს პარიზში პირველი ქართული გამომცემლობა „Meduza/მედუზა“ დაარსდა, რომლის მიზანიც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. საწყის ეტაპზე გამომცემლობა ქართული საბავშვო ლიტერატურის ფრანგულენოვან თარგმანებს გამოსცემს. თითქმის 2 წლის განმავლობაში გამომცემლობამ უკვე 10 წიგნი გამოსცა, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას „სათაგური“/La souricière; „რწყილი და ჭიანჭველა“/La puce et la fourmi;  „გვრიტი“/Tourterelle; გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“/Les contes de Thomas და ა.შ.

ვაჟა-ფშაველას „სათაგური” ფრანგულ ენაზე/მთარგმნელი და ილუსტრატორი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი

Meduza პროფესიით ჟურნალისტმა და მარკეტინგის სპეციალისტმა, მაია გიორხელიძემ დააარსა.

„2005 წლიდან ვმუშაობდი ფრანგულ რადიოში და როცა ამის საშუალება მქონდა, ვეწეოდი ქართული კულტურის პოპულარიზაციას. გამიკეთებია გადაცემები ქართულ პოლიფონიაზე, კინოსა და ცეკვაზე. 6, 7 წლის წინ რამდენიმე სხვადასხვა იდეაზე ვფიქრობდი და რახან ყველაფრის ერთად განხორციელება შეუძლებელი იყო, გადავწყვიტე გამომცემლობა გამეხსნა. ამ საქმის გამოცდილება მქონდა, ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობის პრესატაშედ ვმუშაობდი და წიგნის გამოცემის პროცესშიც ვიყავი ჩართული.

გამომცემლობის გახსნა ხარჯებთან და დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ გავრისკეთ“, – ამბობს გამომცემელი.

მისი თქმით, Meduza-ს მისია ფრანგულენოვან მკითხველებში კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა, საწყის ეტაპზე კი გამომცემლობა საბავშვო ლიტერატურას ბეჭდავს. როგორც მაია გიორხელიძე ამბობს, საქმიანობის ასე დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კარგად შეისწავლა წიგნის ფრანგული ბაზარი და აღმოაჩინა, რომ საფრანგეთში გამოცემული ყოველი მეოთხე წიგნი საბავშვოა.

გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები” ფრანგულ ენაზე

გამომცემლობაში დასაქმებული ყველა თანამშრომელი, გარდა კორექტორებისა, ქართველია. Meduza-ს ქართულენოვანი ლიტერატურის თარგმანები ძირითადად პოლონეთში იბეჭდება.

ფრანგული წიგნის ბაზარზე, სადაც საბავშვო, ილუსტრირებული ლიტერატურის დიდი არჩევანია, ქართულმა გამომცემლობა Meduza-მ მოახერხა და მკითხველებსა და გამომცემლობებს თავი საინტერესო იდეებით დაამახსოვრა.

„ძალიან ბევრს ვფიქრობდით რა შეგვეთავაზებინა პატარა ფრანგულენოვანი მკითხველებისთვის ისეთი, რაც მათ აქამდე არ ჰქონდათ. თავიდან მოვიფიქრეთ პროექტი „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“, – ეს იყო ილუსტრირებული ზღაპრები გასაფერადებლებით. წიგნის ბაზრობებზე დიდი მოწონება დაიმსახურა და გამომცემლობების წარმომადგენლებიც გვეუბნებოდნენ, რომ სიამოვნებით დაბეჭდავდნენ მსგავსად საბავშვო წიგნებს.

მაია გიორხელიძე, გამომცემლობა Mediza-ს დამაარსებელი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა გამომცემლობისთვის უნგრეთში მცხოვრები მხატვრის, სოფო მაგალაშვილის „საბავშვო კულინარია“.

წიგნის ავტორი 3 ენაზე მოსაუბრე სმენადაქვეითებულია. გარდა ტექსტისა და შთამბეჭდავი ნახატებისა, სოფო ჟესტების ენითაც ხსნის წიგნში რეცეპტებს პატარებისთვის – მათთვის, ვინც ჯერ მხოლოდ ჟესტების ენა იცის და არ იცის კითხვა“, – გვიყვება გამომცემელი მაია გიორხელიძე.

გამომცემლობა Meduza-ს წიგნები საფრანგეთის სკოლების ბიბლიოთეკაშიცაა ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის. გამომცემლობის წიგნები წარმოდგენილი იყო პარიზისა და რუანის წიგნის ბაზრობებზე. ახალი წიგნების პრეზენტაციებს Meduza პარიზის ქართულ რესტორან „კოლხეთში“ მართავს, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა.

გამომცემელი მაია გიორხელიძე გვეუბნება, რომ სამომავლოდ გეგმაში აქვს ქართული საბავშვო ლიტერატურის ტომებად გამოცემა ფრანგულ ენაზე.

2020 წლის 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარიზის ორ ცენტრალურ მეტროსადგურში გამომცემლობა Meduza-ს დიდი პოსტერები იქნება წარმოდგენილი, აქციის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა, რისთვისაც გამომცემლობა ფინანსურ რესურსს არ იშურებს და ამისთვის საზოგადოებრივ სივრცეების შესაძლებლობებსაც იყენებს.

გამომცემლობა Meduza-ს სტენდი პარიზის წიგნის ფესტივალზე

„არ ხორციელდება არანაირი დევნა“ – აჭარის მთავრობა თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ავთანდილ ბოლქვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სდევნიან სოციალურ ქსელში პოლიტიკური აქტიურობის გამო.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ განაცხადა, რომ ბოლქვაძის მიმართ დევნა არ ხორციელდება და მისი დღევანდელი განცხადება შესწავლილი იქნება:

„ეს პიროვნება წლებია მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში, აფიქსირებს თავის პოლიტიკურ გემოვნებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციას და მის მიმართ არანაირი დევნა არ ხორციელდება.

რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს, ეს განცხადებები შეიცავდა სიძულვილის ენას და შეურაცხყოფას საჯარო მოხელეების მიმართ, ეს განცხადებები ჩვენ მიერ შესწავლილი იქნება და შესაბამისი რეაგირებაც განხორციელდება,“ – განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.

დღეს აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობაში ეძებენ მიზეზს, რომ სამსახურიდან დაითხოვონ.

ვრცლად ამ თემაზე: 

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი

ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო დეფიციტებმა, ცვლილებებმა, რაც მოხდა, დარტყმის ქვეშ დააყენა სისტემა და ჩავთვალე, რომ იმ პოზიციიდან, სადაც ვიყავი, ვერ შევძლებდი პოზიტიურ გავლენას პროცესებზე. ეს იყო მთავარი განმსაზღვრელი.

ჩემი ეს გადაწყვეტილება არ იყო სპონტანური. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ის გარკვეული გამოცდილება, რაც მაქვს ჯანდაცვის სფეროში, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა გამომეყენებინა აქტიურ პოლიტიკაში. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც აჭარის პარლამენტში იქნება სოციალური მხარდაჭერის და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალური ოპტიმიზაცია რეგიონის ფარგლებში.

ჩვენი პარტიის ინიციატივა მიმართული იქნება უფასო მედიკამენტების პროგრამაზე, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის პროგრამაზე, პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამაზე. ვგულისხმობ ადგილობრივ დონეზე. მე არა ვარ ექიმი პოლიტიკაში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავხდე პოლიტიკოსი, არ ვარ პოლიტიკური გარნირი. მე ვიწყებ ამ კარიერას და ვთვლი, რომ ისევე სერიოზულად მივუდგები ამ საქმეს, როგორც მედიცინას.

  • საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში სამი ექიმია აჭარიდან. მათი აქტიურობა საარჩევნო კამპანიის შემდეგ, საზოგადოებრივ სივრცესა თუ პარლამენტში, პრაქტიკულად აღარ გაგვიგია, თუ არ ჩავთვლით ილია ნაკაშიძეს, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია…

ეს მათი არჩევანია. მე არ ვაპირებ ვიყო მდუმარე პარლამენტარი, ხელის ამწევი ან ხელის არამწევი. მე არასდროს მომრიდებია სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება და არც მერე ვაპირებ ვიყო რომელიღაც ჯგუფის დანამატი, ვთქვათ, ხელის ასაწევად.

  • რადგან გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, ალბათ აკვირდებით აჭარაში მიმდინარე პროცესებს. აჭარის მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ითხოვს საზღვრის გახსნას თურქეთთან. თქვენ, როგორც ექიმი, რომელიც იყო ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და აწ უკვე პოლიტიკოსი, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით?

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე თურქეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლომდე საზღვრის გახსნა გამართლებული არ იქნება. თუმცა თუ იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული – როგორიც არის PCR ტესტი, კარანტინი უკან დაბრუნების შემდეგ, ასევე ბევრი მეთოდოლოგია, რომელსაც, უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ცენტრი საკმაოდ კარგად ახორციელებს, ამ ღონისძიებების გატარების კვალობაზე შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გაიხსნას საზღვარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს იქ სეზონური სამუშაო. მეორე მხრივ, ესეც ჩვენი ტრაგედიაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ სეზონურ სამუშაოზე წასვლა, მაგრამ მგონია, რომ გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვით ამის გაკეთება შესაძლებელია. თავისუფალი მიმოსვლა ამ ეტაპზე მაინც არაგონივრული იქნებოდა.

  • თქვენი აზრით, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დადიან, პანდემიის პირობებში რა სოციალური პოლიტიკა უნდა შეეთავაზებინა ხელისუფლებას, ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით?

პარტიის სტრატეგიაშიც გვაქვს და რამდენიმე სისტემად დავყოფდი ამას. პირველია გადასახადების შემცირება – იმ მეწარმეებისთვის, რომლებმაც შეინარჩუნეს საქმე, გადასახადების შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ სეზონური სამუშაოების გარეშე, საქართველოშივე შესთავაზოს ალტერნატიული სამუშაო და მესამე – ჩვეულებრივი სოციალური დახმარება, რაც მათ მისცემს საშუალებას მძიმე პერიოდი გადააგორონ და შიმშილის პრობლემა არ დადგეს. 30-40 ათასი მოქალაქე დარჩა უმუშევარი პანდემიის შემდეგ და მათ სჭირდებათ კონკრეტული, მიზანმიმართული დახმარება – ან ბიზნესში დახმარება, ან ფინანსური პაკეტები. ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტებით სოციალური მხარდაჭერა, მათ შორის, ბევრია ქრონიკული დაავადებებით და დიდი თანხა უჯდებათ მკურნალობა. იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც დარჩნენ შემოსავლის გარეშე ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

  • მედიკამენტებზე მინდა გკითხოთ. ბათუმის მოსახლეობა ყოველდღიურად გადადიოდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მედიკამენტებს სამჯერ იაფად ყიდულობდნენ. ადამიანებს სჯერათ, რომ იქ უფრო მეტად ხარისხიანია მედიკამენტები, ვიდრე საქართველოს ბაზარზე. თქვენი აზრით, ფარმაციის ბაზარი თუ იმართება უსამართლო პოლიტიკით და თუ ასეა, რას შეცვლიდით თქვენ?

ეს არის ზუსტად ის სისტემური პრობლემა, როცა ვამბობ, რომ კოლაფსია ჯანდაცვის სისტემაში და მას სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, მათ შორის ფარმაციასაც. არსებობს მწყობრი რეგულაცია, როგორ შეიძლება უზრუნველყო მედიკამენტების ხარისხი და ის, რომ მედიკამენტები ძალიან არ გაძვირდეს. მედიკამენტების მაღალ ფასს საქართველოში აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი ვართ და, შესაბამისად, ის დისტრიბუტორები, ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ყიდიან საქართველოში მედიკამენტებს, მას ძალიან მაღალ ფასს ადებენ. თუმცა, სახელმწიფოს აქვს მექანიზმები და ძირითადად საგადასახადო მექანიზმები, რითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რომ გვქონდეს ხარისხიანი წამალი, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად. მე ვთვლი, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში აჭარის ბიუჯეტს შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე, თუ არამიზნობრივ ხარჯებს შეამცირებს. ამის რესურსი ბიუჯეტში არსებობს.

  • თქვენ ალბათ იცით, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ბევრი პროგრამა, როგორც ოპერაციების მხარდაჭერის, ისე მედიკამენტების კუთხით.

აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. ჩვენი აზრით, მისი მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელია აჭარის ბიუჯეტის ფარგლებშივე. აჭარის ბიუჯეტს აქვს საშუალება, აჭარის მოსახლეობა უზრუნველყოს რეალურად ხარისხიანი მედიკამენტებით.

  • თქვენ ერთგან ინტერვიუში თქვით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმუშავოს იმაზე, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასების ინდიკატორები დაადგინოსო. ეს როგორ წარმოგიდგენიათ და რამდენად ხარისხიანია ჯანდაცვა საქართველოში, ალბათ გსმენიათ ბევრი ლეგენდა და რეალური ისტორიებიც ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებით?

არამარტო ჩვენთან, ყველა ჯანდაცვის გამოწვევა ხარისხის გაუმჯობესებაა. ხარისხის გაუმჯობესება ეს არ არის ცარიელი სიტყვები. არსებობს მწყობრი მექანიზმები, პროცედურები, რომლის განხორციელების შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავზომოთ ხარისხი. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ რაში მდგომარეობს ცუდი ხარისხი, ეს ჩვენ არ ვიცით. ეგებ ეს ხარისხი ძალიან კარგია, ეგებ ძალიან ცუდია, ეგებ საშუალოა, ეგებ ისაა, როგორც ჩვენ ვაფინანსებთ. პირველ რიგში, ხარისხი უნდა გაიზომოს და უნდა გაიზომოს აბსოლუტურ ციფრებში. შემდგომ ეს კომპასი მოგვცემს მიმართულებას და გვეტყვის, რა ინტერვენციაა საჭირო ხარისხთან მიმართებაში. რეალურად ციფრებში, ფორმულებში გამოხატული ქართული ჯანდაცვის სისტემის ხარისხი ჩვენ არ ვიცით – არ არსებობს ინდიკატორები, არ არსებობს კლინიკური სტანდარტები. ჩვენ გადავწყვიტეთ ფასების დადგენა [ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ] ისე, რომ არ გვაქვს კლინიკური პროტოკოლები და კლინიკური პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტები. უცებ გადავწყვიტეთ დავადგინოთ ფასი იმაზე, რაც არ ვიცით რა არის. შესაბამისად, ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, განწირულია დამარცხებისთვის. პირველი რიგში, აუცილებელია კლინიკური რეგულაციების, ძირითადი კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლების შექმნა და ამის შემდეგ ფასის თუ მოქალაქეების მხარდაჭერის დოზის განსაზღვრა.

პირველ რიგში, უნდა გავზომოთ ხარისხი და გავზომოთ, რა ჭირს ჯანდაცვის სისტემას.

  • თქვენ გადაწყვიტეთ მიიღოთ მონაწილეობა იმ ორგანოს საქმიანობაში…

მე გადავწყვიტე გავხდე პოლიტიკოსი. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო, ვთქვათ, პოპულარული ექიმების, სპორტსმენების, მომღერლების ჩართვა პოლიტიკაში ეგრეთ წოდებულ გარნირად. ჩემი პირველი სპეციალობა და ჩემი საყვარელი საქმიანობა არის მედიცინა, კერძოდ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, მაგრამ მე არ ვიქნები ექიმი-პოლიტიკოსი. მე ვაპირებ გავხდე პოლიტიკოსი და დავადექი ამ გზას. ასე, რომ არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და არჩევნების შემდეგ ან დავიმალო, ან შემდეგ არჩევნებში აღარ მივიღო მონაწილეობა. მე გადავწყვიტე ჩავერთო პოლიტიკურ პროცესებში და ზუსტად ისევე ვიმუშაო, როგორც ჯანდაცვაში ვაკეთებდი.

  • სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, არ ვიცი თქვენ რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას რეგიონში, მაგრამ აჭარაში უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გამოთქმაც კი, რომ ეს არის ერთგვარი „საპენსიო დაწესებულება“, უფუნქციო ორგანო, რომელიც ვერავითარ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. თქვენ როგორ აპირებთ, რომ შედგეთ პოლიტიკოსად ამ ორგანოს გავლით?

ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს „საპენსიო“. მინისტრი შეიძლება იყოს „პენსიონერი“, თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს „პენსიონერი“, პარლამენტის თავმჯდომარე… გააჩნია, როგორ წაიყვან პროცესს. კანონით აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან დიდი ფუნქციები იმისთვის, რომ რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე საქართველოში და არ გახდეს „საპენსიო დაწესებულება“, წასული, ყოფილი, გაგდებული ან შესანახი. აჭარის უმაღლეს საბჭოს ამის რესურსი ნამდვილად აქვს კანონით. მთავარია მისი გამოყენება. მე არ ვთვლი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო უფუნქციო დაწესებულებაა, რომელსაც არაფერი არ შეუძლია.

  • რამდენად ახერხებთ ბათუმთან კავშირის შენარჩუნებას და რამდენად იცით ამ საზოგადოების პოლიტიკური განწყობები?

ბათუმი ჩემი ცხოვრების ნაწილია, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ. ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვიცი ამ საზოგადოების პრობლემები… ჯანდაცვის სისტემასთან, კოლეგებთან, პაციენტებთან ყოველდღიური თუ არა ძალიან აქტიური ჩართულობა მაქვს. ისე კი არ არის, რომ შორიდან ვუყურებდი ბათუმს და ახლა გადავწყვიტე ბათუმში გავაქტიურდე. ბათუმში ძალიან ხშირად ვარ, მამა, ჩემი ნათესავები მანდ არიან. მე ჩემი კარიერის გარკვეული ნაწილი გავატარე გერმანიაში, საკმაოდ დიდ ნაწილი თბილისში, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტურ ნაწილი გავატარე ქუთაისში, თუმცა ბათუმი, ჩემი ქალაქი, როგორც ჩემი სახლი, ზუსტად ისეა.

  • ბოლო კითხვა, როდის იწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას?

რეალურად კამპანია კარგა ხანია დაწყებული მაქვს, დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციულ საკითხებზე პარტიის ჯგუფებთან ერთად. ახლაც ბათუმში ვიყავი, პრეზენტაციისთვის ჩამოვედი თბილისში. საარჩევნო კამპანიაც ფაქტობრივად გახსნილია. თუმცა ოფიციალურად როცა იქნება რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმის შემდეგ კიდევ უფრო სხვა ინტენსივობა მიეცემა.

რის მოყოლა სურს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძისთვის

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, აპარატის რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა ის დაპირისპირება, რაც წლების წინ ამ კედლებში წარმოიშვა, კედლებს გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არანაირი გამოსავალი არ დამიტოვეს ჩემმა თანამშრომლებმა და ჩემმა განყოფილების უფროსმა როლანდ შარაშიძემ.

უკვე მესამე წელია არჩილ ჩიქოვანის [მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი] დავალებით, შარაშიძე მიწერს მთელს აპარატში ყველაზე დაბალ შეფასებას, ორიანებს, რომ ვერ მივიღო წლიური ფულადი ჯილდო. ერთადერთი მე ვარ აპარატში, რომელიც ვერ იღებს ფულად ჯილდოს. შარაშიძემ, თუ არ მოგწონს შეფასება დაწერე საჩივარიო, თუმცა ყველა საჩივარი დამიბლოკა არჩილ ჩიქოვანმა და არანაირი რეაგირება არ ყოფილა… ერთი გაფრთხილება მაქვს, ელოდებიან მეორე გაფრთხილებას, რომ გამაგდონ სამსახურიდან“, – ამბობს ავთანდილ ბოლქვაძე.

მისი თქმით, დაბალ შეფასებას უწერენ იმ მიზეზით, რომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკურად აქტიურია:

„მე მაქვს ჩემი პოზიცია და გამოვხატავ მას არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩიქოვანმა გადაწყვიტა ჩემი მოთვინიერება და ეს იყო ხერხი“, – ამბობს ბოლქვაძე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ამ განცხადების მიზანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიაწვდინოს ხმა.

„გადავწყვიტე, ვამხილო ის ხალხი. ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ რამდენი განცხადებაც დავწერე, მთავრობის თავმჯდომარემდე ვერ მივიდა“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტები შეეცადნენ როლანდ შარაშიძისგან მიეღოთ კომენტარი, რომელიც იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, სადაც ბოლქვაძე მუშაობს, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

ავთანდილ ბოლქვაძე 2011 წლიდან მუშაობს აჭარის მთავრობის აპარატში. იგი გასულ, 2019 წელსაც ღიად უპირისპირდებოდა არჩილ ჩიქოვანს, ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც მაშინ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

_______________

ამავე თემაზე: 

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

 

ბათუმში Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერი კამპანია „სალამი ზაფხულო“ დაიწყო

COVID-19 პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გახდება შესაძლებელი სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ან როდის შეძლებს საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას. მაგრამ ფაქტი ერთია, 2020 წლის ტურიზმის სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის მაქსიმალური ხელშეწყობა და სფეროს გაძლიერება. 

შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Mastercard-მა ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულო“ წამოიწყო. კამპანია რამდენიმე განსხვავებულ პროექტს აერთიანებს, თუმცა ძირითადი ლოკაცია აჭარაა, კონკრეტულად ბათუმი. ამ კამპანიის ფარგლებში, TKT.ge-ზე მატარებლის ბილეთის შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები უფასო ინტერნეტს – 1000 ან 1500 MB-ს, მიიღებენ, რათა მათი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.

1 აგვისტოდან კი, ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე Mastercard Beach Zone ამოქმედდება, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განიტვირთონ და დაძაბული თვეების შემდეგ, ზაფხულის ყველაზე ბედნიერი დღეები სწორედ აქ გაატარონ. 

Mastercard-ის პლიაჟი იქნება ბათუმის ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც სტუმრებს საღამოს დახვდებათ:

[checklist]

  • კინო სეანსები, საბავშვო მოედანი, უფასო ინტერნეტი, VIP ზონა, საზაფხულო კოქტეილები, Cashless რეალობა და საუკეთესო გარემო;
  • Mastercard Beach Zone 1 აგვისტოს, Hatsvali-ის წვეულებით გაიხსნება;
  • შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Mastercard Beach Zone-ის აქტივობებში კოკა-კოლა, მაგთი და Wolt ჩაერთვებიან, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ კამპანიებსა და აქციებს შესთავაზებენ. 

[/checklist]

ამ ზაფხულს, Mastercard მომხმარებლებს შეუფასებელი მოგონებების შექმნაში დაეხმარება. 

სალამი, ზაფხულო,
სალამი, მოგზაურობავ,
სალამი, Mastercard.

Mastercard-ის შესახებ:  

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (https://newsroom.mastercard.com)

Exit mobile version