Batumelebi | რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა.

ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე].

თურქეთთან თუ სახმელეთო საზღვარი [სარფი] ჩვეულებრივ რეჟიმში არ გაიხსნა, შესაძლოა ბათუმის კაზინოებმა მუშაობა არც განაახლონ. ბათუმის კაზინოების მომხმარებელთა თითქმის 90% თურქეთის მოქალაქეები არიან, ხოლო დაახლოებით 10% – ისრაელის მოქალაქეები.

ბათუმისგან განსხვავებით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ნაკლებადაა დამოკიდებული თბილისის კაზინოები. თბილისში მდებარე კაზინოების მომხმარებლები ძირითადად არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი სფეროსთვის დამტკიცებულია რეგულაციები, რომლითაც ესა თუ ის ბიზნესი/დაწესებულება მუშაობს პანდემიის პირობებში. ასეთი კონკრეტული რეკომენდაციები კი, კაზინოებისთვის ამ დრომდე არ არსებობს. 2020 წლის ზაფხულში კაზინოების მიერ იყო შემუშავებული ერთგვარი პროექტი, რომელიც შესთავაზეს ხელისუფლებას, თუმცა, მაშინ მთავრობამ კაზინოების გახსნა გადაიფიქრა.

არის კიდევ ერთი საკითხი – მოსაკრებელი, რომელსაც კაზინოები ადგილობრივ ბიუჯეტში წინასწარ, ყოველკვარტალურად იხდიან. კაზინოებს გასული წლის პირველი კვარტლის მოსაკრებელი წინასწარ ჰქონდათ გადახდილი [აპრილამდე], თუმცა, კაზინოები 2020 წლის 16 მარტს დაიხურა და მას შემდეგ არ გახსნილა. ზოგიერთ კაზინოს მეორე კვარტლის [აპრილი, მაისი, ივნისი] მოსაკრებელიც კი ჰქონდა გადახდილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესი ითხოვს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა, რომლითაც ვერ ისარგებლეს, მთავრობამ ჩაუთვალოს.

მაგალითად, ბათუმში, ერთ სათამაშო მაგიდაზე კაზინო კვარტალში 24 000 ლარს, ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე 2 600 ლარს იხდის. ამასთან, მარტო ბათუმის კაზინოებში 4 ათასამდე პირია დასაქმებული, რომლებიც თითქმის ერთი წელია უხელფასოდ არიან.

მთავრობის დადგენილებით, აჭარის გარდა, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კაზინოებს შეუძლიათ მუშაობა 1-ლი აპრილიდან განაახლონ.

მთავრობასა და სათამაშო ბიზნესს შორის შეხვედრები იმართება, თუმცა კონკრეტულად რას ითხოვს ბიზნესი და რას მთავრობა, „ბათუმელებისთვის“ უცნობია. უცნობია ასევე, გაიხსნება თუ არა სლოტ-კლუბები.

სათამაშო ბიზნესის [კაზინოს] წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი თუ მუშაობას განაახლებენ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ და პირველ ეტაპზე მოგებაზე არავინ ფიქრობს, თუმცა, არც იმას აპირებენ, რომ განაახლონ მუშაობა და კიდევ უფრო მეტი იზარალონ. ამიტომ, მათ, როგორც ბიზნესს, სჭირდებათ კონკრეტული პირობები.

ზოგადი რეგულაციების დაცვასთან ერთად, ნებისმიერ ბიზნესს, 2021 წლის პირველი მარტიდან ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ტესტირების ხარჯი კი, თავად ბიზნესმა უნდა გაიღოს.

ბათუმის ბიუჯეტში 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32,1 მილიონი ლარი უნდა შესულიყო, თუმცა მხოლოდ 2 მილიონამდე ლარი შევიდა.

ამ თემაზე:

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com