მთავარი,სიახლეები

„არ ხორციელდება არანაირი დევნა“ – აჭარის მთავრობა თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

04.08.2020
„არ ხორციელდება არანაირი დევნა“ – აჭარის მთავრობა თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ავთანდილ ბოლქვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სდევნიან სოციალურ ქსელში პოლიტიკური აქტიურობის გამო.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ განაცხადა, რომ ბოლქვაძის მიმართ დევნა არ ხორციელდება და მისი დღევანდელი განცხადება შესწავლილი იქნება:

„ეს პიროვნება წლებია მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში, აფიქსირებს თავის პოლიტიკურ გემოვნებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციას და მის მიმართ არანაირი დევნა არ ხორციელდება.

რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს, ეს განცხადებები შეიცავდა სიძულვილის ენას და შეურაცხყოფას საჯარო მოხელეების მიმართ, ეს განცხადებები ჩვენ მიერ შესწავლილი იქნება და შესაბამისი რეაგირებაც განხორციელდება,“ – განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.

დღეს აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობაში ეძებენ მიზეზს, რომ სამსახურიდან დაითხოვონ.

ვრცლად ამ თემაზე: 

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: