მთავარი,სიახლეები

მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

18.03.2021
მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

„ქუჩაში როცა გავდივარ, სულ მახსოვს, რომ იქ ძაღლები არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ… მადლიერებას გამოხატავენ, გცნობენ, თვალებში გიყურებენ და სიხარულით მოგყვებიან უკან,“ – ამბობს ბათუმელი ანი ტიკარაძე. მას სახლში ძაღლები არ ჰყავს, ის ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს. ანი ტიკარაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ანის შესახებ ინფორმაცია ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა და იმ ძაღლის ფოტო გვაჩვენა, რომელსაც ანიმ მაისური ჩააცვა.

„…ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური ჩავაცვი, ბულვარში მხვდებოდა ხშირად, ქუჩის ძაღლია, ხშირად ვკვებავდი და ვიცნობთ ერთმანეთს,“ – გვიყვება ანი ტიკარაძე. – „იმ დღესაც გამომყვა, ციოდა, წვიმდა, მოვიდა და მეხუტებოდა, თათები უკანკალებდა და ჩემი მაისური ჩავაცვი. თავიდან შეეშინდასავით, ალბათ, გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო, ბედნიერი მომყვებოდა უკან…“

ანის თქმით, უკვე მისი ჩვევაა სახლიდან ძაღლის საკვებით მომარაგებული გამოსვლა.

„ბულვარშიც, როცა ჩემს პატარა ძმას ეტლით ვასეირნებ, სათავსოში ყოველთვის ვდებ „კორმას“ ან სხვა რამე საკვებს. ვიცი, შემხვდებიან,“ – ჩვევას გვიზიარებს ანი და დანანებით აღწერს, როგორ გაუჭირდა ბენთან განშორება. ბენი ძაღლია, რომელიც ანისთან ცხოვრობდა და მისი გაჩუქება მოუხდა.

„პატარაობიდანვე შეჩვეული ვარ ბევრ ძაღლს, არ ვიცი, რამდენი ძაღლი გვყავდა სახლში მუდმივად… დედაჩემს, ბებიას და ახლა უკვე ჩემს პატარა ძმასაც უზომოდ გვიყვარს ცხოველები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ქალაქიდან წასვლა მოგვიხდა და ამ დროს გავაჩუქეთ ბენი, მონადირის მეტისი იყო. როცა დავბრუნდი, მივხდი, რომ სხვა ძაღლის აყვანა გამიჭირდებოდა, არადა, ბენი უკვე სხვა პატრონს იყო შეჩვეული. ბენი არც მინახავს, ვიცი, სტრესი ექნებოდა.

ახლა მხოლოდ კატა გვყავს სახლში და ზაზუნა. კატას თოი ჰქვია, ზაზუნას – ზაზუნა, ძალიან საყვარლები არიან,“ – გვიყვება ანი.

ანის ხშირად აღიზიანებს დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ.

„ქუჩის ძაღლებისთვის რაც შეიძლება მეტი თავშესაფარი უნდა არსებობდეს, ასევე საჭიროა დროული აცრები… პატრონი რომლებსაც ჰყავთ, ისინიც ხშირად გამოხატავენ აგრესიას ძაღლების მიმართ. მიაჩნიათ, რომ სულიერი არსება კი არა, თითქოს ნივთია. ამას წინათაც ვუთხარი პატრონს, რომ ნუ ქაჩავდა მოსაბმელს უხეშად პატარა ჯიშის ძაღლს. ვუთხარი, იქნებ დაელოდეთ, ან ასე თუ გეჩქარებათ, ხელში აიყვანეთ და ისე წაიყვანეთ, ხომ შეიძლება-მეთქი და რა შენი საქმეაო. ხშირად ვისმენ ამ პასუხს: რა შენი საქმეა?

მეგობრებიც ამას მეუბნებიან, გაჩერდი, გოგო, ყველას ასე ნუ მიახტებიო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია… მიფიქრია იმაზეც, რომ ქუჩაში კიდევ უფრო ნაკლებად გამოხატავენ აგრესიას ადამიანები ცხოველების მიმართ,“ – აღნიშნა ანი ტიკარაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: