მთავარი,სიახლეები

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე აჭარიდან 25 ადამიანი შეარჩიეს

18.03.2021
გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე აჭარიდან 25 ადამიანი შეარჩიეს

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად პირველი ეტაპისთვის მხოლოდ 25 აპლიკანტი შეარჩიეს. შერჩეული პირები – 10 ქალი და 15 კაცი გერმანიაში სატაცურის აღების სამუშაოებზე აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან.

„შეირჩა 25 ადამიანი, რომლებთანაც გაგრძელდება მუშაობა დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით. წინაგასამგზავრებელი, საორიენტაციო ტრენინგი ჩაუტარდებათ და ტექნიკური მხარდაჭერა ექნებათ იმისათვის, რომ ჯგუფი აპრილის პირველ ნახევარში წავიდეს გერმანიაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმღვანელი თემურ კახიძე.

მისი თქმით, პირველ ვაკანსიაზე 200-ზე მეტ აპლიკანტს გაესაუბრნენ, თუმცა აქედან მხოლოდ 80 აპლიკანტი შეირჩა. „დამსაქმებელს მხოლოდ 25 ვაკანსია აქვს გამოცხადებული, ამიტომ ამ 80 აპლიკანტიდან დასაქმდება მხოლოდ 25 ადამიანი. დამსაქმებელი თვითონ ეცნობა მონაცემებს და ის აკეთებს საბოლოო არჩევანს. შემდეგ უნდა გადმოაგზავნოს სამუშაო ნებართვა და შრომითი ხელშეკრულება, რომლის პირობებსაც ასევე გავაცნობთ შერჩეულ აპლიკანტებს. ძირითადი და სარეზერვო ჯგუფი იკრიბება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან პირობების შესრულება“, – ამბობს თემურ კახიძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე შერჩეული ადამიანები იმუშავებენ სატაცურის აღებაზე. „სხვა ვაკანსია როგორც კი შემოვა, მაშინ გვეცოდინება კონკრეტული პირობები და ის, თუ რა ოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება კონკრეტულ დამსაქმებელს“, – ამბობს კახიძე.

9 მარტის მონაცემებით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე 95 632 პირი იყო დარეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: