ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის

09.12.2020 • 4388
ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის

„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია.

შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულის მონაცემებს სწორედ დამსაქმებელი აგზავნიდა ელექტრონულად].

დღეს, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღებას ელოდებიან:  

[crosslist]

  • ის დასაქმებულები, რომლებმაც 2020 წელს, პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური [გაზაფხულზე], დარჩნენ უხელფასოდ და რომლებიც იღებდნენ 200-ლარიან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში, თუმცა, სამსახური არ დაუწყიათ [მაგალითად, ტურისტულ ბიზნესში, კაზინოებში, საბავშვო სტუდიებში და სხვა სექტორში დასაქმებულები];
  • კომპენსაციის მიღებას ელოდებიან ის დასაქმებულები, რომლებიც კარკვეული პერიოდი იღებდნენ კომპენსაციას, ზაფხულის სეზონიდან 28 ნოემბრამდე მუშაობდნენ, მაგრამ 28 ნოემბრიდან ისევ უსამსახუროდ/უხელფასოდ დარჩნენ – ახალი შეზღუდვების გამო;
  • კომპენსაციას ელოდებიან ისინიც, ვინც სამსახური პანდემიის დასაწყისში, ან შემდეგ პერიოდში დაკარგა, თუმცა, დამსაქმებლებმა სამსახურში აღარ აღადგინეს [ანუ, ვინც შემცირებაში მოყვა] და სხვ.

[/crosslist]

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ დღეს, 9 დეკემბერს განუცხადეს, რომ 2021 წლის იანვრიდან 200 ლარი კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმები მთავრობამ უნდა დაადგინოს.

„გაცხადებულია, რომ კომპენსაციას მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებიც სამსახურს დროებით დაკარგავენ, თუმცა, კონკრეტულად ვინ მიიღებს – ვადები, კატეგორია – ეს მთავრობამ დადგენილებით უნდა განსაზღვროს. ჩვენ ამ დადგენილების მოლოდინში ვართ“, – გვითხრეს შემოსავლებში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იმ სამსახურდაკარგული პირების სავარაუდო რაოდენობა, ვინც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 200 ლარი კომპენსაცია უნდა მიიღოს არის 125 000. საერთო ბიუჯეტი კი იქნება 150 მილიონი ლარი.

მთავრობის 4 დეკემბრის ინფორმაციით, ანალოგიური კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან დეკემბრამდე 162 220-მა პირმა მიიღო [რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში]. ჯამში კი, 129 324 100 ლარი გაიცა.

—–

მთავრობამ 2 დეკემბრის დადგენილებით დააზუსტა თუ რა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები მიიღებენ კომპენსაციას – 100 ლარს, 2021 წლის იანვიდან 6 თვის განმავლობაში. ამ კომპენსაციის მიღებას ელექტრონული რეგისტრაცია ან განცხადების წარდგენა არ სჭირდება.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:
ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან

მთავრობამ 2 დეკემბრის დადგენილებით ასევე განსაზღვრა, თუ ვინ მიიღებს ერთჯერად კომპენსაციას – 300 ლარს. ამ კომპენსაციის მისაღებად ელექტრონულიგანაცხადების მიღება დაწყებულია და 24 დეკემბერს დასრულდება.

ვინ მიიღებს ერთჯერად კომპენსაციას და ვინ უნდა შეავსოს განაცხადი, ნახეთ ამ ბმულზე:
ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

ამავე თემაზე:

ვინ რჩება 300-ლარიანი დახმარების გარეშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: