კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა.

კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, რა პირობებშიც უნდა განაახლონ მუშაობა.

ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით:

  • კაზინოებმა „შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის მიზნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით“ ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ;
  • მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეში ფართობის ყოველ 5მ2-ზე დაიშვება მხოლოდ 1 ვიზიტორი;
  • პერსონალი და ვიზიტორები დახურულ შენობაში უნდა იყვნენ ნიღბებით;
  • უნდა გამოიყოს პირები, რომლებიც ყოველ 2 სთ-ში მოახდენენ ხშირად შეხებადი ზედაპირების [მათ შორის კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ბანკომატების, ლიფტის ღილაკების, სათამაშო ავტომატების, რულეტების, სკამების, სალარო აპარატების ზედაპირების] წმენდასა და დეზინფექციას შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარით;
  • მაქსიმალურად უნდა შეამცირონ ნაღდი ანგარიშსწორება;
  • მაგიდებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი დაშორება; თუკი სათამაშო მაგიდები სტაციონარულადაა დამონტაჟებული, ვიზიტორების განთავსება დაშვებულია ერთი მაგიდის გამოტოვებით; ამასთან მაგიდასთან განთავსებულ ვიზიტორებს  შორის უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან განთავსებული ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრება სამაგიდო თამაშის ტიპის მიხედვით:
    ბლექჯექის მაგიდასთან – არაუმეტეს 3 ვიზიტორი
    კამათლებით სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 6 ვიზიტორი
    რულეტის სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 4 ვიზიტორი
    პოკერის სათამაშო მაგიდასთან – არაუმეტეს 4 ვიზიტორი;
  • აკრძალულია სათამაშო მაგიდებთან ან მოთამაშეების უკან ვიზიტორთა დგომა;
  • ყოველი თამაშის შემდგომ უნდა გამოიცვალოს ბანქოს დასტები

 

[toggle title=”რეკომენდაციები კაზინოებისთვის სრულად ნახეთ აქ:“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის  

1. ძირითადი რეკომენდაციები:

ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეში ფართობის ყოველ 5მ2-ზე 1 მომხმარებლის დაშვება;

ბ) ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა  ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

გ) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და ვიზიტორებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);

დ) შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი  სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ე) არ დაუშვათ პერსონალი და ვიზიტორები დახურულ შენობაში ნიღბის გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);

ვ) განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი  ხსნარი შესასვლელში, ხოლო დამატებით, სამუშაო ადგილზე – პერსონალისთვის, თითოეული თამაშისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელში;

ზ) გამოიყენეთ სანიტარიული შესვენებები;

თ) უზრუნველყავით პერსონალისა და ვიზიტორებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა  წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;

ი) მიაწოდეთ  ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების   სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;

კ) ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2მ);

ლ) სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;

მ) გამოყავით პირები, რომლებიც ყოველ 2 სთ-ში მოახდენენ ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ბანკომატების, ლიფტის ღილაკების, სათამაშო ავტომატების, რულეტების, სკამების, სალარო აპარატების ზედაპირების) წმენდასა და დეზინფექციას შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარით;

ნ) ვიზიტორთან პირდაპირი კონტაქტის აცილების მიზნით, მიმღები/სალარო აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერით;

ო) უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება კაზინოსთვის განკუთვნილი სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელებთან, თითოეულ სათამაშო ავტომატთან;

პ) ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის  პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით  ასეთი ნარჩენების   დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

ჟ) მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ანგარიშწორება.

2. სათამაშო მაგიდების განთავსების წესები:

ა) დარბაზებში უზრუნველყავით მაგიდებისა და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა. თუკი სათამაშო მაგიდები სტაციონარულადაა დამონტაჟებული, სოციალური დისტანციის დასაცავად ვიზიტორების განთავსება უზრუნველყავით ერთი მაგიდის გამოტოვებით;

ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ ვიზიტორებს  შორის უზრუნველყავით  არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

ა.გ) მაგიდასთან განთავსებული ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრება სამაგიდო თამაშის ტიპის მიხედვით:

ა.გ.ა) ბლექჯექის მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 3 ვიზიტორისა;

ა.გ.ბ) კამათლებით სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 ვიზიტორისა;

ა.გ.გ) რულეტის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა;

ა.გ.დ) პოკერის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა.

აიკრძალოს სათამაშო მაგიდებთან ან მოთამაშეების უკან ვიზიტორთა დგომა

ბ) დასაქმებულები, რომლებიც წარმართავენ სამაგიდო თამაშებს: დილერები, კრუპიეები, პიტ-ბოსები თამაშის მსვლელობისას აღჭურვეთ ნიღბებითა და ხელთათმანებით. იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ხელთათმანების გამოყენება, აუცილებელია ხელების მომეტებული სიხშირით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;

გ) ყოველი თამაშის შემდგომ გამოცვალეთ ბანქოს დასტები  და ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა (დაბანა წყლით და საპნით, ან დამუშავება სანიტაიზერით).

3. მოთხოვნები სათამაშო ავტომატებისათვის განკუთვნილი სივრცეებისათვის:

ა) დარბაზში უზრუნველყავით სათამაშო ავტომატების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) სათამაშო ავტომატებს შორის უსაფრთხო 2 მეტრიანი დისტანციის  დაცვა;

ა.ბ) თუკი სათამაშო ავტომატები განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ, უზრუნველყავით მომხმარებლების განთავსება ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით (განათავსეთ სკამები ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით, გამორთეთ ის სათამაშო ავტომატები, რომელთანაც მომხმარებელს მისვლა არ შეეძლება), ან დაამონტაჟეთ დროებითი დამცავი ბარიერი;

ა.გ) ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ა.დ) აიკრძალოს სათამაშო ავტომატებთან მოთამაშეების უკან ვიზიტორების დგომა სათანადო დისტანციის დაცვის გარეშე.

  1. მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

ა) სასადილო დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში  ფართობის ყოველ  4მ2  -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ – არაუმეტეს 60 მომხმარებლისა; მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ  მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

ა.გ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;

ა.დ) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის  გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

გ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

დ) უზრუნველყავით სტუმრებისთვის  ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ე) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ვ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

  1. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:

ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:

ა.ა) ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

ა.ბ) გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

ა.გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

ა.დ) გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

ა.ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

ბ) წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

გ) ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

დ) ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

ე) სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

  1. მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის  დაცვის წესი:

ა) გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

ბ) ნახმარი  ხელსახოცების   შეგროვება   მოხდეს  სპეციალურად  ამ  მიზნისთვის  განკუთვნილ  ტომარაში  ან  სხვა  თავდახურულ  მოცულობაში.

 მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ:

ა) უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;

გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;

დ) სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;

ე) გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 100% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე;

ვ) უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით);

ზ) დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მათ გამართულ მუშაობაზე.

 უსაფრთხოების ზომები დალაგების დროს:

 ა) დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;

ბ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;

გ) დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;

დ) ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა რესპირატორული სეკრეტით ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა –  გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს  ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;

ე) ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან  10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;

ვ) მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი – მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;

ზ) რაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

 დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

 ა) დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

ა.ა) ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

ა.ბ) სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;

ა.გ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

ა.დ) თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

ა.ე) დახურული ფეხსაცმელი;

ა.ვ) დახურული სპეცფეხსაცმელი.

 10. პერსონალის ვალდებულებები:

ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

ბ) სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;

გ) სამუშაოს  დასრულების შემდეგ სადეზინფექციო  საშუალებებით  დაასუფთავეთ  ის  ადგილები  და  ხელსაწყოები,  რომლებსაც  იყენებთ  მუშაობისას;

დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;

ე) გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ  ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

11. ვიზიტორთა ვალდებულებები:

დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.

შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის მიზნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით, აღრიცხეთ ვიზიტორები.

[/toggle]

 

ბათუმის კაზინოების მომხმარებელთა თითქმის 90% თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო დაახლოებით 10% – ისრაელის მოქალაქეები. ბათუმისგან განსხვავებით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ნაკლებადაა დამოკიდებული თბილისის კაზინოები, რომელთა მომხმარებლები, ძირითადად, არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ამ თემაზე:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით — ტერაბანკის ახალი აქცია

პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს. სპეციალური პირობების მიხედვით, მომხმარებლები აქციის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.  ისინი არც სესხის პროცენტს გადაიხდიან და არც – ძირს.

აქცია მოქმედებს ახალი სესხის აღების დროს, ტერაბანკის როგორც არსებული, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სესხის მოთხოვნა სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი. არსებული კლიენტები განაცხადს ონლაინ შეავსებენ და დადასტურების შემდეგ სესხის თანხასაც პირდაპირ ანგარიშზე მიიღებენ. რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც ტერაბანკის სერვისებით ჯერ არ სარგებლობენ, პროდუქტის მოთხოვნას ისინიც დისტანციურად შეძლებენ, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მხოლოდ ერთხელ მივლენ.

„ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შეთავაზება და პირობებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამომხმარებლო სესხის აღება პირადი მიზნებისთვის სურთ, ან სხვადასხვა სესხის ერთ სესხად გაერთიანება აინტერესებთ“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკის სამომხმარებლო სესხების აქცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე [კმ10-კმ13 და კმ31], ცხოველების დამცავ ლითონის ღობეს აწყობენ, რის გამოც სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. შეზღუდვები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და შპს „როუდ ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით  სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და შესაბამისად, საჭიროა მისი გაგრძელება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით“.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით – აცხადებს დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

მშობელი შვილს მათხოვრობას აიძულებდა, მას 17 წლამდე პატიმრობა ელის | პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 12 წლის შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას, იგი შვილს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთის გაყიდვას.

ამასთან, მშობელმა შვილს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შვილზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხას მშობელი თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა.

„პ.მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში,“ – წერს პროკურატურა.

პ.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.

„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს, პირველ მარტს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება  უკანონოა და ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს.

„მივიჩნევთ, რომ არსებული სივრცე უნდა გამოიყენებოდეს ძეგლის ღირებულების, ავთენტურობისა და რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით. თავის მხრივ, სივრცის ათვისებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, სათანადო საექსპერტო დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო.“

„ამბასადორმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა. მიზანი – ძეგლის სტატუსის მოხსნა იყო, რაზეც უარი თქვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

ამას გარდა, 2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დააჯარიმეს პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას – შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა.

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას ითხოვს

სააგენტომ კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა. თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა და 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი [აქედან, 3 სართული მიწის ქვეშ] სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

სპეციალისტების მოსაზრებით, პრობლემურია ის საკითხიც, რომ საბჭომ და სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს კომპანიის დაკვეთით 2020 წელს შესრულებული სახელოვნებათმცოდნეო კვლევით, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია არა იმ ძეგლზე, რომელზეც უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია, არამედ ძეგლის მიმდებარე ურბანულ ქსოვილზე.

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

სხვა ხელოვნებათმცოდნეები კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენება ძეგლისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანია. როგორც სსიპ „გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“ სამეცნიერო საბჭო მიუთითებს:

„ის ფაქტი, რომ ამ ადგილზე 2016 წლამდე იდგა ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობა, აღნიშნული მსხვილმასშტაბიანი, 16-სართულიანი საპროექტო მოცულობის აგების შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, მისი აშენება არათუ უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე, არამედ მის მომიჯნავედ, ძეგლის ფიზიკური თუ ვიზუალური დაცვის არეალშიც არ არის მიზანშეწონილი“. ამ პოზიციას სრულად იზიარებს ICOMOS -საქართველო, რომელიც ბულვარში ამ ტიპის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს.

კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის დარღვევის გარდა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული და სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მიიღეს. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მის წევრებს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობეს. ამასთან, საბჭოს ზოგიერთ წევრს საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ გადასცემია, რაც გამორიცხავდა საბჭოს წევრების მიერ საკითხის გაცნობის და მათი პოზიციების დასაბუთების შესაძლებლობას. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ქალაქგეგმარებით და სამშენებლო რეგულაციებს, რომელიც, ერთი მხრივ, კრძალავს სასტუმროს დანიშნულების ობიექტის მშენებლობას სარეკრეაციო ზონაში და ასევე მოითხოვს განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტის შეთანხმებას, რაც საპროექტო დოკუმენტაციაში წარდგენილი საერთოდ არ არის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მიზანია:

მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების ბათილობის გზით უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის დაცვა, არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება, და კერძო ბიზნესინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება.

დავის განხილვის დასრულებამდე სამინისტროს მიერ სამშენებლო პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერების გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ბათუმის ბულვარის დაზიანების შეუქცევადი პროცესის შეჩერება, რაც მიუღწეველს გახდის ბათუმის ბულვარის დაცვის მიზანს.

ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო აუქციონზე გაიყიდება

კერძო კოლექციებში დაცული ვან გოგის ნახატების რაოდენობა მცირეა. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა მხატვრის 1887 წლის ტილო, რომელიც ვან გოგმა პარიზში ხანმოკლე ყოფნისას დახატა.

აქამდე კერძო კოლექციაში დაცული „მონმარტრის ქუჩის სცენა“ ცოტა ხნის წინ გადაეცა Sotheby-ისა და მირაბო მარსიეს აუქციონთა სახლებს. ნახატი 25 მარტიდან გაიყიდება აუქციონზე, გამოფენის შემდეგ.

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ – ვან გოგის აქამდე უცნობი, 1887 წელს შექმნილი ექსპრესიონისტული პერიოდის ტილო

პარიზში შექმნილი ნახატების სერია ვან გოგის ამ ქალაქში გატარებულ მხოლოდ 2 წელიწადს ასახავს. მხატვარი 1886 – 1888 წლებში ცხოვრობდა პარიზში ძმის, თეო ვან გოგის ფინანსური მხარდაჭერით და კერძო სტუდიაში მუშაობდა ხატვის ტექნიკაზე.

ვან გოგის პარიზის სერიის ნახატები შედევრებადაა მიჩნეული და მსოფლიოს დიდ მუზეუმებშია გამოფენილი. „მონმარტრის ქუჩის სცენა“ არტბაზრობებზე არასდროს გამოჩენილა და არც არსად გამოფენილა 1920 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც ტილო პარიზელი კოლექციონერების ოჯახმა შეიძინა.

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ ვან გოგის მხატვრობის ექსპრესიონისტულ პერიოდს ასახავს. ჩანს ქარის წისქვილი და დღისით მონმარტრზე მოსეირნეები.

სპეციალისტების შეფასებით, ტილო იდეალურადაა შენახული და მისი ფასი  5-დან 8 მილიონამდე ევროა. ინტერნეტაუქციონი 25 მარტიდან დაიწყება, მანამდე კი, მარტის დასაწყისში, ნახატი გამოიფინება ამსტერდამში, 16-დან 18 მარტამდე – ჰონგ-კონგში შემდეგ კი, სანამ აუქციონზე გაიყიდება, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ძველ, თითქმის 200 წლის სასტუმრო Drouot-ის გამოფენაზე დაიდებს ბინას.

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა პანდემიის პერიოდში ეს ნორმა შეზღუდულია და საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ბავშვი გამოუცხადებლობის გამო ამორიცხოს.

რაც შეეხება პროტოკოლს, როგორც ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგე, ნანა თედორაძე ამბობს, ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

„280 ბავშვიდან დღეს ადგილზე გამოცხადდა 125 ბავშვი. იმიტომ კი არა, რომ არ მოიყვანეს მშობლებმა, უბრალოდ, ეტაპობრივად ვიღებთ. რადგან პირველი დღეა, მშობელი შენობაში ვერ შემოდის და როცა ბავშვი პირველად მოდის, შესაძლოა იტიროს, ამიტომ ბავშვებმა რომ არ ინერვიულონ და არც მშობლებმა, ეტაპობრივად ვიღებთ. დღეს 15-15 ბავშვი დავიბარე ყველა ჯგუფიდან, ხვალ 5-5 ბავშვს დავიმატებ, შემდეგ კიდევ 5-ს და ნელ-ნელა, კვირის ბოლომდე შევაჩვევთ“, – ამბობს ნანა თედორაძე.

მისი თქმით, ბავშვებს შორის დისტანციის დაცვას არ ითვალისწინებს ჯანდაცვის რეკომენდაციები, თუმცა ჯგუფებს შორის დისტანციის დაცვას შეძლებენ.

„სადილის დროს ბავშვები ერთ კუთხეში ისხდნენ ხოლმე, ამჯერად სააქტივო კუთხეებში რომ მაგიდები მიდგას, იმის დეზინფექცია გაკეთდება და სადილის დროს ამ მაგიდებზეც გადავანაწილებთ ბავშვებს. სათამაშოების დეზინფექცია გათვალისწინებულია ყოველ საღამოს, ძალიან კარგი ხსნარი შემოგვიტანეს, აქამდე ეს ხსნარი არ გვქონია, გარეცხილი სათამაშოები ამ ხსნარით მუშავდება. ხსნარი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, – ამბობს თედორაძე.

რაც შეეხება ოთახების განიავებას, თედორაძის თქმით, რადგან ამ ეტაპზე სიცივეა, ცდილობს ოთახების განიავების დროს გამოიყენოს შენობის დარბაზები. „ორი დიდი დარბაზი აქვს შენობას, ასევე, ოთახების განიავების დროს შესაძლოა ნახევარი საათით ბავშვები ფოეშიც გავაჩეროთ“.

ბაღის გამგე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასკოლო ასაკის ბავშვები უფრო გამოცხადდნენ, „გვინდა ეს სამი თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ეს ბავშვები სკოლაში მთლად მოუმზადებლად არ წავიდნენ“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ მე-14 საბავშვო ბაღის გამგეს, ეკა კიწმარიშვილსაც ესაუბრა. ამ ბაღში 210 ბავშვიდან დღეს 89 ბავშვი გამოცხადდა. როგორც კიწმარიშვილი ამბობს, მშობლების გარკვეული ნაწილი კორონავირუსის გამო შიშობს და არ სურს ბავშვის ბაღში გაგზავნა.

„მათ აქვთ უფლება, რომ ბავშვი არ მოიყვანონ. ბავშვების არ ამოვრიცხავთ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ და უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ“, – ამბობს კიწმარიშვილი.

კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 1.9 პროცენტია ბოლო ორი კვირის მონაცემებით

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 947 კვლევა და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 918-ს.

28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის  – 1.9 %, ხოლო 7 დღის – 1.44%.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 520 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 849, საიდანაც 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 312 პირი, აჭარაში – 386, იმერეთში – 664.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მარტის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, პირველი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით:  3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 3 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. მომდევნო ორ დღეს, 4-5 მარტს კი, აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება.

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა | პირველი მარტი

პირველი მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

ბათუმში სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ბათუმსა და დანარჩენ საქართველოში

პირველი მარტიდან ბათუმში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შიდა სივრცეშიც მიიღონ.

ნახეთ ვრცლად ჩამონათვალი:

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან;
  • ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეში პირველი მარტიდან შეძლებენ, თუმცა შაბათ-კვირის გარდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი – 8 მარტიდან;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით ასევე განახლდება 1-ლი მარტიდან;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

ჯერჯერობით ისევ ძალაში რჩება კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი შეზღუდვები გასული წლის 29 ნოემბერს აამოქმედა.

“დატოვოს კომპანიამ რიონის ხეობა” – ათასობით ადამიანი ხელისუფლებას 2 კვირის ვადას აძლევს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის  ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუკი კომპანია “ენკა რინიუებლზი”, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, ორი კვირის ვადაში არ დატოვებს რიონის ხეობას, მოსახლეობა ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას მოაწყობს.

„ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხეობა, რომელიც არის ჩვენი, ყველას საკუთრება, ისე გადასცეს ინვესტორს, რომ ხალხმა არაფერი იცოდა. თუ ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, თუ არის მნიშვნელოვანი ენერგოდამოუკიდებლობისათვის, რატომ დაუმალეს ხალხს? “- დასვა კითხვა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანი აქციაზე ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

მან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გაახმოვანა. ხეობის მცხოვრებლები ითხოვენ შეაჩეროს სამუშაოები და დატოვოს რიონის ხეობა კომპანია “ენკა რინიუებლზმა”.

„ორი კვირის ვადაში დავთქვამთ ფართომასშტაბიან შეკრებას, როგორც  დღეს ვართ. ჩვენ მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას. დავაყენებთ მანქანებს და წავალთ სახლებში. ნუ გვაიძულებენ ამას, ვერ გადაგვაჭარბებენ ძალით. იმიტომ, რომ უკვე ბევრი ვართ და უკვე გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა,” – თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საპროტესტო აქცია ქუთაისში ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები
საპროტესტო აქცია ქუთაისში ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები
საპროტესტო აქცია ქუთაისში

 

საპროტესტო აქცია ნამახვან ჰესის წინააღმდეგ [LIVE]

ქუთაისში დღეს, 28 თებერვალს, ნამახვან ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ქუთაისის მთავარ მოედანზე  ათასობით ადამიანია შეკრებილი ჰესის მშენებლობის  გასაპროტესტებლად.

რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში

მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს ეწინააღმდეგება და 3 თვეზე მეტია ხეობაში აქციებს მართავს.

ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით, „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ არსებული დოკუმენტებით, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვს არც მოსამზადებელი და არც მიწის სამუშაოების ჩატარების უფლება. საპირისპიროს ამტკიცებს კომპანია.

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება? – ამ კითხვით და  შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით „ნეტგაზეთმა“ 10 თებერვალს მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 18 დღეა სააგენტოს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ „წერილი უკვე მზადაა და ელოდებიან ხელმძღვანელი პირის მიერ დადასტურებას“.

28 თებერვლის მონაცემებით, „ნეტგაზეთს“ არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. დაკარგული კაცის ოჯახის ახლობლები ითხოვენ, რომ სამაშველო სამსახურმა ძებნის მასშტაბები გააფართოოს.

“როგორც გავარკვიეთ, თავდაცვის სამინისტროს ჰყავს ისეთი მაშველები, რომლებსაც შეუძლიათ სიღრმეში ჩასვლა და იქ მოძებნა. ახლა რაც კეთდება, კეთდება ზედაპირულად და ჩვენც ვხედავთ, რომ არ აქვთ სხვა რესურსი,”- ამბობს “ბათუმელებთან” დაკარგული მამაკაცის დეიდაშვილი პაატა სიჭინავა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ დაკარგული მამაკაცის საპოვნელად „ყველაფერს აკეთებენ“.

„17 თებერვლიდან მოყოლებული ყველა შესაძლო საშუალებით ვეძებთ როგორც ნაპირზე, ასევე წყალში. ეძებენ მყვინთავები. ვეძებთ დრონით. უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ  როგორც ამინდი და ზღვა იძლევა საშუალებას. სხვადასხვა დღეს სხვადასხვა რაოდენობის მაშველია ჩართული ძებნის ოპერაციაში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა კაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

 

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ემიგრანტთა ორგანიზაციამ #ერთადსახლში ჰამბურგში საპროტესტო აქცია გამართა.

ამ აქციით ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ნაწილი შეუერთდა საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებს და სრულიად პროდასავლურ ოპოზიციას.

„კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს, ქართული ოცნების უპასუხისმგებლო, სიძულვილის გამღვივებელ რიტორიკას, პოლიტიკას და არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას არაადამიანური მეთოდებით გატაცება-დაპატიმრებას, ოპოზიციონერების მიმართ ჯანმრთელობისათვის დამაზიანებელი გაზისა დახურულ სივრცეში გაშვებას, აგრეთვე სხვადასხვა ბრუტალური მეთოდის გამოყენებას, ოფისისა და აქტივისტების დარბევას,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰამბურგში მცხოვრები აქტივისტები ითხოვენ ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, ასევე ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.

საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ჰამბურგში მოქმედი ემიგრანტთა ორგანიზაცია ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად მართავს აქციებს და ამ ფორმით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში ივარჯიშებენ.

კლუბის ინფორმაციით, ვარჯიშის განახლების სავარაუდო თარიღია მიმდინარე წლის 15 მარტი, ხოლო „რადგან სამომავლოდ არსებობს იმის ალბათობა, რომ „მარდი პლაზა“ აღადგენს მუშაობას და შევძლებთ მომსახურების მისგან შესყიდვას“.   ამიტომ მომსახურების გაწევის ვადად 15 მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდია მითითებული. ამ პერიოდში აუზით სარგებლობისთვის კლუბი „მარი ჯგუფს“ 20 ათას ლარს გადაუხდის.

„2020 წელს აღნიშნული მომსახურება შპს „წყალბურთის კლუბ ბათუმს“ მიეწოდებოდა შპს „მარდი პლაზასგან“ „ექსკლუზიური უფლებამოსილებით“, თუმცა 2020 წლის 8 სექტემბერს შპს „მარდი პლაზამ“ მოგვმართა წერილით და ითხოვა 2020 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტა. მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებულია 2020 წლის 21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და მის შესაბამისად შემუშავებული ახალი რეგულაციები, რომლებიც არ აძლევდა მათ სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას, რაც გამოიხატა ფინანსურ პრობლემებში. აღნიშნული სიტუაცია გრძელდება დღემდე და აუზის გახსნის სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.
ჩვენ მიერ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მოძიებულია საცურაო აუზი, რომელიც არ არის იმ პარამეტრების, რაც გააჩნდა შპს „მარდი პლაზას“, თუმცა არსებული რეალობიდან და მომზადების დაწყების ვადებიდან გამომდინარე, ოპტიმალური გამოსავალია, რათა შევძლოთ მომზადება და არ გაგვიცდეს მიმდინარე სეზონი“, – აღნიშნულია კლუბის განაცხადში.

„მარდი პლაზასგან“ წყალბურთის კლუბ ბათუმში გაგზავნილი წერილიდან

წყალბურთელებს გეგმიური მომზადება სჭირდებათ საქართველოს შიდა პირველობისათვის – გასვლითი თამაშების ჩასატარებლად.

„იმისათვის, რომ კლუბის წევრებს (წყალბურთელებს) არ გაუცდეს მიმდინარე სეზონი, აუცილებელია დროულად შეძლონ მომზადება საცურაო აუზზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი ვერ შეძლებს სათანადოდ იასპარეზოს საქართველოს ჩემპიონატისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის თამაშებზე.

ვითარება ზიანს არ აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს , თუმცა ზიანს აყენებს სპორტულ კლუბს, ვინაიდან წყალბურთელებს რეგულარი ვარჯიში სჭირდებათ ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და უფრო მეტად განსავითარებლად.“ – აცხადებენ კლუბში.

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს.

ამ თემაზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

 

კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება

კურორტ გოდერძიზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი 3 530 760 ლარზე გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2021 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს.

მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა შეძლოს სამუშაოები 24-საათის განმავლობაში აწარმოოს.

ტენდერის მიხედვით, „პროექტის მიზანია კურორტ გოდერძის მე-2 ეტაპის წყალმომარაგების სისტემების მოწყობა. დღევანდელი მდგომარეობით კურორტის წყალმომარაგება შედგება ერთი არსებული სათავისა და ერთი 500 მ3-იანი რეზერვუარისაგან, სათავიდან რეზერვუარამდე მოწყობილი დ=110 მმ პოლიეთილენის მილი.

წარმოდგენილი პროექტით კურორტ გოდერძისთვის მოეწყობა 2 ახალი სათავე ნაგებობა 2 დამოუკიდებელი მაგისტრალით; მოეწყობა არსებული რეზერვუარის გვერდით დამატებით ერთი ახალი 500 მ-3/იანი რეზერვუარი და პერსპექტიული უბნისთვის 600 მ3-იანი რეზერვუარი, ასევე ერთი საქლორატორო. დამატებით დაპროექტდება და მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი.

ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე [სამთო-სათხილამურო კურორტი “ზანკა”] წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის [მე-2 ეტაპი] სამუშაოებისთვის 2021 წელს დაფინანსდება ტენდერში გამარჯვებულის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასის ნახევარი, დარჩენილი თანხა კი, დაფინანსდება 2022 წელს.

ცალკე პროექტის ფარგლებში აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება.

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნა;
  • სამთო კურორტებზე არსებული სათხილამურო ტრასები და საბაგიროები კი გაიხსნება 8 მარტიდან;
  • აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით [გარდა სოციალური ღონისძიებებისა], ოღონდ შაბათ-კვირის გარდა;
  • სამთო კურორტებზე, მათ შორის, კურორტ გოდერძიზე ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება: ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას; ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; დ) პრესის ჯიხურებს.

ამ თემაზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში კორონავირუსისგან უკვე 35 592 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება აქტიური ინფიცირების შემთხვევებს- 28 თებერვლის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 115 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 48, ხოლო ბინაზე  – 91 ადამიანი.

დღეს საქართველოში სულ კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა – 129 შემთხვევა თბილისზე მოდის.

კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 28 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  11 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 525.

 ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.

 ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა  რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 129,
  • აჭარა – 16,
  • იმერეთი – 31,
  • ქვემო ქართლი – 8,
  • შიდა ქართლი – 14,
  • გურია – 6,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17,
  • კახეთი – 16,
  • მცხეთა-მთიანეთი – 7,
  • სამცხე-ჯავახეთი – 1,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც 1 472 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 758-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს  510  პირი ემსხვერპლა.

 

დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე წვეულებას მართავს. გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო და გაავრცელა კიდეც.

“22:10 საათზე ჰქონდა ანზორ ბოლქვაძის ნათესავს ლაივი ჩართული. როცა უკვე კომენდანტის  საათი დაწყებულია. ჩამიგდეს ვიდეო და ჩაწერა მოვასწარი, სანამ წაშლიდნენ. კადრში ყველა არ ჩანს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით 30-მდე ადამიანი იყო ამ წვეულებაზე.

მინდა ვთქვა რომ ის, რაც ხდება, არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი აქცია დედაქალაქში. ადამიანებს გზაში დაუზიანდათ ავტომობილი და კომენდანტის საათის დაწყებამდე 144-ზე და 112-ზე, სად არ დავრეკეთ, მაგრამ ამ ხალხს არ მისცეს ბათუმში წამოსვლის უფლება. ქუთაისში, დილის ხუთ საათამდე იყვნენ ავტობანზე გაჩერებულები, გაყინეს ხალხი იქ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. პარლამენტის წევრი არღვევს ყველანაირ კანონს, მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილი დაუზიანდათ და ამის გამო დააგვიანდათ, არ აძლევ გადაადგილების უფლებას და ტოვებ ქუჩაში,” – ამბობს მიშა ბოლქვაძე “ბათუმელებთან”.

“ბათუმელები” დილიდან ცდილობს ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებას. არაერთი ზარის თუ შეტყობინების მიუხედავად, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი კომენდანტის საათის დროს წვეულების გამართვის შესახებ განმარტებას არ აკეთებს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ანზორ ბოლქვაძე “ბათუმელებს”  დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ “ტელეფონი გაუფუჭდა და ამიტომ ვერ შეძლო დილით კომენტარის გაკეთება”. ანზორ ბოლქვაძის მტკიცებით, წვეულების ამსახველი ვიდეო 27 თებერვალს გადაღებული არ არის. “სოციალურ ქსელში ვიღაცამ გასული წლის ვიდეო გამოაქვეყნა,” – გვითხრა მან.

ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე ნანა ვარშანიძემ გამოაქვეყნა. ვიდეოში ისმის ფრაზა “ლაივში ვართ”. ანზორ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ ნანა ვარშანიძე ნამდვილად მისი ოჯახის ახლობელია. “ბათუმელებმა” ქართული ოცნების დეპუტატს ჰკითხა, მაშინ, როცა ვიდეო ფეისბუქ ლაივში გადაიცემოდა, რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ გასულ წელსაა გადაღებული.

“არ ვიცი მე რა გადიოდა, სად გადიოდა. ჩემს ოჯახში რა გადავიხადე კარგად ვიცი. გასულ წელს ჰქონდა შვილიშვილს დაბადების დღე და გადავუხადე. წელს თავისთავად ვერ გადავუხდიდი,” – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ნანა ვარშანიძემ გაავრცელა, ამჟამად მიუწვდომელია. მართალია, ანზორ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ვიდეო გასული წლისაა, მაგრამ ეს ვიდეო ნანა ვარშანიძის ფეისბუქგვერდზე გასული წლის ვიდეოებში არ იძებნება.

ენმ-ს წევრი მიშა ბოლქვაძე, რომელმაც წვეულების ამსახველი ვიდეო 27 თებერვალს გაავრცელა, ამბობს, რომ მოქალაქე ნანა ვარშანიძეს წვეულება ფეისბუქ ლაივში ჰქონდა ჩართული. ძველი ვიდეოს ფეისბუქ ლაივით გამოქვეყნება კი ტექნიკურად შეუძლებელია.

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია აჭარაში

აჭარაში პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, “განათლება დასაქმებისთვის” (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შრომის ბაზრის მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, დასაქმების ფორუმები, დასაქმებისთვის საკვანძო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების შემუშავება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება და მათ შორის გამოცდილების გაზიარების უზუნველყოფა.

პრეზენტაციის პირველი მომხსენებელი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი, ნინო ყოჩიშვილი იყო. თეონა ლებანიძემ (UNAG) და ხათუნა იოსელიანმა (OSGF) კი დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დასახული  ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

აღნიშნული მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ პრეზენტაციის დროს ისაუბრა ორგანიზაციის შესახებ და პროექტის საჭიროებაზე.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და მედიის სამოცზე მეტი წარმომადგენელი.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 27 თებერვალს, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ტელეკომპანია “ფორმულას” სპეცეთერში საჯაროდ მოაწერეს ხელი მანიფესტს, რომლითაც ითხოვენ ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მედია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება  და შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

“ბათუმელები” უერთდება მანიფესტის მოთხოვნებს.

მანიფესტის სრული ტექსტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო  ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ  უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს.

პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს,

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.

მანიფესტზე ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე.

 

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქველმოქმედო მოგზაურობა ჩინეთამდე ბათუმიდან დაიწყო

26 წლის ლუკ გრენფელ შოუ თავის საქველმოქმედო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. “ბრისტოლიდან ბეიჯინამდე” – ამ სახელწოდების ველომარშუტის გავლას ლუკ გრენფელ შოუ თავის დედასთან ერთად ველოსიპედით აპირებს. ველოსიპედისტი ამ გზით 30 ქვეყანას გაივლის და ამ დროის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვება აქვს განზრახული.

დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ველოსიპედისტმა მთიანი აჭარა მოიარა. მისი ბათუმში ყოფნის კადრები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობითვე, მოგზაურმა მთიანი აჭარის გარდა  ბათუმის ტურისტული ადგილები და ბოტანიკური ბაღიც დაათვალიერა.

“ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად.  ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის,“ –  ლუკ გრენფელ შოუს ამ კომენტარს ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ველოსიპედისტი აჭარას დღეს, 27 თებერვალს დატოვებს და აღმოსავლეთ საქართველოში გაემგზავრება. საქართველოს შემდეგ ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს.

 

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა.

ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე].

თურქეთთან თუ სახმელეთო საზღვარი [სარფი] ჩვეულებრივ რეჟიმში არ გაიხსნა, შესაძლოა ბათუმის კაზინოებმა მუშაობა არც განაახლონ. ბათუმის კაზინოების მომხმარებელთა თითქმის 90% თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო დაახლოებით 10% – ისრაელის მოქალაქეები.

ბათუმისგან განსხვავებით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ნაკლებადაა დამოკიდებული თბილისის კაზინოები. თბილისში მდებარე კაზინოების მომხმარებლები ძირითადად არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი სფეროსთვის დამტკიცებულია რეგულაციები, რომლითაც ესა თუ ის ბიზნესი/დაწესებულება მუშაობს პანდემიის პირობებში. ასეთი კონკრეტული რეკომენდაციები კი, კაზინოებისთვის ამ დრომდე არ არსებობს. 2020 წლის ზაფხულში კაზინოების მიერ იყო შემუშავებული ერთგვარი პროექტი, რომელიც შესთავაზეს ხელისუფლებას, თუმცა, მაშინ მთავრობამ კაზინოების გახსნა გადაიფიქრა.

არის კიდევ ერთი საკითხი – მოსაკრებელი, რომელსაც კაზინოები ადგილობრივ ბიუჯეტში წინასწარ, ყოველკვარტალურად იხდიან. კაზინოებს გასული წლის პირველი კვარტლის მოსაკრებელი წინასწარ ჰქონდათ გადახდილი [აპრილამდე], თუმცა, კაზინოები 2020 წლის 16 მარტს დაიხურა და მას შემდეგ არ გახსნილა. ზოგიერთ კაზინოს მეორე კვარტლის [აპრილი, მაისი, ივნისი] მოსაკრებელიც კი ჰქონდა გადახდილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესი ითხოვს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა, რომლითაც ვერ ისარგებლეს, მთავრობამ ჩაუთვალოს.

მაგალითად, ბათუმში, ერთ სათამაშო მაგიდაზე კაზინო კვარტალში 24 000 ლარს, ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე 2 600 ლარს იხდის. ამასთან, მარტო ბათუმის კაზინოებში 4 ათასამდე პირია დასაქმებული, რომლებიც თითქმის ერთი წელია უხელფასოდ არიან.

მთავრობის დადგენილებით, აჭარის გარდა, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კაზინოებს შეუძლიათ მუშაობა 1-ლი აპრილიდან განაახლონ.

მთავრობასა და სათამაშო ბიზნესს შორის შეხვედრები იმართება, თუმცა კონკრეტულად რას ითხოვს ბიზნესი და რას მთავრობა, „ბათუმელებისთვის“ უცნობია. უცნობია ასევე, გაიხსნება თუ არა სლოტ-კლუბები.

სათამაშო ბიზნესის [კაზინოს] წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი თუ მუშაობას განაახლებენ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ და პირველ ეტაპზე მოგებაზე არავინ ფიქრობს, თუმცა, არც იმას აპირებენ, რომ განაახლონ მუშაობა და კიდევ უფრო მეტი იზარალონ. ამიტომ, მათ, როგორც ბიზნესს, სჭირდებათ კონკრეტული პირობები.

ზოგადი რეგულაციების დაცვასთან ერთად, ნებისმიერ ბიზნესს, 2021 წლის პირველი მარტიდან ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ტესტირების ხარჯი კი, თავად ბიზნესმა უნდა გაიღოს.

ბათუმის ბიუჯეტში 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32,1 მილიონი ლარი უნდა შესულიყო, თუმცა მხოლოდ 2 მილიონამდე ლარი შევიდა.

ამ თემაზე:

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

“ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ ისინი “მოექცევიან”.

„საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა.

და ეს ტელევიზიები… რომელია მაგი ახლა… მთავარი არხი რომ ჰქვიათ, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი რა… ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ,“ – თქვა ეპისკოპოსმა ქადაგებაში, რომელიც 25 თებერვლით თარიღდება. სხალთის ეპისკოპოსი ერთ-ერთ გავლენიან სასულიერო პირად ითვლება.

ეპისკოპოს სპირიდონის განცხადება დროში ემთხვევა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას. ვახო სანაიას 25 თებერვალს მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სანაიას თქმით, მას თავს დაესხნენ მისი პროფესიული საქმიანობის და კრიტიკული განწყობის გამო.

ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში ხელისუფლების თუ სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარმოებული რიტორიკა ახალისებს ძალადობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჟურნალისტებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, თუმცა ჯერ არცერთი ფაქტი არაა გამოძიებული.

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა აჭარაში – 27 თებერვალი

27 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 7-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს51 მოქალაქე, ბინაზე კი 133.

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 14 ადამიანი – 27 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 542 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით.

373 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 41, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 87, აჭარაში – 31, იმერეთში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87.

სულ  6 ოქტომბრიდან – 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 209 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 510-ს. აქედან გამოჯანმრთელდა 264 589-მდე მოქალაქე, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 499 პირი.

ქართველი მწერლები რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის.

XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე,” -ასე იწყება ღია წერილი, რითაც საქართველოს პენცენტრის წევრები, ქართველი მწერლები საქართველოს მთავრობას მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მიმართავენ.

ღია წერილის ტექსტს, რომელსაც ხელს 70-ზე მეტი ადამიანი აწერს, “ბათუმელები”  უცვლელად გთავაზობთ.

„ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ, მზისა და ქარის ენერგეტიკაზე გადადის. ეს სასიკეთო, ჯანსაღი მიდგომა – ანუ გარემოსთვის მავნე ჰესებზე უარის თქმა – ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე უკვე იყო დეკლარირებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაშა ჩაწერა „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“ (გვ.55).

ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების – მათ შორის დიდი ჰესების – მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად.
რიონის ხეობაში დაწყებულია ე.წ. ონისა და ნამოხვანის ჰესების კასკადების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მეოთხე თვეა ადგილობრივი მაცხოვრებლები – „ხეობის გუშაგები“ – ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ.

პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებენ მათ, საკუთარი მიწა-წყლიდან სურთ განდევნონ. ზეწოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა გაყიდა ადგილ-მამული და სახლ-კარი, ნაწილი კი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მზადაა შეეწიროს მშობლიური მიწის დაცვას.

ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა – ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს…

ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მოვითხოვთ გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“.

ამავე თემაზე:

კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება – რიონზე მშენებარე ჰესების კომპანიის პასუხი მოსახლეობას


ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/518273/

საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

„გაგვიშვეს ალბათ დამსახურების გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცინცაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მანანა ცინცაძე თითქმის 30 წელი „აგროვებდა სოფელ-სოფელ მარგალიტებს“, როგორც ამას თავად აღნიშნავს და მის პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ათძალიც“…  ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრში ფოლკლორის და კლუბებთან ურთიერთობების განყოფილებები გააუქმეს და მის ნაცვლად ტურიზმის, ასევე მონიტორინგის განყოფილებები შექმნეს.

მონიტორინგის სამსახურის უფროსად დალი ბურჭულაძე დანიშნეს, ის ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ომარ ვარშანიძის ცოლია. ამავე სამსახურში დასაქმდა კობა თევზაძეც. ის ხელვაჩაურის ყოფილი გამგებლისა და დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრის, ნადიმ ვარშანიძის მძღოლად მუშაობდა.

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ახლა არ დაწყებულა [ეს უწყება ხელვაჩაურის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ია]. მანამდე ცენტრის დირექტორად პროფესიით ეკოლოგი ნინო ფაღავა დანიშნეს, მის მოადგილედ კი ყოფილი პოლიციელი – ჯუმბერ ზოიძე.

„თებერვალში აღარ გაგვიგრძელეს ხელშეკრულება, მანამდე ხან 3 თვით გვიფორმებდნენ, ხან – 6 თვით… მე 1991 წლიდან ვმუშაობდი ჯერ კირნათის კლუბში, სამი წლის შემდეგ კი, მეთოდისტად გადმოვედი კულტურის ცენტრში. 25 წელი იქნება, რაც შეიქმნა ფოლკლორის განყოფილება და მე ვხელმძღვანელობდი. მუსიკოსების ოჯახიდან ვარ, ჩემი დაც – ციური ცინცაძე კლუბებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ისიც გაუშვეს… არაფერი აუხსნიათ, რატომ გაგვათავისუფლეს. გვითხრეს, რომ ახალი განყოფილებები შეიქმნა – მონიტორინგის და ტურიზმის, ჩვენი შტატები გაუქმდა და იქ გადაიტანეს… სასამართლოში წასვლას არ ვაპირებ, თუ არ ვჭირდები, არც მე მინდა,“ – გვიყვება მანანა ცინცაძე.

მანანა ცინცაძეს მოსაყოლი ბევრი აქვს, როგორ აგროვებდა სოფლებში დავიწყების პირას მისულ სიმღერებს, გამოთქმებს, ისტორიებს, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს… მანანა ცინცაძე თვეში ხელფასის სახით ხელზე  360 ლარს იღებდა.

მანანა და ციური ცინცაძეებთან ერთად უმუშევარი დარჩა ბიბლიოთეკარი ნანა დიდმანიძე, ასევე პრესსამსახურის უფროსი – ნატალია ფუტკარაძე. შტატი არ გაუქმებულა, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი – ლაშა მაღრაძე.

„წერილობით განმარტებას ველოდები სამსახურიდან გათავისუფლებაზე. ჩემთვის უცნობია, რატომ გამიშვეს,“ – გვიპასუხა ლაშა მაღრაძემ. მას სხვა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში იდავოს.

„დირექტორი ყველაფერზე გვპასუხობს, მე არ ვიცი, ზემდგომებმა გადაწყვიტესო. ეს არის პასუხი?  200 ადამიანი გყავდეს თანამშრომელი და ზემდგომებმა გადაწყვიტეს როგორ შეიძლება, ეს რას ნიშნავს?“ – კითხულობს ლამზირა აფაქიძე. ის სამსახურიდან არავის გაუშვია, თუმცა კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია პროტესტის ნიშნად თავად დატოვა.

„გაუქმდა ისეთი განყოფილებები, რომელიც არ უნდა გაუქმებულიყო. გაუგებარია მიზეზი, რის გამო გააუქმეს ეს შტატები, ან ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი რატომ გაუშვეს? ის „ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავეა… მეც რომ არ მომადგნენ, გამოვასწარი, ალბათ, არ ვიცი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლამზირა აფაქიძემ.

ლამზირა აფაქიძე ამბობს, რომ უხელფასოდ მუშაობდა „ათძალის“ ხელმძღვანელად და ეს პოზიციაც დატოვა. ის აპროტესტებს იმასაც, რომ კულტურის ცენტრის დირექტორი პროფესიით ეკოლოგია, ხოლო მოადგილე ყოფილი პოლიციელი.

„არანაირი კონკურსი არ ჩაუტარებიათ არასდროს,“ – დასძინა ლამზირა აფაქიძემ.

„ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ფაღავამ. მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრის დროს მან ჩვენი კითხვა მოისმინა, გვითხრა, რომ ჩვენი ხმა არ ესმის. მან ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებიც უპასუხოდ დატოვა.

„ნინო ფაღავა ძალიან კარგად უძღვება თავის სფეროს, როგორც მენეჯერი,“ – ამ ფრაზით ცდილობს კულტურის ცენტრის მენეჯმენტის დაცვას ხელვაჩაურის მერის მოადგილე, არჩილ ბარამიძე. ის მერიაში ხელოვნების მიმართულებას კურირებს და კომენტარი ვთხოვეთ.

არჩილ ბარამიძე განმარტავს, რომ რეორგანიზაცია „მიზნების უკეთესად მიღწევის“ გამო ჩატარდა.

„მონიტორინგი სჭირდება, როცა, მაგალითად, კლუბებში დაგეგმილია რეპეტიციები, ასევე ანსამბლები გრაფიკის მიხედვით შეიკრიბონ, რა ტარდება, რა – არა. ამას სჭირდება მონიტორინგი, ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.

კულტურის ცენტრის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დალი-ანა ბურჭულაძე დანიშნეს. ის ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – ომარ ვარშანიძის ცოლია. ამ თემაზე ჩვენთან სასაუბროდ დალი ბურჭულაძემ ვერ მოიცალა, არჩილ ბარამიძემ კი გვითხრა, რომ საერთოდ არ იცის, ვინაა დალი ბურჭულაძის ქმარი.

„დალი ბურჭულაძე ვისი მეუღლეა, არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ დიდი ხანია ჩვენი თანამშრომელია და მუშაობდა ბიბლიოთეკაში. ეს ვიცი მე,“ – ამბობს არჩილ ბარამიძე. ის ნეპოტიზმს ამ და სხვა საკადრო ცვლილებებში გამორიცხავს, მაგალითად, კობა თევზაძის შემთხვევაში, რომელიც ნადიმ ვარშანიძის მძღოლად მუშაობდა. კობა თევზაძეც მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.

„ვაკანსია იყო, დაწერა განცხადება და დასაქმდა, ის ნადიმ ვარშანიძის მძღოლი იყო, როცა ნადიმი ხელვაჩაურის გამგებელი იყო,“ – დასძინა არჩილ ბარამიძემ.

ხელვაჩაურის მერიაში პრობლემას არ ხედავენ იმაში, რომ ამ ადამიანების შესარჩევად კონკურსი არ გამართულა. უხერხულობას არც ის ამბავი უქმნით, რომ კულტურის ცენტრის დირექტორი ეკოლოგია, მოადგილე – ყოფილი პოლიციელი. კითხვის პასუხად ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გაიხსენა, რომ კიდევ ერთი მოადგილე „პროფესიონალია კულტურის მიმართულებით“.

„არის კიდევ მოადგილე – ზვიად თურმანიძე, გეცოდინებათ, ის არის პროფესიონალი კულტურის ნაწილში… ეს არაა საჯარო სამსახური, რომ კონკურსის ჩატარების ვალდებულება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ვინც შერჩეული მყავს ამ ეტაპზე, ძალიან კარგია,“ – მიიჩნევს არჩილ ბარამიძე.

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს ვკითხეთ მთავარი ქორეოგრაფის – ლაშა მაღრაძის გათავისუფლებაზეც.

„ვერ მივიღეთ ანსამბლში ის, რაც უნდა მიგვეღო სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაგალითად, ხულოსთან, ქედასთან, შუახევთან, შედარებით. გვინდა, უკეთესი იყოს, ხელვაჩაურიც რომ წარმოჩინდეს,“ – დაასრულა არჩილ ბარამიძემ.

დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 14 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. 29 წლის ირმას ახლა 4 შვილი ჰყავს და ქმართან თანაცხოვრების მძიმე წლებზე გვიყვება.

ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად სთხოვდა ცოლს ფულს, აიძულებდა, რომ ეშოვა – ყველა გზით.

14 წელი „ტყვეობაში“

„ადრე, როცა ჩემზე ძალადობდა, ვითმენდი, თუმცა როცა შვილების ცემაზე გადავიდა, აღარ მოვუთმინე და პოლიციას მივმართე. იცით, რამდენჯერ იყო დაკავებული? დაიჭერდნენ, შემდეგ მოვიდოდნენ ნათესავები და მეუბნებოდნენ – ირმა გამოიყვანე, ბავშვებს მამა სჭირდებათ, ხომ იცი ჩვენი ადათ-წესები, რას იტყვის ხალხი, როგორ გაზრდი ბავშვებს“, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ როგორი მამა იყო, როგორ ძალადობდა მათზეც“.

ირმა ამბობს, რომ მაშინ პატარა გოგო იყო და რასაც უფროსები ეტყოდნენ, ის მიაჩნდა სიმართლედ. „არავინ მეხმარებოდა, არავინ მასწავლიდა გზას“, – გვეუბნება ის. ამიტომ, ისიც ნათესავების დაჟინებული თხოვნის შემდეგ მიდიოდა სასამართლოში და ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას აღარ აძლევდა. 

ირმასა და მისი შვილების ცხოვრებაში ძალადობა არ სრულდებოდა. ორი წელი შვილებთან ერთად თავშესაფარშიც გაატარა, თუმცა შემდეგ ისევ ქმართან დაბრუნდა. „მარწმუნებდა, რომ ყველაფერს  ნანობდა, შემირიგდი და ყველაფერს შევცვლი, საცხოვრებლადაც ცალკე გადავალთო. მეც დავუჯერე. მართლა გადავედით ცალკე საცხოვრებლად, ოღონდ ცუდი ბინა იყო, ნესტიანი სარდაფი. გაუსაძლისი პირობები იყო, არც საკვები გვქონდა, არც სხვა რამ. ცივი ოთახები … ქმარი ისევ აგრძელებდა ჩემ ცემას და ზეწოლას, რომ მისთვის ფული მეშოვა.

დანით მიყენებული ნაიარევი ირმას სახეზე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

დამლაგებლად ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში, ყველაფერს მას ვაძლევდი, მაგრამ მაინც ითხოვდა. სოციალური დახმარება რომ დაუნიშნეს ბავშვებს, უფლებამოსილ პირად მე გავაფორმებინე თავი, რადგან ვიცოდი, რომ თუ მეუღლე აიღებდა, ჩემი შვილები ისევ მშივრები იქნებოდნენ.

როგორც კი სოციალური მუშაკები კარებიდან გავიდნენ, მაშინვე მცემა, დანა ამოიღო და სახეზე დამისვა. იმ სარდაფში 14 დღე ჯაჭვით ვყავდი დაბმული, ოთახის კარებთან ეძინა, რომ არ გავქცეულიყავი“, – ჰყვება ირმა და ცრემლები სდის.

ბოლოს ირმა მეზობლებმა გამოიყვანეს ჩაკეტილი სარდაფიდან. საუბარს რამდენჯერმე წყვეტს, უჭირს წარსულის გახსენება. ამბობს, რომ 14 წელი ტყვეობაში იცხოვრა, ფიზიკურ, მორალურ დამცირებასა და წნეხში.

ძალადობა მცირეწლოვან ბავშვებზე

ოჯახის წევრების, ახლობელ-ნათესავების ზეწოლის მიუხედავად, ქალმა საკუთარ თავში იპოვა ძალა და ქმარს დაშორდა. თუმცა ის მაინც არ წყვეტდა ყოფილი ცოლის შევიწროებას. ირმა გვიყვება, რომ ერთ დღეს, როცა ის სამუშაოზე იყო, კაცმა გაიგო, რომ სოციალური დახმარება დაირიცხა და ბავშვებს სახლში მიაკითხა. ბავშვები კარს არ უღებდნენ, თუმცა შემდეგ მაინც დაითანხმა.

გვაჩვენებს 13 წლის გოგონას ხელს, რომელსაც ამჩნევია ძალადობის კვალი. „სცემა. ქამრის რკინის ნაწილი ხორცში ისე ჩაერჭო, ახლაც დაღად აჩნია“, – ამბობს დედა.

ის კიდევ ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს: „სამუშაოზე ვიყავი, უფროსმა გოგონამ გამოასწრო და შემატყობინა, რომ მამამ ბავშვები საშინლად სცემა, დასისხლიანებულები დამხვდნენ. მაშინვე პოლიციას მივმართე. დაიჭირეს და ახლაც ციხეშია. მემუქრებოდა იქიდანაც, ამიტომ ტელეფონის ნომრები გამოვცვალე“.

ყოფილმა ქმარმა 55 ჭრილობა მომაყენა

ის გვაჩვენებს ხელებს, რომლებზეც უამრავი ნაჭრილობევი აქვს, სახეზე, ტუჩის კუთხიდან, დიდი ზომის ნაჭრილობევი ეწყება, რომელიც ნიკაპს ქვემოთ გრძელდება. ჭრილობა ისე შეხორცდა, ექიმის გამოძახების უფლება არ მისცა ქმარმა.

„დამცინოდა კიდეც, წებოს დაგასხამ და შეხორცდებაო. მთელ სხეულზე 55 ჭრილობა მაქვს“, – გვეუბნება ირმა და ხელს გვაჩვენებს, სადაც ასევე ემჩნევა ნაიარევი. ერთ მხარეს რომ დამარტყა დანა, მეორე მხარეს გამოვიდაო – ამბობს.

ფეხზე მიყენებული ჭრილობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ირმას ოპერაცია დასჭირდა. ირმა  ძალადობის ისეთ დეტალებზე გვიყვება, რომლის გააზრება და მასზე საჯაროდ საუბარი წარმოუდგენლად მძიმეა.

„ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, არც ჩანთა და რვეულები,“- ამბობს დედა.

„ვდუმდი, რადგან პატარა, დაუცველი ვიყავი. დუმდნენ ჩემი მშობლებიც. ყველა ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი, თუმცა მხარას არავინ მიჭერდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩვენს კულტურაში არ შეიძლება ქალი ქმრის გარეშე ცხოვრობდეს… ახლა აღარ გავჩუმდები, ბოლომდე ვიბრძოლებ და არ გავჩუმდები“, – გვეუბნება ირმა.

ირმა ამბობს, რომ არ დაუშვებს იგივე გზა გაიარონ მისმა შვილებმა, რაც მან გაიარა 14 წლის განმავლობაში. „როცა ჩემი უფროსი გოგონა წამოიზარდა, ქმრის ნათესავი მოვიდა და მის გათხოვებაზე ჩამომიგდო ლაპარაკი. უარით გავისტუმრე, არ დავუშვებ, რომ ჩემი გოგონებიც მოძველებული ადათ-წესების გამო 14 წლისები გაათხოვონ, ბიჭსაც და გოგონებსაც მივცემ უკეთეს ცხოვრებას, განათლებას“, – ამბობს დედა.

4 ბავშვი განათლების და სკოლის გარეშე

ყოფილი ქმრის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლა რომ აერიდებინა, ირმა 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნაქირავებ ბინაში არიან, თუმცა ამბობენ, რომ მშვიდად და იმედიანად გრძნობენ თავს, რადგან აღარ მოუწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. პანდემიის განმავლობაში ბავშვები მთლიანად მოწყდნენ სკოლას, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვის გარდა, ბავშვებს სოციალური ყოფაც მძიმე ჰქონდათ.

დედა: „არ მინდა ჩემი გოგონებიც 14 წლის გაათხოვონ, მე მათ განათლებას მივცემ, აღარ გავჩუმდები, დავიცავ!“.

დედას მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს და იმასაც ეკრანი აქვს გატეხილი. „ამ ტელეფონით 4 ბავშვს როგორ ვასწავლიდი ონლაინ, იცოდნენ სკოლაში, რომ არ გვქონდა საშუალება, მაგრამ არაფერი“, – გვეუბნება ირმა.

სასწავლო პროცესი მთელ ქვეყანაში თითქმის ერთი თვეა რაც განახლდა, თუმცა ირმას 4 ბავშვი ისევ სკოლის გარეშეა. „ვერ დამყავს, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩანთა, კალამი, რვეული, არაფერი არ აქვთ“, – გვეუბნება დედა.

როგორც დედა გვეუბნება, წლების განავლობაში ძალადობაგამოვლილ ბავშვებთან ფსიქოლოგს არ უმუშავია. ირმა ამბობს, რომ იყო შემოთავაზება, თუმცა ვერ მოახერხა. „სადღაც გლდანში უნდა ევლოთ ბავშვებს, გზის ფული არ გვქონდა, მერე პანდემია დაიწყო და აღარ გამოვიდა“- ამბობს ირმა.

ძალადობაგამოვლილი დედა და ბავშვები ბათუმში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ბათუმია ის ქალაქი, სადაც მას და მის შვილებს მხარდაჭერის ხელს გაუწვდიან. „წავალ, სამუშაოს მოვძებნი, ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ჩემი შვილების გვერდით ვიყო და ისინი დავიცვა. კარგი განათლება მივცე, რომ არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებული და აღარ მოუწიოთ ძალადობის და შიშის ქვეშ ცხოვრება“, – გვეუბნება 29 წლის ირმა შამოიანი.

________________________________________

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ.

ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

_________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„ნაცმოძრაობის“ 2 წევრს ქობულეთის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორ წევრს,  ბონდო თედორაძესa და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 26 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ასევე ოპოზიციის ფრაქციიდან.

საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად 6 თვის განმავლობაში მათი საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღება და სხდომებზე გამოუცხადებლობა დაასახელეს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურის დაწყებას თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს.

თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეიძლება შეუწყდეს, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში.

ოპოზიციური ფრაქციის წევრ მერაბ ცინცაბაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანმებიან და აუცილებლად გაასაჩივრებენ:

„სხდომაზე მიუსვლელობა არ ნიშნავს, რომ ისინი საკრებულოს საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს,“ – განაცხადა მერაბ ცინცაბაძემ.

 

ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა, ეს თანხა ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს მოაკლდა, კლება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეღავათებს უკავშირდება. შესაბამისად შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა, რაც  151 მილიონით იყო განსაზღვრული, 145 მილიონ 992 ათას ლარამდე შემცირდა.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, ქონების გადასახადის სახით საპროგნოზო თანხა დაზუსტდა მოგვიანებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცების შემდეგ: „მივიღეთ დაზუსტებული პროგნოზი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან და დაველოდეთ სხდომას, რომ ცვლილების დამტკიცება მოგვეთხოვა,“ – განმარტა ედნარ ნატარიძემ.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით,  ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 6 მილიონ 992 ათას 900 ლარით, ეს არის რიგი ღონისძიებების დაფინანსების თანხა, რომლებიც კონკრეტული დოკუმენტების ჩაუბარებლობის გამო მერიამ დაქირავებულ კომპანიებს ვერ ჩაურიცხა, შესაბამისად, ის ბიუჯეტში ნაშთის სახით აისახა.

მცირე ცვლილებების გარდა ბიუჯეტიდან საერთოდ ამოღებულია ლორიასა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება, მერიის ინფორმაციით, სკვერს კერძო სამშენებლო კომპანია მოაწყობს აღებული ვალდებულების ფარგლებში.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

2021 წლის ბიუჯეტიდან თითქმის სრულად ამოღებულია კულტურული ღონისძიებების დაფინანსება.

დღეს, 26 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ასევე  მიწის ნორმატიული ფასები 2021 წლისთვის. განკარგულების მიხედვით წელს ფასები არც ერთ ზონაში არ იცვლება:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

 

 

 

 

 

გერმანიაში დასაქმების პორტალზე 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა – 26 თებერვალი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა.

პირველ ეტაპზე გერმანიაში დასაქმებას საქართველოს 500 მოქალაქე შეძლებს [ანუ, ამ დროისთვის დარეგისტრირებულთა 0,54%].

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.

რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაცია: ამ ბმულზე

რეგისტრაციის ინსტრუქცია: გერმანიაში დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის ინსტრუქცია

ხშირად დასმული კითხვები: 42 კითხვა და პასუხი გერმანიაში დროებით დასაქმებაზე

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება:

https://netgazeti.ge/news/519847/

ცენტრალურ პარკში, „ცეროდენასთან“, სავალი ბილიკი გადაღობეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში მელიქიშვილის ქუჩიდან ბილიკით ვეღარ შეხვალთ – ბილიკი გადაღობილია რკინის კონსტრუქციით, რომელიც კაფე „ცეროდენამ“ მოაწყო. „ცეროდენას“ წინა წლებშიც ჰქონდა აქ ღია კაფე, თუმცა ბილიკზე გასასვლელს არ ხერგავდა.

არის თუ არა გაცემული ნებართვა და რატომ გაიცა მსგავსი ნებართვა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს გუშინ საღამოს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„არ მიგვიღია ნებართვა,“ – გვითხრა თენგიზ ქოქოლაძემ. იგი კაფე „ცეროდენას“ მფლობელია. თენგიზ ქოქოლაძის განმარტებით, რკინის კონსტრუქცია არასწორად მოაწყვეს ხელოსნებმა და დემონტაჟი უკვე დაიწყო.

„მე არ ვიყავი ადგილზე და ვერ მივაქციე ყურადღება, მოვშლით დღესვე… რაც იყო ღია ნაწილი, იგივე დარჩება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ ქოქოლაძემ.

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანიას გონივრული ვადა მისცა რკინის კონსტრუქციის დემონტაჟისთვის.

 

Exit mobile version