Batumelebi | ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია აჭარაში ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია აჭარაში

აჭარაში პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, “განათლება დასაქმებისთვის” (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შრომის ბაზრის მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, დასაქმების ფორუმები, დასაქმებისთვის საკვანძო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების შემუშავება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება და მათ შორის გამოცდილების გაზიარების უზუნველყოფა.

პრეზენტაციის პირველი მომხსენებელი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი, ნინო ყოჩიშვილი იყო. თეონა ლებანიძემ (UNAG) და ხათუნა იოსელიანმა (OSGF) კი დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დასახული  ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

აღნიშნული მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ პრეზენტაციის დროს ისაუბრა ორგანიზაციის შესახებ და პროექტის საჭიროებაზე.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და მედიის სამოცზე მეტი წარმომადგენელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.