მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს

08.12.2020 • 1303
რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ.

„აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 84 582 ლარი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა. შესაბამისად, ნებართვის მიღების შემდგომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ მიმწოდებელთან“, – აღნიშნულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, ბოლო პერიოდში კლინიკაში საშუალოდ შედის 100-130 ვირუსით დადასტურებული პაციენტი, მათგან საშუალოდ 30/40 მკურნალობას გადის სტაციონარში, რომელთა უმრავლესობა იმყოფება მართვით სუნთქვაზე. „შესაბამისად, პაციენტებს 24-საათიანი რეჟიმით ესაჭიროებათ სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება“.

ბათუმის რესპუბლიკურში ასევე აცხადებენ, რომ აქ პერიოდულად ყიდულობენ ჟანგბადის საჭირო მარაგს, „თუმცა, როგორც მის სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე, შემდგომში ჟანგბადის დროულ მოწოდებასთან დაკავშირებით [სამედიცინო ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე] არსებობს გარკვეული შეფერხებები, რის გამოც შესაძლოა საავადმყოფოში განთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგეს გარკვეული საფრთხის წინაშე“.

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ 16 ნოემბერს დაავალა.

ამავე თემაზე:

„მოხმარება 5-ჯერ გაიზარდა“ – ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელ გენერატორებს ყიდულობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: