ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

06.08.2020 • 4267
ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა.

დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული იყო სეზონურად. კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 31 261 პირზე. მიმდინარეობს განცხადებების დამუშავება და გადარიცხვები გაგრძელდება ეტაპობრივად“.

„ბათუმელებმა“ იმ მოქალაქეების [რომლებმაც კომპენსაცია დღემდე ვერ მიიღეს] შეკითხვებიდან გამომდინარე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კითხვებით მიმართა. გთავაზობთ ამ კითხვებს და სააგენტოს პასუხებს:

  • გვაინტერესებს, ამ მოქალაქეებმა ვის უნდა მიმართონ, რომ კონკრეტულად გაიგონ, ეკუთვნით თუ არა კომპენსაცია? ან რა ეტაპზეა მათ მიერ ატვირთული მონაცემების დამუშავება-შესწავლა?

მოქალაქეებს შეუძლიათ მიაკითხონ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მათი განცხადება.

  • აწვდით თუ არა ინფორმაციას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კომპენსაცია არ ეკუთვნით? რა ფორმით [რომ აღარ ელოდონ]?

ყველა ის განცხადება, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს დადგენილების კრიტერიუმებს, კიდევ ერთხელ გავა კომისიაზე და მასზე იმსჯელებს კომისია. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება ადრესატებს უახლოეს მომავალში.

  • როდემდე გაგრძელდება კომპენსაციის გაცემა?

აგვისტოს შუა რიცხვებამდე დასრულდება კომპენსაციების გადარიცხვა.

  • აქვს თუ არა კომპენსაციის გაუცემლობაზე საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მოქალაქეს, თუ მიიჩნევს, რომ ის პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ეკუთვნის კომპენსაცია? ვის უნდა მიმართოს და რა ფორმით?

კი, გასაჩივრების უფლება აქვთ მოქალაქეებს 286-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ) მეორე მუხლის 15, 16 და 17 ნაწილით.

  • საზღვარგარეთ თვითდასაქმებული რამდენი პირი დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღებად? რამდენზე გაიცა 3 აგვისტოს მონაცემებით კომპენსაცია და ამავე დღის მონაცემებით, რამდენ პირზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომ არ ეკუთვნის კომპენსაცია?

სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული იყო სეზონურად. კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 31 261 პირზე. მიმდინარეობს განცხადებების დამუშავება და გადარიცხვები გაგრძელდება ეტაპობრივად.

შენიშვნა: დასაქმების სააგენტოდან პასუხები „ბათუმელებმა“ 5 აგვისტოს მიიღო. დღეს, 6 აგვისტოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ერთჯერად 300 ლარის დახმარებას მიიღებს ყველა [როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ] თვითდასაქმებული, რომლებიც დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებად, თუმცა მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

„ყველა თვითდასაქმებულს, ვინც მიმართა მთავრობას დახმარებისთვის, დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე მათ ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ.


საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მიწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ. სამუშაოდ წამსვლელმა ელექტრონულად უნდა შეავსოს სპეციალური აპლიკაცია, პასუხს კი, შევსებიდან 7 დღის განმავლობაში მიიღებს.

საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. დოკუმენტში შესაძლებელია იყოს მითითებული როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევა.

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: