ბათუმი,მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

28.02.2021 • 1227
ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში ივარჯიშებენ.

კლუბის ინფორმაციით, ვარჯიშის განახლების სავარაუდო თარიღია მიმდინარე წლის 15 მარტი, ხოლო „რადგან სამომავლოდ არსებობს იმის ალბათობა, რომ „მარდი პლაზა“ აღადგენს მუშაობას და შევძლებთ მომსახურების მისგან შესყიდვას“.   ამიტომ მომსახურების გაწევის ვადად 15 მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდია მითითებული. ამ პერიოდში აუზით სარგებლობისთვის კლუბი „მარი ჯგუფს“ 20 ათას ლარს გადაუხდის.

„2020 წელს აღნიშნული მომსახურება შპს „წყალბურთის კლუბ ბათუმს“ მიეწოდებოდა შპს „მარდი პლაზასგან“ „ექსკლუზიური უფლებამოსილებით“, თუმცა 2020 წლის 8 სექტემბერს შპს „მარდი პლაზამ“ მოგვმართა წერილით და ითხოვა 2020 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტა. მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებულია 2020 წლის 21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და მის შესაბამისად შემუშავებული ახალი რეგულაციები, რომლებიც არ აძლევდა მათ სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას, რაც გამოიხატა ფინანსურ პრობლემებში. აღნიშნული სიტუაცია გრძელდება დღემდე და აუზის გახსნის სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.
ჩვენ მიერ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მოძიებულია საცურაო აუზი, რომელიც არ არის იმ პარამეტრების, რაც გააჩნდა შპს „მარდი პლაზას“, თუმცა არსებული რეალობიდან და მომზადების დაწყების ვადებიდან გამომდინარე, ოპტიმალური გამოსავალია, რათა შევძლოთ მომზადება და არ გაგვიცდეს მიმდინარე სეზონი“, – აღნიშნულია კლუბის განაცხადში.

„მარდი პლაზასგან“ წყალბურთის კლუბ ბათუმში გაგზავნილი წერილიდან

წყალბურთელებს გეგმიური მომზადება სჭირდებათ საქართველოს შიდა პირველობისათვის – გასვლითი თამაშების ჩასატარებლად.

„იმისათვის, რომ კლუბის წევრებს (წყალბურთელებს) არ გაუცდეს მიმდინარე სეზონი, აუცილებელია დროულად შეძლონ მომზადება საცურაო აუზზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი ვერ შეძლებს სათანადოდ იასპარეზოს საქართველოს ჩემპიონატისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის თამაშებზე.

ვითარება ზიანს არ აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს , თუმცა ზიანს აყენებს სპორტულ კლუბს, ვინაიდან წყალბურთელებს რეგულარი ვარჯიში სჭირდებათ ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და უფრო მეტად განსავითარებლად.“ – აცხადებენ კლუბში.

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს.

ამ თემაზე:

საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: