დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს 80 ათასი მოქალაქე, რომელთაც ვერ მოასწრეს სრული დოკუმენტაციის შეგროვება თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიიღებს ერთჯერად დახმარებას.
„ვინც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
გიორგი გახარიას თქმით, ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. „თუმცა, ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების დახმარებას, იქნება ეს სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გახარიას თქმით, მთლიანობაში 250 ათასმა თვითდასაქმებულმა მიმართა სახელმწიფოს კომპენსაციისთვის.