მთავარი,სიახლეები

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

05.08.2020 • 2457
ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ დროებითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თურქეთთან საზღვარი უნდა გახსნას, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა.

საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დააწესა, ვისაც თურქეთში სამუშაო ვიზიტით სურს წასვლა.

„გამოდი, გამოდი!“- აქციის მონაწილეები ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ მათთან შესახვედრად გამოსულიყო შენებიდან და მოესმინა მათი პრობლემები. „გამოვიდეს ხალხთან, თუ აინტერესებს გაიგოს ჩვენი გულისტიკივილი. აბა რისი ხელისუფალია?“ – აცხადებენ მოქალაქეები აქციაზე.

„ჩვენ იმიტომ ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, რომ მან განაცხადა 27 ივლისს, რომ ყველა გადავა თურქეთში მიწვევითო. ჩვენ გვაქვს ვიზები, თუმცა მაინც არ გვიშვებენ საზღვარზე“, – აცხადებენ მოქალაქეები.

იგივე მოქალაქეები ამბობენ, რომ „სამუშაო მოწვევის“ გამოგზავნა თურქ დამსაქმებელს 400 ამერიკული დოლარი უჯდება. „თურქეთის საკონსულოში, დოკუმენტების თარგმნა-დამოწმებისთვის გარკვეული თანხა მოგვთხოვეს – გუშინ 40 ლარი, დღეს უკვე 60 ლარი მოითხოვეს“, – აცხადებდნენ აქციაზე ქალები [ეს ინფორმაცი „ბათუმელებს“ ჯერჯერობით არ გადაუმოწმებია].

ჯერ თორნიკე რიჟვაძე საპროტესტო აქციის მონაწილე ქალებთან არ გამოსულა. ადმინისტრაციის თანამშრომლემა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ პრეტენზიებს საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანენ.

ჯერჯერობით აქცია გრძელდება.

_____

ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაკვეთს საზღვარს, თუ დამსაქმებლისგან მიიღებს სამთვიან მიწვევას. ეს მიწვევა საქართველოს მოქალაქემ უნდა ატვირთოს სპეციალურ აპლიკაციაში, სადაც უნდა დარეგისტრირდეს.

მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეების თქმით, 300 ლარიანი დახმარება, რომელიც მათ სამუშაოს დაკარგვის შემდეგ კომპენსაციის სახით დაერიცხათ, ამ დოკუმენტების თარგმისთვისაც კი არ იქნება საკმარისი.

ახალი რეგულაციების დაწესებამდე მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმების ალტერნატივად კახეთში, ხილის საკრეფად მუშაობა შესთავაზა, რაც აქციის მოანწილეების თქმით, არარეალურია.

„არავისთვის არ არის ეს წინადადება მისაღები, რადგან იქ რომ წავიდეთ გავძლევენ 25 ლარს დღეში, თანაც გვითხრეს სასტუმროს, კვების და მგზავრობის ხარჯი თქვენ უნდა გაფაროთო. თუ ეს ყველაფერი ჩვენ გადავიხადეთ, სახლში რა მივიტანოთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების თქმით, თურქეთში დასაქმება მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, ისინი სარფის საბაჟოს გახსნა მოითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: