ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის უყიდიან ბათუმი არენას ხელოვნურ მზეს და რატომ ვერ ითამაშებს „დინამო“ დღეს სტადიონზე

10.12.2020 •
როდის უყიდიან ბათუმი არენას ხელოვნურ მზეს და რატომ ვერ ითამაშებს „დინამო“ დღეს სტადიონზე

ბათუმის ახალ სტადიონზე ორი მატჩის ჩატარების შემდეგ ბათუმის „დინამო“ მორიგ შეხვედრას „ჩიხურასთან“ დღეს, 10 დეკემბერს, ანგისის ბაზაზე გამართავს.

„დინამომ“ ბათუმი არენაზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ შეხვდა. ამ თამაშების შემდეგ მინდვრის საფარი დაზიანდა, თუმცა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მორიგი მატჩის ანგისაზე ჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდება.

„ის ორი თამაში, რომელიც ახალ სტადიონზე გაიმართა, იყო სატესტო თამაში. UEFA ისედაც ითხოვს ჩვენგან სატესტო თამაშების ჩატარებას კატეგორია რომ მოგვანიჭოს, ამიტომ მივეცით „დინამოს“ საშუალება, ეს ორი თამაში გაემართა სატესტო რეჟიმში. რაც შეეხება უკვე ოფიციალურ თამაშებს, როგორც კი მომავალი წლის მარტის პირველ შაბათ-კვირას გაიხსნება საქართველოს ეროვნული ლიგა, ბათუმის „დინამო“ უკვე ოფიციალურად გააგრძელებს ჩემპიონატს ახალ საფეხბურთო სტადიონზე“, – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ.

ბაქარ ჩიტაიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რატომ იყო მისი განმარტება საფარის დაზიანების შესახებ სპორტულ გამოცემებთან, მაგალითად, ამგვარი: „ჩვენთან ტრიბუნები მთლიანად გადახურულია, მხოლოდ მინდორია ღია ტიპის. ამიტომაც, მზის დაცემის პრობლემა გვაქვს… ტენიანობა ხელს უშლის ბალახს განვითარებაში, ამიტომ ხელოვნური დახმარება სჭირდება… შესაბამისად, არის მზის და განათების მიწოდების პრობლემა, რაც ბალახის განვითარებას ხელს უშლის. მივიღეთ ზომები და ზამთარში ჩამოვა ხელოვნური მზე უცხოეთიდან…“ – [ADJARASPORT].

„მინდვრის საფარი არ არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. ყველა მინდვრის საფარი განიცდის დაზიანებას… დღესაც მზად არის მინდორი იმისთვის, რომ გავმართოთ საფეხბურთო თამაში… ახლა ბალახი ვეგეტაციის პერიოდს გადის, გაზაფხულისთვის ის კარგ მდგომარეობაში იქნება და ბათუმის „დინამო“ ახალ სეზონზე ჩვეულებრივად ითამაშებს ახალ სტადიონზე“, – ასე უპასუხა „ბათუმელების“ კითხვას ბაქარ ჩიტაიამ სტადიონის მინდვრის საფარის დაზიანებაზე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თავად „დინამოსაც“, თუ რატომ არ ითამაშებენ დღეს ბათუმი არენაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, დაუკავშირდით სტადიონის ადმინისტრაციას“, – გვითხრეს „დინამოს“ პრესსამსახურში.

ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნური სანათი მოწყობილობის [„ხელოვნური მზის“] შესაძენად კი, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ფასთა კვლევა [სავარაუდო ღირებულების დასადგენად] 2020 წლის 18 სექტემბერს გამოაცხადა.

სანათი მოწყობილობის შეძენას რაც შეეხება, კომპანიაში გვითხრეს, რომ ტენდერს გამოაცხადებენ.

 „ხელოვნური მზის“ ტექნიკური მახასიათებლები:

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიას [ყოფილი შპს „სტადიონი“], რომელიც სტადიონს მართავს და რომელიც მშენებლობასაც კურირებდა, ბათუმის სტადიონი ოფიციალურად ჯერ არ ჩაუბარებია.

„როგორც მინდვრის საფართან, ასევე ზოგადად, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შემდეგაც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი“, – გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ.

თავის დროზე მინდვრის საფარის პრობლემა ანგისის ახალგაკეთებულ ბაზაზეც შეიქმნა, რომლის მოედანიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს. „ანგისის სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“ დოკუმენტებს პროკურატურაც სწავლობდა.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად 2020 წლის 27 ოქტომბერს გახსნეს.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

მთავარი ფოტო: ბათუმის სტადიონის გახსნა/მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: