მთავარი,სიახლეები

საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

26.02.2021 • 1680
საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

„გაგვიშვეს ალბათ დამსახურების გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცინცაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მანანა ცინცაძე თითქმის 30 წელი „აგროვებდა სოფელ-სოფელ მარგალიტებს“, როგორც ამას თავად აღნიშნავს და მის პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ათძალიც“…  ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრში ფოლკლორის და კლუბებთან ურთიერთობების განყოფილებები გააუქმეს და მის ნაცვლად ტურიზმის, ასევე მონიტორინგის განყოფილებები შექმნეს.

მონიტორინგის სამსახურის უფროსად დალი ბურჭულაძე დანიშნეს, ის ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ომარ ვარშანიძის ცოლია. ამავე სამსახურში დასაქმდა კობა თევზაძეც. ის ხელვაჩაურის ყოფილი გამგებლისა და დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრის, ნადიმ ვარშანიძის მძღოლად მუშაობდა.

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ახლა არ დაწყებულა [ეს უწყება ხელვაჩაურის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ია]. მანამდე ცენტრის დირექტორად პროფესიით ეკოლოგი ნინო ფაღავა დანიშნეს, მის მოადგილედ კი ყოფილი პოლიციელი – ჯუმბერ ზოიძე.

„თებერვალში აღარ გაგვიგრძელეს ხელშეკრულება, მანამდე ხან 3 თვით გვიფორმებდნენ, ხან – 6 თვით… მე 1991 წლიდან ვმუშაობდი ჯერ კირნათის კლუბში, სამი წლის შემდეგ კი, მეთოდისტად გადმოვედი კულტურის ცენტრში. 25 წელი იქნება, რაც შეიქმნა ფოლკლორის განყოფილება და მე ვხელმძღვანელობდი. მუსიკოსების ოჯახიდან ვარ, ჩემი დაც – ციური ცინცაძე კლუბებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ისიც გაუშვეს… არაფერი აუხსნიათ, რატომ გაგვათავისუფლეს. გვითხრეს, რომ ახალი განყოფილებები შეიქმნა – მონიტორინგის და ტურიზმის, ჩვენი შტატები გაუქმდა და იქ გადაიტანეს… სასამართლოში წასვლას არ ვაპირებ, თუ არ ვჭირდები, არც მე მინდა,“ – გვიყვება მანანა ცინცაძე.

მანანა ცინცაძეს მოსაყოლი ბევრი აქვს, როგორ აგროვებდა სოფლებში დავიწყების პირას მისულ სიმღერებს, გამოთქმებს, ისტორიებს, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს… მანანა ცინცაძე თვეში ხელფასის სახით ხელზე  360 ლარს იღებდა.

მანანა და ციური ცინცაძეებთან ერთად უმუშევარი დარჩა ბიბლიოთეკარი ნანა დიდმანიძე, ასევე პრესსამსახურის უფროსი – ნატალია ფუტკარაძე. შტატი არ გაუქმებულა, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი – ლაშა მაღრაძე.

„წერილობით განმარტებას ველოდები სამსახურიდან გათავისუფლებაზე. ჩემთვის უცნობია, რატომ გამიშვეს,“ – გვიპასუხა ლაშა მაღრაძემ. მას სხვა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში იდავოს.

„დირექტორი ყველაფერზე გვპასუხობს, მე არ ვიცი, ზემდგომებმა გადაწყვიტესო. ეს არის პასუხი?  200 ადამიანი გყავდეს თანამშრომელი და ზემდგომებმა გადაწყვიტეს როგორ შეიძლება, ეს რას ნიშნავს?“ – კითხულობს ლამზირა აფაქიძე. ის სამსახურიდან არავის გაუშვია, თუმცა კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია პროტესტის ნიშნად თავად დატოვა.

„გაუქმდა ისეთი განყოფილებები, რომელიც არ უნდა გაუქმებულიყო. გაუგებარია მიზეზი, რის გამო გააუქმეს ეს შტატები, ან ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი რატომ გაუშვეს? ის „ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავეა… მეც რომ არ მომადგნენ, გამოვასწარი, ალბათ, არ ვიცი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლამზირა აფაქიძემ.

ლამზირა აფაქიძე ამბობს, რომ უხელფასოდ მუშაობდა „ათძალის“ ხელმძღვანელად და ეს პოზიციაც დატოვა. ის აპროტესტებს იმასაც, რომ კულტურის ცენტრის დირექტორი პროფესიით ეკოლოგია, ხოლო მოადგილე ყოფილი პოლიციელი.

„არანაირი კონკურსი არ ჩაუტარებიათ არასდროს,“ – დასძინა ლამზირა აფაქიძემ.

„ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ფაღავამ. მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრის დროს მან ჩვენი კითხვა მოისმინა, გვითხრა, რომ ჩვენი ხმა არ ესმის. მან ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებიც უპასუხოდ დატოვა.

„ნინო ფაღავა ძალიან კარგად უძღვება თავის სფეროს, როგორც მენეჯერი,“ – ამ ფრაზით ცდილობს კულტურის ცენტრის მენეჯმენტის დაცვას ხელვაჩაურის მერის მოადგილე, არჩილ ბარამიძე. ის მერიაში ხელოვნების მიმართულებას კურირებს და კომენტარი ვთხოვეთ.

არჩილ ბარამიძე განმარტავს, რომ რეორგანიზაცია „მიზნების უკეთესად მიღწევის“ გამო ჩატარდა.

„მონიტორინგი სჭირდება, როცა, მაგალითად, კლუბებში დაგეგმილია რეპეტიციები, ასევე ანსამბლები გრაფიკის მიხედვით შეიკრიბონ, რა ტარდება, რა – არა. ამას სჭირდება მონიტორინგი, ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.

კულტურის ცენტრის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დალი-ანა ბურჭულაძე დანიშნეს. ის ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – ომარ ვარშანიძის ცოლია. ამ თემაზე ჩვენთან სასაუბროდ დალი ბურჭულაძემ ვერ მოიცალა, არჩილ ბარამიძემ კი გვითხრა, რომ საერთოდ არ იცის, ვინაა დალი ბურჭულაძის ქმარი.

„დალი ბურჭულაძე ვისი მეუღლეა, არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ დიდი ხანია ჩვენი თანამშრომელია და მუშაობდა ბიბლიოთეკაში. ეს ვიცი მე,“ – ამბობს არჩილ ბარამიძე. ის ნეპოტიზმს ამ და სხვა საკადრო ცვლილებებში გამორიცხავს, მაგალითად, კობა თევზაძის შემთხვევაში, რომელიც ნადიმ ვარშანიძის მძღოლად მუშაობდა. კობა თევზაძეც მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.

„ვაკანსია იყო, დაწერა განცხადება და დასაქმდა, ის ნადიმ ვარშანიძის მძღოლი იყო, როცა ნადიმი ხელვაჩაურის გამგებელი იყო,“ – დასძინა არჩილ ბარამიძემ.

ხელვაჩაურის მერიაში პრობლემას არ ხედავენ იმაში, რომ ამ ადამიანების შესარჩევად კონკურსი არ გამართულა. უხერხულობას არც ის ამბავი უქმნით, რომ კულტურის ცენტრის დირექტორი ეკოლოგია, მოადგილე – ყოფილი პოლიციელი. კითხვის პასუხად ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გაიხსენა, რომ კიდევ ერთი მოადგილე „პროფესიონალია კულტურის მიმართულებით“.

„არის კიდევ მოადგილე – ზვიად თურმანიძე, გეცოდინებათ, ის არის პროფესიონალი კულტურის ნაწილში… ეს არაა საჯარო სამსახური, რომ კონკურსის ჩატარების ვალდებულება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ვინც შერჩეული მყავს ამ ეტაპზე, ძალიან კარგია,“ – მიიჩნევს არჩილ ბარამიძე.

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს ვკითხეთ მთავარი ქორეოგრაფის – ლაშა მაღრაძის გათავისუფლებაზეც.

„ვერ მივიღეთ ანსამბლში ის, რაც უნდა მიგვეღო სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაგალითად, ხულოსთან, ქედასთან, შუახევთან, შედარებით. გვინდა, უკეთესი იყოს, ხელვაჩაურიც რომ წარმოჩინდეს,“ – დაასრულა არჩილ ბარამიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: