მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

16.08.2018 • 4163
რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შემოსავალი 2017 წელს 75 715 ლარი იყო. აქედან, პრემიის სახით 5 ათასი ლარი აიღო, დანამატის სახით კი – 35 300 ლარი. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, წელს თავმჯდომარე თვეში, ხელფასის სახით, 6 000 ლარს იღებს, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ დროისთვის უკვე 42 ათასი ლარია.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ზაზა ვაშაყმაძეს 22 შტატიანი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს, თუმცა მასთან მხოლოდ 14 ადამიანია დასაქმებული. სააგენტო თანამდებობრივი სარგოსთვის ბიუჯეტიდან 530 ათას ლარს იღებს. ეს თანხა 14 ადამიანს ხმარდება თუ 22-ს, „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია, რადგან სააგენტომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი კი წელს  5 მილიონი ლარია.

რას აკეთებს სააგენტო, რომელზეც ბიუჯეტიდან ამდენი თანხა იხარჯება?

მაგალითად, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი მცირე მთავრობის სტრუქტურა იქნებოდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ გაუქმდებოდა რელიგიის სააგენტო და ის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან გაერთიანდებოდა.

თუმცა, დაახლოებით ორ თვეში ითქვა, რომ რელიგიის სააგენტო ისევ პრემიერის დაქვემდებარებაში დარჩება და ცალკე უწყებად გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუ რატომ? – ამაზე მამუკა ბახტაძეს პრემიერის რანგში განმარტება აღარ გაუკეთებია.

„რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც მონაწილეობენ რელიგიათა საბჭოში, რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო არ ასრულებს პოზიტიურ როლს რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებში… სააგენტოს შექმნის იდეა, მისი ფუნქცია, მიზნები და სტრატეგია არ ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიასა და თანასწორობის საქმეს“, – ეს განცხადება სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ეკუთვნის.

საბჭოს წევრი 24 რელიგიური გაერთიანებაა.

ისინი მიიჩნევენ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაცია და რანგირება, განსხვავებული მრწამსის ადამიანების არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებად შერაცხვა,  რელიგიური უმცირესობების კონტროლის მცდელობა, „ვერანაირად ვერ ჩაითვლება ჩვენი განვითარებადი დემოკრატიის პირობებში სასიკეთო მოვლენად“.

სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ეს უნდობლობა სააგენტოს პოლიტიკამ განაპირობა:

რელიგიის სააგენტო 2014 წლის 19 თებერვალს შეიქმნა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.

როგორც საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, მთავრობამ აღნიშნული უწყება მათთან კონსულტაციების გარეშე შექმნა, რამაც კრიტიკული დისკუსიები გამოიწვია.

რელიგიური გაერთიანებების სკეპტიციზმი სააგენტოს მიმართ განპირობებულია იმით, რომ სააგენტოს მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს აკონტროლოს რელიგიური გაერთიანებები, განსაკუთრებით კი, რელიგიური უმცირესობები.

ამის შესახებ, სააგენტოს შექმნიდან დღემდე ღიად საუბრობენ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები.

მაგალითად, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან ის აღვივებს სიძულვილს დომინანტურ და არადომინანტურ ჯგუფებს შორის და არ იცავს სამართლიანობის პრინციპს.

ადიგენში, მოხეში, როცა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მუსლიმებს შორის სადავო შენობასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რელიგიის საკითხთა სააგენტოში უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა აღნიშნული შენობის ისტორიულ წარმომავლობას და კონფესიურ კუთვნილებას, რაც არ გაუკეთებია.

„რელიგიის სააგენტოს დამოკიდებულება ამ საკითხზე ცალკე პრობლემაა, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს დაძაბულობისკენ მიჰყავს სიტუაცია. მისი ქმედება არასახელმწიფოებრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ და დროა პრემიერმაც იფიქროს ამ სააგენტოს გაუქმებაზე“, – ეს განცხადება  „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძემ 2016 წელს გააკეთა.

„იგივე პოზიციაზე ვარ დღესაც. რელიგიის სააგენტო არ უნდა არსებობდეს“, – გვეუბნება ის.

მსგავს პოზიციაზე რჩებიან ევანგელური და სხვა რელიგიური გაერთიანებებიც.

მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ჰქონდა და აქვს გარკვეული წინააღმდეგობა დომინანტი ეკლესიის მხრიდან, მათ შორის ბათუმში. რელიგიის სააგენტოს კი ამ წინააღმდეგობების დაძლევაში არ უთამაშია პოზიტიური როლი.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა აზრით, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ერთგვარი მაკონტროლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, „ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის ზიანის ანაზღაურების ანალიზი გვიჩვენებს, რომ „ამ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სახელმწიფოსგან გადაცემული თანხების ხარჯვის კონტროლს, რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმიანობაში ჩარევის მაღალ რისკებს“.

როგორც რელიგიური უმცირესობები, ასევე საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხებში დისკრიმინაციულია.

„უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების, უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა“, – წერს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელმაც შეისწავლა სააგენტოს საქმიანობა და ანგარიშები.

ამ ანგარიშების მიხედვით, რელიგიის სააგენტო არ იზიარებდა 2011 წელს სამოქალაქო კოდექსში გატარებულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც რელიგიურ უმცირესობებს რეგისტრაციისთვის სამართლებრივი ფორმის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ.

სააგენტო მიიჩნევდა, რომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი და სტატუსი „ახლიდან უნდა მოწესრიგდეს“.

მაშინ საკანონმდებლო ცვლილებას აქციებით დაუპირისპირდა საპატრიარქო, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ ცვლილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობები ერთმანეთს უთანაბრდებოდნენ.

„სააგენტომ თავის დოკუმენტებში ფაქტობრივად გაიმეორა რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის ის მიდგომა, რომელსაც მანამდე საპატრიარქო ავითარებდა“.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რელიგიური გაერთიანებებისა და სააგენტოს განსხვავებული პოზიციებია იმის მიზეზი, რომ  ამ სახელმწიფო უწყების მიმართ უნდობლობა დღემდე არსებობს.

რელიგიათა საბჭოს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ არათუ არ გააუქმა აღნიშნული უწყება, არამედ მისი სხვა უწყებასთან ინტეგრაციაც კი გადაიფიქრა.

მთავარი ფოტო: ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: