Batumelebi | უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი – Batumelebi
RU | GE  

უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი

ჩვენი პარტიის ინიციატივა მიმართული იქნება უფასო მედიკამენტების პროგრამაზე, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის პროგრამაზე, პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამაზე. ვგულისხმობ ადგილობრივ დონეზე. მე არა ვარ ექიმი პოლიტიკაში.

ინტერვიუ მაჟორიტარობის კანდიდატ ვახტანგ კალოიანთან – „მე არ ვიქნები ექიმი-პოლიტიკოსი“

ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო დეფიციტებმა, ცვლილებებმა, რაც მოხდა, დარტყმის ქვეშ დააყენა სისტემა და ჩავთვალე, რომ იმ პოზიციიდან, სადაც ვიყავი, ვერ შევძლებდი პოზიტიურ გავლენას პროცესებზე. ეს იყო მთავარი განმსაზღვრელი.

ჩემი ეს გადაწყვეტილება არ იყო სპონტანური. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ის გარკვეული გამოცდილება, რაც მაქვს ჯანდაცვის სფეროში, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა გამომეყენებინა აქტიურ პოლიტიკაში. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც აჭარის პარლამენტში იქნება სოციალური მხარდაჭერის და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალური ოპტიმიზაცია რეგიონის ფარგლებში.

ჩვენი პარტიის ინიციატივა მიმართული იქნება უფასო მედიკამენტების პროგრამაზე, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის პროგრამაზე, პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამაზე. ვგულისხმობ ადგილობრივ დონეზე. მე არა ვარ ექიმი პოლიტიკაში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავხდე პოლიტიკოსი, არ ვარ პოლიტიკური გარნირი. მე ვიწყებ ამ კარიერას და ვთვლი, რომ ისევე სერიოზულად მივუდგები ამ საქმეს, როგორც მედიცინას.

  • საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში სამი ექიმია აჭარიდან. მათი აქტიურობა საარჩევნო კამპანიის შემდეგ, საზოგადოებრივ სივრცესა თუ პარლამენტში, პრაქტიკულად აღარ გაგვიგია, თუ არ ჩავთვლით ილია ნაკაშიძეს, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია…

ეს მათი არჩევანია. მე არ ვაპირებ ვიყო მდუმარე პარლამენტარი, ხელის ამწევი ან ხელის არამწევი. მე არასდროს მომრიდებია სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება და არც მერე ვაპირებ ვიყო რომელიღაც ჯგუფის დანამატი, ვთქვათ, ხელის ასაწევად.

  • რადგან გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, ალბათ აკვირდებით აჭარაში მიმდინარე პროცესებს. აჭარის მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ითხოვს საზღვრის გახსნას თურქეთთან. თქვენ, როგორც ექიმი, რომელიც იყო ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და აწ უკვე პოლიტიკოსი, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით?

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე თურქეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლომდე საზღვრის გახსნა გამართლებული არ იქნება. თუმცა თუ იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული – როგორიც არის PCR ტესტი, კარანტინი უკან დაბრუნების შემდეგ, ასევე ბევრი მეთოდოლოგია, რომელსაც, უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ცენტრი საკმაოდ კარგად ახორციელებს, ამ ღონისძიებების გატარების კვალობაზე შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გაიხსნას საზღვარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს იქ სეზონური სამუშაო. მეორე მხრივ, ესეც ჩვენი ტრაგედიაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ სეზონურ სამუშაოზე წასვლა, მაგრამ მგონია, რომ გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვით ამის გაკეთება შესაძლებელია. თავისუფალი მიმოსვლა ამ ეტაპზე მაინც არაგონივრული იქნებოდა.

  • თქვენი აზრით, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დადიან, პანდემიის პირობებში რა სოციალური პოლიტიკა უნდა შეეთავაზებინა ხელისუფლებას, ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით?

პარტიის სტრატეგიაშიც გვაქვს და რამდენიმე სისტემად დავყოფდი ამას. პირველია გადასახადების შემცირება – იმ მეწარმეებისთვის, რომლებმაც შეინარჩუნეს საქმე, გადასახადების შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ სეზონური სამუშაოების გარეშე, საქართველოშივე შესთავაზოს ალტერნატიული სამუშაო და მესამე – ჩვეულებრივი სოციალური დახმარება, რაც მათ მისცემს საშუალებას მძიმე პერიოდი გადააგორონ და შიმშილის პრობლემა არ დადგეს. 30-40 ათასი მოქალაქე დარჩა უმუშევარი პანდემიის შემდეგ და მათ სჭირდებათ კონკრეტული, მიზანმიმართული დახმარება – ან ბიზნესში დახმარება, ან ფინანსური პაკეტები. ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტებით სოციალური მხარდაჭერა, მათ შორის, ბევრია ქრონიკული დაავადებებით და დიდი თანხა უჯდებათ მკურნალობა. იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც დარჩნენ შემოსავლის გარეშე ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

  • მედიკამენტებზე მინდა გკითხოთ. ბათუმის მოსახლეობა ყოველდღიურად გადადიოდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მედიკამენტებს სამჯერ იაფად ყიდულობდნენ. ადამიანებს სჯერათ, რომ იქ უფრო მეტად ხარისხიანია მედიკამენტები, ვიდრე საქართველოს ბაზარზე. თქვენი აზრით, ფარმაციის ბაზარი თუ იმართება უსამართლო პოლიტიკით და თუ ასეა, რას შეცვლიდით თქვენ?

ეს არის ზუსტად ის სისტემური პრობლემა, როცა ვამბობ, რომ კოლაფსია ჯანდაცვის სისტემაში და მას სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, მათ შორის ფარმაციასაც. არსებობს მწყობრი რეგულაცია, როგორ შეიძლება უზრუნველყო მედიკამენტების ხარისხი და ის, რომ მედიკამენტები ძალიან არ გაძვირდეს. მედიკამენტების მაღალ ფასს საქართველოში აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი ვართ და, შესაბამისად, ის დისტრიბუტორები, ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ყიდიან საქართველოში მედიკამენტებს, მას ძალიან მაღალ ფასს ადებენ. თუმცა, სახელმწიფოს აქვს მექანიზმები და ძირითადად საგადასახადო მექანიზმები, რითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რომ გვქონდეს ხარისხიანი წამალი, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად. მე ვთვლი, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში აჭარის ბიუჯეტს შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე, თუ არამიზნობრივ ხარჯებს შეამცირებს. ამის რესურსი ბიუჯეტში არსებობს.

  • თქვენ ალბათ იცით, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ბევრი პროგრამა, როგორც ოპერაციების მხარდაჭერის, ისე მედიკამენტების კუთხით.

აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. ჩვენი აზრით, მისი მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელია აჭარის ბიუჯეტის ფარგლებშივე. აჭარის ბიუჯეტს აქვს საშუალება, აჭარის მოსახლეობა უზრუნველყოს რეალურად ხარისხიანი მედიკამენტებით.

  • თქვენ ერთგან ინტერვიუში თქვით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმუშავოს იმაზე, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასების ინდიკატორები დაადგინოსო. ეს როგორ წარმოგიდგენიათ და რამდენად ხარისხიანია ჯანდაცვა საქართველოში, ალბათ გსმენიათ ბევრი ლეგენდა და რეალური ისტორიებიც ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებით?

არამარტო ჩვენთან, ყველა ჯანდაცვის გამოწვევა ხარისხის გაუმჯობესებაა. ხარისხის გაუმჯობესება ეს არ არის ცარიელი სიტყვები. არსებობს მწყობრი მექანიზმები, პროცედურები, რომლის განხორციელების შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავზომოთ ხარისხი. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ რაში მდგომარეობს ცუდი ხარისხი, ეს ჩვენ არ ვიცით. ეგებ ეს ხარისხი ძალიან კარგია, ეგებ ძალიან ცუდია, ეგებ საშუალოა, ეგებ ისაა, როგორც ჩვენ ვაფინანსებთ. პირველ რიგში, ხარისხი უნდა გაიზომოს და უნდა გაიზომოს აბსოლუტურ ციფრებში. შემდგომ ეს კომპასი მოგვცემს მიმართულებას და გვეტყვის, რა ინტერვენციაა საჭირო ხარისხთან მიმართებაში. რეალურად ციფრებში, ფორმულებში გამოხატული ქართული ჯანდაცვის სისტემის ხარისხი ჩვენ არ ვიცით – არ არსებობს ინდიკატორები, არ არსებობს კლინიკური სტანდარტები. ჩვენ გადავწყვიტეთ ფასების დადგენა [ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ] ისე, რომ არ გვაქვს კლინიკური პროტოკოლები და კლინიკური პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტები. უცებ გადავწყვიტეთ დავადგინოთ ფასი იმაზე, რაც არ ვიცით რა არის. შესაბამისად, ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, განწირულია დამარცხებისთვის. პირველი რიგში, აუცილებელია კლინიკური რეგულაციების, ძირითადი კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლების შექმნა და ამის შემდეგ ფასის თუ მოქალაქეების მხარდაჭერის დოზის განსაზღვრა.

პირველ რიგში, უნდა გავზომოთ ხარისხი და გავზომოთ, რა ჭირს ჯანდაცვის სისტემას.

  • თქვენ გადაწყვიტეთ მიიღოთ მონაწილეობა იმ ორგანოს საქმიანობაში…

მე გადავწყვიტე გავხდე პოლიტიკოსი. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო, ვთქვათ, პოპულარული ექიმების, სპორტსმენების, მომღერლების ჩართვა პოლიტიკაში ეგრეთ წოდებულ გარნირად. ჩემი პირველი სპეციალობა და ჩემი საყვარელი საქმიანობა არის მედიცინა, კერძოდ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, მაგრამ მე არ ვიქნები ექიმი-პოლიტიკოსი. მე ვაპირებ გავხდე პოლიტიკოსი და დავადექი ამ გზას. ასე, რომ არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და არჩევნების შემდეგ ან დავიმალო, ან შემდეგ არჩევნებში აღარ მივიღო მონაწილეობა. მე გადავწყვიტე ჩავერთო პოლიტიკურ პროცესებში და ზუსტად ისევე ვიმუშაო, როგორც ჯანდაცვაში ვაკეთებდი.

  • სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, არ ვიცი თქვენ რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას რეგიონში, მაგრამ აჭარაში უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გამოთქმაც კი, რომ ეს არის ერთგვარი „საპენსიო დაწესებულება“, უფუნქციო ორგანო, რომელიც ვერავითარ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. თქვენ როგორ აპირებთ, რომ შედგეთ პოლიტიკოსად ამ ორგანოს გავლით?

ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს „საპენსიო“. მინისტრი შეიძლება იყოს „პენსიონერი“, თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს „პენსიონერი“, პარლამენტის თავმჯდომარე… გააჩნია, როგორ წაიყვან პროცესს. კანონით აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან დიდი ფუნქციები იმისთვის, რომ რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე საქართველოში და არ გახდეს „საპენსიო დაწესებულება“, წასული, ყოფილი, გაგდებული ან შესანახი. აჭარის უმაღლეს საბჭოს ამის რესურსი ნამდვილად აქვს კანონით. მთავარია მისი გამოყენება. მე არ ვთვლი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო უფუნქციო დაწესებულებაა, რომელსაც არაფერი არ შეუძლია.

  • რამდენად ახერხებთ ბათუმთან კავშირის შენარჩუნებას და რამდენად იცით ამ საზოგადოების პოლიტიკური განწყობები?

ბათუმი ჩემი ცხოვრების ნაწილია, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ. ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვიცი ამ საზოგადოების პრობლემები… ჯანდაცვის სისტემასთან, კოლეგებთან, პაციენტებთან ყოველდღიური თუ არა ძალიან აქტიური ჩართულობა მაქვს. ისე კი არ არის, რომ შორიდან ვუყურებდი ბათუმს და ახლა გადავწყვიტე ბათუმში გავაქტიურდე. ბათუმში ძალიან ხშირად ვარ, მამა, ჩემი ნათესავები მანდ არიან. მე ჩემი კარიერის გარკვეული ნაწილი გავატარე გერმანიაში, საკმაოდ დიდ ნაწილი თბილისში, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტურ ნაწილი გავატარე ქუთაისში, თუმცა ბათუმი, ჩემი ქალაქი, როგორც ჩემი სახლი, ზუსტად ისეა.

  • ბოლო კითხვა, როდის იწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას?

რეალურად კამპანია კარგა ხანია დაწყებული მაქვს, დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციულ საკითხებზე პარტიის ჯგუფებთან ერთად. ახლაც ბათუმში ვიყავი, პრეზენტაციისთვის ჩამოვედი თბილისში. საარჩევნო კამპანიაც ფაქტობრივად გახსნილია. თუმცა ოფიციალურად როცა იქნება რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმის შემდეგ კიდევ უფრო სხვა ინტენსივობა მიეცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან