მთავარი,სიახლეები

361 შეტყობინება ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მხოლოდ 20 დასჯილი – ომბუდსმენი

10.12.2020 • 1202
361 შეტყობინება ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მხოლოდ 20 დასჯილი – ომბუდსმენი

„მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებითი გამოწვევები რჩება სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიციასთან მიმართებით. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით ხდება, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს,“ – ეს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში წერია „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.

ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოამზადა და იგი 9 დეკემბერს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით სამართალდამცველებს 361 შემთხვევაში მიმართეს ქალებმა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. ამ სტატისტიკის მიხედვით, 361 შემთხვევიდან სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 54 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო განაჩენი საერთო სასამართლოებში გამოვიდა მხოლოდ 26 შემთხვევაში, აქედან გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობა არის 20.

„სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. ასეთი მიდგომა ხშირად სექსუალური ძალადობის მხოლოდ უკიდურესი ფორმების დროს და გამონაკლის შემთხვევებში იწვევს მოძალადის დასჯას. ძალადობის სხვადასხვა სერიოზული ფორმა, მტკიცებულებათა შეუსაბამო სტანდარტის გამო, დაუსჯელი რჩება…“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს თემა დღემდე ტაბუირებულია და  „მასზე მსხვერპლები საჯაროდ იშვითად საუბრობენ, ან მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო დამნაშევეები არაეფექტური მართლმსაჯულების სისტემის გამო უკიდურესად მცირე შემთხვევაში ისჯებიან“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. სახალხო დამცველმა ამ კუთხით სასამართლო საქმეები შეისწავლა და ჩათვალა, რომ სტერეოტიპული მიდგომები გამოიყენება ან „მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული ცრურწმენები, როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს. არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის კუთხით…“

სპეციალური ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია ექსპერტიზის ჩატარება მსხვერპლის სხეულზეც, რადგან მსხვერპლს არ აქვს ექსპერტის სქესის მიხედვით არჩევის შესაძლებლობა.

„დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ტრავმულია სასამართლო სხდომებიც, სადაც მსხვერპლს ისევ უწევს ბრალდებულის პირისპირ ყოფნა და ხშირად ის უშუალოდ პასუხობს ბრალდებულის კითხვებს.

„მიუხედავად სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ბუნებისა, მართლმსაჯულების განხორციელება არ ხდება გენდერული ხედვითა და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და სტრუქტურული ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, კვლევის ფარგლებში შესწავლილ არცერთ საქმეში, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა დამნაშავის ქმედებაში გენდერული ან სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვლევა, ან ქალთა მიმათ ძალადობის სტრუქტურული ბუნების განხილვა და მოსამართლის ან პროკურორის მხრიდან მასზე მითითება,“ – წერს სახალხო დამცველი.

___

72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ მას შემდეგ 10 დეკემბერი აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: