მთავარი,სიახლეები

დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

28.02.2021
დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე წვეულებას მართავს. გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო და გაავრცელა კიდეც.

“22:10 საათზე ჰქონდა ანზორ ბოლქვაძის ნათესავს ლაივი ჩართული. როცა უკვე კომენდანტის  საათი დაწყებულია. ჩამიგდეს ვიდეო და ჩაწერა მოვასწარი, სანამ წაშლიდნენ. კადრში ყველა არ ჩანს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით 30-მდე ადამიანი იყო ამ წვეულებაზე.

მინდა ვთქვა რომ ის, რაც ხდება, არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი აქცია დედაქალაქში. ადამიანებს გზაში დაუზიანდათ ავტომობილი და კომენდანტის საათის დაწყებამდე 144-ზე და 112-ზე, სად არ დავრეკეთ, მაგრამ ამ ხალხს არ მისცეს ბათუმში წამოსვლის უფლება. ქუთაისში, დილის ხუთ საათამდე იყვნენ ავტობანზე გაჩერებულები, გაყინეს ხალხი იქ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. პარლამენტის წევრი არღვევს ყველანაირ კანონს, მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილი დაუზიანდათ და ამის გამო დააგვიანდათ, არ აძლევ გადაადგილების უფლებას და ტოვებ ქუჩაში,” – ამბობს მიშა ბოლქვაძე “ბათუმელებთან”.

“ბათუმელები” დილიდან ცდილობს ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებას. არაერთი ზარის თუ შეტყობინების მიუხედავად, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი კომენდანტის საათის დროს წვეულების გამართვის შესახებ განმარტებას არ აკეთებს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ანზორ ბოლქვაძე “ბათუმელებს”  დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ “ტელეფონი გაუფუჭდა და ამიტომ ვერ შეძლო დილით კომენტარის გაკეთება”. ანზორ ბოლქვაძის მტკიცებით, წვეულების ამსახველი ვიდეო 27 თებერვალს გადაღებული არ არის. “სოციალურ ქსელში ვიღაცამ გასული წლის ვიდეო გამოაქვეყნა,” – გვითხრა მან.

ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე ნანა ვარშანიძემ გამოაქვეყნა. ვიდეოში ისმის ფრაზა “ლაივში ვართ”. ანზორ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ ნანა ვარშანიძე ნამდვილად მისი ოჯახის ახლობელია. “ბათუმელებმა” ქართული ოცნების დეპუტატს ჰკითხა, მაშინ, როცა ვიდეო ფეისბუქ ლაივში გადაიცემოდა, რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ გასულ წელსაა გადაღებული.

“არ ვიცი მე რა გადიოდა, სად გადიოდა. ჩემს ოჯახში რა გადავიხადე კარგად ვიცი. გასულ წელს ჰქონდა შვილიშვილს დაბადების დღე და გადავუხადე. წელს თავისთავად ვერ გადავუხდიდი,” – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ნანა ვარშანიძემ გაავრცელა, ამჟამად მიუწვდომელია. მართალია, ანზორ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ვიდეო გასული წლისაა, მაგრამ ეს ვიდეო ნანა ვარშანიძის ფეისბუქგვერდზე გასული წლის ვიდეოებში არ იძებნება.

ენმ-ს წევრი მიშა ბოლქვაძე, რომელმაც წვეულების ამსახველი ვიდეო 27 თებერვალს გაავრცელა, ამბობს, რომ მოქალაქე ნანა ვარშანიძეს წვეულება ფეისბუქ ლაივში ჰქონდა ჩართული. ძველი ვიდეოს ფეისბუქ ლაივით გამოქვეყნება კი ტექნიკურად შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: