მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო

09.12.2020 • 1888
10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანები უფრო ხშირად კვდებიან ისეთი არაინფექციური დაავადებებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის ანგარიშში, რომელშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია განხილული.

თუ 2000 წელს ადამიანების გარდაცვალების მიზეზების პირველ ათეულში მხოლოდ ოთხი ისეთი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის შედეგად არ გადადის, 2019 წელს მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

„ეს ახალი შეფასებები კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ სწრაფად უნდა განვავითაროთ არაგადამდები დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა,” – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეისუსმა. მან ასევე ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის გადაუდებელი და რადიკალური გაუმჯობესების აუცილებლობას:

„ძლიერი პირველადი ჯანდაცვა აშკარად წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა ყველაფერი, არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლიდან დაწყებული, გლობალური პანდემიის მართვით დამთავრებული”.

ჯანმოს შეფასებით გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა: 2019 წელს ადამიანები 6 წლით მეტ ხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე 2000 წელს. სიცოცხლის ხანგრძლივობის გლობალური საშუალო მაჩვენებელი 2019 წელს 73 წელზე მეტი იყო, 2000 წელს კი დაახლოებით 67 წელი. მაგრამ ადამიანები, საშუალოდ, იმ დამატებით წლებიდან მხოლოდ 5 წელი ცხოვრობენ კარგი ჯანმრთელობით.

2019 წელს სიკვდილიანობის მთავარი მიზეზები:

  1. გულის იშემიური დაავადება
  2. ინსულტი
  3. ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება
  4. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ინფექციური დაავადება)
  5. ნეონატალური დაავადებები
  6. ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების სიმსივნური დაავადებები
  7. ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები
  8. დიარეა (ინფექციური დაავადება)
  9. შაქრიანი დიაბეტი
  10. თირკმლის დაავადებები

გულის დაავადება ბოლო 20 წლის განმავლობაში კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილის მთავარ მიზეზად. ამასთან, ახლა ის უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ოდესმე.

2000 წლის შემდეგ გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონზე მეტით გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 9 მილიონს მიაღწია. ახლა გულის დაავადება წარმოადგენს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის 16% -ს.

ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები გარდაცვალების მიზეზების ტოპ ათეულშია, ეს მიზეზები 2019 წელს მე-3 ადგილზეა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ჯანმოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გლობალურად, ალცჰეიმერითა და დემენციის სხვა ფორმებით სიკვდილიანობის სტატისტიკაში 65% ქალებზე მოდის.

2000 – დან 2019 წლამდე გლობალური მასშტაბით 70% –ით გაიზარდა დიაბეტით სიკვდილიანობა (ცალკეულად მამაკაცებში 80%-ით). ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სიკვდილიანობა გაორმაგდა.

ჯანმოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის შემდეგი ანგარიში შეფასებული იქნება კოვიდ19-ის პანდემიის პირდაპირი ზეგავლენა სიკვდილიანობასა და ავადობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: