Batumelebi | “ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე “ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე – Batumelebi
RU | GE  

“ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ ისინი “მოექცევიან”.

„საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა.

და ეს ტელევიზიები… რომელია მაგი ახლა… მთავარი არხი რომ ჰქვიათ, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი რა… ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ,“ – თქვა ეპისკოპოსმა ქადაგებაში, რომელიც 25 თებერვლით თარიღდება. სხალთის ეპისკოპოსი ერთ-ერთ გავლენიან სასულიერო პირად ითვლება.

ეპისკოპოს სპირიდონის განცხადება დროში ემთხვევა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას. ვახო სანაიას 25 თებერვალს მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სანაიას თქმით, მას თავს დაესხნენ მისი პროფესიული საქმიანობის და კრიტიკული განწყობის გამო.

ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში ხელისუფლების თუ სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარმოებული რიტორიკა ახალისებს ძალადობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჟურნალისტებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, თუმცა ჯერ არცერთი ფაქტი არაა გამოძიებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი