მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

31.01.2019 • 3977
პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

ავტორი: ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

15 იანვრის „ბათუმელების“ ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ აჭარის არ-ის მთავრობის აპარატში წლიური ფულადი ჯილდო მიიღო 98 თანამშრომელმა. ჯილდო არ გაცემულა მხოლოდ 4 ადამიანზე, რომელთა შორის, უშუალოდ აპარატის უფროსის დავალებით, წმინდა პოლიტიკური ნიშნით მოვხვდი მეც. კიდევ უფრო ამაზრზენია, თუ როგორ ცდილობენ ამ მზაკვრული გადაწყვეტილების „შეფუთვას“ წლიური შეფასების ქულებით „დაბალი ქულა – დაბალი დონე!“ ეს მიუღებელ ჯილდოზე კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია ჩემთვის.

როგორც შემდეგში გაირკვა, თავად ძლევამოსილი ჩიქოვანის დავალებითვე მოხდა ოქმების გადაკეთებ, სრულიად შეცვლა, პიროვნებებზე მორგება და თითქოსდა ზღვრული ბარიერის დადგენაც, ყოველგვარი კონსტიტუციური და ადამიანური უფლებების დარღვევით. როლანდ შარაშიძის თქმით, ვისთანაც ინახებოდა ყველა ოქმი/ჩემი იდენტური შეფასება, „კარგი“ ჰქონდათ აპარატში მომუშავე თანამშრომელთა უმეტესობას, ანუ 53 შეფასებულიდან 41-ს, სხვები ხელშეკრულებით არიან დასაქმებული. ამიტომაც შეცვალეს წლიური შეფასებების ყველა ის ოქმი, სადაც ჩემთან გათანაბრებული ან ჩემზე დაბალი შეფასებები იყო – ყველაფერი იკადრეს, ოღონდაც მე არ მიმეღო, მათთვის გადანაწილებულ 100-75-60-50-40%-იან ფულად ჯილდოებთან შედარებით, თუნდაც სიმბოლურად 20-30%-ით მაინც, მაგრამ აქაც ბოლომდე გამოავლინეს მათი „პატარა კაცობა!“

ამათთან ხომ ყველაფერი მოსულა!!!

სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მოქალაქეობრივი პოზიციისა და იმის გათვალისწინებითაც, რომ  მთელი წლის განმავლობაში არ მქონია არც ერთი სახის სამსახურებრივი შენიშვნა და საყვედური, დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებდი დროულად და კეთილსინდისიერად – წლიური ფულადი ჯილდო ყველა სამართლებრივი განზომილებით უნდა მიმეღო, რამეთუ სახელმწიფო ბიუჯეტს სწორედ ჩემი კატეგორიის ადამიანებისგან გადახდილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადები ავსებს, რასაც ისინი ასე ურცხვად იღებენ. ალბათ… არ მეკუთვნოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  ე.წ. „წითელი ინტელიგენციისა“ და პარტიებიდან-პარტიაში მცოცავთა მსგავსად, მისი დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ მოხდებოდა. ცხადია, ასეთ შემთხვევაში თავადვე ვიტყოდი უარს მის მიღებაზე, რამეთუ არასდროს დავხარბებულვარ ჩემი ღირსებისა და თავმოყვარეობის ხარჯზე რაიმე ფორმით პრემიებისა თუ ჯილდოს მიღებას!!!  არავის და არაფრის ფასად მითქვამს უარი ეროვნულ ფასეულობებსა და ადამიანურ ღირებულებებზე და, ცხადია, ამას არც სამომავლოდ ვაპირებ!!!

საკითხის გასარკვევად მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს, ბატონ როლანდ შარაშიძეს, რომელმაც მითხრა:  „მე არ ვფიქრობ, რომ მთელ აპარატში ყველაზე დაბალი შეფასება თქვენ უნდა გქონოდათ. ხელმძღვანელობის  მითითებით [შეფასებები რომ გამკაცრებულიყო], მართალია, შუალედურთან შედარებით ერთი ქულით დავწიე თქვენი შეფასება, მაგრამ სხვა განყოფილებებში იყვნენ ადამიანები, ვისაც მხოლოდ დამაკმაყოფილებელი და გაცილებით დაბალი შეფასებები ჰქონდათ, იქ კი პირიქით „აწევა მოხდა“, რისი შესაძლებლობაც მერე მე აღარ მომეცა და რამაც პირადად თქვენთან ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ამაზე მე საუბარი მქონდა დეპარტამენტის უფროსთან და ვუთხარი კიდეც, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო, იმ კაცთან ძალიან უხერხულ ვითარებაში აღმოვჩნდი, როგორც ყველაზე მკაცრი შემფასებელი-თქო. თქვენი წლიური – „კარგი შეფასება“ იძლეოდა ნებისმიერი ოდენობით ჯილდოს გაცემის  შესაძლებლობას. დეპარტამენტში განხილვისას მე ვთხოვე კიდეც, რომ ფულადი ჯილდო თქვენზეც მოეცათ, მაგრამ რატომ არ მოგცეს ეს მე აღარ ვიცი, ბოლოს თავმჯდომარესთან და აპარატის უფროსთან მოხდა მისი გაცემის ინდივიდუალური განხილვა და ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთო“.

ამის შემდეგ მივმართე იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს, ბატონ ოთარ დიასამიძეს, რომელიც თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისედაც აქტიურად იყო ჩართული [ჯილდოების საკითხში]. მან მიზეზად წლიური შეფასებების ქულების ზღვარი დამისახელა, რის საფუძველზეც გაიცა ფულადი ჯილდო.

დამისახელა ასევე ის ორი თანამშრომელი, ვისაც არ ჰქონდათ ჯილდო მიღებული, მათგან ერთ-ერთი იყო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალბატონი, ხოლო მეორე კაცი, რომელიც, გარდა იმისა, რომ სამი თვის წინ განმეორებით დასაქმდა აპარატში ხელშეკრულებით, მუშაობს სხვაგან. მათ ვერ მიიღეს ჯილდო ხსენებული მიზეზების გამო, მაგრამ რატომღაც მაინც გააიგივეს ჩემი ჯილდოს მიუღებლობასთან, ასევე არ აუღია აპარატის უფროსსაცო [დაუზუსტებელი ინფორმაციით მიღებული აქვს, მიმღებთა სია კი მკაცრად გასაიდუმლოებულია].

დეპარტამენტის უფროსმა უფრო დეტალური გარკვევისთვის გადამამისამართა აპარატის უფროსთან ბატონ არჩილ ჩიქოვანთან. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც თავად ჩიქოვანის წინასწარი დავალებით იყო ნაკარნახევი, რომ როგორმე საკუთარ კაბინეტში მოვეხელთებინე. მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობისა და მთელი მისი მუშაობის პერიოდში ჩემი პირველი შეხვედრისა, იმდენად აგრესიულად და უტაქტოდ მელაპარაკა, რომ ნამდვილად ვნანობ ფუჭად და შეურაცხყოფის ფასად დაკარგულ იმ მძიმე წუთებს. კაცი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში მოიწყო, იმათ კადრად მთვლის და ამიტომაც მებრძვის ასე გულიანად და თავგამოდებით, ალბათ ჩემი დასჯის ხარჯზე მორიგი კარიერული „ტრამპლინის“ მოსაწყობად. მისი ამბიციურობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მისთვის უკვე „პროვინციულ“ რეგიონში შესაძლებლობებს ამოწურულად თვლის და ახლა პრემიერის ადმინისტრაციაში მოხვედრის მაცდუნებელი ჭია შეუძვრა!!!

მასთან შეხვედრით კიდე ერთხელ დავრწმუნდი ჯან-ჟაკ რუსოს შეგონების ჭეშმარიტებაში „ძალაუფლება – ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა“-ო. სწორედ ძალაუფლებისაგან მეტის-მეტად აღგზნებულ, რეგიონში ყველაზე დიდი გავლენების მაძიებელ თუ რეალურად ფლობის მქონე „რუხ კარდინალს“ არც იმის აღიარება გასჭირვებია, რომ დღეს „პირველიც თვითონაა და მეორეც“ და მის გარეშე არათუ აპარატში, რეგიონშიც კი თითქმის არაფერი წყდება და ჩემს კითხვაზეც, ეს ალბათ თავმჯდომარის და თქვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მეთქი, სრულიად თავდაჯერებით მითხრა – თავმჯდომარე აქ არაფერ შუაშია, მე გადავწყვიტე ასე, არ გეკუთვნოდა და არ მოგეცი, წადი და სადაც გინდა იქ მიჩივლეო [ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანების ხელში რეალური თავმჯდომარის უფლებამოსილებაში მხოლოდ ნოტარიულად ხელმოწერების დამოწმებაღა რჩება]. ვიგრძენი, რომ თავიდანვე ხმამაღალი ტონით დაწყებული საუბარი და შიგადაშიგ მაგიდაზე ხელების ბრახუნი, არა ფულადი ჯილდოს თემის ადამიანურად გარკვევასა და ამოწურვაზე, არამედ ჩემს ნერვებსა და მოთმინებაზე უფრო იყო გათვლილი. ის ჩემგან მშვიდად დაწყებული საუბრის კონფლიქტში გადაყვანის პროვოცირებას ახდენდა და იძულებული გავხდი კაბინეტი დამეტოვებინა.

…პროკურატურის ყოფილმა კადრმა, თავისი „მძაფრსიუჟეტიანი“ დაკითხვით გული რომ ვერ იჯერა, უკვე გამოსასვლელად ფეხზე მდგარს, მეორე სერია ჩამირთო: ვისი ნებართვით დატოვე შენობა წაღან, გარეთ რომ გახვედიო. ვუპასუხე, რომ აქვე ვიყავი „ბაზის ბანკში“ [დავაზუსტებ სულ რაღაც 200 მეტრშია] 10 წუთით გადასული, რაც ჩემს უშუალო ხელმძღვანელთან შევათანხმე, „შეგიძლიათ დაურეკოთ და გადაამოწმოთ“-მეთქი. სხვა დროსაც ბევრჯერ გხედავ ქუჩაშიო… შესწორება ვცადე – ბატონო არჩილ, როგორც ჩანს, ცუდი ინფორმატორები გყავთ, თვეებია შესვენებაზეც არ გავდივარ, დიდი ხანია საერთოდ არ მინახიხართ და როგორ დამინახეთ, ან თქვენ თუ დამინახეთ, მეც ხომ უნდა დამენახეთ-მეთქი. კიდე უფრო მეტი კატეგორიულობითა და ხმის ტემბრის გაძლიერებით შემომიტია, მე შენ გეუბნები მაქვს ინფორმაცია, რომ ხშირ-ხშირად მოძრაობ გარეთ, შენი შესვენება არ მაინტერესებს, სამუშაო საათებში გარეთ გასული არ დაგინახოო!.. ასე ჩამირთო წამზომი კაცმა, რომელიც დილით ლამის „რძის აბაზანების“ მიღების გარეშე გარეთ არ გამოდის და რომელსაც აპარატში, დღის პირველ ნახევარში, ვინმე ძნელად თუ ნახავს!!!

…ჰოი, საცოდაობავ, მე კარებთან ატუზულს, „დასჯილ-გაწკეპლილს“ უნებლიეთ ბავშვობა გამახსენდა და მკაცრი დირექტორის სახე დამიდგა თვალწინ!.. რამდენიმე წამის მერე ირეალობიდან სასტიკ რეალობაში დაბრუნებულმა კი უცებ ვიგრძენი, რომ დაკარგულ ჯილდოზე მეტად ჩემი ღირსება და თავმოყვარეობა მადარდებდა, რომელზე გადავლაც ასე უზრდელურად და ამ დოზით დღემდე არავის უცდია!!!

ამ სერიის მერეც მაქსიმალურად ვეცადე თავის შეკავება, რასაც ყველა ვერ შეძლებდა. თავადაც მიკვირს – ეტყობა უფალმა შემაძლებინა. ალბათ, ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, თვითონაც არ ელოდა, პირიქით კი მოხდა და თავისი გათვლები ჩაუვარდა!!!

გამოსვლისას მშვიდად ვუთხარი, არჩილ [მხოლოდ ამ ერთხელ მივმართე სახელით] დასჯილ მოსწავლესავით რომ ამატუზეთ კარებთან, თქვენი ტოლა შვილები მყავს და იქნებ ასაკს მაინც გაუწიოთ ანგარიში-მეთქი. მე შენი არჩილი არა ვარ, ბატონი არჩილი ბიჭოოო! ამ ქუჩური ლექსიკით თავის ყოვლისშემძლეობასთან ერთად ისიც მაგრძნობინა, ძველბიჭურშიც არ „მოვიკოჭლებ“ და არაფერი შეგეშალოს ბიჭოო!.. გადი ახლა და მეორედ ჩემს კაბინეტში შემოსული არ დაგინახოო.

…განუზომელი ძალაუფლებით ხიბლში ჩავარდნილ „ქოცსახელა-დოქსოპულოს“ ერთხელაც არ გახსენებია, მის სამოთახიან აპარტამენტს, 3 700-ლარიან ხელფასს და ყოვლისშემძლე სავარძელს, გარკვეული თმენის ვალდებულებებიც რომ ახლავს, მაგრამ ასეთი ენითა და ლექსიკით თავის გამოჩენა ხომ მთელი „ქურდული ოცნების“ საფირმო ნიშანია!!! ალბათ „მადლობასაც“ იმსახურებს, ნარმანიასავით ვირიშვილი, რომ არ მეძახა და კალაძესავით მესამე სართულიდან გამოსაქანებლად არ გამიმეტა!!!

…მიუხედავად ამ ყოვლად შეურაცხმყოფელი და ცინიკური შეხვედრისა, ადამიანურად გული მაინც დამეწვა, როცა კარის მიხურვისას, მაგიდასთან კაცის ნაცვლად, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკებოდი, „ოცნების კუბოზე“ დასადები შავი მიხაკი დავლანდე!!!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: