მთავარი,სიახლეები

პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე 

27.07.2020 • 2825
პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო ბრალი. ვაჟა ანანიძე აკადემიიდან გაათავისუფლეს.  საკუთარი უფლებების დაცვას იგი სასამართლოში აპირებს.

„სამი მოთხოვნა გვექნება. სარჩელი შეეხება ვაჟა ანანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, შრომის ანაზღაურებას და პოზიციაზე აღდგენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, რომელიც ვაჟა ანანიძის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში.

იურისტის თქმით, ანანიძის გათავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელია და მასში დისციპლინური გადაცდომა არ არის აღწერილი.

„რატომ არ მიეცა საყვედური ან გაფრთხილება ან რაში გამოიხატა ანანიძის მიერ დისციპლინური გადაცდომა და უკანასკნელი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება რატომ იყო შეფარდებული, ბრძანებაში საერთოდ არ არის ამაზე მსჯელობა. აკადემია ვაჟა ანანიძეს ედავება არაკოლეგიალურობას, სტუდენტების შეურაცხყოფას და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ არაკორექტული წერილების გაგზავნას, თუმცა მთელი 12 წლის მანძილზე ვაჟა ანანიძის პირად საქმეში არც ერთი დისციპლინური გადაცდომა არ იძებნება“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მას შემდეგ, რაც აკადემია ანანიძის გათავისუფლების შესახებ დასაბუთებას ოფიციალურად მიაწვდის ადვოკატს, სარჩელი სასამართლოში შევა. ეს დოკუმენტი ვაჟა ანანიძეს აკადემიიდან ჯერ კიდევ არ მიუღია.

ვაჟა ანანიძემ პლაგიატის საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაისში მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მიმართვაში ნათქვამია, რომ არ მიეცეს აკადემიას დოქტორანტურის გახსნის ნებართვა, რასაც აკადემია დაჩქარებული წესით ითხოვს. ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ აკადემიაში პლაგიატის კიდევ არაერთი მაგალითის დასახელება შეუძლია. მისი თქმით, საზღვაო აკადემიაში 73 აკადემიური პერსონალიდან  8 ადამიანი თუ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

„მეცნიერებაში რაღაცას რომ წარმოადგენს და ელემენტარული საკითხები რომ არ ეშლება, სულ ცოტა 7-8 ადამიანია ასეთი აკადემიაში. საუბარი იცით რაზეა?! 2-3-გვერდიან ნაწერს მათივე სფეროში, შინაარსიდან გამომდინარე, სათაური რომ მოარგონ, ან შინაარსიდან გამომდინარე, დასკვნა რომ გააკეთონ, ან ეს 3 გვერდი რომ არ იყოს დაკოპირებული. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა სათაურიან, შინაარსიან, დასკვნებიან, გამოყენებულ ლიტერატურიანად სხვისგან რომ აქვთ გადაწერილი.  ეს იმდენად თვალსაჩინოა, ნებისმიერი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი შეამჩნევს“, – ამბობს ვაჟა ანანიძე.

ვაჟა ანანიძე 2017 წლიდან აკადემიის სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სწორედ მას ევალებოდა სამეცნიერო კონფერენციების გამართვის წინ შეემოწმებინა ნაშრომები და ის ნაშრომები, რომლებიც არ პასუხობდა საყოველთაოდ მიღებულ მოთხოვნებს, არ დაეშვა.

„შესაბამისად, რექტორს ვაყენებდი საქმის კურსში ყოველწლიურად, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა და ასეთი მძიმე მეცნიერული მდგომარეობის მიუხედავად დოქტორანტურის შემოღება გადაწყვიტა. არაფერი არ გაითვალისწინეს და გადავიდნენ აბსოლუტურ გაყალბებაზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ დისერტაციების კორუფციულ სქემაზე და ეს ყველაფერი პირადად ვუთხარი რექტორს წერილობით ჯერ კიდევ თებერვალში“, – ამბობს ვაჟა ანანიძე.

მისი თქმით, არც ის არის მისთვის ცნობილი, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს იმის გასარკვევად, შეისწავლეს თუ არა ვაჟა ანანიძის განცხადება. ცენტრის კომენტარს ამ საკითხზე „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვაჟა ანანიძის თქმით, ამ ხნის მანძილზე აკადემიას არც იმის მცდელობა ჰქონია, დაენერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა, რომელიც საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე დანერგილია.

„საუბარი იყო უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზეც, სადაც აიტვირთებოდა საუკეთესო ნაშრომები და ვერც მას მოაბეს თავი“,  – ამბობს ვაჟა ანანიძე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა ანანიძემ პლაგიატში აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ამხილა.  დავა შეეხება შარაბიძის მიერ 2015 წელს დაცულ სადისერტაციო ნაშრომს.

„ინტერნეტში ხელმისაწვდომია მერაბ ჯიბლაძის სამეცნიერო ნაშრომი „შავი ზღვის სიღრმული წყლებიდან გოგირდწყალბადის მიღება და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი“, რომელიც 2014 წელსაა გამოცემული. ორივე სამეცნიერო ნაშრომში [ჯიბლაძის და საზღვაო აკადემიის რექტორის] იდენტური ტექსტებით აღწერილია კონკრეტული მეთოდი, რომელიც ტექსტის მიხედვით დაპატენტებულია. ორივე ნაშრომში წერია, რომ პატენტის ავტორი არის ნაშრომის ავტორი“, – ამბობს ვაჟა ანანიძე „ბათუმელებთან“.

ვაჟა ანანიძის თქმით, პლაგიატს შეიცავს აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსის, ნინო ყურშუბაძის ინგლისურენოვანი ნაშრომიც.

„ბათუმელები“ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას ამჯერადაც დაუკავშირდა და ჰკითხა, 23 ივლისის შემდეგ ხომ არ შეიკრიბა ეთიკის საბჭო და ხომ არ იმსჯელა იმ ნაშრომებთან დაკავშირებით, რომლებშიც პლაგიატზეა საუბარი.  „საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი არის კონფინდენციალური“, – გვიპასუხეს აკადემიაში.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში 2008 წლიდან მუშაობს. ის იყო სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი.

______________________

ფოტოზე: ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიასთან

ამ თემაზე:

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: