მთავარი,სიახლეები

მშობელი შვილს მათხოვრობას აიძულებდა, მას 17 წლამდე პატიმრობა ელის | პროკურატურა

01.03.2021 • 824
მშობელი შვილს მათხოვრობას აიძულებდა, მას 17 წლამდე პატიმრობა ელის | პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 12 წლის შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას, იგი შვილს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთის გაყიდვას.

ამასთან, მშობელმა შვილს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შვილზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხას მშობელი თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა.

„პ.მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში,“ – წერს პროკურატურა.

პ.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: