გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

დიმიტრი ტვილდიანის მიწის ნაკვეთი სარფში ერთ ჰექტრამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო მიწა, შემდეგ კი ოფიციალურად იყიდა და დაირეგისტრირა. დიმიტრი ტვილდიანის სურვილები სარფის ლანდშაფტურ ზონაში ამით არ შემოფარგლულა, გაიზარდა მისი მშენებლობის მასშტაბებიც – დაგეგმილი ორსართულიანი შუშის შენობა ჯერ ოთხსართულიან შენობად იქცა, შემდეგ კი ორი ტერასული სართულიც დაემატა.

ცოტა ხნის წინ ტვილდიანმა კოშკის მშენებლობაც მოინდომა და ნებართვაც მიიღო, ამ კოშკის კარკასი უკვე აშენებულია და სარფის ცენტრალური გზიდან კარგად მოჩანს. ნებართვის გამცემის – ხელვაჩაურის არქიტეტურის სამსახურის ინფორმაციით, კოშკი ხუთსართულიანი იქნება. თუმცა სარფის ცენტრალური გზიდან კარგად ჩანს, რომ უკვე აშენებული კოშკი, 6-სართულიანი შენობის კარკასზე ბევრად მაღალია. გაჩერდება ტვილდიანი ამ პარამეტრებზე, თუ ისევ მოითხოვს მასშტაბების გაზრდას ეს მომავალში გამოჩნდება.

ნებართვის გამცემის ინფორმაციით, გადმოსახედი კოშკის მშენებლობა ტვილდიანმა არქიტექტურის სამსახურს შეათანხმა. ადგილზე კი გვითხრეს, რომ ის გამაჯანსაღებელი ცენტრის გვერდით, სვანურ კოშკს იშენებს თავისთვის. სამშენებლო სამუშაოებს ტვილდიანის კომპანია შპს „კვარიათი პარადიზი“ ასრულებს.

სარფში მომაღლო ადგილზე, საიდანაც ზღვისა და მთების ხედი ერთდროულად იშლება, კარგად ჩანს საქართველო-თურქეთის საზღვრი და ტერიტორია მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, ექიმი დიმიტრი ტვილდიანი გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ეს არა გამაჯანსაღებელი ცენტრი, არამედ სასტუმროა. ადგილობრივებს სჯერათ ისიც, რომ ექიმმა სარფში სვანური კოშკი ააშენა და არა – გადმოსახედი. „რისთვის დასჭირდა ექიმს გადმოსახედი კოშკის აშენება შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ისედაც მთელი პერიმეტრი მოჩანს?“ – ასეთია მათი არგუმენტი. ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ვერც კომპანიასთან და ვერც თავად დიმიტრი ტვილდიანთან დაკავშირება ვერ შევძელით.

გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა ექიმმა დიმიტრი ტვილდიანმა სარფში 2018 წელს უკანონოდ წამოიწყო და საკუთარი ნაკვეთის გვერდით არსებული სახელმწიფოს ნაკვეთიც მიითვისა. მოგვიანებით ეს ნაკვეთი, ტვილდიანის შენობის ნაწილის ჩათვლით, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა და ერთი ბიჯით 248 000 ლარად ისევ დიმიტრი ტვილდიანს მიყიდა [3008 კვადრატული მეტრი].

1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სარფის ლანდშაფტურ ზონაში, ზღვის ხედით, სამინიტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ტვილდიანმა 82.44 ლარად იყიდა. ტვილდიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცება აპატიეს და მშენებლობის ნებართვაც მისცეს, ის მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2 670 არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თავდაპირველად 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა. მან  სარფში მიწის  ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან პროექტის შეთანხმების გარეშე დაიწყო. სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არაფერი გაუგია, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.

დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.

ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირზე – IYPT 2020 – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. კანადა, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო – ასე გადანაწილდა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ყოველწლიურ ტურნირზე საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში მედალი წელს პირველად მოიპოვა.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დროულად ჩართვა სამეცნიერო და კვლევით პროცესში, ოპონირების უნარის გამომუშავება და თეორიული მოდელების შექმნის პრაქტიკა.

ზაფხულში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტურნირზე 17 დავალება გამოქვეყნდა, რომელთა საკვლევადაც გუნდებს რამდენიმე თვე ჰქონდათ ლაბორატორიებში სამუშაოდ, თეორიული მოდელის შესამუშავებლად და საკონფერენციო ნაშრომის მოსამზადებლად.

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებში ვეკუასა და კომაროვის სკოლის მოსწავლეები იყვნენ: რობიკო ცინცაძე, ზურაბ უგულავა, ნიკა ნიკურაძე, ნიკა მალცევი და ლაზარე ოსმანოვი.

ლაზარე წელს ჩაირიცხა ფიზიკის ფაკულტეტზე და პირველკურსელია. მისი თქმით ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაცილებით დიდი ცოდნაა საჭირო,  ვიდრე სკოლაში იღებ, რისთვისაც მას და მისი ნაკრების წევრებს დამატებითი ლიტერატურის გაცნობა დასჭირდათ.

„იყვნენ ქვეყნები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად იღებდნენ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს. ფაქტობრივად ჩვენ მათ ეს მედალი წელს ჩამოვართვით“ – ამბობს ლაზარე.

ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნიკოლოზ ნიკურაძე მე-12 კლასში ახლა გადავიდა. ის ამბობს, რომ ფიზიკით დაინტერესება ელემენტარული კითხვებით, ბავშვობიდანვე დაიწყო:

„ძალიან მარტივად, როცა ინტერესდები რატომაა ოკეანე და ცა ლურჯი, ეძებ გონივრულ პასუხებს და მეცნიერებამდე მიდიხარ.

რა თქმა უნდა, ვაპირებ  ვისწავლო ფიზიკის ფაკულტეტზე. თანამედროვე ფიზიკა მომიჯნავე მეცნიერებების გარეშე წარმოუდგენელია. ფიზიკა ცდილობს დაეხმაროს ბიოლოგიას და მედიცინას განვითარებაში. მაგალითად, არსებობს მიმართულება, რომელიც იკვლევს ნეირონების ერთმანეთთან კავშირს ფიზიკის სხვადასხვა მეთოდებით, რაც რეალურად მედიცინას ეხმარება. ფიზიკის დამსახურებაა, რომ შეგვიძლია ენერგია გადავიტანოთ ერთი წერტილიდან მეორეში მინიმალური დანაკარგით, რაც ეკონომიკის და ენერგეტიკის განვითარებასთანაა დაკავშირებული. აღარაფერს ვამბობ ტექნოლოგიების განვითარებაში ამ ფუნდამენტური მეცნიერების როლზე“ – ამბობს ნიკოლოზ ნიკურაძე.

ნაკრების შემდეგი წევრი, ზუკა უგულავა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ფიზიკას და პირველ კურსზეა. მისთვის ტურნირზე განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს მოხსენებაზე უცხო ქვეყნების ნაკრებთა ოპონირება და დისკუსიები იყო.

„ორთაბრძოლების სახით იმართებოდა ოპონირება და დისკუსიები. ხუთივე ორთაბრძოლისას სხვადასხვა ქვეყანა გვიწევდა ოპონირებას, ეს ძალიან საინტერესო იყო. მსგავსი ტურნირები სხვა ტიპის უფრო მასშტაბური სამეცნიერო კონფერენციებისთვის გამზადებს და შესაბამისი უნარების განვითარებაში გეხმარება.

დიდი შესაძლებლობაა ისიც, რომ უამრავი პლატფორმა არსებობს, სადაც საკუთარი კვლევების და სტატიების განთავსება შეგიძლია და ასე ერთვები თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო პროცესში, სადაც არ უნდა იყო“ – ამბობს ახალგაზრდა ფიზიკოსი.

გიორგი ჯიქიძე ახალგაზრდა ფიზიკოსების ერთ-ერთი მწვრთნელია. მისი თქმით საქართველოში ლაბორატორიით აღჭურვილი სკოლების რაოდენობა მცირეა.

„ახალგაზრდა თაობა კი ფიზიკით, მათემატიკით და ინჟინერიით ნაკლებად ინტერესდება. საქართველოში ამ დარგის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ფიზიკოსთა სიმცირე სერიოზული პრობლემაა. დაინტერესებულთა უმრავლესობა საქართველოს  ტოვებს და ამერიკაში აგრძელებს სწავლას – სხვა გზა არ არის. გამომგონებლობის და ლაბორატორიებში მუშაობის დიდი კულტურა აქ არ გვაქვს.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა. ეს არის კონტაქტები, კვლევითი უნარების გამომუშავება, დისკუსიისას სწრაფი რეაგირებისა და ოპონირების პრაქტიკა“ – ამბობს ნაკრების მწვრთნელი.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი IYPT წელს საქართველოში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ონლაინ-ტურნირი ჩატარდა.

________________

მთავარ ფოტოზე: ფიზიკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები კომაროვის სკოლიდან. კადრი კომაროვის სკოლის ფეისბუქგვერდიდან.

აჭარაში საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – Unicef-ის კვლევით

2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგებით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში, ჩანს რომ დროის ამ მონაკვეთში, აჭარაში საკეისრო კვეთების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში, ზოგადად, მაღალია საკეისრო კვეთების მაჩვენებელი, MICS კვლევის თანახმად 2018-2019 წლებში სულ მშობიარობების 47% ჩატარდა საკეისრო კვეთით.

საკეისრო კვეთების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი (63%), შემდეგ მოდის აჭარა (53%), შემდეგ კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (52%).

კვლევის თანახმად, მშობიარობათა 99% სამედიცინო დაწესებულებებზე მოდის და მხოლოდ 1% ჩატარდა სხვა ადგილას. საკეისრო კვეთების თითქმის 80% იყო დაგეგმილი – გადაწყდა სამშობიარო ტკივილების დაწყებამდე.

ფოტო: Pexels

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში შენდება.

ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება ფასიანი იქნება. ტარიფების დადგენაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს.

გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის სანდასუფთავების გადასახადი ახალი ნაგავსაყარის გახსნის შემდეგ? – ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, რომ „ამ ეტაპისთვის ეს საკითხი არ განიხილება“.

არსებული [ადლიის] ნაგავსაყარის ექსპლუატაციისთვის ფულს, ქალაქის ბიუჯეტიდან ბათუმის მერია იხდის. მაგალითად, 2020 წლისთვის „ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასა და სანიტარული მომსახურებისთვის“ მერიას ხელშეკრულება შპს CEBEP-თან 156 704 ლარზე აქვს გაფორმებული.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, ნოდარ კონცელიძის თქმით, ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა კონტრაქტის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ახალი ნაგავსაყარი / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

„პროექტის ფარგლებში 4 უჯრედი მოეწყობა ნარჩენების მოსათავსებლად, რომლებიც მთლიანობაში დაახლოებით 600 ათას ტონა ნარჩენზეა გათვლილი. აჭარაში კი, წელიწადში 90-95 ათასი ტონა ნარჩენი გროვდება. ამ უჯრედების შევსების პარალელურად ჩვენი კომპანია მომდევნო წლებში ეტაპობრივად კიდევ 8 ახალ უჯრედს მოაწყობს. ამჯერად შესაძენია მოძრავი ტექნიკა და ნარჩენების დამხარისხებელი ხაზი. EBRD-ისგან არის თანხმობა, რომ მორიგ სესხს გამოყოფს ამ ტექნიკური საშუალებების შესაძენად. მალე შეირჩევა კომპანია, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყარების დახურვაც იგეგმება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნოდარ კონცელიძემ.

ახალი ნაგავსაყარის უჯრედი, სადაც ნარჩენები უნდა მოთავსდეს / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია
ახალი ნაგავსაყარი / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყარების დახურვას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება მას შემდეგ, რაც ცეცხლაურის ნაგავსაყარი დაიწყებს მუშაობას.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

დეტალურად ამ თემაზე ნახეთ ბმულზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა.

2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის ნიმუშებს ქმნიან.

პანდემიის მიუხედავად, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი წელსაც წარმატებით ჩატარდა და ბათუმს 4 არტისტის მიერ შესრულებული ახალი მასშტაბური ნამუშევარი დაუტოვა შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • თამუნზი – ზვიად გამსახურდიას ქ. 1-5
  • დავით სამხარაძე – ვახტანგ გორგასლის ქ.21
  • მაშოლენდი – გორგილაძის ქ.53
  • ნინა ხურცილავა – ლერმონტოვის ქ.21

[/checklist]

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას და ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ.

აქამდეც დაუდასტურდა აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი, თუმცა, მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა.

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 137 – ბათუმში. ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 5 სექტემბერს დაუდასტურდა.

ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება.

„როცა ხდება კოვიდინფექციის შემთხვევის დადასტურება, ეს ბაზა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ავტომატურად გადაეცემა საგანგებო სამსახურს, 112-ს.

112-ში ჩართული არიან ონლაინკლინიკები და ჩვენ აჭარაში გვაქვს ორი ონლაინკლინიკა, სადაც მუშაობს დატრენინგებული 18 ექიმი. ეს ექიმები უკავშირდებიან ინფიცირებულს და ხდება ინფორმაციის დეტალურად შეკრება, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საცხოვრებელი პირობების შესახებ და ხდება გადაწყვეტილების მიღება – ინფიცირებული გადავა სტაციონარში, კოვიდსასტუმროში თუ დარჩება ბინაზე.

თუ კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული რაიმე თანმხლები დაავადებით, პაციენტი არის ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი ან სხვა რისკის ქვეშ მყოფი, პაციენტი გადადის კლინიკაში; თუ პაციენტს საცხოვრებელი პირობები არ აქვს [რომ იყოს იზოლაციაში] – გადადის კოვიდსასტუმროში, ხოლო თუ პაციენტი არის უსიმპტომო, იღებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას დისტანციურად, დღეში რამდენჯერმე.

ერთეული ასეთი პაციენტები გვყავს ბინაზე, რომლებიც არიან უსიმპტომოები. ისინი გადაცემულნი არიან მეთვალყურეობაზე ოჯახის ექიმთან, ერთეულ შემთხვევაში ჩაუტარდათ კატე დიაგნოსტიკა და მათი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ისინი ბინაზე იქნენ დაბრუნებული ან საკარანტინო სივრცეში“, – განმარტა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ PCR ტესტების პასუხების რამდენიმე დღით დაგვიანების მიზეზი სისტემის გადატვირთვა გახდა.

„ახლა ვართ ორიენტირებული მიზნობრივ ტესტირებაზე, მაქსიმალურად მოხდა ნიმუშების გადანაწილება ლაბორატორიულ ქსელში. არაუმეტეს 72 საათისა მოხდება დაყოვნება. მანამდე პაციენტი უნდა იყოს იზოლაციაში. თუ პაციენტს  აქვს კორონავირუსის სიმპტომები, მაგრამ არ აქვს ტესტის პასუხი, უნდა დაუკავშირდეს 112-ს და გადაიყვანენ ცხელების ცენტრში, სადაც ის დაყოვნდება ტესტის პასუხამდე“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში

„თუ კატეგორიებს არ განსაზღვრავენ, პირველი ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან დავიწყებთ, არჩევნებამდე ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“, – ამბობს მარინა ბერიძე. ის წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ამ დასახლებაში თვითნებურად შესახლებულმა ადამიანებმა დღეს, 22 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს და კრიტერიუმების დაზუსტება ითხოვეს – ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქში“.

„ჩვენ ვითხოვთ კატეგორიების ზუსტად განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ბინა და როდის. მაგალითად, ეკუთვნით თუ არა ბინა იმ ოჯახებს, რომლებიც გასაყოფი არიან, ან მრავალსულიანი არიან… ვისაც რეალურად უჭირს და 9 წელი აქ ცხოვრობდა, მათ ბინა უნდა მიიღონ,“ – მიიჩნევს მარინა ბერიძე.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ თორნიკე რიჟვაძე 9 აგვისტოს დაჰპირდა კატეგორიების განსაზღვრავს და კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავებას, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ მიიღებს საცხოვრებელ ბინას „ოცნების ქალაქში“.

„გვპირდებიან, მაგრამ აღარავის გვჯერა, ჩვენ გვჭირდება წერილობითი დოკუმენტი,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ მარინა ბერიძემ.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ

გონიოს პლაჟის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც საკურორტო სეზონზე ე.წ. ბუნგალოები და სხვა სახის მსუბუქ კონსტრუქციებში მოწყობილი კაფეები მუშაობს, ახლა მიტოვებულ ბარაკული ტიპის დასახლებას ჰგავს, საიდანაც მეპატრონეები ისე წასულან, ნარჩენებიც კი არ გაუტანიათ.

გონიოს პლაჟი
გონიოს პლაჟი

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ პლაჟზე განთავსებული კაფეს ინფრასტრუქტურა, მსუბუქი კონსტრუქციების ჩათვლით უნდა დაიშალოს და პლაჟს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდეს ზაფხულამდე, ვიდრე ამ ადგილებზე მსუბუქი სავაჭრო ობიექტების მოსაწყობად ბათუმის მერია აუქციონს არ გამოაცხადებს.

თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. კაფეების მეპატრონეებს მხოლოდ ინტერიერის გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურა და სამზარეულოს ნივთები მიაქვთ, სხვა ყველაფერს კი [კონსტრუქციების ჩათვლით] იქვე ტოვებენ. ეს პროცესი უმეტესწილად უკონტროლოა და შემოდგომის დადგომიდან ზაფხულამდე პლაჟი უსახური ნაგებობებითაა ჩახერგილი.

ცალკე შესწავლის საგანია საპირფარეშოები, რომლებსაც კაფეების მეპატრონეები პლაჟზე ყოველგვარი საკანალიზაციო სისტემის გარეშე აწყობენ, საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი იქვე ტოვებენ. ვნახეთ ისეთი საპირფარეშოებიც, რომლებიც პირდაპირ სასეირნო ბილიკთან აუშენებიათ.

რატომ აძლევს მათ მერია ასეთი ნაგებობების მოწყობის შესაძლებლობას საკურორტო ქალაქში? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. „ეს საკითხიც მონიტორინგს დაექვემდებარება“, – გვითხრეს მერიაში.

საპირფარეშო პლაჟთან სასეირნო ბილიკზე. ცალკე საკითხია რამდენად გამართულად არის მიყვანილი სასმელი წყალი პლაჟზე, რომლითაც საკურორტო სეზონზე აქ კომერციული ობიექტები სარგებლობენ. როგორც ჩანს, წყლის სისტემაც უნებართვოდ და კუსტარულადაა მოწყობილი. ზოგან ეს სისტემა მოშლილია და წყალი პლაჟზე იღვრება. არც ის ვიცით, საიდან არის ეს წყალი მოყვანილი.

რკინის კონსტრუქციებს კი მესაკუთრეები პლაჟზე უმეტესწილად იმ იმედით ტოვებენ, რომ მომავალ წელს აქ კაფეს მოსაწყობად ისევ თვითონ დაბრუნდებიან. იმის მიუხედავად, რომ პლაჟის ასათვისებლად აუქციონი უნდა გამოცხადდეს, რაც კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, მეპატრონეების მოლოდინი ძირითადად მართლდება.

როგორც სეზონურად, პლაჟის ასათვისებლად, აუქციონის გამოცხადება და მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე ამ ხელშეკრულებების პირობების კონტროლიც ბათუმის მერიის შესაბამისი სტრუქტურების, კეთილმოწყობის და ასევე, სანდასუფთავების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

პლაჟზე მიტოვებული კონსტრუქცია

რას ამბობს მერია? – მერიის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე გონიოს პლაჟზე კაფე-ბარების ნაწილი ისევ მუშაობს. ნაწილი კი, დაკეტილია და კონსტრუქციები ადგილზე რჩება. სეზონის დასასრულს, ოქტომბრის შუა რიცხვებში, განხორციელდება მონიტორინგი ტერიტორიის მოწესრიგების უზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხება არსებული კონსტრუქციებისგან პლაჟის გათავისუფლებას, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, აუქციონის დაგეგმვის შესაბამისად, მოხდება ტერიტორიის მოსარგებლეთა წერილობითი გაფრთხილება უსახური კონსტრუქციებისგან ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ.“

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ წელს საკურორტო სეზონზე გონიოს პლაჟები კაფეების მეპატრონეებს აუქციონით არ აუთვისებიათ, ისინი სარგებლობდნენ ამ ტერიტორიებით მერიასთან შეუთანხმებლად.

შემდეგ მერიამ ჩაატარა აღწერა და მათ შესაბამისი გადასახდელები დააკისრა. მომავალი სეზონისთვის კი მერია აუქციონის გამოცხადებას გეგმავს.

აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ექიმი სახლში უწევს მეთვალყურეობას.

„ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი იყოს უსაფრთხოდ, შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით და თვითიზოლაციით, რომ არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი.

პაციენტის კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში იმყოფება 1500-მდე პაციენტი, სასტუმროებში კი – 563 ადამიანი, რომლებიც კოვიდის გამო რჩებიან იქ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ უგვიანდებათ ადამიანებს კორონავირუსის ტესტირების პასუხები, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ზოგჯერ შესაძლებელია პასუხების გადამოწმება და ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

„საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულად ამოწურულია და ჩვენ ხვალ, ზეგიდან ისევ დავუბრუნდებით 24-საათიან ტესტირებებს. მთავარია, როცა ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, მან დაიცვას თვითიზოლაციის წესები“, – ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობას კლინიკებში, როგორც გაბუნია ამბობს, ამ დროისთვის 3 200 საწოლია მზად. აქედან, თავისუფალი საწოლები არის 500-ზე მეტი. ამიტომ, თუ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, ის ვერ მოხვდეს ჰოსპიტალში, ასეთი რამ არ არსებობს.“

ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი

„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, კორონავირუსის მასშტაბების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 ადამიანი, სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საგანგებო მდგომარეობა ვეღარ გამოცხადდება და ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ვატაროთ არამარტო შენობის შიგნით, არამედ შენობის გარეთაც, როცა ადამიანებს მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა 68 წლის კაცი, 1952 წელს დაბადებული ი.გ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22  სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 24-25 სექტემბერს მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

კოლეჯ “Golden Sea“-სა და სასტუმრო „Grand Gloria“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „Golden Sea“-მ, სასტუმრო „Grand Gloria“-სთან პარტნიორობით, სასტუმროს ბაზაზე 2019 წლის 24 სექტემბერს დაიწყო მზარეულის გრძელვადიანი სასწავლო კურსის განხორციელება. COVID19-ის პანდემიის ფონზე აუცილებელი გახდა საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მორგება, ამიტომ სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართა და ამ ეტაპისთვისაც, Covid19-ის ფონზე, სასტუმრო „Grand Gloria“- სა და კოლეჯის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა სასწავლო კურსის დასრულება.

სასტუმრო „Grand Gloria“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას და აქტიურადაა ჩართული კოლეჯ „Golden Sea“-ს მიმდინარე ყველა საგანმანათლებლო პროგრამის წარმართვაში.

სასტუმრო „Grand Gloria“-ს გენერალურმა მენეჯერი მურათ თანსუ
სასტუმრო „Grand Gloria“-ს გენერალური მენეჯერი მურათ თანსუ

სასტუმრო „Grand Gloria“ ყოველთვის ცდილობს სწრაფი და სწორი ნაბიჯები გადადგას  ყველა გამოწვევის გასამკლავებლად, საგანმანათლებლო ნაწილი კი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორი მიდგომებით, Coved19-ის ფონზე, მოვახერხეთ მზარეულის პროფესიის სტუდენტების პრაქტიკული ნაწილის უზრუნველყოფა, რამეთუ გააზრებული გვაქვს, რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრის არსებობა ტურიზმის (და არა მხოლოდ) ბაზარზე. სასტუმრო „Grand Gloria“-ში გადამზადებული მზარეულის კურსის სტუდენტები დასაქმებულნი არიან ჩვენივე სასტუმროს სამზარეულოს დეპარტამენტში. ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, სასტუმროს ჰყავდეს თავისივე მოთხოვნებზე აღზრდილი საკადრო რესურსი, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და მარტივი გავხადოთ  სტუდენტთა დასაქმება, რაც შემდგომში აისახება ტურიზმის სფეროში სერვისის გაუმჯობესებაზე, კარგი სერვისი კი, ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, – განაცხადა სასტუმრო „Grand Gloria“-ს გენერალურმა მენეჯერმა მურათ თანსუმ.

ძალიან სწრაფად აღვიქვით, რომ უნდა მოვრგებოდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და არაფორმალური დუალური განათლების პროცესის თეორიული ნაწილი დისტანციურად  წაგვემართა. ახალი გამოწვევა ერთგვარად საინტერესოც აღმოჩნდა. კოლეჯმა „Golden Sea“-მ  წარმატებით განახორციელა დისტანციურად პროფესიული საგანმამათლებლო პროცესის თეორიული ნაწილი და დისტანციურადვე შეძლო კურსის თეორიული ნაწილის დასრულება.

„Grand Gloria“-ს გენერალური მენეჯერი მურათ თანსუ და „Golden Sea“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე
„Grand Gloria“-ს გენერალური მენეჯერი მურათ თანსუ და „Golden Sea“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე

შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი კოლეჯის გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ -კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა. ორმაგად სასიხარულოა, რომ კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი დასაქმდა სწავლის დასრულებისთანავე. – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „Golden Sea“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე. – გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დისტანციური პროცესი შედეგიანი აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე, კოლეჯმა „Golden Sea“-მ  2020 წლის 21 სექტემბერს უკვე მარტივად შეძლო დისტანციურ რეჟიმში არაფორმალური განათლების პროცესის დაწყება. დღესდღეობით სასწავლებელში უკვე 40 სტუდენტი იღებს განათლებას დისტანციური სასწავლო მეთოდით.

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი “Golden Sea” დისტანციური სასწავლო მოდელით კვლავ აქტიურად აგრძელებს სტუდენტთა მიღებას დასაქმების პერსპექტივით შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

[checklist]

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • ბუღალტერი
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი)
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • სასტუმრო მომსახურება
  • სარესტორნო მომსახურება

[/checklist]

ისწავლეთ „Golden Sea”-ში და წარმატების გასაღები თქვენს ხელშია!

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577190653; 591718142.

მისამართი: ბათუმი, დ.თავდადებულის N49.

ელ.ფოსტა: Leila.gogitidze@gmail.com; batumigoldensea@gmail.com.

www.goldensea.ge

გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. პაციენტს ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

„გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში. კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის და არა ვირუსის გამო. გადმოყვანიდან ერთ დღეში პაციენტი დაიღუპა და ერთ დღეში კორონავირუსით პაციენტები არ იღუპებიან, ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. პაციენტს ჰქონდა თანხმლები, ძალიან მძიმე დაავადება“ – განაცხადა გია კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს გადაიყვანეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან. მას კორონავირუსი რეფერალურ საავადმყოფოში დაუდგინდა.

დაინფიცირდა თუ არა პაციენტი კორონავირუსით საავადმყოფოში? გია კიკაბიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ უპასუხებს:

„ვერ გეტყვით რეფერალურ საავადმყოფოში დაავადდა თუ არა, მანამდე ქობულეთის საავადმყოფოში იყო. კორონავირუსით ინფიცირებული შეიძლება მოხვდა უკვე საავადმყოფოში.  კორონავირუსს აქვს თავისი ინკუბაციის პერიოდი, შეიძლება არ გამოჩნდეს პირველ დღეებში და გამოჩნდეს მე-12 დღეს. რამდენი პაციენტი ყოფილა, რომელიც კარანტინში იყო და კარანტინიდან გასვლის წინ, მე-12-მე-13 დღეს დაუდგინდა კორონავირუსი. როცა არის ორი კვირა ინკუბაციური პერიოდი, ძნელი სათქმელია, ეს პაციენტი როდის დაინფიცირდა და სად“.

22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 160 პაციენტია მოთავსებული, ამავე საავადმყოფოს მიმღებში კიდევ 18 პაციენტი ელოდება ტესტირების პასუხს.

ამავე თემაზე: 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათგან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი აქვთ დაზიანებული.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი. გია კიკაბიძის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია“.

22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 160 პაციენტია, ამავე საავადმყოფოს მიმღებში კიდევ 18 პაციენტი ელოდება ტესტირების პასუხს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 170 ადგილია.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკილინკებში მკურნალობას გადის 550-მდე პაციენტი, კოვიდსასტუმროებში რჩება 578 პირი.

მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 22 სექტემბერს, ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3913 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბოლო 24 საათში.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836

გუშინ, 21 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აქედან ერთეული შემთხვევებია დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან და ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან.

აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში რჩება 578 პირი. ნონა ეფაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან გაწერილია 122 პაციენტი.

დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში

საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“- ნათქვამია კლინიკა „ბომონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილ კაცს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

„ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, 21 სექტემბერს პაციენტი გარდაიცვალა,“ – თქვეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid 19-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

შუახევის მერიის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმელების“ ინფორმაციით, შუახევის მერიის რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიაში უკვე მიიღეს რეკომენდაცია, ხვალ, 22 სექტემბერს, მუშაობის შეჩერებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების თაობაზე.

ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მან გვითხრა, რომ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში ამოწმებს ინფორმაციას და ამის შესახებ ხვალ დილით გვიპასუხებს.

გონიოს ახალი, უკონტროლო და უსახური არქიტექტურა [ფოტო]

გამწვანებული უბანი ქალაქთან ახლოს, მწვანეში ჩაფლული პატარა სახლებით, ზღვის ხედითა და  კარგად მოვლილი ეზოებით გონიოში თანდათან გაქრა. სოფელი გონიო ქალაქთან ახლოს, ჯერ ქალაქის ნაწილად იქცა, შემდეგ კი სამშენებლო კომპანიების მსხვერპლად. ქალაქთან ახლოს, მთაზე შეფენილი სახლები, რომლებიც ერთმანეთს არ ეფარებოდნენ და ორიენტირი ზღვისკენ ჰქონდათ, დიდი ბეტონის კედლის უკან აღმოჩდნენ, უსასრულო ჰორიზონტი მათი სახლების წინ შეიზღუდა ან საერთოდ ჩაიკეტა.

ეს სახლები პირდაპირ პლაჟზეა მიდგმული- ნებართვები კი ისეა გაცემული, რომ არ არის დაცული არც განაშენიანების სიმეტრია და არც სიმაღლეები
12-სართულიანი სახლი გონიოს პლაჟთან, რომელმაც მთაზე შეფენილ ორსართულიან სახლებს ხედი დაუფარა.
კიდევ ერთი მშენებლობა გონიოში 12-სართულიანი სახლის გვერდით, პლაჟთან
ამ შემთხვევაში მშენებელი ცდილობს ორ მაღლივ სახლს შორის დარჩენილი ვიწრო სივრცით ისარგებლოს ისე, რომ ზღვის ხედი მისი შენობის ფანჯრებსაც შეხვდეს
ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი #99
სვიმონ კანანელის ქუჩა, #65

აქ მიმდინარე მშენებლობებზე კომპანიებს უმეტესწილად არ აქვთ განთავსებული საინფორმაციო დაფა, ან მათი უმეტესობა არასრულია და არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

აქ საინფორმაციო დაფა საერთოდ არ აქვთ, არც ადგილზე დაგვხვდა ვინმე. შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, რა მასშტაბის მშენებლობაა დაწყებული. ფასადის მოპირკეთებას თუ მივაქცევთ ყურადღებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მშენებლობა სრულდება, თუმცა ზედა სართულზე ამოსულ ხიმინჯებს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კიდევ რამდენიმე სართულს დააშენებენ.
გონიოში შეიძლება შეგხვდეთ ისეთი მშენებლობა, რომლის შესასვლელის პოვნაც გაგიჭირდებათ – მაგალითად, ამ კარკასის ირგვლივ [რომელიც სახლებს შორის მოჩანს, ] სულ შენობებია, ოთხივე მხარეს.
სამშენებლო მოედანზე უმეტესწილად დაგვხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. გვითხრეს, რომ უფროსები ადგილზე არ არიან.

„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაში სწორედ დასაქმების მიზნითაა წასული. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქალები სამუშაოს მოძიებას ცდილობენ, მეზობელი თურქეთია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, საქართველოში მცხოვრები ქალების ნაწილი, ვინც თურქეთში მუშაობდა, ისევ უმუშევარად დარჩა. ქალების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საზღვარს კვეთდნენ, 40 წლის და უფროსი ასაკის არიან. სწორედ ამ ასაკის ქალებს უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოში დასაქმება.

„თქვენი ასაკი ქალბატონო? – 53 წლის… ბოდიში, მაგრამ ვაკანსია აღარ გვაქვს“, –  53 წლის ქეთი კუტუბიძეს არაერთხელ ჰქონია მსგავსი დიალოგი დამსაქმებელთან. ის ამბობს, რომ პირისპირ საუბარშიც და განცხადებებშიც ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელი 40-45 წლამდე ქალებს ეძებს. უფრო დიდი ასაკის ქალების აყვანა ხშირად ისეთ პოზიციებზეც კი ჭირს, როგორიცაა მრეცხავი, მზარეულის დამხმარე და ა.შ.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თურქეთში სამუშაოს მოძიება. იქ ასაკის გამო პრობლემა რა შემქმნია, ყოველ შემთხვევაში ხაზგასმით არ მიუნიშნებიათ, ჩემზე ახალგაზრდას  რომ ეძებენ. მთავარია არ იზარმაცო და იმუშაო“, – გვეუბნება ქეთი.

მისი თქმით, იმისა გარდა, რომ ქართველი დამსაქმებელი დაბალანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობს, მოთხოვნები ძალიან მაღალი აქვთ. „ინგლისური, რუსული, თურქული – ყველგან ხომ მინიმუმ სამ ენას ითხოვენ, თითქმის არ გინაზღაურებენ ზეგანაკვეთურ შრომას. ერთ-ერთ სასტუმროში ორ პოზიციაზე ვმუშაობდი და 300 ლარს მიხდიდნენ. დილის ათი საათიდან საღამოს 11:00-მდე უნდა მემუშავა ამ ხელფასად. ეს ხომ არაადამიანურია“, – ამბობს ქეთი.

ის საუბრობს სხვა ტიპის პრობლემაზეც: „ხშირია შემთხვევა, როცა გეკითხებიან გყავს თუ არა ქმარი, მოკლე კაბას ჩაიცვამ თუ არა. თუ ეტყვი, რომ არ გყავს, მაშინ უფრო ჩაგიღრმავდებიან. არც ის მოსწონთ, თუ პატარა ბავშვები გყავს, უნდათ, რომ მთელი დრო მათ დაუთმო, გვიან ღამემდე იმუშაო თუ საჭიროა, მაგრამ დაბალ ხელფასად“.

„თუ არ მოგწონს მიბრძანდი!“ – ეს არის ყველაზე ხშირი ფრაზა, რასაც დამსაქმებლისგან ისმენენ საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს იაფი მუშახელის ადვილად პოვნის იმედი აქვს, სამუშაოს მაძიებელს კი, ნაკლები არჩევანი. „სწორედ ამით სარგებლობენ დამსაქმებლები და გაიძულებენ პურის ფულის ფასად იმუშაო. შენ წახვალ, სხვა მოვა, შენზე ან შენსავით გაჭირვებული“, – ამბობს ქეთი.

პანდემიამდე ქეთი თურქეთში, ქემალფაშაში მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. ამბობს, რომ დამსაქმებელი დღეში 40-50 ლარს უხდიდა, მაშინ, როცა ქართველი დამსაქმებელი 10-12 ლარს იხდის ამავე დროში. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ უმუშევარია. ქალების პერმანენტული აქციების ფონზე დასაქმების სააგენტო საათობრივ სამუშაოებს სთავაზობდა, ან საერთოდ არაფერს.

„ბუნებრივია, ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ პანდემიის გამო ისედაც ბევრი სამუშაო დაიკარგა. სადაც ვრეკავ, ასაკის გამო არც იქ ავყავარ, ან ანაზღაურებაა მიზერული. ერთხელ დამირეკეს და ბინების დალაგება შემომთავაზეს,  ანაზღაურებაზე რომ ვკითხე, მითხრეს – „შევხედავთ“.  უნდა წახვიდე მთელი დღეები იმუშაო და ის „შეხედავს“ თურმე. არ უნდა ვიცოდე წინასწარ, რას გადამიხდიან?“ – ამბობს ქეთი კუტუბიძე.

მაყვალა მალაყმაძე 44 წლისაა. პანდემიამდე ისიც თურქეთში მუშაობდა. სანამ მეზობელ  ქვეყანაში წავიდოდა, საბავშვო ბაღში მუშაობდა. „ხელფასი დაბალი იყო, ამიტომ გადაწყვიტა თურქეთში წასვლა. სხვა სფეროშიც იცით როგორი სიტუაციაა? თუ ეძებ დამლაგებლის სამუშაოს ან მრეცხავის შეიძლება ნახო, მაგრამ თუ გამოსაჩენ პოზიციაზე ხარ, მაგალითად, მიმტანი ხარ, ან სასტუმროში გინდა რამე პოზიციაზე, ასაკს ყურადღებას აქცევენ. ცდილობენ ახალგაზრდები აიყვანონ. ყველა ლამაზ გოგოს ან ბიჭს ეძებს. ასაკოვანი თუ ხარ, შეგიძლია რამე მიალაგ-მოალაგო შიგნით“, – ამბობს მაყვალა.

ციალა თებიძე 58 წლისაა. ამ მხრივ მასაც მტკივნეული გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ასაკობრივი დისკრიმინაციის წახალისება სააკაშვილის დროს დაიწყო, როცა ახალგაზრდების დასაქმებაზე კეთდებოდა უფრო მეტი აქცენტი.

„40 წლის ზემოთ აღარავის უნდოდა. ამიტომ, ჩვენი ასაკის ხალხი ვაჭრობაში გადავიდა. სადმე რესტორანი ან სასტუმრო თუ არის, ყველგან ახალგაზრდები უნდათ. როცა ვეუბნები, რომ 58 წლის ვარ, იშმუშნებიან და უარს გეუბნებიან“, – ამბობს ციალა.

სხვა ასაკოვანი ქალების მსგავსად ციალაც თურქეთში წავიდა სამუშაოს საშოვნელად. „ოქროს ბირჟაზე ვმუშაობდი ბათუმში, სესხი ავიღე ძალიან დიდი და ახლაც ჩემი სახლი ბანკს აქვს გადაფორმებული. იძულებული ვიყავი სხვაგან მომეძებნა სამუშაო. თეთრეულის მაღაზიაში დავსაქმდი და არავის უკითხია, რამდენი წლის ვიყავი“.

ციალა ამბობს, რომ თურქი დამსაქმებელი ახლაც სთხოვს სამუშაოს დაუბრუნდეს, თუმცა პანდემიის გამო, მაღაზიებში ვაჭრობა შემცირდა. „თუ საქართველო-თურქეთის საზღვარი არ გაიხსნა, არც იქ აქვს მუშაობას აზრი, რადგან ქემალფაშაში ძირითადად ქართველები ვაჭრობდნენ და საზღვრის ჩაკეტვა ვაჭრობაზე მტკივნეულად აისახა“.

თუ საქართველოში არსებულ ვაკანსიებს გადავხედავთ, განცხადებების უმრავლესობაში მითითებულია, რომ დამსაქმებელი ორი უცხო ენის ცოდნას და რამდენიმე წლიან გამოცდილებას ითხოვს. ხშირია დამსაქმებლის მხრიდან კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე ან ოჯახურ მდგომარეობაზე  მითითებაც, რაც დისკრიმინაციად მიიჩნევა.

მაგალითად, 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ისეთი ვებგვერდები, სადაც ყველაზე ხშირად წაიკითხავდით დისკრიმინაციულ განცხადებებს დასაქმებაზე. ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ მსგავსი დეტალების მითითება ვაკანსიაში სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

________________________________

მთავარ ფოტოზე: მაყვალა მალაყმაძე, ქეთი კუტუბიძე და ციალა თებიძე

5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში

პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ.

ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ ტონად აღიქმება?

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 16 ტურისტული კომპანიის ტუროპერატორებმა, სანამ საზღვრები ჩაკეტილია, დრო გამოიყენეს და აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში იმოგზაურეს 5 დღით. ახალი ადგილები მოინახულეს, აქამდე უცნობი გემოები აღმოაჩინეს, მოინიშნეს საოჯახო სასტუმროები, მარნები და სამზარეულოები, სადაც ყოველთვის დაგახვედრებენ არომატული ღვინის მრავალფეროვან არჩევანს და უგემრიელეს კერძებს. მაგალითად ასე:

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის, რომელსაც იმედია ღია საზღვრებით შევხვდებით, ტუროპერატორებმა უკვე იციან, რომ ტურისტებს სრულიად ახალ, მაღალმთიანი აჭარის ჯადოსნურ, მწვანე ტურებს შესთავაზებენ. ეს თამარ ღონიაშვილის ფოტოამბავია ხოლოში მოგზაურობიდან. ამ დღეს ჯგუფი მწვანე ტბას სტუმრობდა, სადაც მემთეურთა ხისქოხებიან სოფელში მიმავალ გზას მიყავხართ.

მწვანე ტბაზე ასვლამდე ინფოტურის მონაწილე ტუროპერატორებმა სხალთის მონასტერი მოინახულეს, ციცაბო აღმართით შუასაუკუნეების ხიხანის ციხის რთული მარშრუტი გაიარეს. XIII საუკუნის ხიხანს ადგილობრივი გიდის თქმით აქ  თამარის ციხესაც უწოდებენ. ციხის მწვერვალიდან ხელისგულივით მოჩანს სხალთის ხეობა და შუამთის ულამაზესი ტბა.

Security Check Required

null

 

ინფოტური ხიხანის ციხეზე.
ხიხანის ციხე.

სხალთის ხეობის მონახულების დღე ადგილობრივი ტუროპერატორის, ლაშა მიქელაძის სახლში დასრულდა. მწვანე ეზოში გაშლილი სუფრა, შთაბეჭდილებებით დატვირთული, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღის დასასრულს მსუბუქი ღვინო და შემწვარი კალმახი ლაშას აუზიდან – ასეთი იყო დღის დასასრული სხალთის ხეობაში, მაგრამ ეს არ იყო ტურის დასასრული.

ინფოტური
ტუროპერატორები ხიხანის ციხეზე.

მოგზაურობა ღორჯომის თემისკენ გაგრძელდა. მიიჩნევა, რომ აქ ყველაზე ავთენტურადაა შემორჩენილი მაღალმთიანი აჭარის ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო.

ტუროპერატორები სოფელ დიდაჭარის მეჩეთის ეზოში.

დაუვიწყარი იყო ღორჯომში 1902 წელს აგებული, საქართველოში ყველაზე დიდი ხის მეჩეთი, რომელიც ლაზმა ოსტატებმა ააშენეს. მეჩეთი ხუთი გუმბათითაა შემკული და ვრცელი სალოცავი დარბაზი აქვს. ღორჯომელებმა საბჭოთა კავშირის დროს დანგრეული მეჩეთი აღადგინეს და ინტერიერი კი ძველი შენობის მიხედვით მოხატეს. დიდი, ფერადი მეჩეთის მოხატულობაში თვალს მოგჭრით ათასგვარი ყვავილის, მცენარის ორნამენტები და ორთქლის გემების გამოსახულებები.

ღორჯომის მეჩეთი.

ამავე დღეს სოფელ დიდაჭარის ახალი მეჩეთიც ნახეს ინფოტურის მონაწილეებმა და სოფელ განახლების მარანში ტრადიციული, აჭარული კერძები დააგემოვნეს დირბულას ღვინის თანხლებით. დირბულა ველური ჯიშის ყურძენია, რომლისგანაც შარდონეს მსგავსი, სურნელოვანი და მძიმე, შავი ღვინო მზადდება. დირბულას სვამენ ძალიან ცოტას, მხოლოდ დასაგემოვნებლად და იშვიათად.

სადილი სოფელ განახლებაში. ფოტო: პაატა ვარდანაშვილი.

ეს დღე სოფელ თაგოში თითქმის ორკილომეტრიანი საბაგირო გზის გავლით დასრულდა. თაგო მთაზე შეფენილი პატარა სოფელია ხულოს სიახლოვეს, სადაც წითელი საბაგიროთი შეგიძლიათ გადასვლა. სოფლიდან ხეობაზე ულამაზესი ხედები იშლება, ცაზე ღრუბლები დაცურავს და ჰაერი წარმოუდგენლად სუფთაა, მარტივი მიზეზის გამო: აქ მანქანები თითქმის არ დადიან.

სალომე ხინიკაძე დასავლეთ საქართველოში პოლონური ტურისტული კომპანია ITAKA-ს წარმომადგენელი და ინფოტურის ერთ-ერთი მონაწილეა. აქამდე ყოველთვის მხოლოდ ქედაში დადიოდა, ახლა პოლონელი ტურისტებისთვის ხულოში ტურების დაგეგმვაზე ფიქრობს.

„მიხარია, რომ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხულო მოვინახულეთ. ინფოტურები რეგიონის პოტენციალის რეალურად დანახვასა და კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ინიციატივაა, რის შედეგსაც ძალიან მალე ვნახავთ” – ამბობს სალომე.

ტუროპერატორ პაატა ვარდანაშვილს ერთი კვირის წინ ჰყავდა წაყვანილი 25 კაციანი ტურისტული ჯგუფი ესტონეთიდან ერთი დღით, გოდერძის მოსანახულოებლად. თუმცა ინფოტურის დასასრულს გვითხრა, რომ 5 დღეში უამრავი რამ ნახა და ეს დაეხმარება სამომავლოდ ხულოში ტურისტებისთვის ბევრად უფრო ხანგრძლივი ტურები დაგეგმოს.

„ვნახეთ არაერთი ადგილი სად შეიძლება ღამისთევა, გემრიელად ჭამა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ეს ყველაფერი სასარგებლო ინფორმაცია და კონტაქტებია. მე და ჩემი მეგობრები, რაც გოდერძი გაიხსნა ყოველ სეზონზე დავდივართ აქ ზამთარში სასრიალოდ.

ხიხანის ციხეზე ძირითადად ადგილობრივი, ქართველი მოლაშქრეები დამყავს, ვაპირებ მომავალში ეს რთული მარშრუტი უცხოელებსაც შევთავაზო. მე პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან ვმასპინძლობ ტურისტებს. არამხოლოდ მათთვის, ადგილობრივებისთვისაც  აღმოჩენა იქნება ზემო აჭარის ბუნება და სამზარეულო, რასაც სხვაგან ვერსად დააგემოვნებ: სინორს და ბორანოს მაგალითად საქართველოში ვერსად გასინჯავ, შეიძლება სახელიც კი არ იცოდეს ბევრმა ამ კერძების” – ამბობს პაატა ვარდანაშვილი.

პაატა ვარდანაშვილი. ტუროპერატორი.

ტური გაგრძელდა ბეშუმში, მწვანე ტბაზე და გოდერძის ალპურ ბაღში, ზღვის დონიდან 1960 მეტრზე.

ეს ია ცეცხლაძის 5 დღიანი თავგადსავალია აჭარაში, ერთად თავმოყრილ ფოტოებად. იაც ტუროპერატორია. რაც მან ხუთ დღეში ნახა, სამომავლოდ სხვებსაც გაუზიარებს და აჩვენებს ადგილებს, სადაც სექტემბერში თავად იყო.


16 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, 5 დღიანი საინფორმაციო ტური ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში  გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა  ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას და ტურიზმის სფეროში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

ტურიზმის განვითარება სოფლად წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია

კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში.

„თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი ძალიან გავრცელდება“, – განაცხადა ვალენსის კოლეგამ, კრის უიტიმ, გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, იმავე ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ თუ კურსი არ შეიცვალა, ქვეყანა ძალიან რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

უცხოური მედია წერს, რომ მრჩეველთა კომენტარებმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ მთავრობა მეორედ გეგმავს საყოველთაო „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ან სხვა მკაცრი ზომების შემოღებას. CNN-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლოს გააკეთებს.

კვირას, 20 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში COVID19-ით დაინფიცირების  3899 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვალება დაფიქსირდა.

შემთხვევების ზრდამ უკვე გამოიწვია ლოკალური დაბლოკვები და საგანგებო ზომების შემოღება ქვეყნის ბევრ ნაწილში. შაბათ-კვირას მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინგლისში საკარანტინო და თვითიზოლაციის ზომების დარღვევისთვის პირი £10,000-ით ($12,800) დაჯარიმდება.

_______________________

მთავარ ფოტოზე: ლონდონი, 2020 წლის 19 სექტემბერი. წყარო: ksn.com

2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ

დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ორ სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში შეწყდა კორონავირუსის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების გამო. ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, დისტანციურად გააგრძელეს სწავლება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის სკოლის მოსწავლეებმა.

სოფელ შრომაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს პირველკლასელს.როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ გვითხრა, მისი ინფორმაციით, ბავშვს ორჯერ აუღეს ტესტი კორონავირუსზე, მოსწავლე ახლა სახლშია და ჯერ ტესტის პასუხს ელოდებიან, მანამდე კი სკოლის 27 მოსწავლე და 12 მასწავლებელი დისტანციურად აგრძელებს სწავლას.

„ბავშვს სიცხე არ ჰქონდა, ყელი სტკიოდა და მშობელმა წაიყვანა ქობულეთში, რეფერალურში. მერე მოაკითხეს და ისევ აუღეს ტესტი, მოსთხოვეს გადაყვანა, მაგრამ არ გადაუყვანიათ და არის იზოლირებული, სახლში, ელოდებიან ტესტის პასუხს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“,  – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

სწავლება შეწყდა სენაკის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაშიც. აქ ორ მოსწავლესა და სკოლის ერთ მასწავლებელს დაუდგინდა კორონავირუსი.

„დღეიდან გადავედით ონლაინსწავლებაზე. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს თვითიზოლაციის რეკომენდაცია, თვის ბოლომდე ასე იქნება ალბათ, მერვე დღეს ისევ გაგვიკეთებენ ტესტს. ბავშვები და ის პედაგოგიც კარგად გრძნობენ თავს, არ აქვთ სიცხე, კლინიკაში არიან გადაყვანილი“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა, მერაბ დარჯანიამ.

საქართველოში სკოლებსა და სასწავლებლებში სწავლის განახლება პირველი ოქტომბრიდან იგეგმება.

 

ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ.

„სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის N2-476/11 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სერგო გოგიტიძეს ჩამოერთვა ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N54-ში უძრავი ქონება“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ერთ-ერთ განცხადებაში.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, სარგებლობაში [10 წლით] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 2020 წლის აპრილში გადაეცა. შენობის ორივე სართულის საერთო ფართობი 177 კვ.მ-ია.

შენობა ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 54-ში, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისი განთავსდება /20,09.2020

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ტენდერი გამოცხადებული აქვს, სადაც წინადადების მიღება 29 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა 54 / შენობის ფასადი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან

შენობის სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებითი ბარათი: „ქალაქ ბათუმში მაზნიაშვილის N54-ში არსებული შენობა მდებარეობს ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში, რომელსაც ექსპლოატაციაში გადაცემიდან დღემდე არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღნიშნული შენობა საჭიროებს კონსტრუქციულ გამაგრებებს… ოთახების განლაგება მოეწყო დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. სახურავზე ასასვლელი კიბე და სახურავის ოთახი პროექტის მიხედვით. სახურავზე მოეწყოს ლითონის კონსტრუქციებისაგან დეკორატიული ხეივანი. შეიცვალოს შენობის კარ-ფანჯრები მთლიანად, მოეწყოს ალუმინის კარ-ფანჯრები… მოეწყოს ელექტროსისტემა და გათბობა-გაგრილების სისტემა პროექტის მიხედვით… ყველა პრობლემატური საკითხი, ასევე სავარაუდო ცვლილება, მშენებლობის ორგანიზაციის მხრიდან შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან“.

ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კოვიდინფიცირებულის მონახულებაა, რომლის საშუალებაც ექიმმა კლინიკაში მისულ კაცს არ მისცა.

„…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა.

„ბათუმელებთან“ კომენტარი არ ისურვა ექიმმა ჯუმბერ ბოლქვაძემ. მან დაგვიდასტურა მხოლოდ ის, რომ ფიზიკურად შეურაცხყვეს და „განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი.

პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს

ავტორი: შოთა გუჯაბიძე 

ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი

___________________________

ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ.

პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში.

უფროსი შვილი იყო გიორგი გიგინეიშვილის შეძლებულ ოჯახში.

სამი ძმა და ორი და ჰყავდა.

როიალი ჰქონდა გიორგის ჯურუყვეთში და პლატონმა ბავშვობაშივე ისწავლა დაკვრა.

შეძლების გარდა გიორგი ჭკუასაკითხავი კაცი იყო და თურქებთან მოლაპარაკებაშიც მიუღია მონაწილეობა ბათუმის მორიგი ოკუპაციისას. მოლაპარაკება სამეგრელოში გამართულა დადიანის სასახლეში და იმდენად მოხიბლულა კნეინა დადიანი გიორგით რომ, მიბრძანდით საჯინიბოში და ნებისმიერი ცხენი ამოირჩიეთო, უთხოვია. ადგა გიორგი და ერთ თეთრ ცხენს დაადგა თვალი. არადა ქალბატონის საყვარელი ცხენი ყოფილა მაინცდამაინც ის, მაგრამ თავის სიტყვას ხომ აღარ გადავიდოდა ქალბატონი.

პლატონმა განჯის პრესტიჟული გიმნაზია დაამთავრა და ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სტუდენტობის დროს უკვე ცოლი ჰყავდა. ნატა მამულაიშვილიც მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ პლატონი სწავლისას ექიმ-ინტერნად მუშაობდა და თავად არჩენდა ოჯახს. პირველი ქალიშვილიც ოდესაში გაუჩნდათ, რომელიც მერე გერმანიაში დაამთავრებს კონსერვატორიას.

სწავლა რომ დაამთავრა, პროფესორი ივანოვსკი კათედრაზე ტოვებდა ოდესაში, მაგრამ არ დარჩა და ხერსონის ოლქში იმუშავა 1904 წლიდან და იქვე მოუსწრო ცხრაასხუთმაც. 1905 წლის რევოლუციის დღეებში “რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს” ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შველოდა შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე.

1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდა. მაშინვე დანიშნეს შტატგარეშე ორგანიზატორად სტაციონარში, ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

ბავშვთა სახლები გახსნა მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში.

1922 წლიდან თერაპიულ განყოფილებას განაგებდა, იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. თერაპიული განყოფილება მანვე დააარსა და 1942 წელს თამარ ბეთანელმა გადაიბარა. თამარი ძალიან სახელიანი ექიმი იყო ქალაქში, პლატონის კარის მეზობელი და მერი მონათლა, პლატონის უმცროსი ქალიშვილი, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე.

პლატონ გიგინეიშვილის სახლი მარიას გამზირზე
პლატონ გიგინეიშვილის სარეკლამო განცხადება გაზეთში

პლატონის ოჯახი ჯერ ფოსტასთან ცხოვრობდა მარიას პროსპექტზე, მერე იმდენი შემოსავალი გაუჩნდა თავისივე საქმიანობით, რომ ორსართულიანი სახლი შეიძინა 1913 წელს იმავე ქუჩის 41-ში, რომელიც ებრაელმა კომერსანტმა ააშენებინა იტალიელ არქიტექტორს 1898-ში.

ფერიის მთაზე შვიდი ჰექტარი მიწა იყიდა და ბაღი გააშენა მთლად უცხო ჯიშის ხეხილით და სხვა ნარგავებით. მათ შორის ციტრუსით, რომელიც უცხო ხილი იყო მაშინ საქართველოში. გასაყიდადაც კი გაჰქონდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში 9 ვაგონი მანდარინი, სანამ კომუნისტებმა არ მოუსწრეს და არ ჩამოართვეს. შენობა ახლაც დგას ბაღში, რომელიც პლატონმა საწყობად ააშენა. ხელვაჩაურის მეურნეობას გადასცეს მერე.

კეჩხობში ჰქონდა აგარაკი.

იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე უფლისწული ალექსანდრე ჰემოფილიით იყო ავად და საქართველოს ჰაერი ურჩიეს ექიმებმა დიდი განსჯის მერე. დიდხანს ეძებდნენ ადგილი აგარაკისთვის. დაიწუნეს ბორჯომი და ბოლოს კეჩხობის ჰავა მოეწონათ. რომ აღარ გაამართლა ჰავამ, ხელი ჩაიქნიეს და 1916 წელს იყიდა ეს აგარაკი პლატონმა ნიკოლოზის ძმისგან.

იყო ბათუმის თვითმართველობის წევრი 1902-1910 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

მერე მოვიდნენ კომუნისტები. ჩამოართვეს ფერია, ჯურუყვეთი, კეჩხობი.  ბათუმის სახლს არავინ გაკარებია, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის კი არა, გასაბჭოებისთანავე იხმეს რევკომში და სამკურნალო დაწესებულებების და თავშესაფრების შენობები და მთელი ქონება ჩააბარეს.

ამ სახლიდან გაასვენეს პლატონის დედა და მამა, რომლებიც ჯურუყვეთიდან წამოიყვანა პლატონმა გასაბჭოების მერე. არც იცოდნენ მოხუცმა მშობლებმა გაკულაკებულები რომ იყვნენ და ლამაზ სახლში კანტორა რომ გაუხსნეს ბოლშევიკებმა. იწევდნენ სოფლისკენ და არ უშვებდა შვილი, საშიშია იქო. სტუმარს კარებშივე ახვედრებდნენ ბავშვებს, სახლზე რომ არაფერი წამოსცდენოდათ.

ისე მიაწიეს 1930-ანებამდე, სიმართლე არ გაუგიათ და მშვიდად ჩაესვენნენ სოუქსუზე.

აკადემიკოსმა ვირსალაძემ ერთხელ 12 წლის ბიჭი გამოუგზავნა თბილისიდან, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა, იქნებ შეიფაროო და მოუაროო. პლატონი თანაშემწედ ამუშავებდა პაციენტების მიღების დროს. კარს აღებდა და შემდეგიო, იძახდა. შემდეგ გაიზარდა მიშა და პლატონმა ფაიტონზე დასვა. კიდევ გაიზარდა და დააოჯახა. პლატონმა ხელფასი დაუნიშნა და სტაჟიც ემატებოდა სობესის წყალობით. გაუჩნდა შვილები, ოჯახის წევრებად იქცნენ.

ერთხელაც პლატონმა ფაიტონით ჩაიარა პარკთან მიშასთან ერთად. კულტურის და დასვენების პარკი ერქვა მაშინ. კარვები იყო გაშლილი ტბის პირას. რაღაც უცნაური ხმა მოესმა. ფაიტონი გააჩერებინა მიშას და მიაყურადა. ტირილის ხმა იყო. მიჰყვა ხმას და ერთ კარავში მომაკვდავ ახალგაზრდა ქალს დასტიროდა მეორე ახალგაზრდა ქალი. დები აღმოჩნდნენ ცოცხალიც და ცოცხალ-მკვდარიც. მსახიობები ყოფილან დაბანაკებულები და ერთი ძალიან ცუდად გამხდარა მოულოდნელად. გასინჯა პლატონმა. ავადმყოფს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და გონებაც დაეკარგა. აშკარად ტიფის სიმპტომები იყო სახეზე. მიშა დაიხმარა, ფაიტონში ჩაისვა ავადმყოფი და მისი და და სახლში წაიყვანა სასწრაფოდ. ინფექციური ავადმყოფის სახლში მიყვანა პატარა რისკი არ იყო, როცა ტიფი სიკვდილს უდრიდა იმ დროს.

რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ დები პლატონისას. პაციენტი გადარჩა და აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძე, მისი და კი მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელიას დედა. მერე პლატონსაც შეეყარა ტიფი, ტიფთან მებრძოლი საზოგადოების თავმჯდომარეს და ისიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ქალი მიადგა ერთხელ სახლს პატარა ბავშვით, ღამე გაგვათევინეთო. 1933 წელი იყო. გაიზარდა ეს პატარა გოგონა, გათხოვდა, გამრავლდა და ამ სახლშივე გარდაიცვალა სიბერეში.

ოჯახს თუ შეატყობდა, რომ უჭირდა სხვა ფერის რეცეპტს უწერდა პაციენტს. რეცეპტს აფთიაქში ცნობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. თავად იხდიდა მერე პლატონი, მისი ჯიბიდან. ხანდახან ფულიც რჩებოდა შემთხვევით პაციენტის ოჯახში, რეცეპტის ქვეშ.

წუხდა ხშირად, რომ არ ჰქონდა საშუალება ყველა ავადმყოფს დახმარებოდა ჯერ საქართველოს და მერე აჭარის დამსახურებული ექიმი.

სერგო ჩამოვიდა ერთხელ ბათუმში, ორჯონიკიძე და ავად გახდა. მიიწვიეს პლატონი სასტუმრო “ინტერნაციონალში”. წარმოსადეგი კაცი იყო პლატონი და ნომერში რომ შევიდა მის დანახვაზე გადაუარა სერგოს ავადმყოფობამ და მოვრჩიო, განაცხადა. მერე პლატონი გახდა ავად ფილტვების ანთებით და პენიცილინის შოვნა რომ წარმოუდგენელი იყო, ძმამ დეპეშა გაუგზავნა სერგოს კრემლში, ძმა რესპუბლიკის დამსახურებული იურისტი იყო, ნიკოლოზ გიგინეიშვილი. სერგომ გამოგზავნა პენიცილინი თუ სტრეპტომიცინი და გადარჩა პლატონი.

ფრანგულს და ფორტეპიანოს ასწავლიდა ბავშვებს ოჯახში და მასწავლებლებიც აქვე ცხოვრობდნენ. განსაკუთრებით მკაცრი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო. ინსტრუმენტთან არ დასვამდა მერის, თუკი ფეხსაცმლის ზონარი შეხსნილი ჰქონდა.

სულ სტუმრიანობა და მიღებები იმართებოდა აწ უკვე ინტერნაციონალის 41-ში.

პლატონ გიგინეიშვილი. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

დიდი ჯაზმენი ედი როზნერი ჩერდებოდა გასტროლების დროს, მაგრამ ჯანმრთელი კაცი იყო და პლატონი მხოლოდ მასპინძელი იყო მისი. ზურაბ ანჯაფარიძე, ნადეჟდა ხარაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და კიდევ ბევრი სხვა ცხოვრობდა ამ სახლში. არკადი რაიკინმა სახელი დაარქვა პლატონის შვილიშვილს, როცა პლატონი დიდ ძებნაში იყო სახელის. არკადი გასტროლებზე იყო მაშინ ბათუმში და პლატონთან ცხოვრობდა, რაღათქმაუნდა.

1949 წელს ავად გახდა. ექიმები მორიგეობდნენ და ყოველდღე კარზე აკრავდნენ განცხადებას სათაურით – “ჯანის სისაღე”. მოდიოდნენ ახლოდან და შორიდან. რიგები იდგა კართან და ხმამაღლა კითხულობდნენ განცხადებას წერა-კითხვის უცოდინართათვის.

როცა უკვე ძალიან დამძიმდა პლატონის ჯანმრთელობა, ის იყო რიგს რომ ერთი კაცი გამოეყო, მალევე დაბრუნდა და ერთი კონა თივა მოიტანა. სხვებმაც მიბაძეს და მთელს ქუჩაზე დააფინეს თივა, მომაკვდავი ექიმი ქუჩის ხმაურს რომ არ შეეწუხებინა.

იმ განცხადების ადგილას ახლა მემორიალური დაფაა გაკრული, – ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე აქ პლატონ გიგინეიშვილი ცხოვრობდაო.

პლატონის უმცროსი ქალიშვილი მერი დღესაც ამ სახლში ცხოვრობს, ახსოვს ეს ყველაფერი. ის 2014 წლის 13 ივლისს ას ერთი წლის გახდა.

_____________________

მთავარ ფოტოზე: პლატონ გიგინეიშვილი, ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან.

„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა

„ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკამ, სადაც კორონავირუსზე უფასოდ ტესტირებაა შესაძლებელი, ბათუმში პაციენტების მიღება განაახლა. ამ პოლიკლინიკამ მუშაობა 17 სექტემბერს შეაჩერა, როცა სამედიცინო პერსონალიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ კლინიკის თანამშრომლებს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექციაც. ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა აგრძელებს საქმიანობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვით,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 92 შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით – 193.

ბსუ-მ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია;
  • ისტორია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • სპორტი;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ბსუ-ს ინფორმაციით, პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრის, ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის,  ან სრული ზოგადი და შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, რომელიც მსურველებმა 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@bsu.edu.ge.

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს ვებგვერდზე.

პროგრამა პედაგოგებისთვის უფასოა, მას ბიუჯეტი აფინანსებს.

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი.

თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის: PSP-ს, „ნიკორას“ და“ სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით – 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და 0%-იანი საკომისიო ტარიფით – ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე.

აქციის სუპერ პრიზს – 20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის.

თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი:

[checklist]

  • ინტერნეტ და მობაილბანკიდან – www.tbconline.ge
  • ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე – 032 2 272727

[/checklist]

გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან.

თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT, ისრაელის გზავნილები World com finance.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/moneytransfercampaign

30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად განაცხადის წარდგენა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. გრანტების გაცემა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან.

გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს: „განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა, ეს ნიშნავს ბიზნესიდეის შეთავაზებას, ასევე იქნება შეკითხვები, რომლებსაც განაცხადის წარმდგენი უპასუხებს“.

ბიზნესიდეების გაგზავნა 18 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, დაფინანსდება „სილამაზის სალონის, ავტოტექმომსახურების, საცხობის, საოჯახო სასტუმროს მოწყობისა და სხვა ბიზნესიდეები“.

„ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე.

რეგიონების მიხედვით პროგრამის განხორციელებისთვის „აწარმოე საქართველოში“ კონტრაქტორ კომპანიებს ტენდერებით გამოავლენს. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, თუმცა 21 სექტემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებები ჯერ გაფორმებული არ არის.

პროგრამის ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები ნახეთ აქ.

აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე:

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი არანაკლებ 150 მაყურებელზე.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი. პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობასაც.პროექტის ღირებულებაა 3 369 897 ლარი.სამუშაოების დასრულების ვადა 21 თვე.

მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.ახალი შენობის აშენებამდე მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ქვედა სამების სკოლაში. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

სკოლაში ამჟამად სწავლობს 250 მოსწავლე.

აჭარაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 საათის მონაცემი

21 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის  92 ახალი შემთხვევა დადასტურდა – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 193 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და  1534 -ია.

21 სექტემბრის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 4988  ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება – 836.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა.

Exit mobile version