კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

25.01.2021 •
ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

როგორ გამოჩნდება 16-სართულიანი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან – ძირითადად ამ საკითხზეა აქცენტირებული ხელოვნებათმცოდნეების კვლევა „ამბასადორის“ პროექტზე. სწორედ ეს კვლევაა პროექტის შეთანხმების ერთ-ერთი საფუძველი – ზაურ ახვლედიანი, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ის ეყრდნობა „კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს.“

ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის 9 გვერდზე მომზადებულ კვლევაში დიდი დოზით მიმოიხილავენ ბულვარის გარშემო ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენებულ მაღლივ შენობებს და იმას, თუ როგორ გამოჩნდება ახალი 16-სართულის სიმაღლის შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან და არა იმას, თუ რას შეცვლის ის  ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე.

ნახსენებია „რივიერას“ ცათამბჯენებიც, რომლის პროექტის დასკვნაც, ასევე გიორგი პატაშურს აქვს მომზადებული.

„… მთელ ქალაქში გაჩნდა დიდი რაოდენობის შენობები, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს. ჩვენი საკვლევი ნაკვეთის უშუალო სიახლოვეს განლაგებულია ისეთი „მასშტაბური“ ვერტიკალები, როგორებიცაა სასტუმროები „პალმა“ და „რადისსონ ბლუ“, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა და „ანბანის კოშკი“. სწორედ ეს მნიშვნელოვანი „მაღლები“ განსაზღვრავენ ქალაქის ძირითად ვერტიკალურ სილუეტს, თვალსაწიერის ვიზუალურ აღქმას შორი მანძილებიდან, მათ შორის აღმოსავლეთიდან ქალაქში შემოსვლის დროს“, – ეს ამონარიდია ხელოვნებათმცოდნეების, გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის დასკვნიდან.

ამ ხელოვნებათმცოდნეებმა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ისინიც იზიარებენ.

ხელოვნებათმცოდნის დასკვნა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რითაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობას ასაბუთებენ. ისინი ყოველთვის, სხვა პროექტებზე თანხმობის შემთხვევებშიც, აცხადებენ, რომ კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების დასკვნებს ენდობიან.

ხშირად იგივე პროექტებს აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სხვა ხელოვნებათმცოდნეები. „ამბასადორ ბათუმის“ პროექტი კი არც ნებართვის გამცემი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრმა ხელოვნებათმცოდნემ მოიწონა. სოფიო ჭანიშვილმა ბულვარში 16 სართულის აშენებას მხარი არ დაუჭირა.

დასკვნის დასაწყისშივე ხელოვნებათმცოდნეები საკვლევი ტერიტორიის მდებარეობაზე აკეთებენ აქცენტს, ისინი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ აქ კონცენტრირებულია მაღალი შენობები, რომლებიც „აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე ბათუმის სილუეტის ფორმირებაში.“ დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ კვლევის პერიოდისთვის ამ ადგილზე უკვე ამოყვანილია 4 სართული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით.


საკვლევი ობიექტი – სულიკო ჟღენტის ქუჩა #6, ყოფილი ბათუმის ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ტერიტორიის ნაკვეთი – მდებარეობს ბათუმის ისტორიული ნაწილის განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, ბათუმის ბულვარის დასაწყისში,  მიწის ფართობი – 1203 მ2.

ამის შემდეგ კვლევის ავტორები რამდენიმე გვერდს ბულვარის ისტორიულ მიმოხილვას უთმობენ, აქცენტირებულია მშენებლობის ადგილის ისტორია:

„ბაიაჯანის ზღვის აბაზანების“ ერთსართულიანმა შენობამ იარსება XX საუკუნის მეორე ნახევრამდე. მოგვიანებით, მის ადგილზე, აშენდა ბათუმის ბალნეოლოგიური კურორტის 2-სართულიანი შენობა, ცნობილი როგორც “ფასიანი პოლიკლინიკა”. ამ შენობაში ზღვის წყლიანი აბაზანების გარდა, იყო აგრეთვე აბაზანები გოგირდიანი წყლით, რომლის წყაროები იმყოფება ამავე ტერიტორიაზე. “პოლიკლინიკის” შენობა აშენებული იყო ვარდისფერი ქვიშაქვის ბლოკებით და რკინაბეტონის მზიდ კონსტრუქციებით, ე.წ. “ინტერნაციონალურ” არქიტექტურულ სტილში, რომელიც პოპულარული იყო XX საუკუნის მეორე ნახევარში. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე აშენებულ პრაქტიკულად ყველა ხის შენობას ჰქონდა ტრადიციული, ევროპული საბაღე არქიტექტურის სახე, ამ დროს როდესაც “პოლიკლინიკის” შენობას არავითარი საერთო არ ჰქონდა ასეთ ტენდენციასთან“.

დასკვნის მიხედვით “პოლიკლინიკამ” 2000-იან წლებში შეწყვიტა ფუნქციონირება, 2016 წელს კი შენობა მთლიანად დაანგრიეს.

ისტორიის მიმოხილვის შემდეგ დასკვნების გაკეთებისას ხელოვნებათმცოდნეები აქცენტს აკეთებენ სწორედ იმაზე, რაც დამკვეთის ინტერესებისთვისაა მნიშვნელოვანი, მათი მოსაზრებით, დღეს მაღალი შენობები განსაზღვრავენ ქალაქის ძირითად ვერტიკალურ სილუეტს:

„დღეს მთელ ქალაქში გაჩნდა დიდი რაოდენობის შენობები, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს… ამას ემატება ბურუნ-ტაბიეს ტერიტორიაზე დაგეგმილი „ბათუმი რივიერას“ რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსების კომპლექსი, რომელიც აუცილებლად შეცვლის ბათუმის დღევანდელ სილუეტს,“- ნათქვამია ხელოვნებათმცოდნეების დასკვნაში.

დასკვნის ავტორებს „რივიერას“ პროექტი შემთხვევით არ გახსენებიათ: „რივიერას“ პროექტის დასკვნაც ბათუმის ბულვართან, როგორც ძეგლთან მიმართებაში, გიორგი პატაშურმა მოამზადა. მანვე მოამზადა დასკვნა, რომელიც ბათუმში ფარნავაზ მეფის #69-ში ისტორიული შენობისთვის სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდა.

გიორგი პატაშური ჩუბინაშვილის ცენტრის მკვლევარია.

დასკვნაში გაცილებით დიდი ადგილი ეთმობა იმას, თუ როგორ გამოჩნდება დაგეგმილი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან, ვიდრე იმას, თუ რას შეცვლის ის ბათუმის ბულვართან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში:

„ისტორიული ქალაქის განაშენიანების მნიშვნელობის თვალსაზრისით, საკვლევი ნაკვეთი [შესაბამისად შენობაც, რომელიც დაპროექტდება მასზე], მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოჩნდება იგი შორი მანძილიდან [ქალაქში აღმოსავლეთის მხრის შემოსასვლელიდან], საიდანაც იხსნება ქალაქის დიდი პანორამა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური აღქმის ახლო მანძილებიდან საპროექტო მოცულობა გამოჩნდება რამდენიმე წერტილიდან, როგორც ზღვის სანაპიროდან, ასევე ბულვარის ხეივნებიდან. ამ ზონებიდან საპროექტო შენობა გამოჩნდება მხოლოდ განაშენიანების უკვე ჩამოყალიბებული სილუეტის გარემოცვაში, სადაც ყველაზე აქტიურ როლს თამაშობენ შენობების ვერტიკალები, რომლებიც გაჩნდნენ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე და იმყოფებიან საკვლევ ნაკვეთთან უშუალო სიახლოვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროექტო სასტუმროს მოცულობის ახალი “ელემენტი”, უნდა ითვალისწინებდეს და პასუხობდეს ტერიტორიის განაშენიანების უკვე არსებულ კომპოზიციას, რომელიც ჩამოყალიბებულია საკვლევ ტერიტორიის გარშემო“.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, რაზეც დასკვნაშია ნათქვამი, ბულვართან მიმართებაში ახალი შენობის კონცეფცია უნდა იყოს ერთგვარი გარდამავალი თავისი იერ-სახით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და მოცულობით. ის უნდა პასუხობდეს საპარკე არქიტექტურის მოთხოვნებს და ამავე დროს მოცულობითი გადაწყვეტით უნდა პასუხობდეს მსხვილმასშტაბიან შენობებს, მათთან შედარებით გარკვეული მოკრძალებული და სადა ვერტიკალით. დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მოცულობამ გარკვეული ვიზუალური ჰარმონია და ბალანსი უნდა შექმნას ბულვარის გამყოფ ხაზზე.

ხელოვნებათმცოდნე სოფო ჭანიშვილის აზრით, რაც მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს სხდომაზე „ამბასადორის“ პროექტის განხილვის დროს დააფიქსირა, გარდა იმისა რომ მისთვის პროექტი მიუღებელია, „ის არ წარმოადგენს საბაღე არქიტექტურას.“

თავად გიორგი პატაშურისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ არ არის კვლევაში პროექტი განხილული უფრო დიდი დოზით ძეგლთან მიმართებაში, ის შეგვპირდა, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ გვიპასუხებდა , თუმცა მან ტელეფონს აღარ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: