განათლება,მთავარი,სიახლეები

15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

05.08.2020
15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაზე. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ამავე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა სწავლის განახლებაზე და თქვა, რომ სკოლებში სწავლის დაწყებას საფრთხე არ ემუქრება.

„3, 5, 10 შემთხვევა რაც გვაქვს კორონავირუსის დღეში, ეს არ არის პრობლემა სწავლის დაწყებისთვის, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლა ტრადიციულ სტილში ვეღარ გაგრძელდება. თუ აქამდე 20 ადამიანი იჯდა საკლასო ოთახში, ახლა ეს რაოდენობა შემცირდება. ამ რეგულაციებზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, თუ როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები საკლასო ოთახში, სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ასე შემდეგ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, სკოლაში ყოფნის პერიოდში ხშირად უნდა დაიმუშაონ ბავშვებმა ხელები ანტიბაქტერიული ხსნარებით, დასვენებაზე კი დერეფანში ყოფნის დროს გამოიყენონ პირბადე. „დარწმუნებული ვარ, დამყოლობა როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და შევძლებთ, რომ ამით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გავაუარესოთ“, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ პანდემიის პერიოდში მიმდინარე ეროვნული გამოცდებიც შეაფასა და თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებმა ამ მხრივ გამოცდა კარგად ჩააბარეს“.

„ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ კორონავირუსის გამოვლენის გამოცდების პერიოდში და ჩვენ დროულად მოვახერხეთ კონტაქტების დადგენა. ამასთან, აბიტურიენტს მიეცა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: