საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის იდეა, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს.
ოდიშარიამ საბჭოს დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ საბჭოს შექმნამ გამოიწვიოს დისკუსია და „ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს თემა“.
სოციალურ ქსელებში მართლაც ჰქონდა კრიტიკული გამოხმაურება პარლამენტარების ამ ახალ იდეას რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებისა და ორგანიზაციების მხრიდან.
მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, ბექა მინდიაშვილი წერს, რომ პარლამენტში ამ ტიპის საბჭოს შექმნა არის დამამცირებელი. „მავნებლურია საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დიასპორებად აღქმა. რატომ უნდა განიხილავდეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკას დიასპორების კომიტეტი. რა, მაგალითად, ეთნიკურ ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, ქისტებს, ლეკებს და ა.შ. დიასპორებად მიიჩნევენ? დაუშვებელია ამის გაკეთება“, – წერს ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე.
სხვებმა პარლამენტში აღნიშნული საბჭოს შექმნა შეაფასეს როგორც ეთნიკური ნაციონალიზმის წახალისება. მაგალითად, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ფეისბუქზე წერს: „უმცირესობების საკითხს რომ დიასპორების კომიტეტი განიხილავს, აი ესაა ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელსაც უმცირესობა (სხვა ენაზე მოლაპარაკე) არა საკუთარი, არამედ სხვისი ერის ნაწილად მიაჩნია.“
„ბათუმელები“ ამ საკითხზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ეკა ჭითანავას ესაუბრა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფო უწყებების შექმნა არასწორია.
„ის, რომ დიასპორის კომიტეტმა უნდა იმუშაოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე, უკვე პრობლემური და არასწორია, რადგან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დიასპორებად აღქმა საქართველოში. გამოდის, რომ დიასპორად აღიქვამს საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო“.
ეთნიკურ უმცირესობებს ხომ ისედაც აქვთ თავიანთი დიასპორები საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაშინ, რატომ მიაჩნია დამამცირებლად ამ საბჭოს შექმნა? – ვკითხეთ ეკა ჭითანავას. ის ამბობს, რომ დიასპორების არსებობა თავისთავად არ არის პრობლემური, „მაგრამ როცა სახელმწიფო იწყებს მათთან ურთიერთობებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას, ეს არის პრობლემა.
ხშირად, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უმცირესობებზე, მათი აღქმა არის ინტერნალიზებული (შინაგანი შიში). როგორ აღიქვამს მათ გარემო, როგორ ახასიათებენ, რა ტერმინებით მიმართავენ და ხშირად აქვს ხოლმე ადგილი გაუცხოებას. ჩვენ თუ ამას ვაგრძნობინებთ, რომ ისინი არიან სხვები, არასრულფასოვანი მოქალაქეები, მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლები საქართველოში, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი განაცხადის გაკეთება არის არასწორი“, – ამბობს ეკა ჭითანავა.
მის თქმით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს არ ჰქონია ამ საკითხზე მსჯელობა იმ ორგანიზაციებსა თუ აქტივისტებთან, რომლებიც წლებია უკვე აქტიურად მუშაობენ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე.
„ჩვენ გვაქვს მსგავსი ცუდი პრეცედენტი ქვეყანაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის სახით. ზუსტად ასეთივე შეუთანხმებელი ნაბიჯი იყო ამ სააგენტოს შექმნაც. ამ სააგენტოსაც დეკლარირებული აქვს, რომ რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე უნდა ემუშავა და მათი უფლებების დაცვისთვის უნდა შეეწყო ხელი, თუმცა წლების მანძილზე დავინახეთ, როგორ იქცა ეს უწყება კონტროლის მექანიზმად სახელმწიფოს ხელში. მას რეალურად, არც ერთ მწვავე პრობლემაზე, რომლებიც უმცირესობებს აწუხებს, არ უმუშავია.
პირიქით, მათ ავტონომიაში ერევა და იყენებს თავის მანდატს იმისთვის, რომ შეზღუდოს მათი თავისუფლება და არა მოაგვაროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები. ეს ერთი და ცხადი მაგალითი უკვე გვაქვს“, – ამბობს ეკა ჭითანავა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ბუნდოვანია დიასპორის კომიტეტში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მიზანი, რადგან ის არ არის შეთანხმებული ეთნიკურ უმცირესობებთან. „ეს საკითხი არ შეთანხმებულა ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების ფართო სპექტრთან და ამ ჯგუფების უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მსგავსი საკითხების განხილვის დროს ითანამშრომლონ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უმცირესობების უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა სახელმწიფო მაინც მათი გვერდის ავლით იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს“, – ამბობს ჭითანავა.
მისი თქმით, მსგავსი საკონსულტაციო პლატფორმა უკვე არსებობს ქვეყანაში ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სახით – მაგალითად, „სალამი“, რომელიც მუშაობს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე. ბევრი ახალგაზრდა აქტივისტია, რომლებიც უამრავ პრობლემას უსვამენ ხაზს ინტეგრაციის კუთხით, რამდენად იყვნენ ჩართული ეს ორგანიზაციები ამ საბჭოს შექმნის საკითხში?“ – ამბობს ჭითანავა.
მისი აზრით, თანასწორი გარემოს შექმნასა და ინკლუზიის იდეაზე უარის თქმაა ამ საბჭოს შექმნა. „დიასპორების აღქმა უცხო სუბიექტებად – სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს ეს აღქმები. დიასპორების პერსპექტივით არ უნდა ვიმუშაოთ უმცირესობების საკითხებზე, რადგან ეს ადამიანები არაფრით არ არიან განსხვავებული ეთნიკური ქართველებისგან გარდა იმისა, რომ აქვთ განსხვავებული ეთნოსი. ყველა საქართველოს მოქალაქეა.
ვიცით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ინტეგრაციის კუთხით – სამოქალაქო ჩართულობის, პოლიტიკური რეპრეზენტაციის, სახელმწიფო ენის ცოდნის, რაც აფერხებს მათი ინტეგრაციის პროცესს. ამ საკითხებზე შეუძლია სახელმწიფოს უკვე არსებულ ორგანიზაციებთან იმუშაოს და გადადგას არსებითი ნაბიჯები“, – ამბობს ეკა ჭითანავა.
თუკი ისეთივე დატვირთვას მიიღებს დიასპორების კომიტეტში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოც, რაც რელიგიის სააგენტოს აქვს დღეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? – ეკა ჭითანავა ამბობს, რომ წინასწარ რთულია ამის დაზუსტებით თქმა, თუმცა, რელიგიის სააგენტოს მაგალითი გვაჩვენებს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის სახელით შექმნილმა სააგენტომ ძალიან მალე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ „უმცირესობებს უსაფრთხოების კუთხით უნდა შევხედოთ, უკვე განიხილავდა ამ ჯგუფებს უცხო სხეულად. განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე იყო საუბარი“, – ამბობს ჭითანავა.
__
ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/527332/