მთავარი,სიახლეები

რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები

08.12.2020 • 2139
რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები

„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება.

35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში.

აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, თუმცა ისინი აღარ უშლიან აქციის მონაწილეებს ბუშტების ჩამოკიდებას. რამდენიმე დღის წინ პოლიციელები ბუშტებსაც ხეთქავდნენ და ვინც არ ემორჩილებოდა პოლიციელს, აკავებდნენ კიდეც.

აჭარის მთავრობასთან გასულ დღეებში სულ 9 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. შენობის წინ ქუჩა ისევ გადაკეტილია, გაშლილია კარვები, გახსნილია კაფეც. აქ შეკრებილი ადამიანები კასრებში დანთებულ ცეცხლთან თბებიან, ანთია შეშის ღუმელიც. შეშისგან აქციის მონაწილეებმა ბუშტებიანი ნაძვის ხეც მოაწყვეს.

„დღესვე უნდა გამოვიდნენ და შეიკრიბონ. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წინ გამოვიდეს ის 60 კაცი, რომელმაც მანდატი მიიღო, უმაღლესი საბჭოს წინ გამოვიდეს 7 ადამიანი და თქვას ნათლად, რომ ჩვენ არ შევდივართ. მაშინ იქნება ეს დაჯერებადი და წერტილდასმული. ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამ დღესვე, ხვალ შესაძლოა გვიანი იყოს,“ – მიიჩნევს მურმან დუმბაძე, „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი. იგი თვლის, რომ „მოლაპარაკებების რესურსი უკვე ამოწურულია“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მურმან დუმბაძე ამ იდეაზე ესაუბრა, „მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი პოზიციები რადიკალურია“, – დასძინა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებთან“.

მურმან დუმბაძე კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე პარტიის ცალკეული წევრი პარლამენტში შესვლას აპირებს და თუ ასე მოხდა, „ეს მმართველი პოლიტიკური ძალის „გაპრავება“ იქნება“. იგი ხაზს უსვამს გარემოებას, რომ საპარლამენტო მრავალფეროვნებას მრავალპარტიულობა ქმნის და არა ცალკეული ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლა.

მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ თუკი „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დარჩება, გარდაუვალი იქნება რიგგარეშე არჩევნები.

„თუ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაშინ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის გარკვეულ ეტაპზე შეინარჩუნებს იმის თქმის უფლებას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი შეიქმნა,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

მურმან დუმბაძის აზრით, ბათუმის მსგავსად საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს სხვა ქალაქებსა, თუ სოფლებში.

„300-მდე ლოკაცია შეიძლება იყოს ასეთი. ქუჩა ეხმარება საქართველოს მოქალაქეს, რომ მისი განწყობა აისახოს… დღეს საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ არ შეეგუება ხმის წართმევას და ბოლომდე დაიცავს ამ უფლებას. ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში ვიგრძენით დემოკრატიის სურნელი და, როგორც ჩანს, მარტო ბიულეტენებით ხელისუფლების შეცვლას ძნელად მიღწევადია. ერთადერთი გამონაკლისი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო.

მოქალაქეებში დღეს არსებობს საპროტესტო მუხტი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა 20, 30, 50 კაცის ყოველდღიური თავმოყრა აქაც, კარვებში ღამის გათენება, ეს ნელ-ნელა გადაედება სხვასაც. თელავში უკვე გაშალეს კარვები,“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძისგან განსხვავებით, მოლაპარაკების შედეგს ჯერ კიდევ ელის ირაკლი კუპრაძე. ის „ლელოს“ ლიდერია აჭარაში. ირაკლი კუპრაძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა პოლიტიკური მოცემულობა მალე შეიცვალოს.

„თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ტიპის მინიმალური იმედი არსებობს შეთანხმების მიღწევის, თუმცა ეს შეთანხმება, პირველ რიგში, არ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა გადადგას ადეკვატურობასთან მიახლოებული ნაბიჯები…

ამ ეტაპზე არაფერი არ იგეგმება იგივე ბათუმის აქციაზე, თუმცა ყოველ საათში იცვლება მოცემულობა და ჩნდება ახალი პოზიციები, მოსაზრებები, პარტიების ინდივიდუალური პოზიციების გაგების შემდეგ იქნება შესაძლებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ირაკლი კუპრაძე გამორიცხავს „ლელოს“ ან მისი რომელიმე წევრის ინდივიდუალურად შესვლას პარლამენტში.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ შესაძლოა ცალკეული პარტიის წევრი პარლამენტში მუშაობას დათანხმდეს.

„ეს უკვე იქნება მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ინდივიდუალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა… არსებობს რაღაც ტიპის შიდა განხილვები, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა,“ – დასძინა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მეტად ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩევლებთან ურთიერთობა სჭირდებათ.

„ჩემი სურვილი იქნებოდა, ამ საპროტესტო აქციებს მიღმა ოპოზიციამ დაიწყოს ხშირი და აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეს შესაძლოა იყოს საუბნო შეხვედრები, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო სწორი იქნებოდა იგივე სატელეფონო კომუნიკაცია მხარდამჭერებთან, ასევე კავშირების გააქტიურება სოციალურ ქსელში…

ჩვენ უნდა გავიგოთ მათი მოსაზრებები, შესაძლოა, განსხვავებულად ფიქრობენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებმაც სულ რაღაც ერთი თვის წინ მხარი დაუჭირეს ჩვენს პარტიას… შესაძლოა, მათ შეგვაცვლევინონ აზრი, ან პირიქით, ჩვენ ავხსნათ კარგად, რას რატომ აკეთებს პარტია,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ საპროტესტო აქცია ბათუმში არ უნდა შეწყდეს იმის მიუხედავად, ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შევა თუ არა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია, 35-ე დღეა აქ ვართ და 24-საათიან რეჟიმში გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა და პროტესტი, მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა შემოუერთდეს სხვადასხვა ქალაქი. ჩვენ ეს მანდატიც მოგვანიჭა საზოგადოებამ“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.

პოლიციელები აჭარის მთავრობის სახლის წინ რჩებიან, ისინი უკვე აღარ აპროტესტებენ ბუშტებს

მირდატ ქამადაძე და ირაკლი კუპრაძე

აქციის მონაწილეები კასრებში დანთებული ცეცხლთან თბებიან, ანთია შეშის ღუმელიც

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 35-ე დღეა გრძელდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: