მთავარი,სიახლეები

სექსუალური შევიწროება ძირითადად დღისით, ქუჩასა და ტრანსპორტში ხდება | შსს

08.12.2020 • 1081
სექსუალური შევიწროება ძირითადად დღისით, ქუჩასა და ტრანსპორტში ხდება | შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით,  საზოგადოებრივ ადგილებში  სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარაში – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა.

ამავდროულად ქალების სექსუალური შევიწროება, მიუხედავად „უჩინარი“ ხასიათისა, ძალიან ხშირი პრაქტიკაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია.

შსს: 2019 წელს სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.

სექსუალური შევიწროება უჩინარ დანაშაულად მიიჩნევა, რადგან კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, ხშირად მსხვერპლსაც კი უჭირს დანაშაულის იდენტიფიცირება და ხშირად, ქალები თუ გოგოები უხერხულობისა და შიშის გამო თავს არიდებენ მოძალადის მხილებას, ამიტომაც მიმართვიანობა ასეთ დანაშაულზე ჯერ კიდევ დაბალია.

შსს: სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ასაკი 16-დან 45 წლამდე, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი – 17-დან 55 წლამდე მერყეობს. მსხვერპლები უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ქალები და გოგონები არიან.

სექსუალური შევიწროება ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. შსს-ს ანგარიშის თანახმად, სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება.

საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების საქმეებზე გამოვლენილ სამართალდამრღვევთა მიმართ, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ძირითად შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება.

ამავე თემაზე: 

სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად აჭარაში ხდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: