მთავარი,სიახლეები

„ეს იგივეა დადიანების ბაღში ჩავდგათ მაღალი შენობა“ – ექსპერტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

18.03.2021 • 931
„ეს იგივეა დადიანების ბაღში ჩავდგათ მაღალი შენობა“ – ექსპერტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

თათია ღვინერია, ხელოვნებათმცოდნე

ჩვენი მუშაობის ძირითადი ღერძი არის კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგან გვიწევს დაცულ ტერიტორიებზე მუშაობა. ჩემი დასკვნაც შეეხებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. როდესაც შევისწავლეთ ამ ტერიტორიისა და კონკრეტული ობიექტის ისტორია, საარქივო მასალებში გამოჩნდა, რომ ამ ნაკვეთზე ნამდვილად იყო ნაგებობები, რომლებიც ფუნქციურ გააქტიურებას, მოსახლეობასთან მის ჰარმონიზებას უწყობდა ხელს. ასეთი ტიპის ობიექტები ბულვარში ყოველთვის არსებობდა, მათ შორის კაფე, თეატრი და ასე შემდეგ.

საარქივო მასალებში საკვლევ ნაკვეთზე შენობაც ჩანს. დროთა განმავლობაში ამ შენობის რეკონსტრუქცია მოხდა, მან მიიღო ის სახე, რაც საბოლოოდ მივიდა დაშლამდე. შესაბამისად, კანონის მიხედვით რომ ვისაუბროთ, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია განთავსდეს ახალი შენობა არსებულის გაბარიტის, მისი მასშტაბის საერთო სილუეტის მიხედვით.

თუ ვსაუბრობთ შენობის არქიტექტურულ სახეზე და არსებული შენობა არის უსახური, შესაძლებელია მისი ჰარმონიზება, მაგრამ რადგან ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლს, მასში განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა  ფუნქციურად უნდა იყოს ამ საერთო სივრცის თანმდევი, უფრო მეტი აქტიურობისა და სიცოცხლის შემომტანი.

შესაძლებელია მასზე განთავსდეს კაფე ან ისეთი ფუნქციის შენობა, რაც საზოგადოებისთვის  იქნება მისაღები, თუმცა პროექტი, რომელზეც საბოლოოდ ნებართვა გაიცა, არის 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა – ეს დაახლოებით იგივეა, წარმოვიდგინოთ, რომ დადიანების ბაღში შესაძლებელი იყოს მაღალსართულიანი ნაგებობის განთავსება, ან თუნდაც წინანდლის საპარკე-საბაღე ხელოვნების ბაღში. აბსოლუტურად იგივე სტატუსი აქვს ამ ორ ბაღს, როგორიც დადიანებისა და წინანდლის ბაღებს. ამდენად, ჩემს კვლევაშიც, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია როგორი გაბარიტისა და მოცულობის შენობა იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიაზე, არსებული შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ.

ხაზს ვუსვამ, რომ არსებული შენობის რეკონსტრუქცია შესაძლებელი იყო – ის, რომ ნაგებობამ უნდა გააჯანსაღოს გარემო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ აქ უკვე კითხვითი ნიშანი გვაქვს მის მოცულობაზე, გაბარიტზე, მასშტაბზე და ასე შემდეგ…

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერმა ნაგებობამ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სხეულშია, ხელი უნდა შეუწყოს არსებული ძეგლის [ამ შემთხვევაში ბულვარის] ფუნქციების გააქტიურებას, ერთი მორფოლოგიაა, ეს ერთი სხეულია. შესაბამისად, ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ  პროექტის განხორციელება რაზეც არის ახლა მსჯელობა, ძალიან უხერხულ და ცუდ პრეცედენტს ქმნის.

ჩვენ, სამწუხაროდ, გამოგვეპარა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თბილისში, მინდა მაგალითად მოვიყვანო ალექსანდრეს ბაღი: 2000-იანი წლების დასაწყისში აქ განთავსდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი – ეს არის დანაშაული, ძალიან ბევრი წელი არ მოგვეცემა ამის გამოსწორების საშუალება, თუ ჩვენი შვილების თაობა ამ ყველაფერს თავის იერსახეს არ დაუბრუნებს წლების შემდეგ. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ.

ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარე ერთად ვიაზრებდეთ, რომ ეს ქალაქები არის ჩვენი ყველასი ერთად. ვიაზრებდეთ ამ კონკრეტული ტერიტორიის და, ზოგადად, ისტორიული ქალაქების, მხატვრულ – არქიტექტურულ ისტორიულ მეხსიერებას. ეს ჩვენი ისტორიაა, რომლის დაკარგვაც  არ შეიძლება.

რას გულისხმობს რეკონსტრუქცია

ახალი ნაგებობის რეკონსტრუქცია უნდა ჩატარდეს არსებული შენობის სიმაღლე-გაბარიტის ფარგლებში.

მოცულობა უნდა იყოს იგივე, რეკონსტრუქცია სწორედ ამას გულისხმობს. კანონის მიხედვით, ზოგადად, სამეცნიერო ტერმინოლოგიაში, რეკონსტრუქცია არის სწორედ ეს – არსებული გაბარიტისა და სიმაღლის ფარგლებში ჩატეული სამუშაოები, რაც გააკეთილშობილებს კონსტრუქციულ ნაწილს, რომელიც დროთა განმავლობაში გაფუჭდა. რეკონსტრუქციაში არ იგულისხმება, რომ ეს უნდა იყოს სრულიად ახალი შენობა – ეს არის სპეციფიკური, სენსიტიური [საკითხი], რომელიც ერთი მხრივ დამკვეთებმა უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ არქიტექტორებმა უკეთ უნდა შეიგრძნონ.

ძეგლზე სამუშაოების უფლება და პრეროგატივა აქვს არქიტექტორ-რესტავრატორს. ეს არის ქირურგივით ადამიანი, რომელიც ძალიან ფაქიზად და ფრთხილად მუშაობს ამ სხეულში.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლი ეს არ არის კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი სივრცე. იმისთვის ჰქვია საბაღე-საპარკე, რომ მას აქვს სარეკრეაციო დანიშნულება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის სარეკრეაციო ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია ასეთი საზოგადოებრივი ტერიტორიების გასხვისება.

ეს ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრება არ არის – კანონის მიხედვით, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციურ ობიექტზე, მისი რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ ის პასუხობდეს ამ პარკის ავთენტური ხასიათის, მისი სტრუქტურის მოთხოვნების გააქტიურებას. შესაბამისად, მასში სასტუმროს ხასიათის შემოყვანა ძალიან არასწორია.

___

როდესაც ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები, ან ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება, მთავარი კანონი, რომლითაც ნებართვის გამცემებმა უნდა იხელმძღვანელონ არა სამშენებლო კოდექსი, არამედ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონია. სწორედ ამ კანონით ხელმძღვანელობენ ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით ამზადებენ კვლევას და გასცემენ რეკომენდაციებს.

ასეთი კვლევა 2016 წელს შპს ამბასადორმა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას დაუკვეთა. სწორედ მის დასკვნასთან იყო თანხვედრაში კომპანიის პირველი პროექტი, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებდა, მათ შორის სამი იყო ძირითადი და ერთი მანსარდული სართული [სამიც მიწისქვეშა სართულით].

მოგვიანებით კი, როცა კომპანიამ პროექტის მასშტაბის გაზრდა მოითხოვა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე სხვა ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა წარუდგინა – მათ ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს.

17 მარტს, მშენებლობის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივრის მოსმენაზე როგორც „ამბასადორის“ დირექტორი, ასევე ნებართვის გამცემი სტრუქტურის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებდა, რომ ეს გემოვნების საკითხია: „ზოგ ხელოვნებათმცოდნეს მოსწონს, ზოგს – არაო“. სხდომაზე ექსპერტი თათია ღვინერია, მოსაზრების დასაფიქსირებლად  მომჩივანმა მხარემ – „ბათომმა“ და EMC-მ მოიწვიეს.

ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია განმარტა, რატომ არ არის ეს გემოვნების საკითხი და რას ამბობს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საბაღო-საპარკო უძრავი ძეგლის დაცვაზე.

შპს ამბასადორს სწორედ ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ნებართვა აქვს და ორსართულიანი შენობის ადგილზე 16 სართულიან შენობას აშენებს. სპეციალისტმა განმარტა ისიც რა არის ძეგლის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია. თათია ღვინერიას განმარტებებს მცირედი ცვლილებით ვაქვეყნებთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: