მთავრობასთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვირუსზე.
ჯერ კიდევ 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობისაა და ყველას შეუძლია აიცრას.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ყველა მსურველს შეუძლია აიცრას ბათუმის პოლიკლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპზე უფასოდ.
გრიპის დაავადების მთავარი სიმპტომები – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე ახალი კორონავირუსის სიმპტომების მსგავსია. ასევე, ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ახალი მრჩეველთა საბჭო დააკომპლექტა. ამ საბჭოში რამდენიმე წევრია წინა საბჭოდან, ახალი წევრები კი ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან. ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე, ამას სავარაუდოდ პირველივე სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვეტენ, საბჭო 14-წევრიანია. საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი არ არის და აქ წარდგენილ პირებს, თავიანთი სფეროების მიხედვით, მოქალაქეების ინტერესების ლობირება ევალებათ.
სათათბირო საბჭოს შექმნას მერს თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. ამავე კოდექსით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს შექმნის მთავარი იდეა არის ის, რომ მერმა საკუთარი ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებები მოისმინოს და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული როლი კი საბჭოს ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას ეკისრება – ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მაქსიმალურად რომ იყოს ასახული მოსახლეობის საჭიროებები.
სწორედ ამიტომაც გააჩინა კითხვები საზოგადოებაში მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებამ საბჭოში სამი საჯარო მოხელის შეყვანაზე:
„ეს არ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდეს. შესაბამისად, საინტერესოა მერის დასაბუთება, რატომ სჭირდება მას საბჭოში წარმომადგენლები სამინისტროებიდან, როცა ისედაც შეუძლია კომუნიკაცია ჰქონდეს საჯარო უწყებებთან. აქ არ გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, როგორც საკოორდინაციო საბჭოში. მერს ამ საბჭომ მოქალაქეების პოზიცია უნდა მიაწოდოს და არა საჯარო უწყებების წარმომადგენლების“, – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი. ის წინა საბჭოს წევრიც იყო და ახალ საბჭოშიც იმუშავებს.
რაც შეეხება განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ნათიას აზრით, იმ ფონზე, როცა ქალაქს არ ახსოვს უნივერსიტეტების მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა, ჩართულობა სხვადასხვა მწვავე საკითხის განხილვაში, უმჯობესი იქნებოდა საბჭოში არა ამ სასწავლებლების, არამედ საბინაო კომუნალური მეურნეობების კუთხით დაინტერესებული პირები შესულიყვნენ.
„საბჭოში უნდა იყვნენ მოსახლეობის წარმომადგენლები, რადგან აქ განიხილება კონკრეტული საკითხები, საბინაო-კომუნალურ თუ სხვა თემებზე, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. დებულებაშიც წერია, რომ უნდა შედიოდნენ ადამიანები საუბნო კავშირებიდან, ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ საბჭოში ქალაქის კონკრეტული უბნებიდან ყოფილიყვნენ წარმომადგენლები. “
კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 10 წევრისგან. ამ შემთხვევაში კი მერმა საბჭოში 14 წევრი შეარჩია.
8 დეკემბერს არჩეული საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.
ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი;
ლაშა ნაკაშიძე – გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქები -მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ხელმძღვანელი.
მაყვალა კვირიკაძე – შპს „მაკოს“ დამფუძნებელი, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე.
თამაზ თურმანიძე – შპს „რუსული რეგისტრი ვესტჯეორჯიას“ დირექტორი, აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე;
რამინ მაჭარაშვილი – ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.
დავით ქობულაძე – შ.რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მე-5 კურსის სტუდენტი.
ალექსანდრე შერვაშიძე – სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.
ციური ქათამაძე – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
მანუჩარ ლორია – სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე.
თამილა მეიშვილი – დრამისა და კინოს მსახიობი.
რუსუდან შავიშვილი – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
თამარ გუდავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი.
ირმა აფხაზავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
კანონის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გენდერულად უნდა იყოს დაბალანსებული. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის.
მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილება და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე COVID19-ის გავრცელებით საქართველო ისევ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ამას მოწმობს დიაგრამა, რომელსაც ამერიკული გამოცემა New York Times-ი აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ბოლო 1 კვირის მანძილზე ახალი კორონავირუსის შემთხვევათა გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 4 429.6-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე 118.7 შემთხვევას გულისხმობს. საქართველოს მოსდევენ სერბეთი, ბელიზი და ლიეტუვა.
საქართველო უკვე მეორე კვირაა ამ მონაცემით პირველ ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.
ამავე დიაგრამის მიხედვით, საქართველო მე-14 პოზიციაზეა (2 ქვეყანასთან ერთად) ბოლო 7 დღის მანძილზე 100 000 სულ მოსახლეზე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევათა დღიური რაოდენობით. აქ ამავე პერიოდის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 38.9-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების 1 შემთხვევას გულისხმობს. ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობა სლოვენიაში, ბულგარეთსა და უნგრეთშია. საქართველოს მსგავსი მაჩვენებლები აქვთ ბელგიას და ავსტრიას.
სტატისტიკა დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც, თუმცა თქვა, რომ სისტემამ ამ მოცემულობას გაუძლო.
ბათუმის ახალ სტადიონზე ორი მატჩის ჩატარების შემდეგ ბათუმის „დინამო“ მორიგ შეხვედრას „ჩიხურასთან“ დღეს, 10 დეკემბერს, ანგისის ბაზაზე გამართავს.
„დინამომ“ ბათუმი არენაზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ შეხვდა. ამ თამაშების შემდეგ მინდვრის საფარი დაზიანდა, თუმცა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მორიგი მატჩის ანგისაზე ჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდება.
„ის ორი თამაში, რომელიც ახალ სტადიონზე გაიმართა, იყო სატესტო თამაში. UEFA ისედაც ითხოვს ჩვენგან სატესტო თამაშების ჩატარებას კატეგორია რომ მოგვანიჭოს, ამიტომ მივეცით „დინამოს“ საშუალება, ეს ორი თამაში გაემართა სატესტო რეჟიმში. რაც შეეხება უკვე ოფიციალურ თამაშებს, როგორც კი მომავალი წლის მარტის პირველ შაბათ-კვირას გაიხსნება საქართველოს ეროვნული ლიგა, ბათუმის „დინამო“ უკვე ოფიციალურად გააგრძელებს ჩემპიონატს ახალ საფეხბურთო სტადიონზე“, – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ.
ბაქარ ჩიტაიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რატომ იყო მისი განმარტება საფარის დაზიანების შესახებ სპორტულ გამოცემებთან, მაგალითად, ამგვარი: „ჩვენთან ტრიბუნები მთლიანად გადახურულია, მხოლოდ მინდორია ღია ტიპის. ამიტომაც, მზის დაცემის პრობლემა გვაქვს… ტენიანობა ხელს უშლის ბალახს განვითარებაში, ამიტომ ხელოვნური დახმარება სჭირდება… შესაბამისად, არის მზის და განათების მიწოდების პრობლემა, რაც ბალახის განვითარებას ხელს უშლის. მივიღეთ ზომები და ზამთარში ჩამოვა ხელოვნური მზე უცხოეთიდან…“ – [ADJARASPORT].
„მინდვრის საფარი არ არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. ყველა მინდვრის საფარი განიცდის დაზიანებას… დღესაც მზად არის მინდორი იმისთვის, რომ გავმართოთ საფეხბურთო თამაში… ახლა ბალახი ვეგეტაციის პერიოდს გადის, გაზაფხულისთვის ის კარგ მდგომარეობაში იქნება და ბათუმის „დინამო“ ახალ სეზონზე ჩვეულებრივად ითამაშებს ახალ სტადიონზე“, – ასე უპასუხა „ბათუმელების“ კითხვას ბაქარ ჩიტაიამ სტადიონის მინდვრის საფარის დაზიანებაზე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა თავად „დინამოსაც“, თუ რატომ არ ითამაშებენ დღეს ბათუმი არენაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, დაუკავშირდით სტადიონის ადმინისტრაციას“, – გვითხრეს „დინამოს“ პრესსამსახურში.
ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნური სანათი მოწყობილობის [„ხელოვნური მზის“] შესაძენად კი, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ფასთა კვლევა [სავარაუდო ღირებულების დასადგენად] 2020 წლის 18 სექტემბერს გამოაცხადა.
სანათი მოწყობილობის შეძენას რაც შეეხება, კომპანიაში გვითხრეს, რომ ტენდერს გამოაცხადებენ.
„ხელოვნური მზის“ ტექნიკური მახასიათებლები:
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი
აჭარის პროექტების მართვის კომპანიას [ყოფილი შპს „სტადიონი“], რომელიც სტადიონს მართავს და რომელიც მშენებლობასაც კურირებდა, ბათუმის სტადიონი ოფიციალურად ჯერ არ ჩაუბარებია.
„როგორც მინდვრის საფართან, ასევე ზოგადად, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შემდეგაც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი“, – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ.
თავის დროზე მინდვრის საფარის პრობლემა ანგისის ახალგაკეთებულ ბაზაზეც შეიქმნა, რომლის მოედანიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს. „ანგისის სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“ დოკუმენტებს პროკურატურაც სწავლობდა.
20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორ ფიქრობთ, უნდა დაიხარჯოს თუ არა ეს თანხა იმისთვის, რომ ქალაქში ახალი წელი იგრძნობოდეს? თუ ფიქრობთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საახალწლო განწყობაზე ქალაქმა უარი უნდა თქვას?
„მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებითი გამოწვევები რჩება სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიციასთან მიმართებით. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით ხდება, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს,“ – ეს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში წერია „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.
ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოამზადა და იგი 9 დეკემბერს გამოქვეყნდა.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით სამართალდამცველებს 361 შემთხვევაში მიმართეს ქალებმა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. ამ სტატისტიკის მიხედვით, 361 შემთხვევიდან სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 54 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო განაჩენი საერთო სასამართლოებში გამოვიდა მხოლოდ 26 შემთხვევაში, აქედან გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობა არის 20.
„სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. ასეთი მიდგომა ხშირად სექსუალური ძალადობის მხოლოდ უკიდურესი ფორმების დროს და გამონაკლის შემთხვევებში იწვევს მოძალადის დასჯას. ძალადობის სხვადასხვა სერიოზული ფორმა, მტკიცებულებათა შეუსაბამო სტანდარტის გამო, დაუსჯელი რჩება…“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს თემა დღემდე ტაბუირებულია და „მასზე მსხვერპლები საჯაროდ იშვითად საუბრობენ, ან მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო დამნაშევეები არაეფექტური მართლმსაჯულების სისტემის გამო უკიდურესად მცირე შემთხვევაში ისჯებიან“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. სახალხო დამცველმა ამ კუთხით სასამართლო საქმეები შეისწავლა და ჩათვალა, რომ სტერეოტიპული მიდგომები გამოიყენება ან „მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული ცრურწმენები, როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს. არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის კუთხით…“
სპეციალური ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია ექსპერტიზის ჩატარება მსხვერპლის სხეულზეც, რადგან მსხვერპლს არ აქვს ექსპერტის სქესის მიხედვით არჩევის შესაძლებლობა.
„დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ტრავმულია სასამართლო სხდომებიც, სადაც მსხვერპლს ისევ უწევს ბრალდებულის პირისპირ ყოფნა და ხშირად ის უშუალოდ პასუხობს ბრალდებულის კითხვებს.
„მიუხედავად სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ბუნებისა, მართლმსაჯულების განხორციელება არ ხდება გენდერული ხედვითა და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და სტრუქტურული ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, კვლევის ფარგლებში შესწავლილ არცერთ საქმეში, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა დამნაშავის ქმედებაში გენდერული ან სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვლევა, ან ქალთა მიმათ ძალადობის სტრუქტურული ბუნების განხილვა და მოსამართლის ან პროკურორის მხრიდან მასზე მითითება,“ – წერს სახალხო დამცველი.
___
72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ მას შემდეგ 10 დეკემბერი აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკოსების აქტიურობა იზრდება და მათი განცხადებების გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელში იმატებს, ქალი პოლიტიკოსები დისკრიმინაციული კამპანიების სამიზნეები უფრო ხშირად ხდებიან. სწორედ ამ კამპანიებს და ქალთა რეპრეზენტაციას აკვირდებოდა მედიის განვითარების ფონდი და კვლევის შუალედური შედეგებიც გამოაქვეყნა.
კვლევა, სახელწოდებით “სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში” 3- თვიანი მონიტორინგის (4 აგვისტოდან 4 ნოემბრის ჩათვლით) შედეგებს ასახავს. მონიტორინგის შედეგად სექსისტური სიძულვილის ენის/გენდერული სტერეოტიპიზაციის სულ 213 შემთხვევა გამოვლინდა. გამოვლენილი დარღვევები სამ თემატიკას ეხებოდა: პოლიტიკა, გენდერი და კანონმდებლობა. ყველაზე მეტი დარღვევა — 136 შემთხვევა პოლიტიკის თემაზე გამოვლინდა, რაც მეტწილად წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს და მასში მონაწილე სუბიექტებს უკავშირდებოდა. ამ თემატიკის ქვეშ გაერთიანდა ის შემთხვევები, რომლებშიც ქალი პოლიტიკოსები სექსისტური სიძულვილის ენის და სტერეოტიპიზაციის სამიზნეები ხდებოდნენ მათი პოლიტიკური კუთვნილების და საქმიანობის გამო. მეორე თემატიკის, გენდერის მიხედვით 75 შემთხვევა იყო, სადაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებია გაერთიანებული, რომლის სამიზნეც ქალი პოლიტიკოსები მათი გენდერული იდენტობის გამო გახდნენ.
ქალებს პოლიტიკაში თავს ესხმიან მორალური კრიტერიუმებით, კიცხავენ გენდერული სტერეოტიპებით, დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ გარეგნული მახასიათებლისა და გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით, მათ მიმართ იყენებენ სექსისტურ ენას და დამოკიდებულებაში შეინიშნება ეიჯიზმიც.
„მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც ადგილი აქვს პოლიტიკური საქმიანობის გამო და დისკრედიტაციის კამპანია, რომლის საფუძველი არის გენდერული იდენტობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მოტივაცია არის პოლიტიკური ოპონირება და არა გენდერული იდენტობა, სექსისტურ ენას ორივე შემთხვევაში მიმართავენ, რაც ქალებს დისკრედიტაციის კამპანიების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის. ასეთი ტიპის მონიტორინგი სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პრობლემების იდენტიფიცირების კუთხით, ასევე, ამ პრობლემების დაძლევაზე დისკუსიის ინიცირების მხრივაც, ყველა იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს“, — განაცხადა MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიაში სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს იყენებენ, თუმცა თვითონ კამპანიის დაწყების მიზეზი პოლიტიკური საქმიანობა ხდება.
„ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ კამპანია პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურისთვის მის მიმართვას უკავშირდებოდა. ეს იყო პოლიტიკური პროცესის შემადგენელი, მაგრამ პრობლემაა, როდესაც პოლიტიკური ოპონირების პროცესში ხაზგასმა ოპონენტის “კაცურ თვისებებზე” ხდება და შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენება”, — ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში განცხადება მას შემდეგ შეიტანა, რაც ცენტრმა დოსიემ პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნა.
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ახსენებდნენ რუსეთში მიღებულ განათლებას და ამით მას რუსეთისადმი კეთილგაწყობას აწერდნენ, ამის პარალელურად კი, ხოშტარიას შეურაცხყოფას აყენებდნენ მისი „არაქალური“ ქცევების გამო.
სიძულვილის ენის ადრესატები ხდებიან არამარტო ოპოზიციის წარმომადგენელი ქალები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხშირადაა მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მაშინ, როცა პრეზიდენტმა ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვა „საშვილიშვილო“ არასწორად წარმოთქვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ზურაბიშილის მიერ წარმოთქმული სიტყვა კიდევ უფრო დაამახინჯეს და სხვა მნიშვნელობა მისცეს. შედეგად მივიღეთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მსხვერპლიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
„მისთვის ქართული არ არის პირველი ენა და ხაზგასმა ხდება სწორედ ამაზე, მის ციტატებს ამახინჯებენ. საზოგადოება მოწყვლადია და მარტივად დაიჯერებს მისი მხრიდან ასეთი ციტატის წარმოთქმას, რომელსაც კომიკური ელფერი აქვს“, — აცხადებს თამარ კინწურაშვილი.
ეს შემთხვევა მისი ინტელექტუალური უნარების დაკნინებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორმა“ ფეისბუქთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში ეს ინფორმაცია ფეისბუქზე მონიშნა, როგორც ყალბი, ციტატის გაყალბების შემთხვევა თავად ანგარიშის მფლობელმა წაშალა.
MDF-ის მკვლევარი, ქეთი მსხილაძე განგვიმარტავს, თუ რატომ გვხვდება სოციალურ ქსელებში სექსისტური დისკრიმინაციული გამოვლინებები ასე ხშირად.
„სექსიზმი საკმაოდ გავრცელებულია. ქალების მიმართ დისკრიმინაციული განწყობა და დამოკიდებულება, ასევე, სექსისტური ენის გამოყენება ხშირია და ეს განსაკუთრებით სოციალურ მედიაში შეიმჩნევა. ტრადიციულმა მედიამ, ტელევიზიებმა თანდათან ისწავლეს, რა არის გენდერული დისკრიმინაცია, რა არის სექსისტური ენა და, წინა წლებთან შედარებით, იქ იშვიათად გვხვდება. სოციალურ მედიაში, რომელიც არ რეგულირდება (არც უნდა რეგულირდებოდეს), სრული თავისუფლება აქვთ და, რასაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე წერენ“, — ხსნის ქეთი მსხილაძე.
მკვლევრის თქმით, ისეთ ტერმინოლოგიას, როგორსაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ, კაცი პოლიტიკოსების შეფასებისას ნაკლებად შეხვდებით.
„ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ქალების შესახებ არსებობს სტერეოტიპი, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რადგან პოლიტიკას სხვა უნარები სჭირდება, რომლებიც თითქოს კაცებს უფრო აქვთ განვითარებული”, — აცხადებს ქეთი და სწორედ აღნიშნულს ასახელებს ანგარიშის შექმნის მთავარ მოტივაციად.
რაც შეეხება სექსისტური სიძულვილის ენის პრევენციის ან აღმოფხვრის მეთოდებს, ორივე რესპონდენტი თანხმდება, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი იარაღი დარეპორტება, ასევე ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში “მითების დეტექტორის” ფეისბუქთან პარტნიორობის პროგრამის გამოყენებაა, რომელიც მცდარი პოსტების ფეისბუქზე მონიშვნის შესაძლებლობას იძლევა. სხვა საჯარო სივრცეებში კი, ქალების დისკრედიტაციას საუბრითა და არგუმენტებით უნდა ვებრძოლოთ.
კვლევა, ისევე როგორც გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ხელმისაწვდომია ახალ ვებგვერდზე www.genderbarometer.ge, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილებასა და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„მედპერსონალი, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ხელფასებზე 50 %-იან დანამატს დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.
სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 7 ოქტომბერს ისაუბრა. გუშინ კი ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მომუშავე ექთანმა მოგვწერა, რომ „არ მიუღიათ ეს დანამატი, რის შესახებაც ორი თვის წინ ასევე პრემიერმა გახარიამ განაცხადა“.
ექთნის თქმით, ვერც კლინიკების ხელმძღვანელობისგან იღებენ ინფორმაციას დანამატს შესახებ, რადგან ეს არც მათ იციან.
„საერთოდ არც ერთი კატეგორიის პერსონალს არ მიუღია არანაირი დანამატი… ყველა კლინიკას თავისი ტარიფი აქვს, საათში ზოგი 4 ლარს იხდის [ექთნის ანაზღაურება], ზოგი 5 ან 6 ლარს,“ – მოგვწერა ექთანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაპირებულ დანამატს ექიმებიც ისევე ელიან, როგორც ექთნები და სანიტრები.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, დანამატები 2020 წლის პირველი ნოემბრიდან აითვლება და ამ ეტაპზე ყველა კლინიკიდან ელოდებიან შესრულების დაზუსტებულ ანგარიშებს.
„ამ ანგარიშების სრულად წარმოდგენის შემდეგ ჩაერიცხება სამედიცინო პერსონალს დანამტები, ეს ეხება ყველა კატეგორიას,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
___
მთავარი ფოტო:პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი
კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელების გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ:
ინდივიდუალურ მეწარმეებს
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს
დაქირავებულ პირებს, რომლებიც 28 ნოემბერს ძალაში შესული შეზღუდვების გამო ვეღარ მუშაობენ
ნებისმიერ სხვა, ფიზიკურ, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულს, რომელიც მუშაობდა გადასახადების გადამხდელ ობიექტზე/დაწესებულებაში და 28 ნოემბერს ძალაში შესული შეზღუდვების გამო ვეღარ მუშაობს
ნახეთ განაცხადის შევსების ინსტრუქცია, რომელიც საქართველოს შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3045 ადამიანი, გარდაიცვალა – 43.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარაში-331, იმერეთში-708, ქვემო ქართლში -352, შიდა ქართლში-214, გურიაში -72, სამეგრელო – ზემო სვანეთში -325, კახეთში-272, მცხეთა-მთიანეთში-133, სამცხე-ჯავახეთში-75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-21.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანები უფრო ხშირად კვდებიან ისეთი არაინფექციური დაავადებებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის ანგარიშში, რომელშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია განხილული.
თუ 2000 წელს ადამიანების გარდაცვალების მიზეზების პირველ ათეულში მხოლოდ ოთხი ისეთი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის შედეგად არ გადადის, 2019 წელს მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.
„ეს ახალი შეფასებები კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ სწრაფად უნდა განვავითაროთ არაგადამდები დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა,” – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეისუსმა. მან ასევე ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის გადაუდებელი და რადიკალური გაუმჯობესების აუცილებლობას:
„ძლიერი პირველადი ჯანდაცვა აშკარად წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა ყველაფერი, არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლიდან დაწყებული, გლობალური პანდემიის მართვით დამთავრებული”.
ჯანმოს შეფასებით გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა: 2019 წელს ადამიანები 6 წლით მეტ ხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე 2000 წელს. სიცოცხლის ხანგრძლივობის გლობალური საშუალო მაჩვენებელი 2019 წელს 73 წელზე მეტი იყო, 2000 წელს კი დაახლოებით 67 წელი. მაგრამ ადამიანები, საშუალოდ, იმ დამატებით წლებიდან მხოლოდ 5 წელი ცხოვრობენ კარგი ჯანმრთელობით.
2019 წელს სიკვდილიანობის მთავარი მიზეზები:
გულის იშემიური დაავადება
ინსულტი
ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ინფექციური დაავადება)
ნეონატალური დაავადებები
ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების სიმსივნური დაავადებები
ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები
დიარეა (ინფექციური დაავადება)
შაქრიანი დიაბეტი
თირკმლის დაავადებები
გულის დაავადება ბოლო 20 წლის განმავლობაში კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილის მთავარ მიზეზად. ამასთან, ახლა ის უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ოდესმე.
2000 წლის შემდეგ გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონზე მეტით გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 9 მილიონს მიაღწია. ახლა გულის დაავადება წარმოადგენს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის 16% -ს.
ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები გარდაცვალების მიზეზების ტოპ ათეულშია, ეს მიზეზები 2019 წელს მე-3 ადგილზეა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ჯანმოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გლობალურად, ალცჰეიმერითა და დემენციის სხვა ფორმებით სიკვდილიანობის სტატისტიკაში 65% ქალებზე მოდის.
2000 – დან 2019 წლამდე გლობალური მასშტაბით 70% –ით გაიზარდა დიაბეტით სიკვდილიანობა (ცალკეულად მამაკაცებში 80%-ით). ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სიკვდილიანობა გაორმაგდა.
ჯანმოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის შემდეგი ანგარიში შეფასებული იქნება კოვიდ19-ის პანდემიის პირდაპირი ზეგავლენა სიკვდილიანობასა და ავადობაზე.
„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია.
შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულის მონაცემებს სწორედ დამსაქმებელი აგზავნიდა ელექტრონულად].
დღეს, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღებას ელოდებიან:
[crosslist]
ის დასაქმებულები, რომლებმაც 2020 წელს, პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური [გაზაფხულზე], დარჩნენ უხელფასოდ და რომლებიც იღებდნენ 200-ლარიან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში, თუმცა, სამსახური არ დაუწყიათ [მაგალითად, ტურისტულ ბიზნესში, კაზინოებში, საბავშვო სტუდიებში და სხვა სექტორში დასაქმებულები];
კომპენსაციის მიღებას ელოდებიან ის დასაქმებულები, რომლებიც კარკვეული პერიოდი იღებდნენ კომპენსაციას, ზაფხულის სეზონიდან 28 ნოემბრამდე მუშაობდნენ, მაგრამ 28 ნოემბრიდან ისევ უსამსახუროდ/უხელფასოდ დარჩნენ – ახალი შეზღუდვების გამო;
კომპენსაციას ელოდებიან ისინიც, ვინც სამსახური პანდემიის დასაწყისში, ან შემდეგ პერიოდში დაკარგა, თუმცა, დამსაქმებლებმა სამსახურში აღარ აღადგინეს [ანუ, ვინც შემცირებაში მოყვა] და სხვ.
[/crosslist]
შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ დღეს, 9 დეკემბერს განუცხადეს, რომ 2021 წლის იანვრიდან 200 ლარი კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმები მთავრობამ უნდა დაადგინოს.
„გაცხადებულია, რომ კომპენსაციას მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებიც სამსახურს დროებით დაკარგავენ, თუმცა, კონკრეტულად ვინ მიიღებს – ვადები, კატეგორია – ეს მთავრობამ დადგენილებით უნდა განსაზღვროს. ჩვენ ამ დადგენილების მოლოდინში ვართ“, – გვითხრეს შემოსავლებში.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იმ სამსახურდაკარგული პირების სავარაუდო რაოდენობა, ვინც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 200 ლარი კომპენსაცია უნდა მიიღოს არის 125 000. საერთო ბიუჯეტი კი იქნება 150 მილიონი ლარი.
მთავრობის 4 დეკემბრის ინფორმაციით, ანალოგიური კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან დეკემბრამდე 162 220-მა პირმა მიიღო [რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში]. ჯამში კი, 129 324 100 ლარი გაიცა.
—–
მთავრობამ 2 დეკემბრის დადგენილებით დააზუსტა თუ რა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები მიიღებენ კომპენსაციას – 100 ლარს, 2021 წლის იანვიდან 6 თვის განმავლობაში. ამ კომპენსაციის მიღებას ელექტრონული რეგისტრაცია ან განცხადების წარდგენა არ სჭირდება.
მთავრობამ 2 დეკემბრის დადგენილებით ასევე განსაზღვრა, თუ ვინ მიიღებს ერთჯერად კომპენსაციას – 300 ლარს. ამ კომპენსაციის მისაღებად ელექტრონულიგანაცხადების მიღება დაწყებულია და 24 დეკემბერს დასრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით,არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის:
ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას.
ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, რომლებიც იმიტაციას უკეთებენ COVID-19 ვირუსს, რათა ორგანიზმში უსაფრთხოდ წარმოიქმნას იმუნური რეაქცია.
ვირუსული ვექტორული ვაქცინები – იყენებენ გენური ინჟინერიით შექმნილ ვირუსს, რომელიც მოწყობილია იმგვარად, რომ მას არ შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ აწარმოებს კორონავირუსის ცილებს, უსაფრთხოდ რომ წარმოქმნას იმუნური რეაქცია.
რნმ და დნმ ვაქცინები – ეს უახლესი მიდგომაა, რომელიც იყენებს გენეტიკურად შემუშავებული რნმ (რიბონუკლეინის მჟავას) ან დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) იმისთვის, რომ წარმოქმნას ცილა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციას თავადვე უსაფრთხოდ გამოიწვევს.
Moderna-ს ვაქცინის მსგავსად, Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 95%-ია, ინფორმაციული რნმ ტიპის ვაქცინაა, ანუ მუშაობს ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ–ის შეყვანით, რომელიც შეიცავს კორონავირუსის ე.წ. “წვეტოვანი” ცილის შექმნის ინსტრუქციას.
თავად კომპანია Pfizer-ი ასე განმარტავს ვაქცინის მუშაობის პრინციპს: ი-რნმ – ან ინფორმაციული რნმ – ეს არის მოლეკულა, რომელიც შედგება ნუკლეოტიდებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან უნიკალური წყობით, რათა უჯრედებს გადასცენ გენეტიკური ინფორმაცია ი-რნმ– ით კოდირებული ცილების ან ანტიგენების წარმოებისთვის.
როგორც კი ვაქცინაში შემავალი ი-რნმ მოხვდება სხეულის უჯრედებში, უჯრედები იყენებენ თავიანთ გენეტიკურ აპარატებს გენეტიკური ინფორმაციის თარგმნისა და ი-რნმ ვაქცინით დაშიფრული ანტიგენების წარმოსაქმნელად. შემდეგ ანტიგენები გამოისახებიან უჯრედის ზედაპირზე, სადაც მათ ამოიცნობს იმუნური სისტემა, რომელიც წარმოშობს რეაქციას, მათ შორის ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებით.
როგორია ი-რნმ ვაქცინის მუშაობის პრინციპი
სხვა ვაქცინების მსგავსად, ი-რნმ ვაქცინებიც ასწავლიან იმუნურ სისტემას ვირუსის მსგავსი საფრთხის ამოცნობას, რათა დაიწყოს თავის დასაცავად ანტისხეულების გამომუშავება. მაგრამ, თუ ტრადიციული ვაქცინები უმეტესად იყენებენ დაავადების გამომწვევი ორგანიზმის დეაქტივირებულ დოზებს, ი-რნმ ვაქცინა მოწყობილია ისე, რომ თავად აწარმოოს ეს ცილები. ი-რნმ – მოლეკულა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას უჯრედებისთვის, თუ როგორ აწარმოონ ცილები – შედის უჯრედებში.
COVID 19-ის შემთხვევაში, ი-რნმ ვაქცინა აძლევს უჯრედებს ინსტრუქციებს ახალი კორონავირუსის “წვეტი” ცილის წარმოების დასაწყებად – ცილის, რომელიც ეხმარება ვირუსს უჯრედში შეღწევაში. თვითონ წვეტი ცილა საზიანო არ არის, მაგრამ იგი ბიძგს აძლევს იმუნურ სისტემას დაიწყოს თავდაცვითი რეაქცია.
„მოლეკულა, რომელსაც მოკლედ ეწოდება ი-რნმ – მყიფეა და თუ მას პირდაპირ სხეულში შევიყვანთ, ჩვენი ბუნებრივი ფერმენტების მიერ ნაწილებად დაიჭრება. ვაქცინის დასაცავად, Pfizer და BioNTech-მა ი-რნმ შეახვიეს ზეთოვან ბუშტებში, რომლებიც ლიპიდური ნანონაწილაკებისგანაა დამზადებული,” – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
რატომ კეთდება ორი ინექცია?
Pfizer-BioNTech ვაქცინა კეთდება ორ ინექციად, 21 დღის შუალედით. საქმე ის არის, რომ მიუხედავად პირველი დოზით გამოწვეული ადრეული დაცვის რეაქციისა, არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მისი დაცვა.
ვაქცინის ეფექტურობა პირველი დოზის შემდეგ დაახლოებით 52 პროცენტია – ამბობს Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი უილიამ გ. გრუბერი „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას. მეორე დოზის შემდეგ კი ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 95 პროცენტამდე იზრდება.
„ვაქცინის ორი დოზა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას“, – ამბობს ის.
რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ, MHRA– მ Pfizer / BioNTech Covid ვაქცინა გასულ კვირას დაამტკიცა. Pfizer / BioNTech Covid ვაქცინა 95% ეფექტურია, ეს უკვე აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც (FDA) დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა საგანგებო ავტორიზაციას მიიღებს.
BBC-ის ცნობით, FDA ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად ხვალ, 10 დეკემბერს შეიკრიბება. „სააგენტოს ვაქცინა ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ კვლევის მონაცემები შესაბამისობაშია მისი საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოს რეკომენდაციებთან“ – წერს BBC.
დიდ ბრიტანეთში გამართული ფოტოკონკურსის – Earth Photo 2020 გამარჯვებულებს შორისაა ფრანგი ფოტოგრაფის, ჯონათან ხიმენესის, იგივე ჯონკის ფოტო – „კაფე აფხაზეთში“.
ფოტოგრაფმა აფხაზეთში ძველი შენობების ფოტოსერია გადაიღო, რათა ეჩვენებინა, როგორ ეუფლება თანდათან ბუნება ადამიანებისგან მიტოვებულ შენობებს.
მიტოვებული თეატრი აფხაზეთში. ფოტო: rgs.orgმიტოვებული კაფე აფხაზეთში. ფოტო: rgs.org
Earth Photo დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ფოტოკონკურსია, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული გარემოსა და პირობების ჩვენებაა.
„გზაზე სატვირთოების გავლა საშიშია, შეშა ვეღარ მოგვაქვს, მანდარინის წაღებაც პრობლემაა… მსუბუქები სწრაფად გადადიან, რომ რამე არ მოხდეს,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები ადამიანები. აქ შიდასასოფლო გზაზე მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დღეს მეწყერმა ქვედა ჯოჭოში თედორაძეების სახლი წაიღო. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოსახლეობის თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისშივე აცნობეს გზების დეპარტამენტს, ასევე ხელვაჩაურის მერიას, თუმცა ადგილზე ფოტოების გადაღების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ახალშენში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ გზა მეწყრისგან თავად გაწმინდეს და ფერდობიც ოდნავ გამოჭრეს, რომ გზით სარგებლობა შესაძლებელი გამხდარიყო.
ამ გზას ახალშენში 13 ოჯახი იყენებს, მათ სხვა, შემოვლითი გზა არ აქვთ.
აჭარის გზების დეპატამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, შესაბამისი პროექტი და ელოდებიან ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცებას, რომ გამოცხადდეს ტენდერი. გზის შეკეთებას ამ სოფელში დაახლოებით 19 300 ლარი დასჭირდება. გზების დეპარტამენტში ვერ გვითხრეს, აქამდე რამ შეუშალა ხელი გზის აღდგენას.
გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება.
დახმარებას მიიღებენ:
[checklist]
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად];
მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 16 წლის ასაკის ჩათვლით 3 [ან 3-ზე მეტი] შვილი;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 18 წლამდე;
[/checklist]
პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სიაში არიან დარეგისტრირებული და ეკუთვნით კომპენსაცია, ამ კომპენსაციას ყოველგვარი რეგისტრაციის გავლისა და განცხადების დაწერის გარეშე, ავტომატურად მიიღებენ: მათ თანხა პირდაპირ დაერიცხებათ ანგარიშზე.
ვინ მიიღებს კომპენსაციას და რამდენს
ოჯახი, რომელსაც აქვს 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით სოციალური ქულა, იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით კომპენსაციას [ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით] მიიღებს, 6 თვის განმავლობაში.
ამასთან, ერთი წევრისგან შემდგარი ოჯახი ყოველ თვეში მიიღებს 70 ლარის ოდენობით კომპენსაციას, ორი წევრისგან შემდგარი ოჯახი – 90 ლარს. ორზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახი კი, თითოეულ წევრზე მიიღებს 35 ლარს.
მაგალითად: სამწევრიანი ოჯახი მიიღებს თვეში 105 ლარს, ოთხწევრიანი ოჯახი – 140 ლარს, ხუთწევრიანი ოჯახი – 175 ლარს, ექვსწევრიანი ოჯახი თვეში 210 ლარს და ა.შ.
6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებს ოჯახი, რომელსაც აქვს 0-დან 100 ათასი ქულა და ჰყავს 3 ან მეტი შვილი, რომლებიც ჯერ არ არიან 16 წლის.
თვეში 100 ლარს მიიღებენ ასევე 18 წლამდე შშმ პირები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. ამ შემთხვევაშიც კომპენსაციის გაცემა დაიწყება 2021 წლის იანვარში და დასრულდება ივნისში.
გასათვალისწინებელია, რომ ოჯახს ან/და პირს აქვს უფლება მიიღოს ყველა, ან რომელიმე ორი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.
მაგალითად, თუ ოჯახი შედგება 5 წევრისგან, სარეიტინგო ქულა შეადგენს 80 000-ს, ოჯახში ცხოვრობს სამი 17 წლამდე ასაკის ბავშვი და ამასთან ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, ოჯახი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს კომპენსაციას: 175 ლარს სარეიტინგო ქულის გამო, 100 ლარს – იმის გამო, რომ ოჯახში სამი 16 წლის ჩათვლით ბავშვი ცხოვრობს და ასევე ამ ოჯახში მცხოვრები მკვეთრად გამოხატული შშმ პირიც დამატებით მიიღებს კუთვნილ კომპენსაციას – 100 ლარს [ანუ ოჯახი და შშმ პირი ერთად თვეში მიიღებენ 375 ლარს].
მეორე მაგალითი: თუ სამწევრიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და ამ სამი წევრიდან ერთი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, ოჯახი მიიღებს დახმარებას 105 ლარს თვეში, ხოლო ეს შშმ პირი ცალკე მიიღებს კუთვნილ დახმარებას – 100 ლარს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ის პაკეტი, რასაც სოციალურად დაუცველი თუ შშმ პირები პანდემიამდე და მას შემდეგაც ყოველთვიურად იღებდნენ სახელმწიფოსგან, 2021 წლიდან შენარჩუნდება.
ასევე, თუ დავუშვათ, მომავალი წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდში 18 წლამდე პირი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან პირი გახდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეს პირებიც დახმარებას მიიღებენ შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვიდან.
ბათუმში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულებს ა.ქ.-ს და ო.ქ.-ს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.
საუბარია 31 იანვარს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ო.ქ-მ და ა.ქ-მ უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ორი პირის – ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა რამდენჯერმე ესროლეს ბ. ა.-ს, რომელიც ამ დროს ავტომანქანაში იჯდა, რის შედეგადაც სხვა პირის, მ. ა.-ს ჯანმრთელობა დაზიანდა.
„ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ…. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ბათუმში დააკავეს,“ – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 895 პირი და გარდაიცვალა 38 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 614 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი – 1 637
აჭარა – 489
იმერეთი – 823
ქვემო ქართლი – 372
შიდა ქართლი – 381
გურია – 93
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377
კახეთი – 328
მცხეთა-მთიანეთი – 143
სამცხე-ჯავახეთი – 73
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 27 456 ადამიანი. 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 867 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში 1 147 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 51 430 ადამიანი.
„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება.
35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში.
აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, თუმცა ისინი აღარ უშლიან აქციის მონაწილეებს ბუშტების ჩამოკიდებას. რამდენიმე დღის წინ პოლიციელები ბუშტებსაც ხეთქავდნენ და ვინც არ ემორჩილებოდა პოლიციელს, აკავებდნენკიდეც.
აჭარის მთავრობასთან გასულ დღეებში სულ 9 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. შენობის წინ ქუჩა ისევ გადაკეტილია, გაშლილია კარვები, გახსნილია კაფეც. აქ შეკრებილი ადამიანები კასრებში დანთებულ ცეცხლთან თბებიან, ანთია შეშის ღუმელიც. შეშისგან აქციის მონაწილეებმა ბუშტებიანი ნაძვის ხეც მოაწყვეს.
„დღესვე უნდა გამოვიდნენ და შეიკრიბონ. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წინ გამოვიდეს ის 60 კაცი, რომელმაც მანდატი მიიღო, უმაღლესი საბჭოს წინ გამოვიდეს 7 ადამიანი და თქვას ნათლად, რომ ჩვენ არ შევდივართ. მაშინ იქნება ეს დაჯერებადი და წერტილდასმული. ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამ დღესვე, ხვალ შესაძლოა გვიანი იყოს,“ – მიიჩნევს მურმან დუმბაძე, „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი. იგი თვლის, რომ „მოლაპარაკებების რესურსი უკვე ამოწურულია“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მურმან დუმბაძე ამ იდეაზე ესაუბრა, „მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი პოზიციები რადიკალურია“, – დასძინა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებთან“.
მურმან დუმბაძე კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე პარტიის ცალკეული წევრი პარლამენტში შესვლას აპირებს და თუ ასე მოხდა, „ეს მმართველი პოლიტიკური ძალის „გაპრავება“ იქნება“. იგი ხაზს უსვამს გარემოებას, რომ საპარლამენტო მრავალფეროვნებას მრავალპარტიულობა ქმნის და არა ცალკეული ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლა.
მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ თუკი „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დარჩება, გარდაუვალი იქნება რიგგარეშე არჩევნები.
„თუ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაშინ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის გარკვეულ ეტაპზე შეინარჩუნებს იმის თქმის უფლებას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი შეიქმნა,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.
მურმან დუმბაძის აზრით, ბათუმის მსგავსად საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს სხვა ქალაქებსა, თუ სოფლებში.
„300-მდე ლოკაცია შეიძლება იყოს ასეთი. ქუჩა ეხმარება საქართველოს მოქალაქეს, რომ მისი განწყობა აისახოს… დღეს საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ არ შეეგუება ხმის წართმევას და ბოლომდე დაიცავს ამ უფლებას. ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში ვიგრძენით დემოკრატიის სურნელი და, როგორც ჩანს, მარტო ბიულეტენებით ხელისუფლების შეცვლას ძნელად მიღწევადია. ერთადერთი გამონაკლისი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო.
მოქალაქეებში დღეს არსებობს საპროტესტო მუხტი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა 20, 30, 50 კაცის ყოველდღიური თავმოყრა აქაც, კარვებში ღამის გათენება, ეს ნელ-ნელა გადაედება სხვასაც. თელავში უკვე გაშალეს კარვები,“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.
მურმან დუმბაძისგან განსხვავებით, მოლაპარაკების შედეგს ჯერ კიდევ ელის ირაკლი კუპრაძე. ის „ლელოს“ ლიდერია აჭარაში. ირაკლი კუპრაძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა პოლიტიკური მოცემულობა მალე შეიცვალოს.
„თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ტიპის მინიმალური იმედი არსებობს შეთანხმების მიღწევის, თუმცა ეს შეთანხმება, პირველ რიგში, არ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა გადადგას ადეკვატურობასთან მიახლოებული ნაბიჯები…
ამ ეტაპზე არაფერი არ იგეგმება იგივე ბათუმის აქციაზე, თუმცა ყოველ საათში იცვლება მოცემულობა და ჩნდება ახალი პოზიციები, მოსაზრებები, პარტიების ინდივიდუალური პოზიციების გაგების შემდეგ იქნება შესაძლებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ირაკლი კუპრაძე გამორიცხავს „ლელოს“ ან მისი რომელიმე წევრის ინდივიდუალურად შესვლას პარლამენტში.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ შესაძლოა ცალკეული პარტიის წევრი პარლამენტში მუშაობას დათანხმდეს.
„ეს უკვე იქნება მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ინდივიდუალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა… არსებობს რაღაც ტიპის შიდა განხილვები, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა,“ – დასძინა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მეტად ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩევლებთან ურთიერთობა სჭირდებათ.
„ჩემი სურვილი იქნებოდა, ამ საპროტესტო აქციებს მიღმა ოპოზიციამ დაიწყოს ხშირი და აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეს შესაძლოა იყოს საუბნო შეხვედრები, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო სწორი იქნებოდა იგივე სატელეფონო კომუნიკაცია მხარდამჭერებთან, ასევე კავშირების გააქტიურება სოციალურ ქსელში…
ჩვენ უნდა გავიგოთ მათი მოსაზრებები, შესაძლოა, განსხვავებულად ფიქრობენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებმაც სულ რაღაც ერთი თვის წინ მხარი დაუჭირეს ჩვენს პარტიას… შესაძლოა, მათ შეგვაცვლევინონ აზრი, ან პირიქით, ჩვენ ავხსნათ კარგად, რას რატომ აკეთებს პარტია,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ საპროტესტო აქცია ბათუმში არ უნდა შეწყდეს იმის მიუხედავად, ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შევა თუ არა.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია, 35-ე დღეა აქ ვართ და 24-საათიან რეჟიმში გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა და პროტესტი, მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა შემოუერთდეს სხვადასხვა ქალაქი. ჩვენ ეს მანდატიც მოგვანიჭა საზოგადოებამ“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.
პოლიციელები აჭარის მთავრობის სახლის წინ რჩებიან, ისინი უკვე აღარ აპროტესტებენ ბუშტებსმირდატ ქამადაძე და ირაკლი კუპრაძე
აქციის მონაწილეები კასრებში დანთებული ცეცხლთან თბებიან, ანთია შეშის ღუმელიცაჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 35-ე დღეა გრძელდება
განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
რადგან 16-17 იანვარი შაბათი-კვირაა, 2021 წელს სასწავლო პროცესი ორშაბათს, 18 იანვარს განახლდება.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დისტანციურად ტარდება, ბათუმში კი სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა 2020 წლის გაზაფხულზე შეწყდა და მას შემდეგ ქალაქში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარაში – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა.
ამავდროულად ქალების სექსუალური შევიწროება, მიუხედავად „უჩინარი“ ხასიათისა, ძალიან ხშირი პრაქტიკაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევისმიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია.
შსს: 2019 წელს სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.
სექსუალური შევიწროება უჩინარ დანაშაულად მიიჩნევა, რადგან კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, ხშირად მსხვერპლსაც კი უჭირს დანაშაულის იდენტიფიცირება და ხშირად, ქალები თუ გოგოები უხერხულობისა და შიშის გამო თავს არიდებენ მოძალადის მხილებას, ამიტომაც მიმართვიანობა ასეთ დანაშაულზე ჯერ კიდევ დაბალია.
შსს: სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ასაკი 16-დან 45 წლამდე, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი – 17-დან 55 წლამდე მერყეობს. მსხვერპლები უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ქალები და გოგონები არიან.
სექსუალური შევიწროება ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. შსს-ს ანგარიშის თანახმად, სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება.
საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების საქმეებზე გამოვლენილ სამართალდამრღვევთა მიმართ, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ძირითად შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება.
ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც ხელს უწყობდა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.
საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
„სააფთიაქო ნარკომანია“ არის ქიმიური დამოკიდებულება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე. სააფთიაქო პრეპარატების არასამედიცინო მიზნით მომხმარებელთა უმრავლესობა ამ პრეპარატებს ამატებს არალეგალურ ბაზარზე შეძენილ ნარკოტიკებს. საქართველოში გავრცელებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკების მოხმარება.
ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა. როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა.
„სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდი დაამარცხა,“ – ამბობს ლეილა ბოლქვაძე.
„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.
დღეს, 8 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში პირველი პაციენტი აცრესcovid-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ვაქცინას ევროპის წამლის სააგენტო 29 დეკემბერს დაამტკიცებს.
„ის [ვაქცინა] საჭიროებს -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს… გარდა ამისა, ვაქცინის შიდა გამოყენება დაწყებული აქვს ჩინეთს და რუსეთს. ამ ვაქცინებს შორის დამზადების ტექნოლოგიებში არის განსხვავება…. მომავალ კვირაში ასევე ამერიკაში დაამტკიცებენ ამერიკულ ვაქცინას. 7 იანვარს დამტკიცდება „ასტრა ზენეკასი“, ეს არის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მომწოდებელთან, რომ შეუძლია რომელიმე დამტკიცებული ვაქცინიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საქართველოს 4 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად.
„ჩვენ არ ვიცით, ჯერ რომელი იქნება… შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი, ახლა ჩვენ ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე,“ – დასძინა ამირან გამყრელიძემ.
———————————————-
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 169 649 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 141 392 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 576 გარდაიცვალა.
„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის აცრისკენ მოუწოდებს.
„გთხოვთ, ისარგებლოთ შესაძლებლობით, რაც გვაქვს ვაქცინა სახელმწიფოს, საკმარისია… ასევე ყველამ მინდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აუცილებელია პირბადის ტარება, ეს დაგიცავთ გრიპისგან და კოვიდისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიუთითებს, რომ შშმ პირებისთვის მისადაგებული გარემო შექმნას ეროვნულ გამოცდებზე.
2020 წლის 24 ივლისს სახალხო დამცველს სმენადაქვეითებულმა მოქალაქე გ.გ-მ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი.
„საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული ძალისხმევის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულება არასათანადოდ სრულდება. მიმართვაში აღნიშნულია, რომ გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას აუცილებელია გაიწეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა“, – წერს სახალხო დამცველი.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სმენითი პრობლემების მქონე აბიტურიენტებისთვის უნდა აღმოიფხვრას იმგვარი ნორმატიული ბარიერები, „რაც გონივრული მისადაგების ფორმებს გაუმართლებლად შეზღუდავს“.
„სახელმწიფომ გონივრულ მისადაგების ღონისძიების უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რამდენადაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაიჭრას შესაბამისი პირის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. გონივრულ მისადაგებაზე უარი ყველა შემთხევაში უნდა იყოს დასაბუთებული და მხარისთვის დამაჯერებელი“, – ამბობს სახალხო დამცველი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ.
„აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 84 582 ლარი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა. შესაბამისად, ნებართვის მიღების შემდგომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ მიმწოდებელთან“, – აღნიშნულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განაცხადში.
ამავე განაცხადის მიხედვით, ბოლო პერიოდში კლინიკაში საშუალოდ შედის 100-130 ვირუსით დადასტურებული პაციენტი, მათგან საშუალოდ 30/40 მკურნალობას გადის სტაციონარში, რომელთა უმრავლესობა იმყოფება მართვით სუნთქვაზე. „შესაბამისად, პაციენტებს 24-საათიანი რეჟიმით ესაჭიროებათ სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება“.
ბათუმის რესპუბლიკურში ასევე აცხადებენ, რომ აქ პერიოდულად ყიდულობენ ჟანგბადის საჭირო მარაგს, „თუმცა, როგორც მის სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე, შემდგომში ჟანგბადის დროულ მოწოდებასთან დაკავშირებით [სამედიცინო ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე] არსებობს გარკვეული შეფერხებები, რის გამოც შესაძლოა საავადმყოფოში განთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგეს გარკვეული საფრთხის წინაშე“.
კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ 16 ნოემბერს დაავალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 8 დეკემბრის 21 საათიდან 9 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, ხვალ, დღისით – დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 4 –9 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 10-11 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 16 დეკემბრამდე.
8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 576 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი – 1 729
აჭარა – 339
იმერეთი – 673
ქვემო ქართლი – 419
შიდა ქართლი – 354
გურია – 126
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 388
კახეთი – 384
მცხეთა-მთიანეთი – 109
სამცხე-ჯავახეთი – 111
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41
დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 26 655 ადამიანი. 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 067 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში 1 123 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 51 709 ადამიანი.