მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი სათათბირო საბჭო ჰყავს

10.12.2020 • 2569
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი სათათბირო საბჭო ჰყავს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ახალი მრჩეველთა საბჭო დააკომპლექტა. ამ საბჭოში რამდენიმე წევრია წინა საბჭოდან, ახალი წევრები კი ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან. ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე, ამას სავარაუდოდ პირველივე სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვეტენ, საბჭო 14-წევრიანია. საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი არ არის და აქ წარდგენილ პირებს, თავიანთი სფეროების მიხედვით, მოქალაქეების ინტერესების ლობირება ევალებათ.

სათათბირო საბჭოს შექმნას მერს თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. ამავე კოდექსით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს შექმნის მთავარი იდეა არის ის, რომ მერმა საკუთარი ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებები მოისმინოს და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული როლი კი საბჭოს ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას ეკისრება – ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მაქსიმალურად რომ იყოს ასახული მოსახლეობის საჭიროებები.

სწორედ ამიტომაც გააჩინა კითხვები საზოგადოებაში მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებამ საბჭოში სამი საჯარო მოხელის შეყვანაზე:

„ეს არ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდეს. შესაბამისად, საინტერესოა მერის დასაბუთება, რატომ სჭირდება მას საბჭოში წარმომადგენლები სამინისტროებიდან, როცა ისედაც შეუძლია კომუნიკაცია ჰქონდეს საჯარო უწყებებთან. აქ არ გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, როგორც საკოორდინაციო საბჭოში. მერს ამ საბჭომ მოქალაქეების პოზიცია უნდა მიაწოდოს და არა საჯარო უწყებების წარმომადგენლების“, – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი. ის წინა საბჭოს წევრიც იყო და ახალ საბჭოშიც იმუშავებს.

რაც შეეხება განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ნათიას აზრით, იმ ფონზე, როცა ქალაქს არ ახსოვს უნივერსიტეტების მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა, ჩართულობა სხვადასხვა მწვავე საკითხის განხილვაში, უმჯობესი იქნებოდა საბჭოში არა ამ სასწავლებლების, არამედ საბინაო კომუნალური მეურნეობების კუთხით  დაინტერესებული პირები შესულიყვნენ.

„საბჭოში უნდა იყვნენ მოსახლეობის წარმომადგენლები, რადგან აქ განიხილება კონკრეტული საკითხები, საბინაო-კომუნალურ თუ სხვა თემებზე, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. დებულებაშიც წერია, რომ უნდა შედიოდნენ ადამიანები საუბნო კავშირებიდან, ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ საბჭოში ქალაქის კონკრეტული უბნებიდან ყოფილიყვნენ წარმომადგენლები. “

კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 10 წევრისგან. ამ შემთხვევაში კი მერმა საბჭოში 14 წევრი შეარჩია.

8 დეკემბერს არჩეული საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

  • ნინო ინაიშვილი – საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.
  • ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი;
  • ლაშა ნაკაშიძე – გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქები -მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ხელმძღვანელი.
  • მაყვალა კვირიკაძე – შპს „მაკოს“ დამფუძნებელი, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე.
  •  თამაზ თურმანიძე – შპს „რუსული რეგისტრი ვესტჯეორჯიას“ დირექტორი, აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  •  რამინ მაჭარაშვილი – ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.
  •  დავით ქობულაძე – შ.რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მე-5 კურსის სტუდენტი.
  • ალექსანდრე შერვაშიძე – სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.
  • ციური ქათამაძე – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
  • მანუჩარ ლორია – სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე.
  • თამილა მეიშვილი – დრამისა და კინოს მსახიობი.
  •  რუსუდან შავიშვილი – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
  • თამარ გუდავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის  დეპარტამენტის უფროსი.
  • ირმა აფხაზავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

კანონის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გენდერულად უნდა იყოს დაბალანსებული. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის.

მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.

მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილება და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: