შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS-ი  (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი).

სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

ნატო-საქართველოს წვრთნები შავ ზღვაში
ნატო-საქართველოს წვრთნები შავ ზღვაში

სილქფესტი მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს

მხოლოდ 19 მარტს, კომბინაციით *202# სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • 20 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 14 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავადერთად და ცალცალკე.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.


პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.


*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

როგორ წავიდა ზუსტად 100 წლის წინ მთავრობა ემიგრაციაში – საქართველო, 1921 წლის 18 მარტი

1921 წლის მარტია და ბათუმში ქემალისტების დროშა ფრიალებს. ქალაქში საშინელი სიძვირეა. ოთახის ქირა 4000 მანეთია. სამმა რომ ისადილოს 6000 მანეთზე მეტი უნდა გადაიხადოს. 10 მარტს თუ პური 500 მანეთი ღირს და მჭადი 120, ოთხ დღეში იგივე პურის ფასი 700 მანეთამდე იზრდება. დღითიდღე ყველაფერი კიდევ უფრო ძვირდება.

,,ხიბაკი“ მუშებს 2000 მანეთად გადააქვთ. ასეთ ,,ხიბაკს“ ბევრი ეზიდება 1921 წლის მარტის პირველი ნახევრის ბათუმში. ვინც საქართველოს მომავალს ჭვრეტს ყველას წასვლა სურს.

ფიქრობენ, რომ თუ ქემალი წაიღებს ბათუმს, ქალაქი სამუდამოდ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. ამჯობინებენ ისევ ბოლშევიკებმა დაიპყრონ – ასე საქართველოს ტერიტორია მთლიანი მაინც დარჩება და როცა ქვეყანა ისევ აღდგება, მთლიანად აღდგებაო.

ერთ ღამეში შეგროვილმა ქართულმა განძმა ექვთიმე თაყაიშვილის და იოსებ ელიგულაშვილის წყალობით უკვე დატოვა ბათუმის პორტი რამდენიმე დღის წინ, 11 მარტს. ამავე პორტიდან 7 დღეში, 18 მარტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, პოლიტიკოსები, სამხედრო მაღალჩინოსნები და ბევრი სხვა წავა საზღვარგარეთ, სხვადასხვა გემით.

ამ დღეებში ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე გემი დგას – იტალიური სამგემბანიანი ,,ფრანც ფერდინანდი“ და ფრანგული ექვსღუმელიანი, უზარმაზარი ,,ჟან ჟაკ რუსო“, ,,ვესტა“, ასევე ,,მარია“ – ძველი, ნახევრად სატვირთო, ნახევრად სახალხო გემი.

1921 წლის 17 მარტს ,,მარია“ რეიდზეა. საღამოს 8, 9 საათზე ბათუმში სროლაა. 18 მარტის დილაც ტყვიამფრქვევების კაკანით თენდება. ქიაზიმ-ბეი თავს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად აცხადებს და ქართულ მხარეს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ოსმალები იკავებენ ბათუმში მილიციის სამმართველოს, ფოსტას, ტელეგრაფსა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებს.

დამფუძნებელთა კრება 17 მარტს ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას – მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ფუნქციონირება საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს. სხვა გზა აღარ ჩანს.

ბოლშევიკები ქალაქში ჯერ არ შემოსულან – ქართული ჯარისა და ქემალისტების ბრძოლის სურათს რეიდზე მდგარ გემებში მსხდომები ზღვიდან შესცქერიან.

1921 წლის 18 მარტის ნაშუადღევს ,,მარია“ ბათუმს ნელი ცურვით ტოვებს. ბუქსირზე სამი გემი ჰყავს გამობმული. პორტს ხალხით სავსე „ფრანც ფერდინანდი“ და სხვა გემებიც ტოვებენ.

„მარიას“ გაუმართლა. ზუსტად ასი წლის წინ და ზუსტად ამ დღეს, 1921 წლის 18 მარტს, როცა რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში მიდის, ამ გემის ორი მგზავრი აღწერს ხომალდის გემბანზე ნანახს და გაგონილს: იონა თოდუა და გიორგი ხაბურზანია. ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთსა და იმავე დღის ამბებზე ყვებიან. როგორ აღმოჩნდნენ ,,მარიაზე“, როგორ დატოვეს საქართველო და რა გადახდათ მოგზაურობისას.

„მშვიდობით ბათუმო! მშვიდობით საქართველო! მშვიდობით ნინა, ეთერი, თეზიკო, დედა, მამა. მშვიდობით ყველა. გტოვებთ დარწმუნებული, რომ მალე ისევ გნახავთ. ოხ, არ ვიცი მაინც რამდენი ხნით მივდივარ ან როგორ დაგვხვდებით. გამაგრდი გულო! გაუძელ ჭირს!“ – ეს იონა თოდუას დღიურის 18 მარტის ჩანაწერია. დღიურში იონა დაწვრილებით აღწერს, როგორ დატოვა ერთმა ოჯახმა გემით საქართველო 1921 წლის 18 მარტის ნაშუადღევს – გემით სახელად ,,მარია“.

1921 წლის ზუსტად ამ დღეს და ამ გემით მიემგზავრება კონსტანტინეპოლში ალექსანდრე ხაბურზანიაც, რომელიც ქართულ ჯარში მსახურობდა. 18 მარტის ამბებს ის მოგვიანებით დაწერილ მოგონებებში იხსენებს.

1921 წლის მარტში ალექსანდრეს ბათუმში ქუთაისიდან მოულოდნელად ჩამოსული ნათესავიც კი დახვედრია შინ, რომელსაც გემით კონსტანტინეპოლის გავლით ევროპაში სურდა წასვლა, უმაღლესში სასწავლებლად.

ნათესავს ქუთაისიდან მამის ნაჩუქარი ოქროს საათი, ვერცხლის კოვზები, მატყლის ფერადი ძაფებით დედის ნაქარგი ბალიშების და მუთაქების პირებიც კი ჰქონია წამოღებული – გამგზავრების წინ ცოტა ფული მაინც რომ ჰქონოდა ამეების გაყიდვით.

გემ ,,მარიაზე“ ალექსანდრე ხაბურზანია სასწაულის ძალით, სრულიად შემთხვევით მოხვდება. გაუმართლებს და პორტში მაღალი რანგის სამხედრო პირებს გადაეყრება, მათთან ერთად რეიდზე კარგა მოშორებით მდგარ გემამდე შეიარაღებული კატერით მიდის. ალექსანდრეს მამა ნაპირიდან დიდხანს, დიდხანს გასცქერის კატერს.

ალექსანდრემ არ იცის, ვინ მიემგზავრება პორტში მდგარი გემებით, მაგრამ ხალხით სავსე ,,ფრანც ფერდინანდზე“ დალანდავს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალს, გიორგი კვინიტაძეს და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსს ვალიკო ჯუღელს. თუ ,,ფრანც ფერდინანდით“ კვინიტაძე და ჯუღელი მიემგზავრება, საფიქრებელია, რომ ამავე გემით მგზავრობს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პოლიტიკოსთა ნაწილიც.

,,ფრანც ფერდინანდი“ უზარმაზარი გემია, მალე უნდა დაიძრას. „მარია“ მასთან შედარებით კვერცხის ნაჭუჭივით ჩანს.

გემი „ფრანც ფერდინანდი”

გზად ბათუმიდან კონსტანტინეპოლამდე ,,მარიას” მგზავრები სულ ბათუმის ბრძოლებზე ლაპარაკობენ. ეს ამბები გემიდან გემზე გადადის.

„ქემალისტების წინააღმდეგ ქართული ჯარები თავგამოდებით იბრძოდნენ და მოკლე ხანში განდევნეს ისინი ბათუმიდან. წითელი არმია შემოვიდა ბათუმში ისე, რომ ერთი თოფიც არ გასროლილა და ყაზარმებში დაბინავდა“, – წერს ალექსანდრე ხაბურზანია მოგონებებში.

,,მარიას“ გემბანზე ალექსანდრე შემთხვევით გაიცნობს ეკატერინე გაბაშვილის შვილს, ეროვნულ-დემოკრატების თვალსაჩინო წევრს, რევაზ გაბაშვილს. ალექსანდრე მისგან იგებს, რომ ,,მარიას“ კაიუტებსა და ტრიუმში ტყვეობას გადარჩენილი, დაჭრილი იუნკრებიც არიან.

,,მარიაზე“ პროდუქტების სიუხვეა. დილაადრიან იწყებენ ნაირ-ნაირი კერძების მზადებას, სამზარეულოდან სულ ახალგამომცხვარი პურისა და მწვადის სუნი გამოდის. ამბობენ, რომ გემი უხვადაა დატვირთული ფქვილით, შაქრით, ცოცხალი ცხვრებით, დაკლული ქათმებით, ინდაურებით, ხილით, ღვინით თუ შამპანურით. საუკეთესო კერძები, როგორც ალექსანდრე ხაბურზანია წერს რჩეულთათვის მიაქვთ კაიუტებში, მაგრამ დანარჩენებიც პურსა და საჭმელს სამყოფად იღებენ.

ალექსანდრე ხაბურზანია

პროდუქტების გასანაწილებლად ,,მარიას” მგზავრთა სიები დგება: მთავრობის თანამშრომელთა სია, სახალხო გვარდიელების სია, იუნკრების სია და ა.შ. ალექსანდრე არცერთში აღმოჩნდება. ის და მისი ნათესავი ლევანი მშივრები რჩებიან. გემის იაფფასიანი ბილეთების პატრონებს უმეთვალყუროდ დატოვებული ტომრიდან ფქვილის მოპარვა უწევთ შიმშილის მხეცის მოსათოკად… მაგრამ ეს სხვა ამბებია, შორს და სხვაგანმიმავალი.


მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

ალექსანდრე ხაბურზანიას მოგონებები – ბათუმის ბრძოლა და გზა კონსტანტინეპოლისაკენ

იონა თოდუას – გაქცევის დღიური

ექვთიმე თაყაიშვილის – მოგონებები

8 მაისს „ბათუმობა“ გაიმართება – ქალაქი 100 ათას ლარს დახარჯავს

„ბათუმობა 2021“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარია. ღონისძიების ჩატარება 8 მაისისთვისაა დაგეგმილი.

ტენდერის პირობის მიხედვით, „ბათუმობის“ ჩატარების ადგილად კვლავ ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული.

წყარო: ბათუმის კულტურის ცენტრი

კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და  29 მარტს დასრულდება.

„ბათუმობა“ ბოლოს 2019 წელს გაიმართა.

გასულ წელს კი, პანდემიის გამო, „ბათუმობა 2020“ არ ჩატარებულა.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმობა 2019“

აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება – ტიკარაძე

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“ – განაცხადა დღეს, 18 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

ამ განცხადების წინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიc დღეს საღამოს იქნა მიღებული. ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.

„ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“ – ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება.

ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს.

დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარების დაუზუსტებელი შემთხვევების გამო.

თავად კომპანია „ასტრაზენეკა“ ამ დრომდე აცხადებს, რომ 17 მილიონი ადამიანის მონაცემების გადამოწმების შედეგად, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღეს, არ გამოვლენილა თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის რაიმე მტკიცებულება.

„ასტრაზენეკას“ ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ღრმა ვენის თრომბის 15 და ფილტვების ემბოლიის 22 შემთხვევა, რაც ძირითადად მსგავსია სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.

საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 3600-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელზეც შეტყობინება შემოვიდა, იყო მხოლოდ ოთხი. დღეს, 18 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა ექთანი ახალციხეში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.

„ეს იგივეა დადიანების ბაღში ჩავდგათ მაღალი შენობა“ – ექსპერტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

თათია ღვინერია, ხელოვნებათმცოდნე

ჩვენი მუშაობის ძირითადი ღერძი არის კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგან გვიწევს დაცულ ტერიტორიებზე მუშაობა. ჩემი დასკვნაც შეეხებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. როდესაც შევისწავლეთ ამ ტერიტორიისა და კონკრეტული ობიექტის ისტორია, საარქივო მასალებში გამოჩნდა, რომ ამ ნაკვეთზე ნამდვილად იყო ნაგებობები, რომლებიც ფუნქციურ გააქტიურებას, მოსახლეობასთან მის ჰარმონიზებას უწყობდა ხელს. ასეთი ტიპის ობიექტები ბულვარში ყოველთვის არსებობდა, მათ შორის კაფე, თეატრი და ასე შემდეგ.

საარქივო მასალებში საკვლევ ნაკვეთზე შენობაც ჩანს. დროთა განმავლობაში ამ შენობის რეკონსტრუქცია მოხდა, მან მიიღო ის სახე, რაც საბოლოოდ მივიდა დაშლამდე. შესაბამისად, კანონის მიხედვით რომ ვისაუბროთ, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია განთავსდეს ახალი შენობა არსებულის გაბარიტის, მისი მასშტაბის საერთო სილუეტის მიხედვით.

თუ ვსაუბრობთ შენობის არქიტექტურულ სახეზე და არსებული შენობა არის უსახური, შესაძლებელია მისი ჰარმონიზება, მაგრამ რადგან ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლს, მასში განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა  ფუნქციურად უნდა იყოს ამ საერთო სივრცის თანმდევი, უფრო მეტი აქტიურობისა და სიცოცხლის შემომტანი.

შესაძლებელია მასზე განთავსდეს კაფე ან ისეთი ფუნქციის შენობა, რაც საზოგადოებისთვის  იქნება მისაღები, თუმცა პროექტი, რომელზეც საბოლოოდ ნებართვა გაიცა, არის 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა – ეს დაახლოებით იგივეა, წარმოვიდგინოთ, რომ დადიანების ბაღში შესაძლებელი იყოს მაღალსართულიანი ნაგებობის განთავსება, ან თუნდაც წინანდლის საპარკე-საბაღე ხელოვნების ბაღში. აბსოლუტურად იგივე სტატუსი აქვს ამ ორ ბაღს, როგორიც დადიანებისა და წინანდლის ბაღებს. ამდენად, ჩემს კვლევაშიც, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია როგორი გაბარიტისა და მოცულობის შენობა იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიაზე, არსებული შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ.

ხაზს ვუსვამ, რომ არსებული შენობის რეკონსტრუქცია შესაძლებელი იყო – ის, რომ ნაგებობამ უნდა გააჯანსაღოს გარემო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ აქ უკვე კითხვითი ნიშანი გვაქვს მის მოცულობაზე, გაბარიტზე, მასშტაბზე და ასე შემდეგ…

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერმა ნაგებობამ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სხეულშია, ხელი უნდა შეუწყოს არსებული ძეგლის [ამ შემთხვევაში ბულვარის] ფუნქციების გააქტიურებას, ერთი მორფოლოგიაა, ეს ერთი სხეულია. შესაბამისად, ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ  პროექტის განხორციელება რაზეც არის ახლა მსჯელობა, ძალიან უხერხულ და ცუდ პრეცედენტს ქმნის.

ჩვენ, სამწუხაროდ, გამოგვეპარა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თბილისში, მინდა მაგალითად მოვიყვანო ალექსანდრეს ბაღი: 2000-იანი წლების დასაწყისში აქ განთავსდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი – ეს არის დანაშაული, ძალიან ბევრი წელი არ მოგვეცემა ამის გამოსწორების საშუალება, თუ ჩვენი შვილების თაობა ამ ყველაფერს თავის იერსახეს არ დაუბრუნებს წლების შემდეგ. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ.

ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარე ერთად ვიაზრებდეთ, რომ ეს ქალაქები არის ჩვენი ყველასი ერთად. ვიაზრებდეთ ამ კონკრეტული ტერიტორიის და, ზოგადად, ისტორიული ქალაქების, მხატვრულ – არქიტექტურულ ისტორიულ მეხსიერებას. ეს ჩვენი ისტორიაა, რომლის დაკარგვაც  არ შეიძლება.

რას გულისხმობს რეკონსტრუქცია

ახალი ნაგებობის რეკონსტრუქცია უნდა ჩატარდეს არსებული შენობის სიმაღლე-გაბარიტის ფარგლებში.

მოცულობა უნდა იყოს იგივე, რეკონსტრუქცია სწორედ ამას გულისხმობს. კანონის მიხედვით, ზოგადად, სამეცნიერო ტერმინოლოგიაში, რეკონსტრუქცია არის სწორედ ეს – არსებული გაბარიტისა და სიმაღლის ფარგლებში ჩატეული სამუშაოები, რაც გააკეთილშობილებს კონსტრუქციულ ნაწილს, რომელიც დროთა განმავლობაში გაფუჭდა. რეკონსტრუქციაში არ იგულისხმება, რომ ეს უნდა იყოს სრულიად ახალი შენობა – ეს არის სპეციფიკური, სენსიტიური [საკითხი], რომელიც ერთი მხრივ დამკვეთებმა უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ არქიტექტორებმა უკეთ უნდა შეიგრძნონ.

ძეგლზე სამუშაოების უფლება და პრეროგატივა აქვს არქიტექტორ-რესტავრატორს. ეს არის ქირურგივით ადამიანი, რომელიც ძალიან ფაქიზად და ფრთხილად მუშაობს ამ სხეულში.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლი ეს არ არის კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი სივრცე. იმისთვის ჰქვია საბაღე-საპარკე, რომ მას აქვს სარეკრეაციო დანიშნულება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის სარეკრეაციო ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია ასეთი საზოგადოებრივი ტერიტორიების გასხვისება.

ეს ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრება არ არის – კანონის მიხედვით, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციურ ობიექტზე, მისი რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ ის პასუხობდეს ამ პარკის ავთენტური ხასიათის, მისი სტრუქტურის მოთხოვნების გააქტიურებას. შესაბამისად, მასში სასტუმროს ხასიათის შემოყვანა ძალიან არასწორია.

___

როდესაც ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები, ან ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება, მთავარი კანონი, რომლითაც ნებართვის გამცემებმა უნდა იხელმძღვანელონ არა სამშენებლო კოდექსი, არამედ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონია. სწორედ ამ კანონით ხელმძღვანელობენ ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით ამზადებენ კვლევას და გასცემენ რეკომენდაციებს.

ასეთი კვლევა 2016 წელს შპს ამბასადორმა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას დაუკვეთა. სწორედ მის დასკვნასთან იყო თანხვედრაში კომპანიის პირველი პროექტი, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა, მათ შორის სამი იყო ძირითადი და ერთი მანსარდული სართული [სამიც მიწისქვეშა სართულით].

მოგვიანებით კი, როცა კომპანიამ პროექტის მასშტაბის გაზრდა მოითხოვა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე სხვა ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა წარუდგინა – მათ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს.

17 მარტს, მშენებლობის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივრის მოსმენაზე როგორც „ამბასადორის“ დირექტორი, ასევე ნებართვის გამცემი სტრუქტურის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებდა, რომ ეს გემოვნების საკითხია: „ზოგ ხელოვნებათმცოდნეს მოსწონს, ზოგს – არაო“. სხდომაზე ექსპერტი თათია ღვინერია, მოსაზრების დასაფიქსირებლად  მომჩივანმა მხარემ – „ბათომმა“ და EMC-მ მოიწვიეს.

ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია განმარტა, რატომ არ არის ეს გემოვნების საკითხი და რას ამბობს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საბაღო-საპარკო უძრავი ძეგლის დაცვაზე.

შპს ამბასადორს სწორედ ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ნებართვა აქვს და ორსართულიანი შენობის ადგილზე 16 სართულიან შენობას აშენებს. სპეციალისტმა განმარტა ისიც რა არის ძეგლის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია. თათია ღვინერიას განმარტებებს მცირედი ცვლილებით ვაქვეყნებთ

ევროპაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელიან

დღეს, 18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტოში საგანგებო სხდომა იმართება „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით. დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა რეკომენდაციებს გასცემს სააგენტო აღნიშნულ ვაქცინაზე.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარების დაუზუსტებელი შემთხვევების გამო.

თავად კომპანია „ასტრაზენეკა“ ამ დრომდე აცხადებს, რომ 17 მილიონი ადამიანის მონაცემების გადამოწმების შედეგად, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღეს, არ გამოვლენილა თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის რაიმე მტკიცებულება.

„ასტრაზენეკას“ ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ღრმა ვენის თრომბის 15 და ფილტვების ემბოლიის 22 შემთხვევა, რაც ძირითადად მსგავსია სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.

საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 3600-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელზეც შეტყობინება შემოვიდა, იყო მხოლოდ ოთხი. დღეს, 18 მარტს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ ცუდად გახდა ექთანი ახალციხეში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე აჭარიდან 25 ადამიანი შეარჩიეს

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად პირველი ეტაპისთვის მხოლოდ 25 აპლიკანტი შეარჩიეს. შერჩეული პირები – 10 ქალი და 15 კაცი გერმანიაში სატაცურის აღების სამუშაოებზე აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან.

„შეირჩა 25 ადამიანი, რომლებთანაც გაგრძელდება მუშაობა დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით. წინაგასამგზავრებელი, საორიენტაციო ტრენინგი ჩაუტარდებათ და ტექნიკური მხარდაჭერა ექნებათ იმისათვის, რომ ჯგუფი აპრილის პირველ ნახევარში წავიდეს გერმანიაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმღვანელი თემურ კახიძე.

მისი თქმით, პირველ ვაკანსიაზე 200-ზე მეტ აპლიკანტს გაესაუბრნენ, თუმცა აქედან მხოლოდ 80 აპლიკანტი შეირჩა. „დამსაქმებელს მხოლოდ 25 ვაკანსია აქვს გამოცხადებული, ამიტომ ამ 80 აპლიკანტიდან დასაქმდება მხოლოდ 25 ადამიანი. დამსაქმებელი თვითონ ეცნობა მონაცემებს და ის აკეთებს საბოლოო არჩევანს. შემდეგ უნდა გადმოაგზავნოს სამუშაო ნებართვა და შრომითი ხელშეკრულება, რომლის პირობებსაც ასევე გავაცნობთ შერჩეულ აპლიკანტებს. ძირითადი და სარეზერვო ჯგუფი იკრიბება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან პირობების შესრულება“, – ამბობს თემურ კახიძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე შერჩეული ადამიანები იმუშავებენ სატაცურის აღებაზე. „სხვა ვაკანსია როგორც კი შემოვა, მაშინ გვეცოდინება კონკრეტული პირობები და ის, თუ რა ოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება კონკრეტულ დამსაქმებელს“, – ამბობს კახიძე.

9 მარტის მონაცემებით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე 95 632 პირი იყო დარეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს.

სუსი ქობულეთში მიწის კომისიის თავმჯდომარის დაკავებაზე: ქრთამის სახით აიღო 2 ათასი დოლარი

ქობულეთში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ, ვიტალი ქარცივაძემ, მიწის კონკრეტული ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო.

„გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი,“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ქარცივაძე ქობულეთის საკრებულოს წევრიცაა „ქართული ოცნებიდან“. ის სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი დეპუტატია.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ვიტალი ქარცივაძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რას ამბობს გამყრელიძე ახალციხის შემთხვევაზე, სადაც კოვიდზე აცრის შემდეგ ექთანი ცუდად გახდა

დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

ამ საკითხზე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს და დაახლოებით 16 ადამიანი ჰყავს აცრილი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას. აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ.

სამწუხაროდ, 30 წუთში მას განუვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. თუმცა ექიმებთან წინასწარი საუბრით, ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

ჩასულია კატასტროფის ბრიგადა და მიმდინარეობს მისი გადმოყვანა თბილისში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან.

ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად,  გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ვაქცინის შეყვანიდან 15-20 წუთში.

დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები.

აცრის პროცესამდე არსებობს სპეციალური გამოკითხვის ბარათი, რომლითაც ექიმი ეკითხება, სადაც არის ის კითხვები, რომლებმაც შესაძლოა გამოავლინოს მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე.

3 365 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელზეც შეტყობინება შემოვიდა, იყო მხოლოდ ოთხი. მაგრამ სერიოზული ანაფილაქსიური რეაქცია შოკის სახით არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალშობილისა და დედის კანით-კანზე კონტაქტი მნიშვნელოვანია პანდემიის მიუხედავად | ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემია უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ნაადრევი და მცირე წონის ახალშობილების მოვლის ხარისხზე, რაც იწვევს გარდაცვალების შემთხვევებსაც.

ჯანმო: დადგენილია, რომ ე.წ. კენგურუს მეთოდით ბავშვის მოვლას ჩვილების სიკვდილიანობას 40%-ით, ჰიპოთერმიას 70% -ით და სერიოზული ინფექციების შემთხვევებს 65% -ით ამცირებს. ეს მეთოდი გულისხმობს ძუძუთი კვების დროს ახალშობილის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ, “კანით-კანზე” კონტაქტს მშობელთან.

„COVID-19 პანდემიის დროს აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეფერხებამ უკიდურესად უარყოფითი გავლენა იქონია ახალშობილთა ყველაზე დაუცველი კატეგორიის მზრუნველობის ხარისხზე და, განსაკუთრებით, მათ მშობლებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტაქტის უფლების დაცვაზე,“- თქვა ჯანმოს დედათა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ანშუ ბანერჟიმ.

საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით კოვიდინფიცირებულ დედას არ ეკრძალება ბავშვთან ახლო კონტაქტი და მისი ძუძუთი კვება: უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას, მიუხედავად დაავადების გადაცემის რისკისა რძით ან ახლო კონტაქტით. თუმცაღა, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სპეციალისტთან ან ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ.

ამასთანავე ჯანმოს არსებული მონაცემებით, „კანით-კანზე“ მეთოდზე უარის თქმის პრაქტიკა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირია ღარიბ ქვეყნებში.

17 ქვეყანაში COVID-19 პანდემიის დროს მიღებული 20 კლინიკური პროტოკოლის სისტემური მიმოხილვის შედეგად ჯანმომ დაადგინა, რომ პროტოკოლების მესამედი შეიცავს რეკომენდაციას დედის იზოლირების შესახებ ახალშობილისგან, თუ კი მას აქვს COVID-19 ან ეჭვი ამ ინფექციაზე.

როგორც British Medical Journal Global Health-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, სამშობიარო სახლების რამდენიმე ათასი თანამშრომლის გლობალური გამოკითხვის შედეგებით, 62 ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკების ორი მესამედი ზოგადად კრძალავს კანით-კანზე კონტაქტს დადასტურებული ან საეჭვო COVID-19 ინფექციის დროს და თითქმის ყოველი მეოთხე მუშაკი კრძალავს ძუძუთი კვებას, მაშინაც კი, თუ მეძუძური ქალი არ არის ინფიცირებული.

ჯანმო წერს, რომ COVID-19-ით ინფიცირებას ორსულობის პერიოდში შეუძლია ნაადრევი მშობიარობის რაოდენობის მატება.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

 

მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

„ქუჩაში როცა გავდივარ, სულ მახსოვს, რომ იქ ძაღლები არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ… მადლიერებას გამოხატავენ, გცნობენ, თვალებში გიყურებენ და სიხარულით მოგყვებიან უკან,“ – ამბობს ბათუმელი ანი ტიკარაძე. მას სახლში ძაღლები არ ჰყავს, ის ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს. ანი ტიკარაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ანის შესახებ ინფორმაცია ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა და იმ ძაღლის ფოტო გვაჩვენა, რომელსაც ანიმ მაისური ჩააცვა.

„…ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური ჩავაცვი, ბულვარში მხვდებოდა ხშირად, ქუჩის ძაღლია, ხშირად ვკვებავდი და ვიცნობთ ერთმანეთს,“ – გვიყვება ანი ტიკარაძე. – „იმ დღესაც გამომყვა, ციოდა, წვიმდა, მოვიდა და მეხუტებოდა, თათები უკანკალებდა და ჩემი მაისური ჩავაცვი. თავიდან შეეშინდასავით, ალბათ, გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო, ბედნიერი მომყვებოდა უკან…“

ანის თქმით, უკვე მისი ჩვევაა სახლიდან ძაღლის საკვებით მომარაგებული გამოსვლა.

„ბულვარშიც, როცა ჩემს პატარა ძმას ეტლით ვასეირნებ, სათავსოში ყოველთვის ვდებ „კორმას“ ან სხვა რამე საკვებს. ვიცი, შემხვდებიან,“ – ჩვევას გვიზიარებს ანი და დანანებით აღწერს, როგორ გაუჭირდა ბენთან განშორება. ბენი ძაღლია, რომელიც ანისთან ცხოვრობდა და მისი გაჩუქება მოუხდა.

„პატარაობიდანვე შეჩვეული ვარ ბევრ ძაღლს, არ ვიცი, რამდენი ძაღლი გვყავდა სახლში მუდმივად… დედაჩემს, ბებიას და ახლა უკვე ჩემს პატარა ძმასაც უზომოდ გვიყვარს ცხოველები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ქალაქიდან წასვლა მოგვიხდა და ამ დროს გავაჩუქეთ ბენი, მონადირის მეტისი იყო. როცა დავბრუნდი, მივხდი, რომ სხვა ძაღლის აყვანა გამიჭირდებოდა, არადა, ბენი უკვე სხვა პატრონს იყო შეჩვეული. ბენი არც მინახავს, ვიცი, სტრესი ექნებოდა.

ახლა მხოლოდ კატა გვყავს სახლში და ზაზუნა. კატას თოი ჰქვია, ზაზუნას – ზაზუნა, ძალიან საყვარლები არიან,“ – გვიყვება ანი.

ანის ხშირად აღიზიანებს დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ.

„ქუჩის ძაღლებისთვის რაც შეიძლება მეტი თავშესაფარი უნდა არსებობდეს, ასევე საჭიროა დროული აცრები… პატრონი რომლებსაც ჰყავთ, ისინიც ხშირად გამოხატავენ აგრესიას ძაღლების მიმართ. მიაჩნიათ, რომ სულიერი არსება კი არა, თითქოს ნივთია. ამას წინათაც ვუთხარი პატრონს, რომ ნუ ქაჩავდა მოსაბმელს უხეშად პატარა ჯიშის ძაღლს. ვუთხარი, იქნებ დაელოდეთ, ან ასე თუ გეჩქარებათ, ხელში აიყვანეთ და ისე წაიყვანეთ, ხომ შეიძლება-მეთქი და რა შენი საქმეაო. ხშირად ვისმენ ამ პასუხს: რა შენი საქმეა?

მეგობრებიც ამას მეუბნებიან, გაჩერდი, გოგო, ყველას ასე ნუ მიახტებიო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია… მიფიქრია იმაზეც, რომ ქუჩაში კიდევ უფრო ნაკლებად გამოხატავენ აგრესიას ადამიანები ცხოველების მიმართ,“ – აღნიშნა ანი ტიკარაძემ „ბათუმელებთან“.

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია | მთავრობა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, გარხდა ცნობილი.

„ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება  ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური  სურათის ანალიზის საფუძველზე,“ – აცხადებს მთავრობა.

კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.

საქართველოში ღამით გადაადგილება 26 ნოემბრიდან შეზღუდულია.

ცოცხალი მუსიკა რესტორნებში ბრუნდება, იხსნება კინოთეატრები და საბავშვო ცენტრები

საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ:

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს.

19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც  დაიშვება მაყურებელთა 30%.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება  ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური  სურათის ანალიზის საფუძველზე“ – აცხადებს მთავრობა.

ქობულეთში მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე დააკავეს

ქობულეთში მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვიტალი ქარცივაძე დააკავეს.

იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ ღამით დააკავა.

ვიტალი ქარცივაძე 2019 წლიდან იყო  მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. კომისია ქობულეთის მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურაა.

ვიტალი ქარცივაძე ამავდროულად ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.  ის სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი დეპუტატია.

ვიტალი ქარცივაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ქობულეთის მერიაში, თუმცა უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწდვიან, ვიდრე ანტიკორუფციული სამსახური არ გაავრცელებს ინფორმაციას.

„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე

დღევანდელ [18 მარტი] ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის პროექტზე საუბრის დროს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირება ახსენა.

„ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. მოგახსენეთ კიდევაც, რომ ევროკავშირთან ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს იმისთვის, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს და ეს არის ერთი-ერთი ამოცანა და აზრი ამ პროექტის მიღმა რაც დევს, ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით, მათ შორის ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ბატონ ლევან დავითაშვილს…“, – აღნიშნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რატომ არის კავშირში ევროკავშირისთვის ჰიდროენერგიის მიწოდება ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან. მან თქვა, რომ „ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას და ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას,“ – დასძინა მან.

„ვერ შევთანხმდებით,“ – რამდენჯერმე გაიმეორა მინისტრმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნის – „შეწყდეს ნამახვანი ჰესის მშენებლობა“ – შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

„აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში და არა მხოლოდ მსხვილი ჰესების შემთხვევაში, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაში ჩვენ გვხდება გარკვეული პრობლემები გნებავთ გარემოსდაცვითი კუთხით, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას…“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მან ისაუბრა რიონის ხეობის განვითარების ფონდზეც, სადაც  5 მილიონი ლარი „ყველაზე საჭირბოროტო პროექტებს“ მოხმარდება.

„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა, საპროტესტო აქციას გამართავს სლოგანით – „მე დიასპორა არ ვარ“.

16 მარტს საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. პროტესტი სწორედ დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს კომიტეტი სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს როგორც დიასპორას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“. „ბათუმელები“ ქამრან მამადლის – ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა.

ქამრანი საზოგადოებას და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას განუმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება იყვნენ საქართველოში დაბადებული და აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დიასპორების ნაწილი.

„საქართველოს მოსახლეობის 6,3 პროცენტი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მთლიანობაში მოსახლეობის 13,2 პროცენტი არის ეთნიკური უმცირესობა. დიასპორა, აკადემიური განმარტებით ნიშნავს ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც ისტორიულად კავშირი ჰქონდათ რომელიმე სახელმწიფოსთან და რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი გადაცხოვრდნენ, გადავიდნენ სხვა ქვეყანაში.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს მიგვაჩნია, რომ არასდროს არ ვყოფილვართ სხვა ქვეყნის ნაწილი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს ნაწილი, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ჩვენი დიასპორად მონიშვნა, არსებითად პრობლემურია ჩვენთვის“, – ამბობს ქამრან მამადლი.

საპროტესტო აქცია – „მე დიასპორა არ ვარ“.

დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მოითხოვენ გაუქმდეს დიასპორის კომიტეტის ბაზაზე შექმნილი კომისია და ეს კომისია შეიქმნას ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კომიტეტის ბაზაზე.

„ასევე მნიშვნელოვანია კომისიის წევრების შერჩევის საკითხიც. დიასპორის კომიტეტის შემთხვევაში ეს პროცესი იყო გაუმჭვირვალე, არაინკლუზიური, დახურული, რადგან ამდენი ხანია ამ სფეროში ვართ და ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ასეთი კომისია იქმნებოდა პარლამენტში. არანაირი კონსულტაცია არ გაუვლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფარული, დახურული პროცესის შედეგად შექმნილი კომისია ხელისუფლებამ სპეციალურად შეარჩია, რადგან ასეთი კომისია არსებითად კრიტიკულ პოზიციებს და მოსაზრებებს არ დააყენებს კომისიის მუშაობის პროცესში“, – მიიჩნევს ქამრან მამადლი.

მისი აზრით, დიასპორის კომიტეტში ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის კომისიის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან პრობლემური მიდგომაა, რადგან დიასპორის კომიტეტის ქვეშ ასეთი კომისიის შექმნა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავს სხვა ქვეყნის დიასპორად. „ამდენი წლის განმავლობაში, მაგალითად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ცდილობს, რომ მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც აუხსნას და დაუმტკიცოს, რომ ჩვენ საქართველოში არ ვართ არც ერთი ქვეყნის დიასპორა და ჩვენ ვართ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ იმ არსებით თანასწორობას საქართველოში, რომელიც დეკლარირებულია. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად აცხადებს, რომ არის სამოქალაქო თანასწორობის და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ეთნიკურ, ეროვნულ, რელიგიურ თუ სხვა ნებისმიერ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი საქართველოს მოქალაქეობაა, ამ გადმოსახედიდან, როცა სახელმწიფო მაინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და უქვემდებარებს ასეთ კომისიას დიასპორის კომიტეტს, ეს ცალსახად გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გააზრებული ის, რომ ჩვენ არ ვართ დიასპორა“, – ამბობს ქამრანი.

სახელმწიფო საუბრობს, რომ ამ კომისიის შექმნით, ეთნიკურ უმცირესობებს ინტეგრაციაში უნდა შეუწყოს ხელი, რაზეც ქამრან მამადლი ამბობს, რომ ეს არის ზედაპირული განცხადებები. „საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო თანამეგობრობის და დღეს არსებული ლიბერალური პერსპექტივის გამოძახილია ეს განცხადებები, რომლებიც შინაგანად არ აქვს ხელისუფლებას გააზრებული. ჩვენი შეფასებით, პოლიტიკური ელიტა ასეთი პერსპექტივიდან უყურებს ეთნიკურ უმცირესობებს. სწორედ ეს გვიბიძგებს იქეთკენ, რომ ხმა ავიმაღლოთ“, – ამბობს ქამრანი.

ქამრანს ვკითხეთ, თუ რატომ არ ჰქონდათ კრიტიკული პოზიცია იმ ადამიანებს, ვინც ეთნიკური უმცირესობების სახელით ესწრებოდა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნას.

ქამრან მამადლი ამბობს, რომ ის ვერ იქნება მათ მიმართ ძალიან კრიტიკული. „ჩვენ გვესმის მათი, რადგან ეთნიკური უმცირესობები იმდენად არიან გარიყულები ჩვენს საზოგადოებაში, რომ ის პლატფორმა, რაც პარლამენტში იქმნება და მათ ეპატიჟებიან საუბრისთვის, შეიძლება რაღაც მომენტში მაცდური იყოს კონკრეტული წარმომადგენლებისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაკრიტიკებთ თემის წარმომადგენლებს, რადგან თავისთავად, ასეთი საბჭოს შექმნა არ არის პრობლემური, პირიქით პარლამენტთან, მთავრობასთან უნდა არსებობდეს ასეთი საბჭოები, სადაც უმცირესობების წარმომადგენლები შეძლებდნენ თავიანთი ხმა და წუხილები, გამოცდილება, გამოწვევები მიიტანონ სახელმწიფოსთან. მაგრამ ასეთი წარმომადგენლობები არ უნდა არსებობდეს დიასპორის კომიტეტის ფრთის ქვეშ“, – ამბობს ქამრან მამადლი.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე არა მარტო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოვლენ, რომლებიც წლებია ამ სფეროში აქტიურად მუშაობენ და იცავენ უმცირესობების უფლებებს.

რატომ გადაწყვიტეს მსგავსი კომიტეტის შექმნა? – ამ კითხვის დასმა „ბათუმელებმა“ სცადა ბექა ოდიშარიასა და რიმა ბერაძესთან. ისინი ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

__________________________________

მთავარი ფოტო: „მე დიასპორა არ ვარ“- ელნურ ალისოის ფეისბუქის გვერდიდან

_________

ამავე თემაზე:

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

19-20 მარტს ჩაქვის გვირაბში 7 საათით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 მარტია

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვრიდან დღემდე ყოველთვიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება საკომპენსაციოდ გაცემული თანხა, რამაც თებერვლის თვეში 27,8 მილიონი ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს.

„ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა თებერვლის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით [ვინაიდან 20 მარტი არის არასამუშაო დღე], რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით, 197 502  განაცხადია დარეგისტრირებული. ამავე სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში კომპენსაცია გადაერიცხა 106 080 პირს, ხოლო თებერვალში – 139 348 პირს:

წყარო: შემოსავლების სამსახური

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია 

 

ბათუმში 26 ველოსიპედის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და არაერთ ქურდობაში მხილებული ნ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილ 26 ველოსიპედს უკანონოდ დაეუფლა. პოლიციამ მოპარული ველოსიპედების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში შემოვა ის უცხოელიც, ვისაც johnson&Johnson-ის ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული

უცხოელს, რომელიც johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა მხოლოდ საჰაერო გზით, ვინაიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ ჩაკეტილია.

საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში კორექტირება 17 მარტს შეიტანა. აქამდე [2021 წლის პირველი თებერვლიდან] საქართველოში შემოსვლა შეეძლო იმ უცხოელს, რომელიც საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა] დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა.

ვინაიდან Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო, იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson-ის ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს;“

მთავრობის მიერ ასევე განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ.

აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის 2021 წლის 27 თებერვალს დაამტკიცა. Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

ამ თემაზე:

აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცეს

აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 105 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 27 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში  კოვიდით დაავადებული 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.

ხანძარი თურქეთში – ართვინის პროვინციის სოფელში 60 სახლი და 30 ბეღელი დაიწვა

ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩში ხანძრის შედეგად 60 სახლი და 30 ბეღელი  დაიწვა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ხანძარმა იმსხვერპლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ მეხანძრეები და მისი ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ახლა სოფელში ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოქალაქეები, რომლებიც ნახანძრალ სახლებში დაბრუნდნენ,  გადარჩენილ ნივთებს ეძებენ.

როგორც თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, ცეცხლი სოფელში 17 მარტს, შუადღეს, ერთ სახლს გაუჩნდა. ქარის გამო კი მეზობელ სახლებს გადაედო. შედეგად სოფლის ერთი უბანი მთლიანად გადაიწვა.

ხანძარი დერეიჩში. ფოტო: ჰურიეთი

 

ინფიცირდა 369 ადამიანი, გარდაიცვალა 9 პაციენტი – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით.

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.55 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.33%.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში 3 674 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 3 352 შემთხვევაა, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 82 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი.

თურქეთში, ართვინის პროვინციის სოფელში 50 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელში, სოფელ დერეიჩში ცეცხლი გაჩნდა და ხის სახლებს მოედო. თურქული მედია წერს, რომ უკვე დაიწვა 50-მდე სახლი და ცეცხლის გავრცელების საფრთხე კვლავაც არსებობს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები გრძელდება.

იუსუფელში არაერთი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.


_____________

ფოტო: cumhuriyet.com.tr

რატომ აჭიანურებს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

აჭარის უმაღლესი საბჭო ისევ არ განიხილავს ოპოზიციისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო ხვალ, 18 მარტს, პლენარულ სხდომას გამართავს, თუმცა დღის წესრიგში ისევ არ არის ოპოზიციონერი დეპუტატების საქმე.

2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა, მოთხოვნა საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს. უფლებამოსილების შეწყვეტა „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით გასულმა დეპუტატებმა ითხოვეს ირაკლი ჩავლეიშვილის გარდა, რომელიც უმაღლეს საბჭოში შევიდა.

„24 მარტი არის ამ საკითხის განხილვის ბოლო ვადა,“ – გვითხრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ, რატომ არ განიხილავს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

პრესცენტრში განმარტეს, რომ „კომიტეტზე განხილვის გარეშე ვერ მოხდება კენჭისყრა სესიაზე, კომიტეტს კი დრო აქვს ჯერ“.

18 მარტის სხდომაზე კი, უმაღლესი საბჭო 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიშს მოისმენს. მომხსენებელი პარმენ ჯალაღონიაა, უსკოს თავმჯდომარე.

ხვალ იქნება მინისტრის საათიც – დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მოუსმენენ.

ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა პარლამენტშიც. იქ უმრავლესობამ ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა, რაც, მაგალითად, დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ დროისთვის ოპოზიციიდან პარლამენტში მუშაობენ „მოქალაქეები“ [2 წევრი] და „ევროპელი სოციალისტები“ [4 წევრი].

ბათუმში ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 მარტს ბათუმში მოსალოდნელია  წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა.

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის აპრილში გაიხსნება – ღონისძიებაში კმდს 19 000 ლარს დახარჯავს

ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის.

ტენდერის პირობით, მომსახურებაში შედის:

  • „ორი ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი;
  • ფოლკლორული, ქალაქური და კლასიკური სიმღერების შემსრულებლის მოწვევა [ღონისძიებაზე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 7 სიმღერისა]. მომღერალი უნდა იყოს მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული ან წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიის ლაურეატი.
  • საქსაფონისტის ან მევიოლინეს მოწვევა, რომელიც შეასრულებს არანაკლებ 10 კომპოზიციას.
  • ქვიშაზე ხატვის შოუს ორგანიზება; საგამოფენო კუთხის მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
  • ასევე ლენტის გაჭრის ცერემონიისათვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა [სააგენტოს ლოგოთი დაბრენდილი ლენტი, არანაკლებ 2 მეტრისა; 2 ოქროსფერი ბოძი-ლენტის დასამაგრებლად; 5 ცალი დიდი ზომის მეტალის მაკრატელი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი; სპეციალური ბალიშები რაზეც 5 მაკრატელი განთავსდება მისაწოდებლად“.

ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება,  ბილეთის ფასი: 1-დან 5 ლარამდე.

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ლიმონარიუმის რესტავრაცია, ლიფტების მონტაჟი – ეს ის ძირითადი ინფრასტრუქტურაა, რის მოწყობასაც პროექტი ითვალისწინებდა. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარჩენილია ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

პეტრას ციხეზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

მთავარი ფოტო: პეტრას ციხე/ფოტო: სააგენტო

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ხანძარია | LIVE

ხანძარია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინაში.

ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური, 8 ეკიპაჟი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია

დღეს, 17 მარტს, ხანძარი გაჩნდა ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს სახანძრო სამსახურში ჯერჯერობით არ პასუხობენ.

რამდენიმე წუთში „ბათუმელები“ შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვას შემოგთავაზებთ.

ხვიჩა მამულაძის ფოტო

_____________

ხვიჩა მამულაძის ფოტო. 

 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი სტუდიიდან დაითხოვეს – სტუდიის განმარტება

„დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს აქვს გარკვეულ მიმართულებებში განსაკუთრებული ნიჭი, – უყვარს ხატვა, სიმღერა, ცეკვა და ა.შ. რომლის აღმოჩენასაც სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიმეყვანა სტუდიაში, სადაც ხატვის და ძერწვის გარდა იქნებოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში და საზოგადოებასთან ახლოს. ბევრი ძიებისა და სპეციალისტების რეკომენდაციით გადავწყვიტე მისი მიყვანა ართ თაიმ სტუდიოში, მოლოდინით, რომ ჩემი შვილი იქ უბრალოდ ბედნიერი იქნებოდა, რაც კიდევ უფრო შეუწყობდა განვითარებაში ხელს“, – წერს ბავშვის მშობელი სოციალურ ქსელში.

ბათუმში მცხოვრებმა ანა მახარაძემ, ამავე ქალაქში მდებარე სტუდიაში შვილი გასულ შაბათს მიიყვანა და მის შესახებ მასწავლებლებისთვის არაფერი დაუმალავს. მშობლის თქმით, ნიკოლოზი სტუდიაში სიხარულით მიიღეს. სტუდიიდან ნიკოლოზიც გახარებული და კმაყოფილი დაბრუნდა, მეორე დღეს კი ანა მახარაძეს დაურეკეს და სთხოვეს სტუდიიდან ბავშვის გაყვანა.

„მითხრეს, რომ ბავშვს თითქოს აქვს ქცევითი აშლილობა, ვნებს საკუთარ თავს და ხელს უშლის სხვა ბავშვებს შემოქმედებით საქმიანობაში. გადამახდევინეს ორი დღის საფასური და ბავშვთან ერთად დამტოვეს დახურული კარის მიღმა,“ – ამბობს ნიკოლოზის დედა.

არტ თაიმ სტუდიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ნიკოლოზი მიიღეს სტუდიაში, მაგრამ მშობელი გააფრთხილეს წინასწარ, რომ სტუდიაში ხატვის კურსს ასწავლიდნენ ახალგაზრდა მხატვრები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეცმასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა დათანხმდნენ ხატვის გაკვეთილებზე ბავშვის საცდელი დროით მიღებას.

„ძალიან რთულია წინასწარ თქვა შეეგუება თუ არა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვის გაკვეთილს, წებო, მაკრატელი, საღებავები – ისეთი მასალები და საგნებია, რასაც ხანდახან ბავშვი არამიზანმიმართულად იყენებს. რთულია ასეთ დროს არასპეციალისტმა მასწავლებელმა მართოს ასეთი ქცევა. მშობელს ვუთხარით წინასწარ, რომ საცდელი დროით შეგვეძლო ბავშვის ხატვის წრეზე მიღება და მალევე გამოვლინდა, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. ვწუხვართ, რომ ასე მოხდა, მაგრამ არაკეთილსინდისიერება იქნებოდა აგვეღო საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობა, რასაც რეალურად ვერ შევძლებდით“, – ამბობს საგანმანათლებლო შემოქმედებითი სტუდია ,,არტ-თაიმის“ წარმომადგენელი ნინო ბიაძე.

___

ამავე თემაზე:

რა სჭირდებათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს

იარაღს ჯილდოდ უკვე გენერალური პროკურორიც გადასცემს

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება უკვე საქართველოს გენერალურ პროკურორსაც აქვს.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2021 წლის 15 მარტიდან შევიდა.

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის მიხედვით, უფლებამოსი­ლი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით იარაღი ჯილდოდ გადაეცემა ფიზი­კურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრე­თ­ვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღ­­წევებისათვის.

იარაღი ჯილდოდ გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც „იარა­ღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აქვთ სამოქალაქო ან სამსახუ­რებ­რივ-საშტატო იარაღის შეძენის, შენახვის, ან/და ტარების ნებართვის მიღე­ბის უფლება.

დღეს მოქმედი კანონით, სამოქალაქო ან სამ­­სახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება აქვს:

  • საქართველოს პრეზიდენტს
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო ინსპექტორსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე ფიზიკური პირის მიმართ
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში, აგრეთვე, სპორტსმენთა (მათ შორის, უცხო ქვეყნის სპორტსმენთა) მიმართ.

ამასთან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მიერ ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ სპორტული იარაღი.

ამ თემაზე:

საქართველოში 52 613 პირს რეგისტრირებული იარაღი აქვს, შენახვა-ტარების უფლება – 121 638 პირს

 

როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ

ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანია „აიდურგეოსთან“.

ხელშეკრულება 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული და მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩამორჩება სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკს და სამუშაოების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, გეკისრებათ 9 898.5 ლარი ჯარიმის გადახდა… შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და სს „ზირაათ ბანკი საქართველოსგან“ გამოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თანხით – 329 950 ლარი სრულად“, – აღნიშნულია შსს-სგან „აიდურგეოს” დირექტორის სახელზე 2020 წლის 26 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, „აიდურგეოზე“ 2 639 600 ლარია გადახდილი ბიუჯეტიდან.

შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსები ბათუმში / ფოტო: შსს

სამინისტრომ კორპუსების მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ახალი ტენდერი 2021 წლის 16 მარტს გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 3 058 005 ლარია. პირობის მიხედვით, წინადადებების მიღება 2021 წლის 7 აპრილს დასრულდება.

კორპუსების მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შს სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი. 

შსს 400 თანამშრომლისთვის ჯამში 10 კორპუსს აშენებს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული. მშენებლობის ღირებულების 40%-ს ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე – პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

ამავე თემაზე:

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

 

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის იდეა, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს.

ოდიშარიამ საბჭოს დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ საბჭოს შექმნამ გამოიწვიოს დისკუსია და „ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს თემა“.

სოციალურ ქსელებში მართლაც ჰქონდა კრიტიკული გამოხმაურება პარლამენტარების ამ ახალ იდეას რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებისა და ორგანიზაციების მხრიდან.

მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, ბექა მინდიაშვილი წერს, რომ პარლამენტში ამ ტიპის საბჭოს შექმნა არის დამამცირებელი. „მავნებლურია საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დიასპორებად აღქმა. რატომ უნდა განიხილავდეს  ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკას დიასპორების კომიტეტი. რა, მაგალითად, ეთნიკურ ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, ქისტებს, ლეკებს და ა.შ. დიასპორებად მიიჩნევენ? დაუშვებელია ამის გაკეთება“, – წერს ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე.

სხვებმა პარლამენტში აღნიშნული საბჭოს შექმნა შეაფასეს როგორც ეთნიკური ნაციონალიზმის წახალისება. მაგალითად, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ფეისბუქზე წერს: „უმცირესობების საკითხს რომ დიასპორების კომიტეტი განიხილავს, აი ესაა ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელსაც უმცირესობა (სხვა ენაზე მოლაპარაკე) არა საკუთარი, არამედ სხვისი ერის ნაწილად მიაჩნია.“

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ეკა ჭითანავას ესაუბრა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფო უწყებების შექმნა არასწორია.

„ის, რომ დიასპორის კომიტეტმა უნდა იმუშაოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, უკვე პრობლემური და არასწორია, რადგან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დიასპორებად აღქმა საქართველოში. გამოდის, რომ დიასპორად აღიქვამს საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო“.

ეთნიკურ უმცირესობებს ხომ ისედაც აქვთ თავიანთი დიასპორები საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაშინ, რატომ მიაჩნია დამამცირებლად ამ საბჭოს შექმნა? – ვკითხეთ ეკა ჭითანავას. ის ამბობს, რომ დიასპორების არსებობა თავისთავად არ არის პრობლემური, „მაგრამ როცა სახელმწიფო იწყებს მათთან ურთიერთობებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას, ეს არის პრობლემა.

ხშირად, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უმცირესობებზე, მათი აღქმა არის ინტერნალიზებული (შინაგანი შიში). როგორ აღიქვამს მათ გარემო, როგორ ახასიათებენ, რა ტერმინებით მიმართავენ და ხშირად აქვს ხოლმე ადგილი გაუცხოებას. ჩვენ თუ ამას ვაგრძნობინებთ, რომ ისინი არიან სხვები, არასრულფასოვანი მოქალაქეები, მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლები საქართველოში, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი განაცხადის გაკეთება არის არასწორი“, – ამბობს ეკა ჭითანავა.

მის თქმით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს არ ჰქონია ამ საკითხზე მსჯელობა იმ ორგანიზაციებსა თუ აქტივისტებთან, რომლებიც წლებია უკვე აქტიურად მუშაობენ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე.

„ჩვენ გვაქვს მსგავსი ცუდი პრეცედენტი ქვეყანაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის სახით. ზუსტად ასეთივე შეუთანხმებელი ნაბიჯი იყო ამ სააგენტოს შექმნაც. ამ სააგენტოსაც დეკლარირებული აქვს, რომ რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე უნდა ემუშავა და მათი უფლებების დაცვისთვის უნდა შეეწყო ხელი, თუმცა წლების მანძილზე დავინახეთ, როგორ იქცა ეს უწყება კონტროლის მექანიზმად სახელმწიფოს ხელში. მას რეალურად, არც ერთ მწვავე პრობლემაზე, რომლებიც უმცირესობებს აწუხებს, არ უმუშავია.

პირიქით, მათ ავტონომიაში ერევა და იყენებს თავის მანდატს იმისთვის, რომ შეზღუდოს მათი თავისუფლება და არა მოაგვაროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები. ეს ერთი და ცხადი მაგალითი უკვე გვაქვს“, – ამბობს ეკა ჭითანავა.

მისი თქმით, გარდა ამისა, ბუნდოვანია დიასპორის კომიტეტში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მიზანი, რადგან ის არ არის შეთანხმებული ეთნიკურ უმცირესობებთან. „ეს საკითხი არ შეთანხმებულა ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების ფართო სპექტრთან და ამ ჯგუფების უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მსგავსი საკითხების განხილვის დროს ითანამშრომლონ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უმცირესობების უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა სახელმწიფო მაინც მათი გვერდის ავლით იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს“, – ამბობს ჭითანავა.

მისი თქმით, მსგავსი საკონსულტაციო პლატფორმა უკვე არსებობს ქვეყანაში ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სახით – მაგალითად, „სალამი“, რომელიც მუშაობს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე. ბევრი ახალგაზრდა აქტივისტია, რომლებიც უამრავ პრობლემას უსვამენ ხაზს ინტეგრაციის კუთხით, რამდენად იყვნენ ჩართული ეს ორგანიზაციები ამ საბჭოს შექმნის საკითხში?“ – ამბობს ჭითანავა.

მისი აზრით, თანასწორი გარემოს შექმნასა და ინკლუზიის იდეაზე უარის თქმაა ამ საბჭოს შექმნა. „დიასპორების აღქმა უცხო სუბიექტებად – სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს ეს აღქმები. დიასპორების პერსპექტივით არ უნდა ვიმუშაოთ უმცირესობების საკითხებზე, რადგან ეს ადამიანები არაფრით არ არიან განსხვავებული ეთნიკური ქართველებისგან გარდა იმისა, რომ აქვთ განსხვავებული ეთნოსი. ყველა საქართველოს მოქალაქეა.

ვიცით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ინტეგრაციის კუთხით – სამოქალაქო ჩართულობის, პოლიტიკური რეპრეზენტაციის, სახელმწიფო ენის ცოდნის, რაც აფერხებს მათი ინტეგრაციის პროცესს. ამ საკითხებზე შეუძლია სახელმწიფოს უკვე არსებულ ორგანიზაციებთან იმუშაოს და გადადგას არსებითი ნაბიჯები“, – ამბობს ეკა ჭითანავა.

თუკი ისეთივე დატვირთვას მიიღებს დიასპორების კომიტეტში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოც, რაც რელიგიის სააგენტოს აქვს დღეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? – ეკა ჭითანავა ამბობს, რომ წინასწარ რთულია ამის დაზუსტებით თქმა, თუმცა, რელიგიის სააგენტოს მაგალითი გვაჩვენებს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის სახელით შექმნილმა სააგენტომ ძალიან მალე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ „უმცირესობებს უსაფრთხოების კუთხით უნდა შევხედოთ, უკვე განიხილავდა ამ ჯგუფებს უცხო სხეულად. განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე იყო საუბარი“, – ამბობს ჭითანავა.

__

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/527332/

ბათუმში ძროხისა და ცხენის 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს

დღეს, 17 მარტს, ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ძროხისა და ცხენის ხორცი ამოიღო.

როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, 500 კილოგრამი ხორცი „გაურკვეველი წარმომავლობისაა და საკვებად უვარგისია.“

„რეალიზება არა მგონია მოესწროთ, რადგან საბარგულიდან მოიხსნა ხორცი, ვერ მოასწრეს ბაზარზე შეტანა. ხორცი დაილუქა და ამოღებულია. დანარჩენი მოკვლევის თემაა,“ – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

______________

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტოს არქივიდან 

Exit mobile version