Batumelebi | რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე – Batumelebi
RU | GE  

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც.

აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე მის ნაშრომში პლაგიატის არსებობას არ აღიარებს და ამბობს, რომ არ იცის, ანანიძეს რა მოტივი ამოძრავებს. განათლების სამინისტრო კი ამ პროცესებზე დუმს.

ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიის ეთიკის კომისიამ თანამდებობიდან დაითხოვა. კომისიამ ანანიძის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამავე სასწავლებლის ხარისხის სამსახურის უფროსის ნინო ყურშუბაძისა და ლექტორების – მამუკა ბარამიძისა და მიხეილ ბაჯელიძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ვაჟა ანანიძე ამ ადამიანების სამეცნიერო ნაშრომებში გამოვლენილ პლაგიატზეც საუბრობს.

გარდა პლაგიატისა, არსებობს თუ არა სხვა მიზეზები აკადემიის რექტორს, ეთიკის საბჭოსა და ყოფილ ლექტორს შორის დაპირისპირებაში? „ბათუმელები“ ამ ამბის მოკვლევას კიდევ ერთხელ შეეცადა.

ირაკლი შარაბიძე, ასევე ეთიკის საბჭო, ვაჟა ანანიძეს „გუნდურობის“ და „ურთიერთპატივისცემის“ პრინციპების დარღვევაში სდებს ბრალს. აკადემიის ემერიტუსები კი კოლექტიურ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს, აკადემიის „პრესტიჟის“ და „მაღალი რეიტინგის შელახვაში“ ადანაშაულებენ ანანიძეს.

„ეს არის იმ დაწესებულების პრესტიჟისა და მაღალი რეიტინგის შელახვის მცდელობა, (მხედველობაში აქვთ ის, რომ ანანიძემ პლაგიატზე ღიად დაიწყო საუბარი), რომლისთვისაც თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ უკან დაბრუნება კი ძალიან გინდათ“, – წერენ ემერიტუსები წერილში ანანიძის მისამართით. ემერიტუსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორედ „პრესტიჟისა და ღირსების შემლახველი ეპითეტებით აპელირებაა“ მიუტევებელი.

როგორ პასუხობს აკადემიის რექტორი გამოწვევას?

საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეალურად ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ეთიკის კომისიამ ანანიძეს ეთიკის ნორმების დარღვევაზე მიუთითა. „ამის შემდეგ დაიწყო ანანიძემ ჩემს პლაგიატზე საუბარი. ჩემ სადოქტორო ნამუშევარს კი პლაგიატთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – ამბობს ირაკლი შარაბიძე.

ვაჟა ანანიძის მხრიდან პლაგიატზე საუბრის შემდეგ, ირაკლი შარაბიძემ თავისი ნაშრომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადააგზავნა შესამოწმებლად, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დაადგინეს, რომ სადოქტორო ნაშრომში მხოლოდ 0,75 პროცენტი იყო მსგავსება სხვის ნაშრომთან, რაც შარაბიძის აზრით, საერთოდ არ არის პრობლემა. „10-15 პროცენტი მსგავსება ნაშრომში დასაშვებია“, – ამბობს აკადემიის რექტორი. მისი თქმით, პლაგიატის 30 პროცენტი ასევე დასაშვებია საბაკალავრო ნაშრომზეც.

„პლაგიატი არ რეგულირდება მსოფლიოში კანონით, ყველა უნივერსიტეტს აქვს მიღებული შიდა სტანდარტი და საქართველოშიც, ბოლო 2-3 წელია, რაც დაიწყო ამაზე საუბარი“, – გვიყვება ის.

ირაკლი შარაბიძემ თავისი სადოქტორო ნაშრომი 2015 წელს გამოაქვეყნა, იგივე თემაზე ნაშრომი გამოქვეყნებული აქვს მერაბ ჯიბლაძეს 2014 წელს, რომელიც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. ორივე ნაშრომში აღწერილია ერთი კონკრეტული მეთოდი და ორივე ნაშრომში მითითებულია, რომ ამ მეთოდის პატენტი ეკუთვნის სადისერტაციო ნაშრომის ავტორს. „არის ეს პლაგიატი თქვენი აზრით?“ – ვკითხეთ ირაკლი შარაბიძეს, რაზეც ის ამბობს, რომ არ იცის, რაზეა საუბარი.

ის, რომ ირაკლი შარაბიძის ნაშრომში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პლაგიატის მხოლოდ 0,75 პროცენტი დაადგინა, ვაჟა ანანიძეს „ღიმილს გვრის“. მისი აზრით, პლაგიატზე ნაშრომი დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და არა იმ უწყებამ, ვინც დოქტორის ხარისხი მიანიჭა პირს. „სასაცილოა უბრალოდ, აბა რას იტყვის ტექნიკური უნივერსიტეტი, აღიარებს, რომ ჩემთან პლაგიატებს აკეთებენო? დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნაა საჭირო და არა მათი, ვინც ხარისხი მიანიჭა“, – ამბობს ანანიძე.

ირაკლი შარაბიძეს კი მიაჩნია, რომ ეს ვაჟა ანანიძის სუბიექტური აზრია.

რექტორი ამბობს, რომ პლაგიატი არ რეგულირდება მსოფლიოში, თუმცა ყველა წამყვან უნივერსიტეტშია დანერგილი პლაგიატის ამომცნობი პროგრამები. მათ შორის ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტშიც.

აკადემიამ კი, როგორც რექტორი გვეუბნება, პლაგიატის ამომცნობი პროგრამა Turnitin 2019 წლის ბოლოს შეიძინა და დაიტესტა კიდეც. დაახლოებით 20-მდე სტუდენტურ ნაშრომში გამოვლინდა პლაგიატის ნიშნები. თუმცა სულ რამდენი ნაშრომი დაიტესტა, რექტორი ზუსტად ვერ ამბობს. ამ პროგრამაში, როგორც ირაკლი შარაბიძე გვეუბნება, პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ნაშრომები არ მოწმდება. რექტორის თქმით, უნივერსიტეტი საერთოდ არ არის ვალდებული რომელიმე პროფესორის ნაშრომი გადაამოწმოს. „აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ მე საერთოდ არ მევალება ნაშრომების შემოწმება. მით უმეტეს 15-20 წლის წინ დაწერილი დისერტაციების“, – გვეუბნება ის.

აკადემიაში დანერგილი პლაგიატის პროგრამის შესახებ ვაჟა ანანიძესაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა: „რეალურად, ჩემი და რექტორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მან აკადემიაში ყალბი გარემოს შექმნა დაიწყო და ჰქონდა მცდელობა ხელის ამწევ-დამწევთა სადისერტაციო საბჭო შეექმნა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ღიად ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული და რომ რეალურად, კორუფციულ სტრუქტურას ქმნიდა. სწორედ ამიტომ არ უნდა ჩემი გაშვების რეალურ მიზეზებზე  საუბარი“.

მსგავსი სადისერტაციო საბჭოები ბევრ უნივერსიტეტში არსებობს, ამიტომ ვაჟა ანანიძეს ვკითხეთ, რატომ არ ენდობოდა ამ სტრუქტურას და რა კორუფციაზე საუბრობს, რაზეც მან გვიპასუხა:

„შევეცდები ეს Turnitin-ის გამოყენების მაგალითზე ავხსნა. შარშან ზაფხულში საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია გაიმართა ბათუმში, სადაც აკადემიიდან 12 ნაშრომი უნდა წარედგინათ. როცა ეს ნაშრომები ბსუ-ში წაიღეს და პლაგიატზე შეამოწმეს, გამოვლინდა მსგავსება. შემდეგ ამ ლექტორებს მიწერეს, რომ სადაც პლაგიატი დაფიქსირდა, ის ადგილები ჩაესწორებინათ და ამით „გაპრავდა“. მე შევესწარი ამ პროცესს. სადისერტაციო საბჭოში კი ადამიანები არიან და არა მანქანები. ამიტომ, იგივეს გააკეთებს ეს საბჭოც“, – ამბობს ანანიძე.

ამავე წელს საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტებმა საერთო სამეცნიერო კომისიაც დააფუძნეს, სადაც ვაჟა ანანიძე, როგორც სარედაქციო კომიტეტის ხელმძღვანელიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ამბობს, რომ აკადემია ამას ეწინააღმდეგებოდა. „შემდეგ ერთმა ადამიანმა თქვა, სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელია და რატომ არ შეგყავთო. ამის შემდეგ შემიყვანეს რიგით წევრად“.

მკაფიო უთანხმოება კი რექტორსა და ანანიძეს შორის თანამდებობის საკითხმა გამოიწვია.

„მე ვიყავი საზღვაო აკადემიის სამეცნიერო კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი, სხვა არ ჰყავდათ სამეცნიერო სფეროში და იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ როცა ახალი შტატი შეიქმნებოდა, მე ამ თანამდებობით უნდა შევსულიყავი შტატში. მათ გამოიგონეს ახალი თანამდებობა და დამნიშნეს ბიბლიოთეკის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სამმართველოს კორდინატორად. მივხვდი, რომ რეალურად ეს იყო ჩემი სამეცნიერო საქმიანობიდან ჩამოშორების, შემდეგ კი აკადემიიდან გაშვების მცდელობა.

ამას მაშინ მივხვდი, როცა ბიბლიოთეკის დირექტორმა 6 თვის მუშაობის ანგარიში მომთხოვა. ბიბლიოთეკა მეცნიერულ კვლევებს არ აწარმოებს და მათ იცოდნენ, რომ მე ანგარიშს ვერ წარვადგენდი და ასე მშვიდად, იურიდიული საფუძვლით გამიშვებდნენ აკადემიიდან“, – გვეუბნება ვაჟა ანანიძე.

ირაკლი შარაბიძეს ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ის, რაზეც ანანიძე საუბრობდა. კითხვას პირდაპირ ირაკლი შარაბიძემ არ უპასუხა და ისევ გაიმეორა, რომ არ იცის, რა მოტივი ამოძრავებს ვაჟა ანანიძეს. მაშინ მას ისევ ვკითხეთ, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლა მაშინ ვაჟა ანანიძე სამსახურიდან?

„მე არ გადამიწყვეტია. ეთიკის კომისია ერთი თვე მუშაობდა. ივლისში კი გავუშვით“, – გვეუბნება რექტორი.

ირაკლი შარაბიძეს ვკითხეთ, რატომ არ მისცა გაფრთხილება ან საყვედური ეთიკის საბჭომ ანანიძეს და რატომ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება?

ირაკლი შარაბიძის პასუხი ამჯერადაც ბუნდოვანია: „აქ მარტო პლაგიატზე არ იყო საუბარი, არამედ სხვადასხვა ნაწილში“. მაშინ მას ისევ ვკითხეთ, მას როგორც რექტორს, ხომ არ ჰქონია განსხვავებული პოზიცია ანანიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ ის ეთიკის კომისიას სრულად დაეთანხმა.

ყველა ნაწილში? – ისევ ვკითხეთ მას, რაზეც შარაბიძემ გვიპასუხა: „ძალიან გთხოვთ, არ მინდა ამაზე საუბარი. კომისიის წევრებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება… არ შემიძლია საჯაროდ გავახმოვანო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება“.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ვაჟა ანანიძეს, როგორც ლექტორს, ასოცირებულ პროფესორს, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ პოზიტიურად.

„ანანიძეს ყველაფერი ჰქონდა, კარიერული წინსვლა, თავისუფლება, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყველაფერი, რომ ეღვაწა საზღვაო აკადემიისთვის. მაგრამ რატომ მოხდა ასე, გეფიცებით ადამიანობას არ ვიცი. ბედნიერი კაცი ვიქნები ამაზე რომ პასუხი მქონდეს“, – ამბობს ის. თუმცა იქვე აზუსტებს, რომ „აკადემიაში ყველაფერი გუნდურად წყდება“.

კითხვაზე, – „გუნდურობა“ ნიშნავს ხარვეზებზე, თუნდაც პლაგიატზე თვალის დახუჭვას? ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ „საუბარს გააჩნია“.

როგორ უნდა ესაუბრა ვაჟა ანანიძეს პლაგიატზე ისე, რომ ის სამსახურიდან არ დაეთხოვათ? – აკადემიაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ვაჟა ანანიძეს კი ვკითხეთ, რომ არა თანამდებობასთან დაკავშირებული უთანხმოება, ისაუბრებდა თუ არა რექტორის და სხვა პირების სამეცნიერო ნაშრომების პლაგიატზე საჯაროდ? „მაშინაც კი, როდესაც მიწვეული მასწავლებელი ვიყავი და შემდეგაც, როცა ასოცირებული პროფესორი გავხდი, პლაგიატზე და სხვა პრობლემებზეც, ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი“, – გვეუბნება ის.

ვაჟა ანანიძე პირველი ლექტორია, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაუშვეს. ის აკადემიაში 2005 წლიდან მუშაობდა. საკუთარი უფლებების დასაცავად ანანიძე მალე სასამართლოსაც მიმართავს. მე-11 დღეა ვაჟა ანანიძე აკადემიის ჭიშკართან ტრანსპარანტით დგას და განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე საზოგადოებას სთხოვს, დაინტერესდნენ აკადემიაში არსებული ნეპოტიზმით, პლაგიატით და სავარაუდო კორუფციითაც. ამ დრომდე მას არცერთი შესაბამისი უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com