ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

25.11.2020 • 1955
ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა.

პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო.

2020 წლის პირველი ოქტომბრის სტიქია / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

„2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმის, კირნათის, მაჭახელას, ფერიის, მახინჯაურის და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს და დააზიანა იქ არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა და ა.შ.. სტიქიამ ასევე დააზარალა ადგილობრივი მოსახლეობა, მათი საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, რის გამოც მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობა დროებით გადაყვანილ იქნა უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებში. დღეის მდგომარეობით სულ ქირით გაყვანილია 128 ოჯახი“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „როგორც ირკვევა, აღნიშნულ სოფლებში უხვი ნალექის განმეორებითმა მოსვლამ შესაძლოა გამოიწვიოს მეწყრული პროცესების გამწვავება, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს… ცალკეული პროექტის შედგენის მომსახურების ღირებულება იქნება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 3 პროცენტი. ორგანიზაციამ ასევე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ყველა პროექტის მომზადების დროს განახორციელებს ღრმა გეოლოგიურ კვლევას“.

2020 წლის პირველი ოქტომბრის სტიქია / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მერია მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული სათანადო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებს.

შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ვადა მერიის მიერ განსაზღვრულია არაუგვიანეს 2021 წლის პირველი თებერვალი.

პირველ ოქტომბერს სტიქიამ სოფელ ჯოჭოში 5 ადამიანი იმსხვერპლა:

მაშველებმა იპოვეს ბავშვის ცხედარი – მეწყერს ჯოჭოში 5 ადამიანი ემსხვერპლა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: