მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა

26.11.2020 • 4569
დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა

მეძუძური დედების რძე შესაძლოა  SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა. 

ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ კომფორტულად გააგრძელონ ძუძუთი კვება, – განუცხადა The Scientist-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პერინატალურმა ეპიდემიოლოგმა კრისტინა ჩემბერსმა, რომელიც ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ყველა გამოჯანმრთელებული დონორის რძის ნიმუში შეიცავდა სპეციფიკურად SARS-CoV-2-ის IgA ანტისხეულების მნიშვნელოვან რაოდენობას. აუცილებელია კვლევები იმისთვის, რომ განისაზღვროს ანტისხეულების ფუნქციურობა და რძიდან ამოღებული ანტისხეულების სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება – წერია კვლევაში.

ჩამბერსი The Scientist-თან საუბრისას ამბობს, რომ დედის რძეში SARS-CoV-2-ის რნმ-ს არსებობის დასადგენად მისი და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რამდენიმე დადებითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რძეში ცოცხალი ვირუსის არსებობა არ დადასტურდა. 

„დედის რძეში შემავალი ანტისხეულები შესაძლოა სასარგებლო იყოს არა მარტო ჩვილი ბავშვების ვირუსისგან დასაცავად. რძიდან ამოღებული ანტისხეულები შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას როგორც COVID 19-ის სამკურნალო საშუალება,“ – წერს The Scientist.

„იმას, რასაც დედის რძეში ვხვდებით, უნიკალურია იმასთან შედარებით, რაც ბევრმა ადამიანმა უკვე შეისწავლა სისხლში ანტისხეულების რეაქციის თვალსაზრისით,“ – ამბობს კვლევის თანაავტორი რებეკა პაუელი.

კვლევის თანახმად, სისხლიდან მიღებულმა ანტისხეულებმა შეიძლება თვეობით გაძლოს. თუმცა პაუელის უახლესი მონაცემების თანახმად, სეკრეტორულმა ანტისხეულებმა დედის რძეში შეიძლება გაძლონ გაცილებით უფრო მეტ ხანს და ეს ნიშნავს, რომ ლაქტაციური დონორებისგან ანტისხეულების შესაგროვებლად გაცილებით უფრო მეტი დრო იქნება.

კვლევებით ჯერ არ შემოწმებულა, შეუძლია თუ არა ანტისხეულებს შემცველ დედის რძეს SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზება. ეს კვლევებს შემდეგი საფეხურზე განისაზღვრება.

პაუელის წინასწარი მონაცემებით, დედის რძის ანტისხეულებს ვირუსის ნეიტრალიზება შეუძლიათ და კომპანია სახელწოდებით Lactiga პარტნიორობს მასთან, კოვიდ19-თან საბრძოლველად დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების იდეის შემუშავებაზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული COVID19-ის კლინიკური მართვის  პროტოკოლისდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული COVID19 ინფექციის მქონე დედებისგან დაბადებულ ახალშობილებში ბუნებრივი კვება არ არის აკრძალული, თუმცა ძუძუთი კვებისას აუცილებელია დედებისთვის რესპირაციული ჰიგიენის წესების დაცვა.

ამ თემაზე:

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: