Batumelebi | „მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე „მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე – Batumelebi
RU | GE  

„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე

„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა.

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ამას აკეთებს? რეალურად რა მდგომარეობაა კლინიკებში და რა გველოდება, თუკი „ლოქდაუნი“ ისევ გამოცხადდება? – „ბათუმელები“ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა, „ევროპული საქართველოს“ წევრს და ნიუ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსს.

  • ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ იმის ჩვენება, რომ იმ ექიმებს უსმენს, ვისაც აქამდე არ უსმენდა? ამ ექიმების გზავნილი ახლაც იგივეა – შეზღუდვების გამკაცრება.

ცხადია, რომ ხელისუფლება ემზადება „ლოქდაუნისთვის“ და ეს სჭირდება, ასე ვთქვათ, შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“. უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ ესაა ახლა საჭირო. თუმცა ექსპერტები აქამდეც ამას ამბობდნენ. მეც ამას ვამბობდი აპრილიდან, რომ ეპიდსიტუაციის მართვა ასე არ შეიძლებოდა… მთავრობას რეალურად გაექცა ხელიდან ეპიდემიის მართვის სადავეები, ჰოსპიტალური სექტორი მზად არ არის და ეს სახეზეა. ამიტომ ის იძულებულია, რომ ეს გამოაცხადოს. აქ პოლიტიკური კონტექსტიც არის: ოპოზიციას დააბრალეს, რომ საპროტესტო აქციებია პრობლემაო. რეალურად მობილობის შემცირებით ხელისუფლება იოლად შეძლებს, მათ შორის საპროტესტო ტალღის კონტროლს. გუშინაც მთავარი მესიჯი ეს იყო, დაწყებული ხუნდაძიდან დამთავრებული ვიცე-პრემიერით… მთელი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური სისტემა მოუმზადებელია და უნდათ, რომ ყველაფერი გადააბრალონ ოპოზიციას. რეალური პრობლემა კი არის ეპიდემიური სიტუაციის არმართვა. აჭარა ამის კლასიკური მაგალითია.

  • რა არის ეს კონკრეტული პრობლემები დღეს? გარდა პოლიტიკური აქტივობისა, თქვენ სამედიცინო სექტორში მუშაობთ. 

გუშინ საღამოს, მაგალითად, ბათუმში არცერთი სუნთქვის აპარატი არ იყო თავისუფალი და ეს არის ოფიციალური განაცხადი მთავრობისაც, თვის ბოლოს ელიან 50 აპარატის დამატებას. ეს ტრაგედიაა. გამოჩნდა, რომ არ იყო მომზადებული ჰოსპიტალური სექტორი, ოჯახის ექიმი, 112… ჩვენ მაისის შემდეგ ფაქტობრივად მიზანმიმართული და ორგანიზებული ეპიდემიოლოგიური აქტივობა არ გვქონია, არ დაგვიტესტია მასობრივად მოსახლეობა, არ ჩაგვიტარებია სრული ტესტირება. შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს სისტემის მოსამზადებლად.

სექტემბერში, როდესაც ბათუმში ეპიდემია დაიწყო, ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ამას და არა მარტო ჩვენ, ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობდა იმავეს, რომ შემოდგომა ძალიან მძიმე იქნებოდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. აჭარის ხელისუფლებამ მაშინ, როცა ინფიცირებულების რაოდენობა იზრდებოდა, მაგალითად, ბათუმში გააუქმა შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რაც ეპიდემიოლოგიურად აბსოლუტურად გაუგებარია. 800-ზე მეტ ტესტს ვერ ატარებდა აჭარა და 10 ათასზე გაიჭედა სისტემა სრულიად საქართველოში. ეს ყველაფერი ჯამში ვნებს ეპიდემილოგიურ ვითარებას, კონტროლს გაკარგვინებს და შედეგმაც არ დააყოვნა.

  • ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ, ხომ არ ვაგვიანებთ ისევ? 

ახლაც, რა თქმა უნდა, ვაგვიანებთ, მაგალითად, როცა კლინიკური პროტოკოლი არ იძლევა პაციენტის გაწერის საშუალებას, პაციენტების ნაკადის მართვას, ტესტირებას… ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით შეიძლება მასობრივად მოიცვა მოსახლეობა, ინფიცირებული მოსახლეობის დაახლოებით 70 – 75 პროცენტი, ისინი გავუშვათ იზოლაციაში და შევამციროთ ჯაჭვი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაგვიანებთ და ხელისუფლებამ ისე წაიყვანა საქმე, რომ რეალურად მობილობის შემცირების გარდა, არანაირი რესურსი არ დატოვა.

  • რატომ აწყობდა ეს ხელისუფლებას?

პირველ რიგში, ეს ცუდი მართვის ამბავია, მათ რეალურად ვერ შეაფასეს ვითარება, ამაზე გახარიამაც თქვა მთავრობის სხდომაზე, რომ ვერ შეაფასეს ის დარტყმა, რაც გველოდა. თუ გაიხსენებთ ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისს, მაშინ ამბობდნენ, რომ იქნებოდა ათეულები, ასეულები და ასე ეს არ გაიზრდებოდა, ანუ როცა არ ელოდები 4 ათასს, არ ემზადები ამისთვის. ჩვენ შესაბამისი კრიზისი მივიღეთ. მეორე არის პოლიტიკური კონტექსტი – ხელისუფლებას არ სურდა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გაღიზიანება ჩაკეტვებით. ჩაკეტვა ვერ იქნებოდა მომგებიანი პოლიტიკურად. ახლა როცა ლოქდაუნით შემცირდება ეს ციფრი, შემდეგ ისევ გამოგვიცხადებენ, რომ აი, გავიმარჯვეთ, რომ მსოფლიომ ჩვენგან უნდა ისწავლოს ეპიდემიის მართვა.

  • ანუ ისევ მოვისმენთ ამას? 

თუ ასე გააგრძელეს კი, ამას გვეტყვიან. სამწუხაროდ, არანაირი ნიშანი არაა, რომ ლოგიკური გადაწყვეტილებებისკენ მიდიან. მთავრობამ პოლიტიზაცია გააკეთა ამ პროცესის მარტიდანვე მისი პერსონალიზებით. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახადა, მთელი საარჩევნო კამპანიაც კორონავირუსზე იყო აგებული. შესაბამისად, დღესაც ამას იყენებს ხელისუფლება. შეზღუდვები რომ ამოქმედებულიყო თავის დროზე, ეს უკეთეს შედეგს მოგვცემდა.

  • რატომ არჩია ხელისუფლებამ ამჯერად იმის ჩვენება, რომ, მაგალითად, იმნაძეს ან გამყრელიძეს კი არა, ახლა კულუმბეგოვს და გურულს უსმენს? 

არ ვიცი. ზოგადად კულუმბეგოვს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან, ხოლო გურული ამ პოლიტიკური პიარის ნაწილად აქციეს. ამით მთავრობა აჩვენებს იმას, რომ თითქოს ყველა ჯგუფს ხვდება და ყველას აზრი ესაა. მეტი მიზანი ამას არ აქვს – ლოქდაუნი გამოცხადდება, რაოდენობა შემცირდება, ამასობაში ამოისუნთქავენ. ესენი ხომ ასე მოქმედებენ: მერე ვნახოთ რა იქნება.

  • რა იქნება, თქვენი აზრით? 

კარგი არაფერი, რომ არ დაგიმალოთ. ჩემი აზრით, ჯანდაცვის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ამას დაემატება ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის. ჩვენ გვჭირდება მასობრივი ტესტირება, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, ნაკადების უკეთესი მართვა და ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, როდის რა გააკეთოს, როდის აიღოს PCR, როდის არ აიღოს, როდის და როგორ მიმართოს ექიმს. ოთხივე მიმართულებით აქტიური ინტერვენციაა საჭირო, მაგრამ ამჯერადაც ამას არ იზიარებს ხელისუფლება.

  • რას ფიქრობთ საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე? 

არამგონია ეს ლოგიკური იყოს, რადგან ჩვენ მაგის პერსონალი და ტექნიკური აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში შესაბამისი რესურსი, მისი სწორი გამოყენებაა საჭირო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი