მთავარი,სიახლეები

საზღვრის გახსნა ან კომპენსაცია ყოველ თვე – რას ითხოვენ რიჟვაძისგან თურქეთში დასაქმებულები

05.08.2020 • 1685
საზღვრის გახსნა ან კომპენსაცია ყოველ თვე – რას ითხოვენ რიჟვაძისგან თურქეთში დასაქმებულები

ბათუმში დღეს, 5 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლთან ქალებმა, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, შეხვედრა არ შედგა. პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე აქციის დროს, როცა თურქეთში დასაქმებულები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მთავრობის სახლში არ იმყოფებოდა. აქციის შემდეგი მოთხოვნებით დასრულდა:

გაიხსნას თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფში, რომ პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულებმა იქ მუშაობა შეძლონ.

თუ საზღვრის გახსნა არ მოხერხდება, დაუნიშნოს აჭარის მთავრობამ თურქეთში დასაქმებულებს ყოველთვიური კომპენსაცია არანაკლებ თვეში 300 ლარისა მანამ, სანამ საზღვარი არ გაიხსნება.

ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულომ დროულად შეისწავლოს თურქი დამსაქმებლებისგან საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოგზავნილი სამუშაო ვიზები და გონივრულ ვადაში ცნოს დოკუმენტის ნამდვილობა.

ამ მოთხოვნებზე სასაუბროდ თურქეთში დასაქმებული ქალები თორნიკე რიჟვაძესთან  შეხვედრას ელიან. აქციაზე შეკრებილებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე ესაუბრა. მან აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ შეათანხმებს აქციის მონაწილეებისა და თორნიკე რიჟვაძის შეხვედრის დროს უახლოეს დღეებში.


ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაკვეთს საზღვარს, თუ დამსაქმებლისგან მიიღებს სამთვიან მიწვევას. ეს მიწვევა საქართველოს მოქალაქემ უნდა ატვირთოს სპეციალურ აპლიკაციაში, სადაც უნდა დარეგისტრირდეს.

მოწმობა უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეების თქმით, 300 ლარიანი დახმარება, რომელიც მათ სამუშაოს დაკარგვის შემდეგ კომპენსაციის სახით დაერიცხათ, ამ დოკუმენტების თარგმისთვისაც კი არ იქნება საკმარისი.

ახალი რეგულაციების დაწესებამდე მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმების ალტერნატივად კახეთში, ხილის საკრეფად მუშაობა შესთავაზა, რაც აქციის მოანწილეების თქმით, არარეალურია.

„არავისთვის არ არის ეს წინადადება მისაღები, რადგან იქ რომ წავიდეთ გავძლევენ 25 ლარს დღეში, თანაც გვითხრეს სასტუმროს, კვების და მგზავრობის ხარჯი თქვენ უნდა გაფაროთო. თუ ეს ყველაფერი ჩვენ გადავიხადეთ, სახლში რა მივიტანოთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების თქმით, თურქეთში დასაქმება მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, ისინი სარფის საბაჟოს გახსნა მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

გადაბეჭდვის წესი