მთავარი,სიახლეები

როგორ წავიდა ზუსტად 100 წლის წინ მთავრობა ემიგრაციაში – საქართველო, 1921 წლის 18 მარტი

18.03.2021 • 2626
როგორ წავიდა ზუსტად 100 წლის წინ მთავრობა ემიგრაციაში – საქართველო, 1921 წლის 18 მარტი

1921 წლის მარტია და ბათუმში ქემალისტების დროშა ფრიალებს. ქალაქში საშინელი სიძვირეა. ოთახის ქირა 4000 მანეთია. სამმა რომ ისადილოს 6000 მანეთზე მეტი უნდა გადაიხადოს. 10 მარტს თუ პური 500 მანეთი ღირს და მჭადი 120, ოთხ დღეში იგივე პურის ფასი 700 მანეთამდე იზრდება. დღითიდღე ყველაფერი კიდევ უფრო ძვირდება.

,,ხიბაკი“ მუშებს 2000 მანეთად გადააქვთ. ასეთ ,,ხიბაკს“ ბევრი ეზიდება 1921 წლის მარტის პირველი ნახევრის ბათუმში. ვინც საქართველოს მომავალს ჭვრეტს ყველას წასვლა სურს.

ფიქრობენ, რომ თუ ქემალი წაიღებს ბათუმს, ქალაქი სამუდამოდ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. ამჯობინებენ ისევ ბოლშევიკებმა დაიპყრონ – ასე საქართველოს ტერიტორია მთლიანი მაინც დარჩება და როცა ქვეყანა ისევ აღდგება, მთლიანად აღდგებაო.

ერთ ღამეში შეგროვილმა ქართულმა განძმა ექვთიმე თაყაიშვილის და იოსებ ელიგულაშვილის წყალობით უკვე დატოვა ბათუმის პორტი რამდენიმე დღის წინ, 11 მარტს. ამავე პორტიდან 7 დღეში, 18 მარტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, პოლიტიკოსები, სამხედრო მაღალჩინოსნები და ბევრი სხვა წავა საზღვარგარეთ, სხვადასხვა გემით.

ამ დღეებში ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე გემი დგას – იტალიური სამგემბანიანი ,,ფრანც ფერდინანდი“ და ფრანგული ექვსღუმელიანი, უზარმაზარი ,,ჟან ჟაკ რუსო“, ,,ვესტა“, ასევე ,,მარია“ – ძველი, ნახევრად სატვირთო, ნახევრად სახალხო გემი.

1921 წლის 17 მარტს ,,მარია“ რეიდზეა. საღამოს 8, 9 საათზე ბათუმში სროლაა. 18 მარტის დილაც ტყვიამფრქვევების კაკანით თენდება. ქიაზიმ-ბეი თავს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად აცხადებს და ქართულ მხარეს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ოსმალები იკავებენ ბათუმში მილიციის სამმართველოს, ფოსტას, ტელეგრაფსა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებს.

დამფუძნებელთა კრება 17 მარტს ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას – მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ფუნქციონირება საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს. სხვა გზა აღარ ჩანს.

ბოლშევიკები ქალაქში ჯერ არ შემოსულან – ქართული ჯარისა და ქემალისტების ბრძოლის სურათს რეიდზე მდგარ გემებში მსხდომები ზღვიდან შესცქერიან.

1921 წლის 18 მარტის ნაშუადღევს ,,მარია“ ბათუმს ნელი ცურვით ტოვებს. ბუქსირზე სამი გემი ჰყავს გამობმული. პორტს ხალხით სავსე „ფრანც ფერდინანდი“ და სხვა გემებიც ტოვებენ.

„მარიას“ გაუმართლა. ზუსტად ასი წლის წინ და ზუსტად ამ დღეს, 1921 წლის 18 მარტს, როცა რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში მიდის, ამ გემის ორი მგზავრი აღწერს ხომალდის გემბანზე ნანახს და გაგონილს: იონა თოდუა და გიორგი ხაბურზანია. ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთსა და იმავე დღის ამბებზე ყვებიან. როგორ აღმოჩნდნენ ,,მარიაზე“, როგორ დატოვეს საქართველო და რა გადახდათ მოგზაურობისას.

„მშვიდობით ბათუმო! მშვიდობით საქართველო! მშვიდობით ნინა, ეთერი, თეზიკო, დედა, მამა. მშვიდობით ყველა. გტოვებთ დარწმუნებული, რომ მალე ისევ გნახავთ. ოხ, არ ვიცი მაინც რამდენი ხნით მივდივარ ან როგორ დაგვხვდებით. გამაგრდი გულო! გაუძელ ჭირს!“ – ეს იონა თოდუას დღიურის 18 მარტის ჩანაწერია. დღიურში იონა დაწვრილებით აღწერს, როგორ დატოვა ერთმა ოჯახმა გემით საქართველო 1921 წლის 18 მარტის ნაშუადღევს – გემით სახელად ,,მარია“.

1921 წლის ზუსტად ამ დღეს და ამ გემით მიემგზავრება კონსტანტინეპოლში ალექსანდრე ხაბურზანიაც, რომელიც ქართულ ჯარში მსახურობდა. 18 მარტის ამბებს ის მოგვიანებით დაწერილ მოგონებებში იხსენებს.

1921 წლის მარტში ალექსანდრეს ბათუმში ქუთაისიდან მოულოდნელად ჩამოსული ნათესავიც კი დახვედრია შინ, რომელსაც გემით კონსტანტინეპოლის გავლით ევროპაში სურდა წასვლა, უმაღლესში სასწავლებლად.

ნათესავს ქუთაისიდან მამის ნაჩუქარი ოქროს საათი, ვერცხლის კოვზები, მატყლის ფერადი ძაფებით დედის ნაქარგი ბალიშების და მუთაქების პირებიც კი ჰქონია წამოღებული – გამგზავრების წინ ცოტა ფული მაინც რომ ჰქონოდა ამეების გაყიდვით.

გემ ,,მარიაზე“ ალექსანდრე ხაბურზანია სასწაულის ძალით, სრულიად შემთხვევით მოხვდება. გაუმართლებს და პორტში მაღალი რანგის სამხედრო პირებს გადაეყრება, მათთან ერთად რეიდზე კარგა მოშორებით მდგარ გემამდე შეიარაღებული კატერით მიდის. ალექსანდრეს მამა ნაპირიდან დიდხანს, დიდხანს გასცქერის კატერს.

ალექსანდრემ არ იცის, ვინ მიემგზავრება პორტში მდგარი გემებით, მაგრამ ხალხით სავსე ,,ფრანც ფერდინანდზე“ დალანდავს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალს, გიორგი კვინიტაძეს და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსს ვალიკო ჯუღელს. თუ ,,ფრანც ფერდინანდით“ კვინიტაძე და ჯუღელი მიემგზავრება, საფიქრებელია, რომ ამავე გემით მგზავრობს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პოლიტიკოსთა ნაწილიც.

,,ფრანც ფერდინანდი“ უზარმაზარი გემია, მალე უნდა დაიძრას. „მარია“ მასთან შედარებით კვერცხის ნაჭუჭივით ჩანს.

გემი „ფრანც ფერდინანდი”

გზად ბათუმიდან კონსტანტინეპოლამდე ,,მარიას” მგზავრები სულ ბათუმის ბრძოლებზე ლაპარაკობენ. ეს ამბები გემიდან გემზე გადადის.

„ქემალისტების წინააღმდეგ ქართული ჯარები თავგამოდებით იბრძოდნენ და მოკლე ხანში განდევნეს ისინი ბათუმიდან. წითელი არმია შემოვიდა ბათუმში ისე, რომ ერთი თოფიც არ გასროლილა და ყაზარმებში დაბინავდა“, – წერს ალექსანდრე ხაბურზანია მოგონებებში.

,,მარიას“ გემბანზე ალექსანდრე შემთხვევით გაიცნობს ეკატერინე გაბაშვილის შვილს, ეროვნულ-დემოკრატების თვალსაჩინო წევრს, რევაზ გაბაშვილს. ალექსანდრე მისგან იგებს, რომ ,,მარიას“ კაიუტებსა და ტრიუმში ტყვეობას გადარჩენილი, დაჭრილი იუნკრებიც არიან.

,,მარიაზე“ პროდუქტების სიუხვეა. დილაადრიან იწყებენ ნაირ-ნაირი კერძების მზადებას, სამზარეულოდან სულ ახალგამომცხვარი პურისა და მწვადის სუნი გამოდის. ამბობენ, რომ გემი უხვადაა დატვირთული ფქვილით, შაქრით, ცოცხალი ცხვრებით, დაკლული ქათმებით, ინდაურებით, ხილით, ღვინით თუ შამპანურით. საუკეთესო კერძები, როგორც ალექსანდრე ხაბურზანია წერს რჩეულთათვის მიაქვთ კაიუტებში, მაგრამ დანარჩენებიც პურსა და საჭმელს სამყოფად იღებენ.

ალექსანდრე ხაბურზანია

პროდუქტების გასანაწილებლად ,,მარიას” მგზავრთა სიები დგება: მთავრობის თანამშრომელთა სია, სახალხო გვარდიელების სია, იუნკრების სია და ა.შ. ალექსანდრე არცერთში აღმოჩნდება. ის და მისი ნათესავი ლევანი მშივრები რჩებიან. გემის იაფფასიანი ბილეთების პატრონებს უმეთვალყუროდ დატოვებული ტომრიდან ფქვილის მოპარვა უწევთ შიმშილის მხეცის მოსათოკად… მაგრამ ეს სხვა ამბებია, შორს და სხვაგანმიმავალი.


მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

ალექსანდრე ხაბურზანიას მოგონებები – ბათუმის ბრძოლა და გზა კონსტანტინეპოლისაკენ

იონა თოდუას – გაქცევის დღიური

ექვთიმე თაყაიშვილის – მოგონებები

გადაბეჭდვის წესი