სიახლეები,ჯანმრთელობა

ახალშობილისა და დედის კანით-კანზე კონტაქტი მნიშვნელოვანია პანდემიის მიუხედავად | ჯანმო

18.03.2021
ახალშობილისა და დედის კანით-კანზე კონტაქტი მნიშვნელოვანია პანდემიის მიუხედავად | ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემია უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ნაადრევი და მცირე წონის ახალშობილების მოვლის ხარისხზე, რაც იწვევს გარდაცვალების შემთხვევებსაც.

ჯანმო: დადგენილია, რომ ე.წ. კენგურუს მეთოდით ბავშვის მოვლას ჩვილების სიკვდილიანობას 40%-ით, ჰიპოთერმიას 70% -ით და სერიოზული ინფექციების შემთხვევებს 65% -ით ამცირებს. ეს მეთოდი გულისხმობს ძუძუთი კვების დროს ახალშობილის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ, “კანით-კანზე” კონტაქტს მშობელთან.

„COVID-19 პანდემიის დროს აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეფერხებამ უკიდურესად უარყოფითი გავლენა იქონია ახალშობილთა ყველაზე დაუცველი კატეგორიის მზრუნველობის ხარისხზე და, განსაკუთრებით, მათ მშობლებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტაქტის უფლების დაცვაზე,“- თქვა ჯანმოს დედათა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ანშუ ბანერჟიმ.

საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით კოვიდინფიცირებულ დედას არ ეკრძალება ბავშვთან ახლო კონტაქტი და მისი ძუძუთი კვება: უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას, მიუხედავად დაავადების გადაცემის რისკისა რძით ან ახლო კონტაქტით. თუმცაღა, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სპეციალისტთან ან ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ.

ამასთანავე ჯანმოს არსებული მონაცემებით, „კანით-კანზე“ მეთოდზე უარის თქმის პრაქტიკა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირია ღარიბ ქვეყნებში.

17 ქვეყანაში COVID-19 პანდემიის დროს მიღებული 20 კლინიკური პროტოკოლის სისტემური მიმოხილვის შედეგად ჯანმომ დაადგინა, რომ პროტოკოლების მესამედი შეიცავს რეკომენდაციას დედის იზოლირების შესახებ ახალშობილისგან, თუ კი მას აქვს COVID-19 ან ეჭვი ამ ინფექციაზე.

როგორც British Medical Journal Global Health-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, სამშობიარო სახლების რამდენიმე ათასი თანამშრომლის გლობალური გამოკითხვის შედეგებით, 62 ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკების ორი მესამედი ზოგადად კრძალავს კანით-კანზე კონტაქტს დადასტურებული ან საეჭვო COVID-19 ინფექციის დროს და თითქმის ყოველი მეოთხე მუშაკი კრძალავს ძუძუთი კვებას, მაშინაც კი, თუ მეძუძური ქალი არ არის ინფიცირებული.

ჯანმო წერს, რომ COVID-19-ით ინფიცირებას ორსულობის პერიოდში შეუძლია ნაადრევი მშობიარობის რაოდენობის მატება.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: